ოტია იოსელიანის შვილიშვილის მეუღლე, ნუცა ცისკარიშვილი, დასთან ერთად, პროექტ „სამზარეულოს ომებში“ იღებს მონაწილეობას. ბლოგერმა ფოტო გამომწერებს სოციალურ ქსელში გაუზიარა.
ნუცა ცისკარიშვილი: დიდი ხანი ვფიქრობდი, კულინარიულ პროექტში მიმეღო მონაწილეობა მაგრამ ბიძგი მაკლდა. ცოტა ხნის წინ ჩემი და საქართველოში დაბრუნდა და რადგან მასაც უყვარს კულინარია და გამოცდილებაც არ აკლია, ვიფიქრე, რომ კონკურსში ერთად გავიდოდით. მით უმეტეს, რომ მსგავს გადაცემებში დების ტანდემი განსაკუთრებით წარმატებულია ხოლმე. საბედნიეროდ, მისი დათანხმება მოვახერხე და გადავწყვიტეთ, „სამზარეულოს ომებში“ ერთად გამოვსულიყავით.
– საერთოდ, კერძების მომზადება კარგად გამოგდით?
– მთავარია მონდომება (იცინის). ზოგადად, ვფიქრობ, რომ თუ მოინდომებს და ამაზე ბევრს იმუშავებს, ადამიანს ყველაფერი გამოუვა. რაც მოვინდომე, ყველაფერი გამომივიდა და ვფიქრობ, რომ თუ ამაშიც ჩავდებ საჭირო დროს და ენერგიას, აუცილებლად გამომივა.
– გამოცდილება როგორია?
– ასე თუ ისე, ყველაფერი გამომდის. მოლეკულურ სამზარეულოს და ძალიან რთულ კერძებს არ ვგულისხმობ, მაგრამ დიასახლისს რაც შეიძლება დასჭირდეს ან გამოადგეს, იმის მომზადება ვიცი. პურის ცხობაც შემიძლია და ხაჭაპურსაც ავუღე ალღო. რაც იმერლების რძალი გავხდი, ჩემი დედამთილისგანაც ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. ის გადასარევი კულინარია, იმერული მჭადის გამოცხობაც ვისწავლე, დედამთილმა შქმერულის მომზადებაც მასწავლა, ლობიო – იმერული რეცეპტით, სალათები, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ბაჟე და ასე შემდეგ.
სახლში, ამ მხრივ, არ ვარ დატვირთული, რადგან დედამთილი და დედა ძალიან კარგი კულინარები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს პასუხისმგებლობა ოჯახში მე არ მაკისრია, როცა საჭიროა, ყველაფერი კარგად გამომდის.
– დედამთილი ყოველთვის ცდილობს ყველაფერი მოეწონოს, რასაც ვერ ვიტყვი, ჩემს მეუღლესა და მამამთილზე. გამორიცხულია, იოსელიანებმა დაგზოგონ (იცინის). თუ რამე არ მოეწონათ, იმას არ გაითვალისწინებენ, რომ დამწყები ან ახალი რძალი ხარ. მახსოვს, ახალი რძალი ვიყავი და ძალიან მონდომებით მოვამზადე ერთი კერძი, რომელიც არც თუ ისე კარგი გამომივიდა. ჩემმა დედამთილმა მოიწონა, ფრთები შემასხა, მაგრამ როგორც კი ჩემმა მამამთილმა გასინჯა, მითხრა: არა, არაფრად არ ვარგაო (იცინის). ძალიან პირდაპირია, ისიც და ჩემი მეუღლეც, არასდროს მოგატყუებენ. ერთი მხრივ, კარგია, ზუსტად იცი, რომ იმას გეუბნებიან, რასაც მართლა ფიქრობენ, მაგრამ ზოგჯერ შელამაზებული სიმართლის თქმაც კარგია (იცინის). ჩემი დედამთილის მიმართაც ასე არიან. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან კარგად ამზადებს, თუ რამე მათ გემოვნებაში არ ზის და აზრს შეეკითხები, აუცილებლად აღნიშნავენ;. პრეტენზიულები არა, მაგრამ გურმანები არიან და თუ ჰკითხავ, აუცილებლად სიმართლეს გეტყვიან.
– თქვენთვის მაყურებელთან ურთიერთობა არ არის ახალი, მაგრამ კონკურსში მაინც დაძაბული გარემოა და როგორ ემზადებით ამისთვის? ასევე, როგორია დის განწყობა?
