რით უმკლავდება ლენუკა ყიფშიძე პანიკურ შეტევებს და როგორ დაეხმარა მას მამა გაბრიელი ოპერაციის წინ

გაზაფხული ლენუკა ყიფშიძისთვის განსაკუთრებით საყვარელი სეზონია. წელს, მით უმეტეს, სიხარულით შეხვდა, რადგან ზამთარში რთული პერიოდის გამოვლა მოუხდა და ამ ყველაფერზე თავად მოგვიყვება.

ლენუკა ყიფშიძე: გაზაფხული ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით მაისის თვეზე ვგიჟდები და ძალიან მიხარია, რომ გვიახლოვდება. ეს თვე ძალიან კარგად მაქვს დაცდილი. რაღაცების წინასწარ დაგეგმვა არ მიყვარს, იმიტომ რომ მერე გეგმის მიხედვით არაფერი გამომდის. ვცდილობ, დინებას მივყვე. წინასწარ, კაცმა არ იცის, რა მოხდება, ცხოვრება ასეთია. საქმიანობის მხრივ, აქტიური პერიოდი არ მაქვს, ამ ეტაპზე უფრო ოჯახზე ვარ გადართული და შვილზე. ჩემს თავზეც განსაკუთრებულად ვზრუნავ. საერთოდ, გაზაფხული რომ მოდის, ვცდილობ, ვარჯიში დავიწყო, თავს მივხედო, ჯანსაღად ვიკვებო. ზამთარში ჩაკეტილი ხარ და ხალისიც არ გაქვს თავის მოსავლელად. გაზაფხულზე – პირიქით, ემოციებით ივსები, სულ გარეთ გინდება ყოფნა, ბედნიერების ჰორმონი ღვივდება. ნელ-ნელა მაისურებსა და მოკლეებზე გადადიხარ და გინდა, კანიც ფორმაში გქონდეს. წლები რომ გემატება, თავის მოვლის სურვილი გიასმაგდება. ეს დაუწერელი კანონია (იცინის). მე, მით უმეტეს, ბავშვობიდანვე მიყვარს თავის მოვლა. ბებიებს რომ ვუყურებდი, როგორ ზრუნავდნენ საკუთარ ვიზუალზე, ძალიან მომწონდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ გარეგნობაზე უნდა იზრუნო და მაგალითად, სახლი არ უნდა დაალაგო. თუ სხვას არაფერს აკეთებ, მარტო თავის მოვლაზე ზრუნვა ცოტა სისულელე მგონია. ყველაფერს მშვენივრად ვასწრებ, სახლსაც ვალაგებ, თავსაც ვუვლი და საქმეებსაც ვაკეთებ, ხელმარჯვე ოსტატი ვარ (იცინის). თუმცა, ზედმეტი ჩარევებიც არ მიყვარს. შეიძლება, მცირე კორექციები, მაგრამ თუ ადამიანი ჩარევების შედეგად ისე რადიკალურად შეიცვლება, რომ ვეღარ ცნობ, ეს ჩემთვის კატასტროფაა. თუმცა, ყველას თავისი აზრი აქვს. ჰოდა, გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ამ მხრივაც უფრო გავაქტიურდი, თავის მოვლასთან ერთად, პატარ-პატარა საქმეების წამოწყებასაც ვცდილობ, მაგრამ ამაზე ჯერ არ ვლაპარაკობ (იცინის).

– შენი „სთორები“ მომხვდა თვალში სოციალურ ქსელებში, სადაც ისვრი. როგორი მიზანი გაქვს?

