რატომ ხდება, რომ ადამიანი მარტივად იმატებს წონაში და უჭირს მომატებული კილოგრამების დაკლება, თუნდაც რთული დიეტების ფონზე. ამ თემაზე პირდაპირი ჩართვისას, ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ისაუბრა:
„ჭარბი წონის უმთავრესი ხელშემწყობი ჰორმონი ჩვენს ორგანიზმში არის ინსულინი. საკმარისია, დღის განმავლობაში ინსულინის მაჩვენებელმა რამდენჯერმე მიაღწიოს პიკურ მაჩვენებელს, რომ თქვენ წონაში მოიმატებთ და დამარაგებულ ცხიმს ვეღარაფერს უზამთ. არის ერთადერთი საკვები, რომელიც სხეულში ინსულინის რაოდენობას არ ზრდის და ხელს არ შეუწყობს წონაში მომატებას – ეს არის ბოჭკო. ბოჭკოში მოიაზრება ცელულოზა და ნებისმიერი ის ნახშირწყალი, რომლის მონელებაც ჩვენს ორგანიზმს უძნელდება და არ შეუძლია. ეს ბოჭკოები შეიძლება, იყოს შემდეგ საკვებში: პომიდორი, კიტრი, სტაფილო, ბროკოლი, ავოკადო, ვაშლი – ნებისმიერი მწვანე ან სხვა ფერის მცენარეული საკვები პროდუქტი, რაც არის სალათებში.
თუ ადამიანი არ ჭამს ცხიმიან საკვებს და ის მაინც იმატებს წონაში, რა არის ამის მექანიზმი – ისევ ინსულინი. ის ჩვენს ორგანიზმში ააქტიურებს ფერმენტს, რომელიც ნახშირწყლებს გადააქცევს ცხიმებად. საკმარისია, დღის მანძილზე მიირთვა ისეთი საკვები, რომელიც შეიცავს სახამებელსა და მარტივ ნახშირწყლებს, უკვე ინსულინის რაოდენობა გაქვს მაღალი. შეიძლება, მთელი დღე იყო დიეტაზე, მაგრამ აზრი არ აქვს, რადგან ინსულინის რაოდენობა უკვე გაქვს მაღალი. ჭარბი ინსულინი ზრდის სხეულში ცხიმოვანი მჟავების რაოდენობას, რაც აზიანებს ინსულინის რეცეპტორებს და ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას.
ჩვენს სხეულს აქვს ერთი მინუსი – დღის მანძილზე რომ მიირთმევ ტკბილს პროდუქტებს, რომლებიც გიზრდიან ინსულინს, წონაში იმატებ, მაგრამ ვეღარ იკლებ, რადგან ინსულინი უშლის ხელს, რომ წონაში დაიკლო. ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია, რომ ცხიმოვანი მჟავები კვლავ გარდაქმნას ნახშირწყლებად. ამიტომაც არის, რომ წონაში იმატებ, მაგრამ ვეღარ იკლებ. ეს რომ არ მოხდეს, შეეცადეთ, არ მიიღოთ ისეთი ნახშირწყლები, რომლებიც არიან სახამებლით მდიდარი, მიიღეთ ისეთები, რომლებიც მდიდარია ცელულოზით. ამ შემთხვევაში თქვენ ძალიან ბევრ სარგებელს იპოვით“ – განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.