– მე ტელევიზიაში თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. ვგიჟდები კამერებსა და გადაღებებზე. ეს ჩემთვის ბავშვობიდანვე კომფორტის ზონაა. ოცნებად მქონდა, ტელევიზიაში მემუშავა, ჟურნალისტი ვყოფილიყავი, კამერებთან მეურთიერთა და ასე შემდეგ. სალომესთვის ეს ნამდვილად არ არის საყვარელი საქმიანობა. დაძაბულია, ძალიან ნერვიულობს. ფიქრობს, რა უნდა ჩაიცვას, რა უნდა თქვას და ასე შემდეგ. მე მსგავსი დაძაბულობა არ მაქვს. შეფასების პროცესში, ალბათ, მეც ვინერვიულებ. როცა რაღაცას მთელი გულით ამზადებ და მერე ან გამოგივა, ან არა, თან სხვის გემოვნებასაც უნდა მოარგო, ეს საკმაოდ რთულია. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ კულინარიულ პროექტში მთავარია, გამოწვევის წინაშე მყარად დადგე, სიახლეები მიიღო და ბევრი იშრომო. ვფიქრობ, რომ ეს მე და სალომეს გამოგვივა, იმიტომ, რომ ორივე შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანები ვართ.
– სალომე რა პროფესიისაა, როგორი ინტერესები აქვს?
– სალომე სტუდენტია და პარალელურად, ტყავზე მუშაობს. ტყავის ძალიან კარგ საფულეებს, ჩანთებსა და აქსესუარებს ამზადებს. სულ ცოტა ხნის წინ 23 წლის გახდა და ძალიან ვამაყობ მისით. უკვე ბევრი რამ მოასწრო, ჩამოყალიბებული ადამიანია. აქვს ოჯახი, ჰყავს მეუღლე და ძალიან პასუხისმგებლობიანი და შემდგარი ქალია. მისგან ბევრს ვსწავლობ. ვფიქრობ, რომ ისიც ბევრს სწავლობს ჩემგან. ერთად ბრძოლა არ გაგვიჭირდება. ერთი პრობლემაა – ძალიან განსხვავებული გემოვნება გვაქვს და არ ვიცი, როგორ შევთანხმდებით (იცინის). ახლახან იდეა მომაწოდა: ერთ ტურზე შენი გემოვნებით მოვამზადოთ, მეორეზე – ჩემითო და ალბათ, ასეც მოვიქცევით (იცინის).
– რამდენად ამბიციურები ხართ, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მოხდეს?
– მოსაგებად მივდივართ, სხვა ვარიანტს არც განვიხილავთ. დიდი დრო და ენერგია უნდა ჩავდოთ ამ საქმეში. თუ გადავედით შემდეგ ტურებში, ყოველ კვირას წყალტუბოდან უნდა ვიარო თბილისში და მიზნად მაქვს დასახული, რომ აუცილებლად ბინა უნდა მოვიგოთ.
როდესაც ჩემი და და მისი მეუღლე შეუღლდნენ, საკმაოდ ახალგაზრდები, 20-25 წლისები იყვნენ. ფიქრობდნენ, რომ უცხოეთში წავიდოდნენ, იმუშავებდნენ, ფულს მოაგროვებდნენ, დაბრუნდებოდნენ და სახლს იყიდდნენ. მართლაც, წელიწად-ნახევარი იყვნენ ემიგრაციაში და მუშაობდნენ. დღეს და ღამეს ასწორებდნენ, მაგრამ რაღაც მომენტში მიხვდნენ, რომ ან მთელი ცხოვრება იქ უნდა ემუშავათ და საბოლოოდ, შეიძლება, აღარც დაბრუნებულიყვნენ, ან უნდა ჩამოსულიყვნენ და ისევ სამშობლოში ეცადათ მიზნის მიღწევა. უკვე ერთი წელი ხდება, რაც დაბრუნდნენ და მინდა, როგორღაც ხელი შევუწყო. ბინის მოგებით კიდევ უფრო გამართლდება მათი დაბრუნება. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ამ პროექტით ჩემი დისა და სიძის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.
– მეუღლე რამდენად გიწყობთ ხელს და ზოგადად, როგორი მეორე ნახევარია?
– იდეალური – ოტიაში ეს თავიდანვე დავინახე. ის არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება განვვითარდე. ხელს არაფერში მიშლის. პირიქით. ამ პროექტში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, თავიდან არ მიჭერდა მხარს, მეუბნებოდა, ძალიან გაწვალდები და გიღირს ამადო? თუმცა, როცა გადაწყვეტილება მივიღე, გვერდით დამიდგა და ყველაფერში მეხმარება, იქნება ეს ბავშვის დატოვება თუ სხვა რამ. ალბათ, ესეცაა მეორე ნახევრის ხიბლი და ღირებულება. შეიძლება, რამეში არ გეთანხმებოდეს, მაგრამ იაზრებდეს შენს სურვილს და მარტო არ გტოვებდეს. მგონი, მეტყობა, რომ იდეალური მეორე ნახევარი მყავს, თორემ ამ ყველაფერს ვერ გავაკეთებდი. შეიძლება, ყველაფერი არც თქვა და არც აჩვენო, მაგრამ მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ცხოვრების ასავალ-დასავალში ერკვევა, მიხვდება, რომ თუ ქალი ან კაცი წარმატებულია, ეს ნიშნავს, რომ მას მეორე ნახევარი აუცილებლად გვერდით უდგას. ასეთ დროს უფრო მეტად ლაღი, დამოუკიდებელი და განვითარებული ხარ, მე ასე მესმის შემდგარი ურთიერთობა. ეს ჩანს თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მე ყოველთვის მეტყობა, რომ მეორე ნახევარი მხარს მიმაგრებს. ოტია ყოველთვის ცდილობს, ჩემი საქმე მქონდეს და არ დავკარგო ოცნებები, რომელიც მანამდე მქონდა. მასში ნამდვილად ძალიან გამიმართლა.
