ცნობილი კალათბურთელის, ნიკა ცქიტიშვილის, მეორე ნახევარი – სოფო გოგებაშვილი, სამ შვილს ზრდის და საქართველოში დაბრუნების შემდეგ საყვარელი საქმის კეთების საშუალებაც მიეცა. 13 წლის წინ, როდესაც პოპულარულ კალათბურთელს მიჰყვებოდა ცოლად, კარგად იცოდა, რომ საკუთარი მიზნების გვერდზე გაწევა მოუწევდა და ჩემოდნებზე ცხოვრებასაც უნდა შეგუებოდა. ეს ეტაპი წყვილმა შესანიშნავად გაიარა, პანდემიის პერიოდში კი საქართველოში დაბრუნდა საცხოვრებლად.
სოფო ახლა ტანსაცმლის საბავშვო ბრენდის განვითარებაზეა ორიენტირებული. პარალელურად ფიტნესის სფეროშიც სერიოზული გეგმები აქვს. ამასთან ერთად, ქმარს ყველანაირად უწყობს ხელს, რომ მოედანზე ხშირად დაბრუნდეს. კალათბურთელის მეორე ნახევარმა ,,სარკეს” გულახდილად უამბო ოჯახური ცხოვრების პერიპეტიებზე.
– სოფო, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ნიკა აქტიურ სპორტს ჩამოშორდა?
– ნიკას რეჟიმიდან გამომდინარე, მთელი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, ჩემოდნებზე გავატარეთ. ხშირად ყოფილა, ჩაგვილაგებია ჩემოდანი და მეორე დღესვე სრულიად უცნობ ქვეყანაში გადავსულვართ საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რეჟიმით ცხოვრება ბევრ სირთულესთანაც იყო დაკავშირებული, ერთგვარად მაინც სასიამოვნო იყო. სანამ ნიკა აქტიურ სპორტულ ცხოვრებაში იყო ჩართული, ორი შვილი გვყავდა. სირთულე იყო ის, რომ ხშირად უწევდათ სკოლების შეცვლა და ახალი ენების სწავლა. როდესაც ნიკა საკალათბურთო მოედნიდან აღმზრდელობით დარგში გადავიდა და დავფუძნდით საქართველოში, მესამე შვილი შეგვეძინა და ჩვენი ცხოვრებაც ჩაჯდა სტაბილურ კალაპოტში.
ჩემი საქმე დავიწყე და მხოლოდ ნიკას და ბავშვების ცხოვრების რეჟიმით აღარ შემოვიფარგლები. ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ბევრჯერ მითქვამს, რომ მენატრება ის დრო, როდესაც გადარბენებსა და ქაოსში ვცხოვრობდით. ალბათ იმიტომ, რომ ნიკას თამაში მენატრება.
– რა გავლენა იქონია საზღვარგარეთ მოხეტიალე ცხოვრებამ თქვენს ურთიერთობაზე?
– ძალიან ბევრი პლუსი აქვს წყვილისთვის უცხო ქვეყანაში ცხოვრებას. უცხო გარემოში უფრო მეტად ხარ მიჯაჭვული შენს საყვარელ ადამიანზე და უამრავ წინააღმდეგობას ერთობლივად, ერთმანეთის იმედით ლახავ. ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო ნიკას ცხოვრების რეჟიმი – რა საკვები უნდა მიეღო თამაშის წინ, როგორ უნდა დაესვენა, როგორ აღედგინა ძალები. საზღვარგარეთ ჩვენს ცხოვრებაში იყო მხოლოდ კალათბურთი და პირადი ურთიერთობა, სხვა თემები ჩვენთვის არ არსებობდა.
– ფაქტია, რომ წლების განმავლობაში საკუთარ მიზნებზე, კარიერაზე, ოცნებებზე უარის თქმა მოგიწიათ. ადვილი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება?
– ვიცოდი, რომ ნიკას კარიერა და, შესაბამისად, ასეთი რეჟიმი გარკვეულ პერიოდს მოიცავდა, მთელი ცხოვრება არ გაგრძელდებოდა და ამან გამიადვილა, თავისუფლად მეთქვა ყველაფერზე უარი. თავადაც ისეთ სიამოვნებას ვიღებდი ცხოვრების ამ მოცემულობიდან, რომ მიღირდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს იყო დროებითი, ჩვენ დავბრუნდებოდით საქართველოში და მე მომეცემოდა საშუალება, საკუთარი საქმე მეკეთებინა. თან ეს ნაბიჯი საკმაოდ ადრეულ ასაკში გადავდგი და ვიცოდი, რომ წინ მქონდა ყველაფერი.
– საქართველოში დაბრუნებულმა წამოიწყეთ ბიზნესი დიზაინის სფეროში. შექმენით საბავშვო სამოსის ბრენდი. რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ეს საქმე და მეუღლის მხარდაჭერა თუ იგრძნობოდა?
– ნიკა ჩემი პირველი მოტივატორია, რომ ვაკეთო საკუთარი საქმე. დავბრუნდით თუ არა საქართველოში, მაშინვე ყველანაირად შემიწყო ხელი, რა მიზნებიც მქონდა, განმეხორციელებინა. საბავშვო ბრენდი ,,მიშელი” მართლა ნიკასთან ერთად გავზარდე. ბაზარზე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნიკა რომ არა, ამ ოცნების განხორციელება გამიჭირდებოდა. ამასთანავე, არ შემიწყვეტია განვითარებაზე ფიქრი და მუდმივად სწავლის პროცესში ვარ.
– საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ხართ დღევანდელობით, პატარა სოფო ასეთ მომავალზე ოცნებობდა?
– მართლა არაფერს შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში. ნიკასთან გატარებული თითოეული წელი ისე ლამაზად მახსენდება, რომ შეუძლებელია, არ დააფასო. ღმერთს მადლობა ამისთვის! ნიკა მართლა ყოველთვის ცდილობდა, ჩემთვის იდეალური გარემო შეექმნა. ურთიერთგაგებით, ერთმანეთის სიყვარულით, დათმობებზე წასვლით მივიღეთ ასეთი სტაბილური ოჯახი სამი შვილით.