ელენე ხურციძე ინგლისური ენის მასწავლებელია, რომელსაც საკუთარი შვილებისა და ოჯახის დატოვება უწევს იმისთვის, რომ პროფესიული პასუხისმგებლობა შეასრულოს.
ელენე ხურციძე: მასწავლებლობა ღვთისგან ნაბოძები ნიჭია… მასწავლებლობა ჩემთვის იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ პროფესია. თამამად ვიტყვი, რომ ის ჩემთვის სუნთქვასავით არის. იყო მასწავლებელი, ნიშნავს გქონდეს უდიდესი პასუხისმგებლობა თითოეულ მოსწავლესთან და საკუთარ თავთან. იყო მასწავლებელი, უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან მასწავლებელი თავის საქმეში სულსა და გულს დებს და ამით მარადიულად განაგრძობს მოსწავლეებში არსებობას. სწორედ ამიტომ მასწავლებელი ვალდებულია, ყოველმხრივ განვითარდეს და საინტერესო იყოს. თუ მასწავლებელი მოსწავლეებისთვის საინტერესო და მისაღებია, მაშინ მისი საგანიც დააინტერესებთ. მოსწავლეს მხოლოდ საგანს არ ასწავლი, პირველ რიგში, მისი მეგობარი უნდა იყო, ყველა სიტუაციაში გვერდით ედგე და გესმოდეს მისი. ყველაფერთან ერთად, ფსიქოლოგიც უნდა იყო, რადგან მოსწავლეებთან ფაქიზი და იმავდროულად, სწორი და ზუსტი კომუნიკაციაა საჭირო.
მახსოვს პატარაობისას ჩემი თამაშებიც კი ამ სფეროს უკავშირდებოდა… ბაბუა საოცარი დურგალი იყო. მქონდა მისი ხელებით შექმნილი დაფა, რვეულები და წითელი კალამი, რომლითაც საკუთარ ნაწერებს ვასწორებდი იმ საწერ მაგიდაზე, რომელიც ბაბუმ ჩემთვის შექმნა და დღემდე მაქვს მის მოსაგონებლად.
– ესე იგი, ბავშვობიდანვე იცოდით, რომ ამ პროფესიას აირჩევდით. აქამდე რა გზა გაიარეთ?
– დიახ. შეიძლება, დაუჯერებელად ჟღერდეს, მაგრამ ბავშვობაშივე ვიცოდი, რომ მასწავლებელი ვიქნებოდი. მამას ექიმი უნდოდა გამოვსულიყავი, ბებოს – იურისტი, დედას – სტომატოლოგი, თუმცა, როცა ჩემი გადაწყვეტილება გავუზიარე, გულისხმიერად მოეკიდნენ, მხარი დამიჭირეს და დღემდე ჩემ გვერდით არიან, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი არჩევანი გარშემო ყველას უკვირდა. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ავირჩიე ეს პროფესია, ბავშვების სიყვარულია, დიახ, ძალიან მიყვარს ბავშვები. მიმაჩნია, რომ უსიყვარულოდ ამ საქმეში წარმატებული და შემდგარი ვერ იქნები, რადგან ბავშვები ყველაზე მეტად გრძნობენ გულწრფელ სიყვარულსა და ყურადღებას.
– როგორ აღმოჩნდით ოჯახისგან შორს მაღალმთიან სოფლებში მასწავლებლად?
– ვმუშაობდი კერძო სკოლებში, უხელფასოდაც კი. ასევე, ვმუშაობდი კერძო ცენტრებში მიზერულ ხელფასზე. ჩემი ოცნება იყო სახელმწიფო სკოლაში მოხვედრა, რა თქმა უნდა, ქუთაისში. თუმცა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, უშედეგოდ. ერთ-ერთი მცდელობის დროს სივი გავაგზავნე სოფელ დღნორისის და საჩხეურის საჯარო სკოლებში, სადაც ჩვენი გასაუბრება წარმატებით დასრულდა. აქედან გამომდინარე, დღეს ვმუშაობ წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ დღნორისის და საჩხეურის საჯარო სკოლებში, რომლებიც ლეჩხუმის მხარეს ეკუთვნის.
– საკმაოდ რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა. რა დაგეხმარათ ამ ნაბიჯის გადადგმაში?
– დიახ, საკმაოდ რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. არჩევანის წინაშე ვიდექი. თუ ამ შანსზე უარს ვიტყოდი, ალბათ, იქვე დასრულდებოდა ჩემი კარიერული წინსვლა და ჩემი ბავშვობის ოცნებაზე სამუდამოდ ვიტყოდი უარს. თუმცა, მეორე მხრივ, მიწევდა ჩემი ოჯახის დატოვება კვირაში რამდენიმე დღით. საბოლოოდ ოჯახის გვერდით დგომით გადავდგი ეს ნაბიჯი.
– თქვენი ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?
– ჩემმა ოჯახმა ძალიან კარგად იცოდა, რამდენი ვიბრძოლე ამ პროფესიისთვის. ჩემი მეუღლე ყოველთვის გვერდით მედგა და მამხნევებდა. სწორედ მისი თანადგომით მივიღე ეს გადაწყვეტილება და მადლობა მას ამისთვის.
– შვილებთან განშორება ალბათ, ძალიან გიჭირთ. პატარები როგორ ძლებენ დედიკოს გარეშე?
– ეს განშორება ძალიან რთული აღმოჩნდა როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი პატარებისთვის. თავიდან ძალიან გაუჭირდათ, მაგრამ დღესდღეობით დავაბალანსეთ ყველაფერი და თითქოს, იმდენად აღარ უჭირთ. როცა სახლში ვბრუნდები, ვცდილობთ, ის დრო ავინაზღაუროთ.
სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, გააზრებული მქონდა, რამხელა პასუხისმგებლობას ვეჭიდებოდი. დიახ, რომ არა ჩემი ოჯახი, მათი ხელშეწყობა და თანადგომა, არაფერი გამომივიდოდა. ძალიან გამიმართლა.
გყავდეს გვერდით ისეთი მეუღლე, როგორიც მე მყავს, უფლის წყალობაა. ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავედით – ჩვენ შორის თითქოს დისტანცია გაიზარდა, მაგრამ სიყვარული და მონატრება გაძლიერდა და ისევე განვიცდით აღმაფრენას, როგორც 12 წლის წინ, ჩვენი სიყვარულის დასაწყისში. ხმამაღლა ვიტყვი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მამაა საუკეთესოთა შორის. მისი თვისებები და ბუნება ბევრ სიკეთესა და სიყვარულს მოიცავს. ჩვენი შვილების დაბადების დღიდან ჩართული იყო მათ აღზრდაში. მეტსაც გეტყვით, როგორც მე ვათენებდი ღამეებს თეთრად, რადგან ბავშვები ბუნებრივ კვებაზე მყავდა, ისე ეღვიძა მას და ყოველთვის გვერდით მედგა, მიუხედავად იმისა, რომ დილით ადრე სამსახურში უნდა წასულიყო.
ამ გადაწყვეტილების მიღებისას, ორივემ ვიცოდით, რა სირთულეებიც გველოდა წინ, მაგრამ არ შეუშინდა, მითხრა, რომ ერთად ყველაფერს შევძლებდით, მთავარი იყო, ჩემი ოცნება ამესრულებინა და არავითარ შემთხვევაში უარი არ მეთქვა ამ დიდ შანსზე. ასეც მოხდა, ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით, მე დღეს ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით. მადლობა ლაშას ამისთვის, მადლობა თანადგომისთვის.
სიმართლე გითხრათ, ადვილი არ არის ოჯახისგან შორს ყოფნა, თუმცა, იმდენად დიდი იყო სურვილი, რომ მასწავლებლად მემუშავა, გამიადვილდა. თავითან ბავშვებსაც ძალიან გაუჭირდათ, მაგრამ, რაც მთავარია, ყოველ კვირაში ვახერხებ მათთან დროის გატარებას და როცა შესაძლებლობა გვაქვს, ჩემთან არიან.
– ალბათ, მოსწავლეებს ძალიან უყვართ მასწავლებელი, რომელიც გრძელ და რთულ გზას გადის მათთვის ცოდნის გასაზიარებლად.
– დიახ, მათ სიყვარულს ნამდვილად ვგრძნობ. ვფიქრობ, როცა ბავშვები შენგან სითბოსა და სიყვარულს გრძნობენ, პასუხსაც უმალვე გიბრუნებენ. მასწავლებლის როლი ძალიან დიდი და იმავდროულად, უმნიშვნელოვანესია თითოეული მოსწავლის ცხოვრებაში. მიმაჩნია, რომ მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა მეგობრული უნდა იყოს, უნდა ეიმედებოდე მათ. ჩემი აზრით, მასწავლებლის პროფესია მხოლოდ საგნის სწავლებით არ შემოიფარგლება. ეს ცნება გაცილებით უფრო ფართოა და მოსწავლეების ცხოვრების შემდეგ ეტაპზე დიდი გავლენის მოხდება შეუძლია. როცა ბავშვი საიმედო, დაცულ და მისთვის კომფორტულ გარემოში გრძნობს თავს, ის სწავლაზე ორიენტირებას უკეთ ახერხებს.
– რა სირთულეების წინაშე დგახართ ამ პროცესში?
– სირთულეებს რაც შეეხება, ყველაზე მეტად ოჯახისგან შორს ყოფნა მიჭირს, თუმცა პროფესიის სიყვარულს მატერიალური საჭიროებაც ემატება. ყველასთვის კარგად არის ცნობილი მასწავლებლის ანაზღაურება, მე კი ამ ყველაფერთან ერთად ხარჯიც დიდი მაქვს. ვცხოვრობ ნაქირავებში, რომელსაც საკუთარი ხარჯებით ვანაზღაურებ, დავდივარ ტაქსით და სკოლიდან სკოლაშიც ტაქსითვე მიწევს გადაადგილება, ამიტომ შეუძლებელია, მხოლოდ ფინანსური საკითხი იყოს ამ პროფესიით დაინტერესების საფუძველი, რადგან თუ მოწოდებით არ ხარ მასწავლებელი და შინაგანად არ გრძნობ ამას, რაც არ უნდა მაღალი ანაზღაურება გქონდეს, წარმატებული ვერ იქნები. ბედნიერი ვარ, რომ ავიხდინე ჩემი ბავშვობის ოცნება, მთელი გულით ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და თუ რამე მთელი არსებით გინდა, ყველაფერი შესაძლებელია.
– ხომ არ გინანიათ საკუთარი გადაწყვეტილება?
– საკუთარი გადაწყვეტილება არასოდეს მინანია, რადგან სოფლის სკოლებსაც სჭირდება განვითარება. იმ ბავშვებმა რა დააშავეს, ვინც ანთებული თვალებით მელოდება გაკვეთილზე და სწავლის დიდი წყურვილი აქვთ? რადგან სოფელში ცხოვრობენ, ამიტომ არ აქვთ სწავლის უფლება? ყველამ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ სოფლის სკოლებსაც შევუქმნათ შესაძლებლობა, იარსებონ, რადგან გამიგია, სამწუხაროდ, ბევრმა სკოლამ შეწყვიტა ფუნქციონირება. ეს კი ყოვლად დაუშვებელია.