მართალია, ახალ წელს ოჯახურ გარემოში უკვე დიდი ხანია, ვერ ახერხებს ყოფნას, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს, სახლში პირველი სწორედ მაინც ის შედის, რადგან ნამდვილად ფეხბედნიერია და სადაც შედის, ყველა სურვილი რეალობად იქცევა.
ლაშა ღლონტი: 2024 წელი ჩემთვის დაძაბული რეჟიმით დაიწყო. ანსამბლ „ალილოს“, ფაქტობრივად, ყოველდღე აქვს კონცერტი. მოთხოვნა ძალიან დიდია. ახალ წელსაც ძალიან დატვირთულები ვიყავით და საშობაოდ – კიდევ უფრო მეტად, რადგან შობა „ალილოს“ დღესასწაულიცაა. ჩვენ ეს სახელი უწმინდესმა დაგვარქვა და მოგეხსენებათ, ის შობის დღესასწაულთან ასოცირდება.
არაფერია იმაზე კარგი, როცა ადამიანი გისმენს და ბედნიერია, როცა შეგიძლია, ადამიანებს ახალი წელი სიმღერით მიულოცო და იცი, რომ ეს სიმღერა მათ ძალიან უყვართ, ამით ენერგიაც გემატება. ამიტომ ახალი წელი ჩვენთვის კონცერტებად არ აღიქმება, ეს არის საერთო ზეიმი და სიხარული. ზოგადად, ჩვენი ყველა კონცერტი ასეთია, მაგრამ ახალი წლის მიმართ მაინც სულ სხვა დამოკიდებულება გვაქვს. ძალიან მიხარია ისიც, რომ ევროპის გზაზე დავდექით – ამის გამო ჩვენი განწყობა კიდევ უფრო მეტად სადღესასწაულოა.
– როგორ ხვდებით ახალ წელს ოჯახში?
– 15 წელია, ახალ წელს ჩემს ოჯახში არ შევხვედრივარ. სამწუხაროდ, ასეა. კონცერტებიდან გამომდინარე, მუდმივად გარეთ ვარ, მაგრამ ჩემი ოჯახის მეკვლე, ტრადიციულად, ყოველთვის მე ვარ. ჩემ გარდა მეკვლედ ჩვენთან არავინ შემოდის, იმიტომ რომ მე ძალიან კარგი ფეხი მაქვს. ჩვენ გარშემო ყველა ცდილობს, მისი მეკვლე ვიყო. პირდაპირ საქირავებელი მეკვლე ვარ (იცინის). სადაც შევედი, ვინც გასათხოვარი იყო, გავათხოვე; ვისაც ცოლი ჰყავდა მოსაყვანი, მოვაყვანინე. სახლის, მანქანის თუ სხვა რამის შეძენა ვისაც უნდოდა, შევაძენინე და უფრო მეტიც, ვისაც შვილი უნდოდა, მათაც გაუჩნდათ. მოკლედ, ყველას ყველა ნატვრა აუსრულდა. მართლა კარგი ფეხი მაქვს.
– ალბათ, ბევრი გთხოვთ, მეკვლედ მიხვიდეთ.
– ბევრი მთხოვს, მაგრამ პირველ რიგში, სახლში მოვრბივარ და მერე დრო აღარ მყოფნის სხვასთან მისასვლელად. სახლში, დილის 4-5 საათისთვის მოვდივარ, მანამდე ვერავინ ბედავს ჩემთან მეკვლედ შესვლას. თუ მეუღლე და ოჯახის წევრები კონცერტზე ჩემთან ერთად არიან, სახლში ერთად ვბრუნდებით და პირველი აუცილებლად მე შევდივარ. თუ ჩემთან ერთად არ არიან და ამ დღესასწაულს, მაგალითად, ქალაქგარეთ ხვდებიან, სახლში ჩემზე ადრე არ მიდიან. იციან, რომ მე ძალიან კარგი ფეხი მაქვს და სახლში ჩემზე წინ არავის უშვებენ.
– თქვენი თავისთვის როდის იცლით – ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად მოლხენას როდის ახერხებთ?
– სამწუხაროდ, ასეთი დრო მე არ მაქვს, მით უმეტეს, ახალი წლის დღეებში. სხვა დროსაც ისეთი დატვირთული ვარ, რომ ფიზიკურად წარმოუდგენელია ქეიფი და დროსტარება. გარდა კონცერტებისა, ჩემი საქმით ვარ დაკავებული და ისეთი დატვირთული ვარ, რომ სხვა ვერაფრისთვის ვიცლი. ბევრს უკვირს, ასეთი დიდი წონის მქონე ადამიანი, ასეთი მოძრავი და აქტიური როგორ ხარო, მაგრამ მე გაჩერება არ შემიძლია. ეს, ალბათ, იმის დამსახურებაა, რომ გურული ვარ.
– გამორჩეულად რომელი ახალი წელი გახსენდებათ?
