გიორგი გრიგალაშვილი ჯგუფ „ურსას“ წევრია მისი შექმნის დღიდან. ერთად მრავალი წელი გამოიარეს და მსმენელისთვის განსაკუთრებით საყვარელი სიმღერები შექმნეს.
გიორგი გრიგალაშვილი: სიმღერისადმი განსაკუთრებული სიყვარული ძალიან პატარა ასაკში გამოვავლინე. 4-5 წლის ასაკში მქონდა ინსტრუმენტთან შეხება, დაკვრა არ ვიცოდი, მაგრამ ბავშვურად ვღიღინებდი. ჩემი მეზობელი იყო თამარ ბუაძე, ძალიან კარგი და წარმატებული ქალბატონი, რომელიც „თუთარჩელას“ ხელმძღვანელია. მან შემთხვევით მოისმინა ჩემი სიმღერა და ძალიან მოეწონა. თავის ანსამბლში წამიყვანა. ექვსი წლიდან იქ გავაგრძელე სიმღერა და დავიწყე ინსტრუმენტალის შესწავლა. შვიდწლედი დავამთავრე. სკოლის დამთავრების შემდეგ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. იქ ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა, გიორგი ქურასბედიანმა მითხრა, რომ ბენდს აკეთებდა და თავისთან მიმიწვია. რომ მივედი, უკვე 5-6 კაცი იყო შეკრული. მერე მოვიდა გიორგი ძოწენიძე და მიღებაც დავასრულეთ. ჯგუფს „ურსა“ დავარქვით. ეს იყო, დაახლოებით, 15 წლის წინ. მას შემდეგ აქტიურები ვართ. დაახლოებით, ათ დღეში გვქონდა პირველი სოლო კონცერტი. 15-18 სიმღერა შევასრულეთ და ძალიან კარგად ჩაიარა. ჯგუფში თავიდან ბევრნი ვიყავით, მერე გზები გაიყო და საბოლოოდ ხუთი ადამიანი დავრჩით, რომლებიც უკვე 13 წელია, ერთად მოვყვებით ჩვენს საქმეს.
– პოპულარობა როდის მოვიდა?
– ოთარ ტატიშვილის შოუში ვიყავით ჩაწერაზე. მას დავით გოგიჩაიშვილი ესწრებოდა. ძალიან მოეწონა ჩვენი მიმდინარეობა. გვკითხა, სად შეიძლება თქვენი მოსმენაო. ერთ-ერთ რესტორანში ვმუშაობდით, მოვიდა, მოგვისმინა და „ტვ 11-ისთვის“ ოთხი სიმღერა აარჩია. ჩავწერეთ ეს სიმღერები, კლიპიც გადავიღეთ და საკმაოდ აქტიურად უშვებდნენ ეთერში. აქედან წამოვიდა დიდი მოწონება. მერე ისე მოხდა, რომ „X ფაქტორში“ ნიკა გვარამიამ ჩვენი შესრულებით თავის საყვარელი სიმღერა – „გელინო“, აღმოაჩინა. ფინალში დაგვიძახა და ერთ–ერთ მონაწილესთან, ავთო აბესლამიძესთან, ერთად გავაკეთეთ ეს სიმღერა. ძალიან კარგი გამოვიდა და ამანაც დიდი წარმატება მოგვიტანა.
– ახლა რომელი სიმღერები უყვარს ყველაზე მეტად მსმენელს?
– დღეს სიმღერა „მინდა, ფრთები გავშალო“ გახდა ძალიან პოპულარული. ეს სიმღერა დიდი ხნის წინ ჩავწერეთ, თავის საქმე მაშინაც გააკეთა. ახლა ცოტა რიტმი შევცვალეთ და ხალხმა ძალიან კარგად მიიღო. ბევრი კარგი შეფასება მოჰყვა. ასევე, ძალიან უყვართ „გელინო“, „ღელეღურდანი“. სხვებიც უყვართ, მაგრამ ეს სიმღერები – განსაკუთრებულად.
– როცა ჯგუფში ბევრია, ყველას თავისი ხასიათი აქვს, გართობაცაა, მხიარულებაც და კამათიც. ამ მხრივ, თქვენ როგორ ხართ?
