იღბალი თუ შრომისმოყვარეობა, რას მიიჩნევს მოდელი და ტელეწამყვანი კრისტი ყიფშიძე წარმატების მიზეზად, ამაზე თავად მოგვიყვება.
კრისტი ყიფშიძე: ცხოვრებაში ყველაფერი იღბალზე არის დამოკიდებული. შეიძლება, ჯანმრთელიც იყო, ძალიან მდიდარიც, მაგრამ როგორც ჩერჩილმა თქვა: „არ ისურვოთ ჯანმრთელობა და სიმდიდრე, ისურვეთ იღბალი, ტიტანიკზე ხომ ყველანი ჯანმრთელები და მდიდრები იყვნენ, მაგრამ იღბლიანი მხოლოდ რამდენიმე აღმოჩნდა“.
მადლობა ღმერთს, მე ვფიქრობ, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ. ვგრძნობ, რომ ის სულ თან დამყვება. როცა მეკითხებიან, რა არის თქვენი წარმატების ფორმულაო, პირველ რიგში, ვამბობ, რომ ეს არის იღბალი და ფორტუნა. იღბალს დავარქმევთ თუ ბედისწერას, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდი. როგორც მოდელს, გარეგნული მონაცემები მჭირდებოდა, პლუს საჭიროა ნიჭი, მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ მოგიტანს შედეგს იღბლის გარეშე. ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა დაუმატო შრომისმოყვარეობა. თუმცა, შრომისუნარიანობასაც საქმის სიყვარული განსაზღვრავს. როცა იმას აკეთებ, რაც გიყვარს, არც შრომა გეზარება. ამიტომ იღბლიანი ხარ, როცა საშუალება გაქვს საყვარელი საქმე აკეთო. მერე შედეგიც აუცილებლად კარგი გამოდის.
მე საკმაოდ საინტერესო გამოცდილებები მივიღე ცხოვრებაში, არც ფსიქოლოგი ვარ და არც ქოუჩი, მაგრამ განვლილიდან და განცდილიდან გამომდინარე, როგორც ყველას, მეც მაქვს ჩემი დაკვირვებები და მიგნებები. ამიტომაც ვლაპარაკობ ასე. სოციალურ ქსელში ძალიან ხშირად მეკითხებიან, როგორ გავუმკლავდეთ შფოთვებს. მე ვფიქრობ, მხოლოდ შენ უნდა უმკურნალო შენს თავს, სხვა ვერავინ დაგეხმარება. რა თქმა უნდა, ადამიანები დახმარების ხელს გამოგიწვდიან, ოჯახი გაგამხნევებს, ფსიქოლოგი სწორ გზას გიჩვენებს, მაგრამ პრობლემა პრობლემად დარჩება, სანამ თვითონ არ გადაწყვეტ მის მოგვარებას. ყველა სხვას მხოლოდ ის შეუძლია, რომ წაგეხმაროს, მაგრამ საკუთარი თავის დახმარება მხოლოდ შენს ხელშია.
როდესაც მაღალი თვითშეფასება გაქვს, ამაყობ საკუთარი თავით, გიყვარს ის და პატივს სცემ საკუთარ მეს, მერე, როცა გარეთ გადიხარ, ამას ყველა გრძნობს, შენი განწყობა გადამდებია და გარშემო ყველა სხვანაირად გექცევა. როცა ზიხარ და ფიქრობ, რომ უბედური ხარ, ამასაც გრძნობენ შენი გარშემო მყოფები და მათი შენდამი დამოკიდებულებაც იგივეა. ამიტომ ნეგატიური სიტყვები და აზრები უნდა მოიშოროთ.
ცხოვრების ყველა ეტაპი სიახლეებთან არის დაკავშირებული. როდესაც 40 წლის გავხდი, ჩემს ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა. ახლა 46 წლის ვარ. 45-იდან 46 წლამდეც მნიშვნელოვანი გარდატეხა განვიცადე. ამაზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ მოკლედ ვიტყვი, რომ ავად გავხდი. სახის კანზე სერიოზული პრობლემა შემექმნა. მოგეხსენებათ, მე მოდელი და წამყვანი ვარ და ამ პრობლემის გამო, დაახლოებით, ოთხი თვე სახლში ვიჯექი, არაპროდუქტიული ვიყავი. მთავარი ის არის, რომ გადავრჩი, ვიმკურნალე და ყველაფერი მოგვარდა. არ ვიცი, ეს რისგან იყო გამოწვეული, მაგრამ გამოვედი ამ მდგომარეობიდან. მეუბნებოდნენ, ალბათ, თვალი გეცაო. ადრე მეც იმავეს ვიტყოდი, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ეს უბრალოდ არ მომხდარა. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. შემიძლია, ვთქვა, რომ ამის შემდეგ ძალიან შევიცვალე. ჩემში განწმენდა მოხდა, მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განვიცადე. ღირებულებები დროსთან ერთად ისედაც გეცვლება, მაგრამ ამის შემდეგ სულ სხვანაირად შევხედე ბევრ რამეს და მივხვდი, რომ ეს ჩემი ბედისწერა იყო.
– იყო რამე, რაც ბევრი მცდელობის მიუხედავად, არ გამოსულა და ბოლოს ხელი ჩაგიქნევია?
