მანანა ფაცაცია (ცხაკაია) თიკა ფაცაციას დედა გახლავთ. მას ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს. დღეს, როცა უკვე შვილებს თავიანთი ცხოვრება აქვთ, ქალბატონი მანანა მათ ყოველდღიურობაში ძველებურად აქტიურად აღარ არის ჩართული, თუმცა, ერთმანეთზე ზრუნვასა და ერთმანეთის გვერდით დგომას მუდმივად ახერხებენ. ქალბატონ მანანასთან საუბარი ბებიის ამპლუით დავიწყეთ.
მანანა ფაცაცია: მკაცრი ბებია ნამდვილად არ ვარ, არც მკაცრი დედა ვყოფილვარ. ბავშვებთან საუბრები მიყვარს, მსიამოვნებს მათი სულის არხში მოხვედრა, მაინტერესებს, რა უხარიათ, რა მოსწონთ და ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვცდილობ, ვასიამოვნო, ვაჩუქო ის, რაც გაახარებთ ან სხვა მხრივ გავანებივრო. მათ სურვილებს მივყვები ხოლმე. მაგალითად, მე და ჩემი შვილიშვილი სამოგზაუროდ წავედით პრაღაში და ძალიან ბედნიერი იყო. მერე დუბაიშიც წავედით და ბავშვები იქაც ძალიან ბედნიერები იყვნენ. ასე რომ, უფრო გასართობი ურთიერთობები გვაქვს, ვიდრე შემეცნებითი, შემეცნებითი მხოლოდ საუბრები გვაქვს. მათი ყოველდღიური მეცადინეობა ჩემი მოვალეობა არ არის, რადგან მე ცალკე ვცხოვრობ, ისინი კი დედასთან ერთად ამზადებენ გაკვეთილებს. ძალიან მსიამოვნებს, რომ თიკა ამას ახერხებს. ასეა, ჩემი ბიჭისა და რძლის შემთხვევაშიც, შესაბამისად, მე, ამ მხრივ, ძალიან პასიური ბებია ვარ. ერთმანეთს ყოველდღიურად ვერ ვნახულობთ, რადგან ბავშვებს ძალიან დატვირთული რეჟიმი აქვთ, თუმცა დანაკლისს არდადეგებზე ვინაზღაურებთ.
– შვილების შემთხვევაში ძალიან განსხვავებული იყო?
– ცხოვრება მიჩვენებს, რა დოზით ვარ საჭირო. მე მოცემულობას ვუკვირდები და როგორც საჭიროა, იმ დოზით ვერევი. დღეს არ არის ამის საჭიროება და ამიტომ ჰიპერაქტიური ბებია არ ვარ. ბავშვები რომ პატარები იყვნენ, მაშინ უფრო მთხოვდნენ დახმარებას. როცა მშობლები მიემგზავრებოდნენ, ცოტა ხნით მათთან გადავცხოვრდებოდი ხოლმე და რომ დაბრუნდებოდნენ, მეც ჩემს სახლში ვბრუნდებოდი. რა თქმა უნდა, შვილებთან სულ სხვანაირად იყო. მე, როგორც დედა, თავიდან ბოლომდე მათი ცხოვრებით ვცხოვრობდი. მათი სწავლა-განათლების გარდა, არაფერი მახსოვდა.
– თიკას აქვს ნათქვამი, დედაზე ძალიან დამოკიდებული ვარო. დღეს ეს რაში გამოიხატება?
– როცა მირეკავს, ყოველთვის რჩევას მთხოვს. შენ როგორ ფიქრობ, როგორ იქნება უკეთესიო. ვგრძნობ, რომ ჩემი არსებობა ეიმედება. ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველა საკითხს ეხება, მაგრამ არის თემები, რომელშიც ჩემი აზრი ძალიან აინტერესებს. მე ჩემსას ვეუბნები და მერე ის თავისი განწყობებით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ყველას თავისი ოჯახი აქვს. ოჯახი პატარა სახელმწიფოა და ამ სახელმწიფოს ურთიერთობებში მე ძალიან მოკრძალებული ფორმით ვარ ჩართული. ასე მგონია სწორი. ორივე მხარე შეგნებულად ვუდგებით. ჩემი შვილების ოჯახები პატარა სახელმწიფოებია და ისინი გადაწყვეტილებებს თავად იღებენ, ჩემი ფუნქციაა, მოვინახულო, მოვიკითხო, გავიგო როგორ არიან, რას აკეთებენ, სადილი მოვუმზადო. სიშორემ გამოიწვია ის, რომ მოვიგონე იდეა-სადილი დედასთან, რომელსაც ხშირად ვმართავ. ყველას წინასწარ ვუთანხმდები და სიამოვნებით მოდიან დედასთან მონატრებისა და თავისუფალი დღეების გათვალისწინებით. ერთად შეკრება ყველას დიდ ბედნიერებას გვანიჭებს. თან, კერძების მომზადებაც ძალიან მსიამოვნებს.