– 15 წელია, ერთად მოვდივართ. ადამიანები ჯერ საქმეს აყენებენ, შემდეგ მეგობრობას, ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა, ჯერ ოჯახია, ანუ, ჩვენი დიდი ოჯახი – „ურსა“. ჩვენი ურთიერთობა და ძმაკაცობა ყველაზე მთავარია და შემდეგ საქმე. ამიტომ ყველაფრის გაკეთება გვიადვილდება. აზრთა სხვადასხვაობა ბევრ საკითხზე გვაქვს, მაგრამ ჩვენთან იმდენად ოჯახური და შეხმატკბილებული ურთიერთობებია, რომ ყველა საქმე ძალიან კარგად გამოგვდის. მინდა, გითხრათ, რომ სიმღერის გასაკეთებლად დიდი დრო არ გვჭირდება. ზოგჯერ ერთ საათში ვაკეთებთ ახალ სიმღერას, ზოგჯერ ორ-სამ საათში, იმიტომ, რომ ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე და შემართებაც განსაკუთრებული გვაქვს.
– კონცერტებზე რა ხდება, არის უცნაური თხოვნები?
– მაგალითად, ერთხელ ქვემოდან შემოგვძახეს, რამე საქეიფო გაუშვითო (იცინის). ერთ რესტორანში ვმუშაობდით, მოვიდნენ და გვეკითხებიან, „ურსა“ დღეს აქ ცეკვავსო?! მე ვუთხარი, კი, დღეს რვა საათზე იწყებენ ცეკვას-მეთქი (იცინის). ერთი პერიოდი ჩავამატეთ ცეკვა – შოთიკო გადახტებოდა ხოლმე რაჭულზე და ცეკვავდა (იცინის).
– ღია ცის ქვეშ კონცერტებზე გარემო პირობებზე ხარ დამოკიდებული და ამან შეიძლება, ცოტა არეულობაც გამოიწვიოს. გქონიათ ასეთი შემთხვევა?
– მახსოვს, თბილისთან ახლოს გვქონდა კონცერტი, ძლიერი ქარი იყო და ჩვენ უკან, სცენაზე, მთელ სიგრძეზე, დიდი ბანერი იყო, რომელზეც იმ ქალაქობას ულოცავდნენ მაყურებელს, სადაც ვიყავით. თავიდანვე ვთქვით, რომ თუ ამ ბანერს კარგად არ დაამაგრებდნენ, რაღაც მოხდებოდა. არ დაგვიჯერეს და ისეთი ქარი ამოვარდა, ეს ბანერი მოგლიჯა და ცოტა დაგვაკლდა, რომ სცენიდან არ გადავეყარეთ ჩვენი ინსტრუმენტებიანად (იცინის). ერთ ზაფხულს ერთ-ერთ რეგიონში ვიყავით. მგონი, ყველაზე ცხელი ზაფხული იყო, დაახლოებით, 40 გრადუსი იყო სიცხე. რატომღაც, სცენა გადაუხურავი დაგვახვედრეს, თან შუაგულ მზეში. წარმოიდგინეთ, ასეთ სიცხეში ინსტრუმენტებზე დაკვრა და სიმღერა. ისეთი სიცხე იყო, მაყურებელი ფიზიკურად არ მოვიდა, თავები აუდუღდებოდათ. ჩვენ შეთანხმება გვქონდა და მაინც მოგვიწია ჩვენი საქმის გაკეთება. მერე ერთმა მსმენელმა, რომელიც მოშორებით იდგა ხის ძირში, მესამე სიმღერის შემდეგ დაგვიძახა, ჩამოდით, თქვე საცოდავებო, მოკვდებით ამ სიცხეშიო და ჩამოვედით (იცინის).
– ისეთი რეპერტუარი გაქვთ, მგონია, რომ ბევრი ადამიანის სიყვარულის ისტორიის თანაზიარები ხართ.
– კი, კი. მით უმეტეს, ახლა ძალიან მრავალფეროვანი რეპერტუარი გვაქვს. ძალიან უყვართ ჩვენი სიმღერები შეყვარებულ წყვილებს და განსაკუთრებით, გოგონებს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ უფრო მეტი მსმენელი მდედრობითი სქესის არის.
– თქვენი მეორე ნახევრები რას ფიქრობენ ამაზე? თაყვანისმცემლების არსებობა სასიამოვნოა, მაგრამ მეუღლეებისთვის?
