ცნობილი მებაღე, „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სოციალური ქსელის მომხმარებლებს ინდოეთში მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს:
“ინდოეთში მიღებულ ემოციებს ვერსად ვიტევ, ამიტომ ვეცდები დავწერო და ამ არაჩვეულებრივ ფოტოებთან ერთად ნელ-ნელა გაგიზიაროთ..
რაჯასტანის სასახლეებს შორის, ბიკანერის მაჰარაჯას სასახლე ერთერთი გამორჩეული და განსაკუთრებულია.
სასახლე და დიდი პარკი მაღალი, ქონგურებიანი გალავნით და ფართე, მდინარესავით არხით შემოუსაზღვრავთ. გალავნის გარეთ სპილოების საბანავებლად და გასაგრილებლად უშველებელი, ერთი სოფლის ხელა აუზი მოუწყვიათ.
ოქროთი, ვერცხლით, თვალ-მარგალიტით და ფარჩით სავსე სასახლის დარბაზები, შიდა ეზოები, აივნები, კარიბჭეები, თაღები და ქონგურები ენით აუწერელი ფერადოვნებით და უდახვეწილესი მხატვრობითაა შემკობილი.
მინიატურული მხატვრობის დაუჯერებელი ნიმუშებით მოუხატავთ კერძო თუ შეხვედრებისთვის განკუთვნილი სივრცეები.
მურანოს ტონობით ბროლით დაძენძილი ჭაღები, ოქრომკერდით მწიფე ალუბლისფერ ხავერდზე ნაქარგი ფარჩები, სპარსული ხალიჩები, ოქროთი ნაჭედი ტახტრევნები და შადრევნები, ვერცხლის და ოქროს სასანთლეები და სასახლის მორთულობები დაუჯერებელ განცდებს და შთაბეჭდილებებს იწვევს.
ლალის თვლებით მორთული მწვანე ოთახი, ბიკანერული ლურჯი ღრუბლებით მოხატული ნისლის ოთახი.. დაუჯერებელი სიმდიდრეა.
სასახლის კედლების მოსახატად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოჰყავდათ თურმე ოსტატები ძლევამოსილ მაჰარაჯებს.
ემოციებს ამძაფრებს სასახლის პატრონების კედლებიდან მომზირალი პორტრეტები და ფოტოსურათები.
ამ ყველაფრის შემხედვარე იოლად წარმოიდგენ რა ენითაუწერელი ფუფუნებით ცხოვრობდნენ, ილლხენდნენ, იღებდნენ და მასპინძლობდნენ სტუმრებს, ერთობოდნენ, გლოვობდნენ და ზეიმობდნენ..
ჩვენი მასპინძელი, მაჰარაჯა, ჰარშვარდან სინგ ბიკანერის მამა ამ სასახლეში დაბადებულა და გაზრდილა. თვით ჰარშვარდანის დაბადების აღსანიშნავად წითელი ატლასის ალმებით მოურთავთ სასახლის გუმბათები და დაფდაფების გამაყრუებელი მარშით უზეიმიათ ვაჟი მემკვიდრის გაჩენა. ჩემი ბავშვობა ამ სასახლეს, ამ გუმბათებს და დერეფნებს უკავშირდება, აქ ვთამაშობდი, ვემალებოდი მსახურებს, ჩემთვის აქაურობა სახლია სადაც ბავშვობა გავატარე გვიყვება მაჰარაჯა.
მისი და მისი ოჯახის წევრების წყალობით, დღეს უკვე სასახლე-მუზეუმის ის სივრცეები გაგვიხსნეს სადაც დამთვალიერებელი ვერ ხვდება. (დღეს სასახლე სახელმწიფო საკუთრებაა. შემოსავლის ნაწილი თანაბრად ერგებათ ოჯახის წევრებს.)
სარკეებით, ნიშებით, მინიატურული მხატვრობის უნიკალური ნიმუშებითაა დაფარული კედლების, ჭერის ყველა კვადრატული სანტიმეტრი.
ბედნიერების განცდასთან ერთად უდიდესი სევდაც გიბყრობს.
სასახლიდან 30 კილომეტრის მოშორებით, რაჯასტანის უდაბნოს სირღმეში, ბუნებრივ ოაზისში, ზაფხულის მომცრო სასახლე და დიდი ხელოვნური ტბა მოუწყვია მაჰარაჯას. ათასობით სოფელი დღესაც მას უმადლის მანამდე უწყლო მხარეში წყლის არხის მშენებლობას და გადარჩენას.
დღესაც ემადლიერება ხალხი მაჰარაჯას მათი წინაპრების ნაკეთები კეთილი საქმეებისთვის.
ქალაქის სასახლე ოაზისთან ვიწროიანდაგიანი, ორთქმავლიანი, პატარა, ღია მატარებლით ყოფილა დაკავშირებული.
სასახლის და ტბის ირგვლივ ნამდვილი სამოთხეა. უზარმაზარი ევკალიპტების და ფიკუსის ხეებზე ჯგუფებად ცხოვრობენ ფერადი ჩიტები. ხის ყველა ფუღუროში მწვანე, ლურჯფრთებიანი თუთიყუშები ბუდობენ და ზრდიან ბარტყებს.
სასახლის ხეივნებში ვითომ აქ არაფერი ისე დასეირნობენ ხოხბები და ფარშევანგები.
უდაბნოდან მოფრინავს ნაირფერი ფრინველი და ჯოგებად მოდის ნადირი ტბასთან, წყლის დასალევად და ოაზისში სულის მოსათქმელად.
ზაფხულის სასახლე დღეს როგორც სასტუმრო ისე აგრძელებს სიცოცხლეს. ფუფუნების მოყვარულებისთვის და ამის შემძლესთვის ნამდვილი ზღაპარია. ბრიტანულ ყაიდაზე გამოწრთობილი პერსონალი მხოლოდ იმაზე ზრუნავს შენ, სტუმარი გრძნობდე თავს კარგად.
ამ ყველფრის, მომაჯადოებელი, თავბრუდამხვევი სიმდიდრის, ფუფუნების მიღმა, იქვე, გალავნის გარეთ სიღტაკის, სიღარიბის უღელ ქვეშ წუმპეში გმინავს ხალხი.
უბედურს, ცხოვრებით უკმაყოფილოს, გაბოროტებულს არავის შევხვედრივარ. ყველა შეგუებულია თავის ბედს და მდგომარეობას, უფრო მეტიც მადლიერი ულუფა ბრინჯისთვის რომელიც გამოიმუშვა და ალბათ ზოგჯერ ვერც. ცხოვრობს ყველა ისე, როგორც შეუძლია და გამოსდის. ბევრს სჯერა, რომ იმ მრავალი სიცოცხლიდან რომელიც ამ ცხოვრებიდან გასვლის შემდეგ უსათუოდ დადგება სხვა ცხოვრებით იცხოვრებს. არავინ არავის არ ადანაშაულებს მის ბედნიერებაში თუ უბედურებაში, ალბათ ამაშია მათი უბედურეაც და ბედნიერებაც. პასუხი ვერ მიპოვნია. არ ვიცი!! – წერს ზურაბ შევარდნაძე.