– ზოგადად, თიკას ყველა იცნობს, მაგრამ მაინტერესებს, როგორი შვილია?
– თიკა ჩემთვის დაბადებიდანვე არაჩვეულებრივი შვილია. მისი დაბადება ძალიან გამიხარდა. ძალიან ყურადღებიანი და თბილია. აუცილებლად მომიკითხავს, რამე ხომ არ მჭირდება, მახარობელი შვილია, ისევე როგორც ჩემი ვაჟი.
მადლობა უფალს ასეთი შვილებისთვის. მადლობა, რომ ჩემს ცხოვრებას, რომელშიც მწარე ნაღველიც ურევია, ასეთი ფინალი აქვს. ვერ ვმალავ და სულ ვამბობ, რომ ბედნიერი სიბერე მაქვს. დღეს ვიმკი იმას, რაც დავთესე? ამ კითხვას ჩემს თავს ხშირად ვუსვამ ხოლმე. სხვებიც ხშირად მეუბნებიან, როგორ გაგიმართლა ბავშვებში, ეს რისი დამსახურებააო?! ალბათ, თავის დროზე სათანადო შრომა ჩავდე და ამან მოიტანა ეს შედეგი.
– ალბათ, ძალიან მიზანმიმართული იყავით მათი ცხოვრებისა და კარიერის სწორად წარსამართად.
– დიახ, მაგრამ ძალდატანებით არაფერი გამიკეთებია. მათში ნიჭს ვეძებდი და რაც კარგად გამოსდიოდათ, ვცდილობდი, იმ მიმართულებით გვემუშავა. ძალიან გულდასმით ვარჩევდი მასწავლებელს. ვაგროვებდი ინფორმაციას, როგორ პედაგოგთან მიმყავდა ჩემი შვილები, როგორი მოწაფეები ჰყავდათ მათ, რა შედეგებით, რომ დრო ფუჭად არ დაგვეკარგა. კარგი მასწავლებელი გაკეთებულ საქმეს ნიშნავს.
– თქვენი მეუღლე როგორ იყო ჩართული ამ პროცესში?
– მეუღლეს ეს ყველაფერი ჩემთვის ჰქონდა მონდობილი. თვითონ მაინცდამაინც არ უყვარდა ჩარევა მათი მეცადინეობის პროცესში. მისი მენტალობით მამაკაცს სხვა პასუხისმგებლობები ჰქონდა, პედაგოგიურ ნაწილში მე მენდობოდა. მეტყოდა ხოლმე, ჭკვიანი ქალი ხარ და აბა, შენ იციო. ძალიან თბილი მამა იყო. დანამუსების მეთოდი ჰქონდა ძალიან კარგი. ბავშვებს არასდროს უწყრებოდა, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. საუბარი, მოფერება, – ეს იყო მისი მიდგომა. რაღაც პერიოდი ჰქონდა გართულება თიკას შემოქმედებასთან დაკავშირებით. მეტყოდა ხოლმე, ძალიან ნიჭიერია და ნუ დაღუპე ბავშვი „ტრალი-ვალითო“. „ტრალი-ვალის“ ეძახდა ცეკვა-სიმღერას. შოუბიზნესში დამკვიდრების პირველ პერიოდში ასე აღიქვამდა ამ საქმეს. მისი მოსაზრებით თიკას უფრო დიპლომატიური ჩანთა დამშვენდებოდა, რადგან თიკა ძალიან ნიჭიერი იყო და ყველა საგანს კარგად სწავლობდა. თუმცა, ჩემს მეუღლეს მალე შეეცვალა აზრი და დღესაც ძალიან ამაყობს იმით, რისი ნიჭიც თიკას აღმოაჩნდა და რაც დღემდე მისი ცხოვრების ნაწილია. ყველაზე მთავარია, რომ ჩემი შვილები თვითონ არიან ბედნიერები თავიანთი წარმატებით და საქმით, რომელსაც აკეთებენ.
– რომ იგებენ ვისი დედა ხართ, როგორი რეაქციებით გხვდებიან?