– როცა ძალიან დიდი სიყვარული გაკავშირებს ადამიანთან, იქ ნდობაცაა და ეს ოჯახში ძალიან ბევრს ნიშნავს. მეუღლისთვის, ალბათ, რთულია ასეთი რამეები, მაგრამ იციან, რომ ამ სფეროში ეს ჩვეულებრივი და მისაღებია. ამ საქმეში უნდა გასცე ემოცია, სითბო, თორემ მსმენელიც არ გეყოლება.
– ახლა თქვენი და თქვენი მეუღლის სიყვარულის ისტორიაც მოგვიყევით.
– 22 წლის ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი. მანამდე სამი წელი შეყვარებულები ვიყავით. ძალიან მიყვარდა და მიყვარს ჩემი მეუღლე. ყველა დეტალი, ყველა თარიღი მახსოვს, მაგალითად, როდის ვნახე პირველად, როდის ვუთხარი პირველად, რომ მიყვარდა, როდის დამიბრუნა პასუხი.
მახსოვს ნიშნობის დღე, ქორწილის თარიღი და ასე შემდეგ – ყველა დღე ბედნიერად დამამახსოვრდა, იმიტომ, რომ ეს წუთები ჩემთვის განსაკუთრებული იყო.
– როგორ შეხვდით ერთმანეთს?
– ეს იყო „ადნაკლასნიკების“ პერიოდში (იცინის). ქუჩაში მივსეირნობდი და დავინახე მეგობრებთან ერთად მოდიოდა. ჩემს მეგობარს ვუთხარი, შუაში რომ გოგო დგას, ეს ჩემი მეორე ნახევარი უნდა გახდეს-მეთქი. მაშინ პირველად დავინახე და ძალიან მომეწონა. ცოტა ხნის შემდეგ ჩემს ერთ-ერთ მეგობართან ერთად დავინახე და გადავწყვიტე, „ადნაკლასნიკებში“ მის მეგობრებში მომეძებნა (იცინის). ვიპოვე კიდეც, გადავედი მის გვერდზე და უამრავი ფოტო შევუფასე, რასაც მისგან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. მერე პირდაპირ მივწერე, ამდენი ფოტო შეგიფასე და ერთი კომენტარი როგორ არ უნდა გააკეთო-მეთქი?! იქიდან მომდის პასუხი – ბატონო?! (იცინის). მერე შევყევით საუბარს, მაგრამ ტელეფონის ნომერს არ მაძლევდა. რვა მარტს მაქვს დაბადების დღე და ეს დროც მოვიდა. საჩუქარი გამიკეთა და დაბადების დღეზე თავის ტელეფონის ნომერი მომცა (იცინის). მერე ერთი პერიოდი დამშორდა, არ გამოვაო, მითხრა და ძალიან განვიცადე. ერთ დღესაც, ძალიან უხასიათოდ ვიყავი, წამოწოლილი და მისგან მომდის მესიჯი „რაღაცნაირად მაკლიხარ“. რა თქმა უნდა, მაშინვე დავურეკე (იცინის). მას შემდეგ უკვე სხვანაირი ურთიერთობა დავიწყეთ და დღეს ორი ლამაზი გოგონა გვყავს.
– ოჯახურ ცხოვრებაში რა შეიცვალა?
– დაოჯახებამდე ცოტა სხვანაირი ვიყავი, უფრო გასული, გართობა მიყვარდა, გარეთ ყოფნა და ასე შემდეგ. როცა ოჯახი შევქმენი, ყველაფერს სხვანაირად შევხედე. დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, მით უმეტეს, ორი შვილი კიდევ სხვა პასუხისმგებლობაა და ჩემში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა.
– ისევ ისეთი ყურადღებიანი ხარ, როგორც ურთიერთობის დასაწყისში?
– სხვათა შორის, კი. უბრალოდ, ჩემებური ხასიათი მაქვს. არ მიყვარს, როცა რაღაცას მთხოვენ. უფრო სწორად, თხოვნის მომენტშივე არ ვუსრულებ. გავა რამდენიმე წუთი, საათი ან დღე და ის სურვილი, რაც მას ჰქონდა, ორმაგად უსრულდება. შეიძლება, იმწუთას ეწყინოს ჩემი უარი, მაგრამ ახლა უკვე იცის ჩემი ხასიათი და როცა უარს ვეუბნები, მარტივად მპასუხობს, კაიო (იცინის) იცის, რომ რამდენიმე საათში ან დღეში, უფრო მეტი დახვდება (იცინის).