სატელევიზიო მუსიკალურმა პროექტმა “მხოლოდ ქართული” წლების განმავლობაში არაერთი შესანიშნავი მომღერალი წარუდგინა საზოგადოებას. მათ შორის გამორჩეული გახლდათ საბა კემულარია. პროექტის დამთავრებიდან ძალიან მალე საბა თავისი ცხოვრების სიყვარულს შეხვდა – კესო გაფრინდაშვილს. ისინი ნიკოლოზის მშობლები არიან.
საბა ორი დიდი მუსიკალური კოლექტივის წევრია – “შავნაბადას” და “ალილოსი”. 14 წლის იყო, როცა ტაძარში გალობა დაიწყო. სიმღერაა მისი მთავარი საქმე, რომელიც აირჩია. ამ საქმესა და ცხოვრებაზე ის “სარკესთან” საუბრობს.
– საბა, სიმღერა რა ასაკიდან დაიწყეთ?
– ბავშვობიდან. მთელი ჩემი ოჯახი მღეროდა. ბაბუა-ბებია მუსკომედიაში მღეროდნენ. პირველი სიმღერა ბაბუამ მასწავლა, დედასაც საუცხოო მუსიკალური გემოვნება ჰქონდა. არც კი მახსოვს დრო, სიმღერის გარეშე როდის ვიყავი.
– ბიჭისთვის ბევრი რამ არის საინტერესო, გარდატეხის ასაკში ხშირად ქუჩის რომანტიკა იზიდავს. თქვენ როგორ გაიარეთ ეს პერიოდი?
– ნორმალური, საშუალო, ცელქი ბიჭი ვიყავი. ბავშვობა კარგად მახსენდება, სკოლა მიყვარდა. ბოლო 5-6 წელი ზუგდიდში გავატარე. კარგი კლასელები მყავდა. გარდატეხის ასაკი ბუნებრივად განვვლე, არც ხიფათში გავხვეულვარ და არც განსაკუთრებული ჭირვეულობა მახასიათებდა.
როგორც მეგრული წარმოშობის ადამიანს, ჩემი კუთხე ძალიან მიყვარს. ზუგდიდი ჩემი ლამაზი მოგონებების ქალაქია. დღესაც სხვანაირად მიძგერს გული, როცა სამეგრელოში მივემგზავრები.
– როგორ შეხვდით თქვენს სიყვარულს, რომელიც თქვენი მეორე ნახევარი გახდა?
– პროექტის დასრულებიდან ძალიან მალე გავიცანი კესო სოციალური ქსელით. ბედმა დიდი საჩუქარი გამომიგზავნა მისი სახით, ჩემი ადამიანია. ამას მაშინვე მივხვდი, გაცნობისთანავე დიდი სულიერი სიახლოვე ვიგრძენით. სწორედ ის გოგონა დავინახე, გამოვიცანი, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა და არც შევმცდარვარ.
ნიკოლოზი გვყავს, რომელმაც უფრო გაალამაზა ჩვენი ყოფა, გაგვაბედნიერა, ბევრ რამეზე დაგვაფიქრა, ბევრ რამეს ვსწავლობთ გზადაგზა. შვილის მოფერება, ზრუნვა, მის მომავალზე ფიქრი დიდი სიხარული ყოფილა.
– მის დაბადებას უშუალოდ დაესწარით, როგორც ამას ბევრი მამა აკეთებს დღეს?
– იმდენად ვნერვიულობდი, როცა ნიკოლოზი იბადებოდა, ვერაფრით შევძელი მშობიარობაზე დასწრება. როცა მომავალ შვილზე ვფიქრობდი, ყოველთვის მინდოდა, პირველივე დღეებიდან ჩავრთულიყავი მის აღზრდაში. ასეც ვარ, მაქსიმალურად ვეხმარები ცოლს, ყველაფერს ვუკეთებ ნიკოლოზს. ასეც უნდა იყოს. თუ შენ შეგიძლია შეუმსუბუქო შრომა მეუღლეს, რატომ არ უნდა გააკეთო ეს? რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, რაც შვილთან ურთიერთობაა? ეს ისეთი სითბო და სინაზეა, სიტყვებით ვერ გამოხატავ.
– ცოლ-ქმარს რომანტიკისთვის ისევ გრჩებათ დრო?
– ეს აუცილებელია. როგორი დიდი სიყვარულიც უნდა იყოს, დროთა განმავლობაში თუ არ მოუარე, როგორც ყვავილი, არ მორწყე, არ მოეფერე, სული არ შეუბერე, აუცილებლად გახუნდება. ვცდილობ, ჩემი მეუღლე რომანტიკულ პაემნებზე დავპატიჟო, პატარ-პატარა სიურპრიზებით გავანებივრო.
– კესო პოპულარულ, სიმპათიურ ქმარზე არ ეჭვიანობს?
– არ ვიცი, შეიძლება ცოტაოდენი განცდები ჰქონდეს, მაგრამ მე არ მაგრძნობინებს. ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთის სიყვარულსა და ერთგულებაში ეჭვი არ გვეპარება.
– ეკლესიაში, დიდი ხანია, რაც გალობთ?
– 14 წლის ვიყავი, როცა მეგობარმა მიმიყვანა ზუგდიდის საკათედრო ტაძარში. იგი მგალობელთა გუნდს ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ ჩემი ცხოვრების წესად იქცა ტაძარში გალობა. 2008 წლიდან ქაშუეთის გუნდში ვგალობ. ეს აბსოლუტურად სხვა განცდაა, სიახლოვეს გრძნობ უფალთან, გამაღლებს სულიერად, იწმინდები, ძლიერდები, რწმენა გემატება. ბევრჯერ მიგრძვნია უფლისგან გვერდში დგომა, რთული პერიოდების დროს. ეს არ იყო ადამიანების ფიზიკური დახმარება, ეს იყო უხილავი ძალა, ამას უფლის მადლი ჰქვია.
– ყველა ადამიანს, პიროვნებას თავისი სათქმელი აქვს, თავისი მიზანი. როგორ ფიქრობთ, თქვენ თუ თქვით თქვენი სათქმელი, თუ იპოვეთ თქვენი ადგილი?
– ალბათ ნაწილობრივ. ჩემს საქმეს პასუხისმგებლობით ვაკეთებ, გუნდური პრინციპით ვმუშაობ ორ საუკეთესო ანსამბლში, თუმცა გარკვეული გეგმები მაქვს და ახალ სიმღერებზეც ვფიქრობ. საჯარო მმართველობის მაგისტრი ვარ, ახლა ისევ მაგისტრატურაში ფოლკლორს ვსწავლობ. წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა და არ ვიცი, ცხოვრება რა სიურპრიზს შემომთავაზებს. ერთი რამ ზუსტად ვიცი, ყოველთვის ჩემი ოჯახის, ჩემი მეგობრების და ჩემი ქვეყნის ერთგული ვიქნები.