– ალბათ, თავიდან, ამ ოჯახის წევრობის გამო განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობდით.
– მაშინაც იმავეს ვფიქრობდი, რასაც ახლა. ოჯახის ღირსება დიდწილად ქალზე გადის – ამაზე ყველასთან ვიკამათებ. როგორც წარმოაჩენ ოჯახის სახეს, ისეთად გაგიცნობენ. მე არასოდეს გადავუხვევ ჩემი ოჯახის გზას. თუ შენი გზა შენი ოჯახის გზასთან შესაბამისობაში არ მოდის, თუ შენი მიზნები და სურვილები არ შეესაბამება ოჯახისას, მაშინ იქ რა გინდა?! თუ შენ სხვა გზაზე გინდა სიარული და პროტესტები გაქვს, უნდა ადგე და წახვიდე. მე აქ ძალდატანებით არავის მოვუყვანივარ. არც აქ ცხოვრება დაუძალებია არავის. ოტია უკვე აქ იყო დაფუძნებული და როცა მას ცოლად მივყვებოდი, გააზრებული მქონდა, რომ თუ ამ ადამიანის გვერდით ყოფნა მინდოდა, მეც აქ უნდა მეცხოვრა. ქალს შეუძლია, დიდი გავლენა მოახდინოს მეუღლეზე. ოტიას თბილისშიც აქვს ბინა, შემეძლო, თავიდან აქ ვყოფილიყავი მასთან ერთად და მერე ნელ-ნელა დამერწმუნებინა, რომ თბილისში ჯობდა ცხოვრების გაგრძელება, მაგრამ ეს არ იქნებოდა სწორი, არ ეკუთვნის ოტიას სხვაგან ცხოვრება. ის აქ უნდა იყოს, აქაურობას უნდა მიხედოს და ეს პასუხისმგებლობა მე გააზრებული მაქვს, ამიტომ ჩემთვის სხვა ყველაფერი მარტივია. თუ ამ პასუხისმგებლობას ვერ ვიაზრებდი, ჩემი გზა უნდა მეპოვა და ის ამ ოჯახთან არ უნდა დამეკავშირებინა. როდესაც ქალი ოჯახს ქმნის, უნდა იცოდეს, რომ ეს მარტო მეორე ნახევართან ერთად ცხოვრების დაწყებას არ ნიშნავს. მეუღლის უკან ოჯახია, სანათესავოა და ასე შემდეგ, ამიტომ უნდა გაიაზრო, რომ ამ კაცთან ერთად, ეს ყველაფერი შენი მომავალიცაა. თუ ამას სწორად ვერ შეაფასებ, მერე თანაცხოვრებაში პრობლემები და იმედგაცრუებები არ უნდა გაგიკვირდეს. საბედნიეროდ, ჩვენთან მსგავსი არაფერი ყოფილა. ოტიასაც არასდროს მოვუტყუებივარ, მას არ ახასიათებს ოცნების კოშკების აგება და არც მე მქონია განსაკუთრებული მოლოდინები. ვიცით, რომ ცხოვრება რთულია, მაგრამ ხელიხელჩაკიდებულები გავართმევთ ჩვენს უღელს თავს. თავიდანვე ამ ლოგიკით მოვდივართ და ამასობაში, ხუთი წელი გავიდა.
– უკვე დაჩი გყავთ. შეცვალა შვილმა თქვენი ცხოვრება. როგორი აღმოჩნდა დედობა?
– პირველ რიგში, ყველაფერს აზრი შესძინა. დროის სვლას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც პარალელურად, შვილი გეზრდება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვუყურებ და საკმაოდ რთული იყო შვილის მოლოდინში გატარებული სამი წელიწადი და რვა თვე. ძალიან დიდი დარდი გვქონდა, რომ გზას უშვილოდ გავდიოდით. როდესაც დაჩი გაჩნდა, პირველ რიგში, ეს დარდი მოგვეხსნა. ამის შემდეგ კი ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, განსაკუთრებული აზრი მიეცა, რადგან ამ ყველაფერს მომავალი აქვს და ჩვენ რომ აღარ ვიქნებით, ჩვენს დაწყებულს, ჩვენი შვილი გააგრძელებს. ამასთან ერთად, შვილმა უფრო მეტადაც დაგვაახლოვა. ეს არც მანამდე გვაკლდა, მაგრამ მასზე საერთო პასუხისმგებლობა განსხვავებული ერთიანობის მომტანი ყოფილა. ჩვენ ახლაც იმავეს ვაკეთებთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით, მაგრამ დაჩისთან ერთად, უკვე ძალები გაათმაგებული გვაქვს და თან, ძალიან ბედნიერები ვართ.