– მქონია ურთიერთობები, მაგრამ მალევე მივმხვდარვარ, რომ ეს ის არ იყო. თუმცა არ ვამბობ, რომ ეს უიღბლობაა, ეს არის გამოცდილება. კიდევ ეს როგორ დამემართა?! – ეს არასდროს მითქვამს. გამოცდილება შეიძლება, ცუდი იყოს ან კარგი, მე ამას ასე ვუყურებ, ნებისმიერ შემთხვევაში, ის ძალიან გამდიდრებს და გაძლიერებს. გამოცდილება არ ნიშნავს, რომ იმავეს აღარ გააკეთებ, გამოცდილება იმას ნიშნავს, რომ მე ზუსტად ვიცი, ამის გადატანაც შემიძლია. ზუსტად ვიცი, რომ სხვის შეცდომებზე ვერავინ სწავლობს, შეიძლება, ვერც საკუთარზე ისწავლო, რადგან ადამიანები, ძირითადად, ემოციებზე ვართ დამოკიდებული. თუმცა ამასაც თავის დრო აქვს. ახლა უკვე აღარ ვარ ემოციურად განწყობილი და წინა პლანზე პრაგმატული დამოკიდებულებები წამოვწიე. მაგალითად, ვფიქრობ: მიღირს მე ეს ურთიერთობა? რა შეგრძნებებს მომიტანს ის? თუ ვიგრძნობ, რომ ის ჩემთვის საჭირო და სასარგებლოა, მზად ვარ, რომ მისთვის ყოველდღე გავიღო რაღაც. თუ ის არაფრის მომცემია, მაშინ ამას არ გავაკეთებ. ეს მოაქვს გამოცდილებას და განვითარებას.
– ინტუიცია რამდენად გეხმარება წარმატების მიღწევაში?
– ძალიან, მაგალითად, ავიღოთ ჯანმრთელობა. ზოგჯერ ექიმიც მჭირდება, მაგრამ, როცა რაღაც მტკივა, თითქოს ინტუიციურად ვგრძნობ, რა დამეხმარება ტკივილთან გამკლავებაში.
ყოფილა პროექტები, რომელზეც შემოთავაზებისთანავე უარი მითქვამს, რადგან ვიცოდი, რომ სასურველ შედეგს ვერ მომიტანდა. არ ვამბობ, რომ ყველა ჩემი პროექტი ან ნამუშევარი მომწონს. ზოგჯერ გამოგდის, ზოგჯერ – არა. სცენაზეც ყოფილა მომენტი, როცა ძალიან უკმაყოფილო ვყოფილვარ ჩემი თავით. ეს ხომ არ არის პოდიუმზე უბრალოდ გავლა-გამოვლა, მე ამას ძალიან სერიოზულად ვუდგები და ეს საქმე უდიდეს შრომას მოითხოვს, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა, კომერციული გათვლა გააკეთო და ისეთ პროექტს დათანხმდე, რომელიც შეიძლება, დიდად არ მოგწონს. ასეთებიც ყოფილა, თუმცა ისეც კარგია, როცა ცუდისა და კარგის, ასევე, გამოსადეგისა და გამოუდეგარის ერთმანეთისგან განსხვავება შეგიძლია. ამაში ინტუიციასთან ერთად უკვე ცოდნა და გამოცდილებაც გეხმარება. ინტუიცია შენი მეორე მეა. მე ორი მე მყავს, ერთი აქტიური და აზარტული, რომელიც სულ მკარნახობს, რომ რაღაც გავაკეთო, მეორე შედარებით მშვიდია. ეს ძალიან კარგია, საშუალებას გაძლევს, საუკეთესო აარჩიო.
– როგორი ადამიანი ხარ კარიერის მიღმა? შეგიძლია, პირად ურთიერთობაშიც ჩადო დიდი შრომა?
– რადგან პირადი ჰქვია, ამაზე საჯაროდ საუბარი არ მიყვარს, მაგრამ არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ მე, მაგალითად, დღეს ჩემი პირადი არ მაქვს, მარტო ვარ, მაგრამ შრომა ყველა ურთიერთობას სჭირდება, ეს აუცილებელია – იქნება ეს შვილთან ურთიერთობა, მშობლებთან, მეგობრებთან თუ სხვებთან. ჩვენ, ყველა, ერთმანეთზე ვზრუნავთ. თუ მეუღლე ან საყვარელი ადამიანი მეყოლება, მასთანაც იმავენაირად იქნება. კი, მე ასეთი ადამიანი ვარ: შემიძლია, მაქსიმუმი გავცე, ვიზრუნო საყვარელ ადამიანზე და ურთიერთობაში ეს მგონია მთავარი. თუმცა, ეს ორმხრივი უნდა იყოს. მან ფეხი ფეხზე გადაიდოს და შენი ზრუნვის იმედად იყოს, ეს არასწორია.
– რა არის ის, რაც თავს ძალიან იღბლიანად გაგრძნობინებს?
– ყველაზე მეტად თავს იღბლიანად იმის გამო მივიჩნევ, რომ ასეთი შვილი მყავს. მშობლისთვის ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. შვილის წარმატება იგივე შენი წარმატებაა. ლამაზი და ნიჭიერი თუ არის, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ როცა გეუბნებიან, ვაიმე, რა კარგი ბავშვია, როგორი გაზრდილიაო, ეს სულ სხვა ბედნიერებაა, ყველაზე დიდი კომპლიმენტია.