– ისეთით, რომ უფალს სულ მადლობას ვუხდი. დღე არ გავა, მოკითხვები არ დამაბარონ თიკასთან. მეუბნებიან, რომ ძალიან უყვართ, იმიტომ, რომ კარგი აღზრდილია, ზნეობრივად გამართული ადამიანია. უხერხულადაც ვგრძნობ ხოლმე თავს. ძალიან მაბედნიერებს და ცოტა შიშიც მაქვს, უფალს მადლობას რომ ვეუბნები, თან, შევთხოვ, რომ სულ ასე იყოს. ძალიან გამიმართლა შვილებში.
ისინი უკვე დაკვალიანებულები არიან და დედისგან მინიმალურიღა სჭირდებათ – სითბოსა და ყურადღების სახით. შვილების თხოვნით, მეც ვცდილობ, ჯანსაღად ვიცხოვრო. მაგალითად, ამწუთას კუს ტბაზე ვარ. იყო პერიოდი, როცა გადაადგილებისთვის ჯოხი მჭირდებოდა. ბიჭმა მითხრა, დედა ძალიან გთხოვ, არ იზარმაცო, კუს ტბაზე იარეო. ამისთვის ყველანაირ პირობას მიქმნის. არა მხოლოდ ამისთვის, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მე ბედნიერი და ჯანმრთელი ვიყო. რომ ამბობენ, შვილებს ბედნიერი და ჯანმრთელი დედა სჭირდებათო, მართალი ყოფილა.
– როგორი სიდედრი ხართ?
– ზუსტად ისეთი სიძე მყავს, როგორი თვისებების მამაკაციც მინდოდა თიკას გვერდით. ყველაფერში ძალიან ზომიერია – სასმელთან ურთიერთობა, ადამიანებთან ქცევა, მეტყველება, მანერები – ყველაფერში ძალიან კულტურული ბიჭია. ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. დღემდე მოკრძალებული ურთიერთობა გვაქვს. რადგან ჩემი შვილი ბედნიერია, მეც ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩემი სიძით.
– დედამთილი როგორი ხართ?
– როგორც სიძესთან, რძალთანაც თბილი ურთიერთობა მაქვს. როგორც სიძემ დააკმაყოფილა ჩემი მოლოდინები, როგორც მამაკაცმა, რომელსაც ჩემი ქალიშვილი უნდა შეერთო, ასევე, გამიმართლა რძალში. მის არჩევაში მცირე მონაწილეობა მეც მივიღე. ჩემი ბიჭი კომპიუტერში ფოტოებს ათვალიერებდა, ამ დროს გავიარე და ეკრანს შევხედე. მომავალი რძლის ფოტომ მიიქცია ჩემი ყურადღება, ხელი დავადე და ვიკითხე, ვინ არის ეს კარგი გოგო-მეთქი?! სულ ეს იყო ჩემი მონაწილეობა (იცინის). ჩემმა შვილმა ჩაიღიმა და მეც გავიარე. მერე ისე დატრიალდა მოვლენები, რომ სწორედ მასზე დაქორწინდა. ჩემს რძალს დიდ პატივს ვცემ. ასტროლოგიურადაც კი მოსაწონი გოგოა, ოჯახში ყველანი სასწორები ვართ (იცინის).
ოჯახში მე იერარქიას არ ვარღვევ, არ ვერევი შვილების ოჯახურ ურთიერთობებში. გააზრებული მაქვს, რომ ყველას თავისი ადგილი აქვს და მე ზღვარი არ უნდა გადავლახო. რძალთან და სიძესთან პოლემიკები არასდროს მქონია, სხვათა შორის, არც ჩემს დედამთილთან. არავის ვუკირკიტებ, ჩემი ადგილი ვიცი და ზედმეტად არაფერში ვერევი. თავიდან მეშინოდა, ვფიქრობდი, ერთი ფრონტი ოჯახში სიძის შემოსვლა იქნებოდა, მეორე ფრონტი კი – რძლის, მაგრამ ყველაფერი მშვენივრად დალაგდა. მთავარი ხაზი უნდა იყოს გამართული, ის, რაც ოჯახს ამოძრავებს და ურთიერთპატივისცემას იწვევს. მერე კი წვრილმანებზე თვალს დახუჭავ – მე ასე მესმის. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, მათ – თავისი და ერთმანეთს პატივს ვცემთ, ხოლო, როცა ერთმანეთის დახმარება გვჭირება, ერთმანეთის გვერდით ვდგავართ.