– გამორჩეულად სოფელში, გურიაში გატარებული ახალი წელი მახსენდება. თოვლი იყო, თოფსაც ვისროდით, ჩამოვივლიდით ხოლმე მეზობლებში, რაც ძალიან სახალისო იყო. ალილოზე დავდიოდით, აბსოლუტურად ყველა ოჯახში მივდიოდით, თოვლით იყო ყველაფერი დაფარული და ფეხით დავდიოდით, ძალიან დიდი ჟრიამული და საოცარი განწყობა იყო. მე ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. ახლა რომ ერას მოედანია, მაშინ იქ კინო „თბილისი“ იყო. ერთ ახალი წლის ღამეს ბავშვებმა ფეხბურთი ვითამაშეთ გაწყობილ ნაძვის ხეებზე. ერთ მხარეს ერთი ნაძვისხე და მეორე მხარეს მეორე ნაძვისხე იყო ჩვენი კარი. საუკეთესო ახალი წელი იყო.
– როგორი ნაბახუსევი გაქვთ?
– ათი წელია, არ დამილევია. ერთი და ორი ჭიქა – კი, მაგრამ არ დავმთვრალვარ და ნაბახუსევიც არ მქონია. საქმე ძალიან ბევრია და მე თითოეული წუთი გათვლილი მაქვს. ამიტომ არ მაქვს იმის დრო, რომ მეორე და მესამე დღე გადავაბა, ვიწვე და ნაბახუსევიდან გამოსვლას ველოდო. ამის ფუფუნება ნამდვილად არ გამაჩნია. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრების სტილი ისე დავამენეჯმენტო, რომ საერთოდ არ დავლიო. ახლა ვცდილობ, ჭამაზეც იგივე გავაკეთო და ეს თუ შევძელი, ძალიან ბედნიერი ვიქნები. თუმცა, ეს უფრო რთულია. გურმანი ვარ და ჭამა ძალიან მიყვარს, ამიტომ ამ საკითხში თავს ვერ ვერევი. თან, ჩვენ სულ ბანკეტებსა და მიღებებზე ვართ, რომელიც სულ სუფრით გვირგვინდება და ამ მხრივაც, ძალიან დატვირთულები ვართ. საბა, აჩიკო და სანდრო „ალილოში“ რომ მოვიდნენ, ძალიან გამხდრები იყვნენ, მაგრამ უკვე დამეწივნენ წონაში (იცინის). წარმოიდგინეთ, ყოველ საღამოს საუკეთესოდ გაწყობილ სუფრასთან რომ ზიხარ, როგორია, ძალიან დიდი ცდუნებაა. ამაზე უარის თქმა რთულია, თუმცა, ამის დროც მოვა. ყველაფერი მაინც ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და გონებაზეა დამოკიდებული. ეტყობა, ჯერ არ მივსულვარ იმ მომენტამდე, რომ საკვების შეზღუდვისთვის ისე შემეხედა, როგორც აუცილებლობისთვის, მაგრამ მგონია, რომ აუცილებლად მივალ. რამეს თუ გადავწყვეტ, იმას აუცილებლად გავაკეთებ.
– საახალწლო სურვილები…
– მე რა ნატვრა და სურვილიც მქონდა, ფაქტობრივად, ყველაფერი ამიხდა. მხოლოდ ერთი არ გამოვიდა – მინდოდა, ძალიან მაგარი და ცნობილი ფეხბურთელი ვყოფილიყავი. ფეხბურთს ძალიან კარგად ვთამაშობდი, მაგრამ ვერ შევძელი სპორტს გავყოლოდი. ასე რომ მომხდარიყო, გაცილებით უფრო კარგი ფეხბურთელი ვიქნებოდი, ვიდრე ახლა მომღერალი ვარ. მინდოდა, ვყოფილიყავი ცნობილი მსახიობი, რაც ნაწილობრივ ამიხდა, რადგან ასე თუ ისე საქართველოში მიცნობენ, რაც ძალიან მიხარია. მინდოდა, კარგი ოჯახი მქონოდა და ღმერთს მადლობა, რომ დღეს ასეა. ყველაფერი ამიხდა, მაგრამ ყველაფერი ძალიან დიდი შრომისა და წვალების ფასად მოხდა. თავიდან გვიჭირდა, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე არაფერს ვთაკილობდით და ყველაფერს ჩვენი შრომის შედეგად მივაღწიეთ. ღმერთის იმედი გვქონდა, მაგრამ შენ თუ არ იშრომე, არ იწვალე, არ იფიქრე და ღამეები არ ათენე, ვერაფერს მიაღწევ. ვინც გაჭირვების ფასი არ იცის, ის ცხოვრებაში წინ ვერ წავა. გაჭირვების დროს იწრთობა ადამიანი და როცა შრომითა და შენი ოფლით მოპოვებული თითოეული კაპიკის ფასი იცი, საკუთართან ერთად, სხვის შრომასაც აფასებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.