– სხვათა შორის, ძალიან კარგი. ჩემი და ჩემი ძმის მეგობრები ძალიან ხშირად დადიან სასროლად. ზოგჯერ მეც გავყვები ხოლმე და ვერ აგიწერთ, როგორ ვიცლები ემოციურად. ვერ ვიტყვი, რომ იარაღი მიყვარს, მაგრამ როცა ინსტრუქტორი გიხსნის, შენც უჯერებ და წესებს მიჰყვები. მინდა, გითხრა, რომ ძალიან შემაქო ინსტრუქტორმა, ისიც მითხრა, ხომ არ დაფიქრდებოდი ამ მიმართულებითო?! (იცინის). თავს ძალიან დამძიმებულად რომ გრძნობ, უარყოფითი ენერგიები რომ გაქვს დაგროვილი და ამ დროს ისვრი, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს, ატან ამ ყველაფერს და იცლები. სხვათა შორის, ბოლო პერიოდი რთული მქონდა. ვერ ვიყავი კარგად. პანიკური შეტევები დამეწყო, მაგრამ ნელ-ნელა დავძლიე. სროლამაც გამახალისა ამ პროცესში. ტყვია აღარ დავტოვე იარაღში და თან, სულ ათიანებში ვარტყამდი (იცინის). ჩემს სახლში უნდა დავკიდო სამიზნე, რომ ყველამ დაინახოს და ვხუმრობდი, ეშინოდეთ ჩემი გაბრაზების-მეთქი (იცინის). ეტყობა, გენეტიკური ამბავია. დედაჩემი ახალგაზრდობაში იარაღს თვალდახუჭული ორ წამში შლიდა და აწყობდა. ხულიგანი დედა მყოლია (იცინის). მოკლედ, ამანაც თავისი წვლილი შეიტანა ჩემი ემოციური მდგომარეობის მოწესრიგებაში, ჩემს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ვინც გვერდით ძალიან დამიდგა.

– რა იყო ზამთრის რთული პერიოდის მიზეზი?

– საერთოდ, წლებია პანიკური შეტევები მაწუხებს. ოპერაციის მერე, რომელიც თურქეთში გამიკეთეს, ანტიდეპრესანტი დამინიშნეს და რაღაც პერიოდი ვსვამდი, მაგრამ არ მიყვარს წამლები. იმის გაცნობიერება, რომ მათზე ვარ დამოკიდებული, არ მსიამოვნებს. ამიტომ დამიგროვდა რაღაცები, ეს ვისაც არ გამოუცდია, გაუჭირდება გაგება. გამორიცხულია ამ დროს, როგორც იციან ხოლმე თქმა, „თავის ხელში აყვანამ“ გიშველოს. როცა ადამიანს ეს აწუხებს, არც უნდა უთხრა „კაი, რა, ახლა, არ მიაქციო ყურადღება“. შეიძლება, ხალხში გახვიდე და უცებ შფოთვა დაგეწყოს. ძალიან ცუდი რამეა. გგონია, რომ ხელები გეყინება, თავბრუ გეხვევა, გიჟდები. ერთხელ, ასე რომ დამემართა, მართლა ვაიძულე ჩემი თავი, ცივი გონებით შემეხედა მდგომარეობისთვის. სათვალე გავიკეთე და ადამიანებზე დაკვირვება დავიწყე. ჩემს თავს ვეუბნებოდი: შეხედე, ლენუკა, ხალხი ჩვეულებრივად დადის, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ამან ცოტა მიშველა. წლების წინ დამეწყო ეს პრობლემა, 24-25 წლის ასაკში, მაგრამ მაშინ ძალიან მსუბუქად იყო გამოხატული. ბოლო პერიოდში უფრო გამწვავდა. მე ვფიქრობ, როცა დაკავებული არ ხარ და გონება საქმეზე არაა გადართული, ფიქრისთვის ბევრი დრო გრჩება და სწორედ ეს იწვევს ამ მდგომარეობის პროვოცირებას. ზამთარში სახლში ვიჯექი, უარყოფითზე ფიქრისთვის დრო მქონდა. როცა დაკავებული ვარ და მილიონი საქმე მაქვს მოსაგვარებელი, ამისთვის დრო აღარ მრჩება. შვილი მყავს, ოჯახი, პასუხისმგებლობები და როცა ამას ბევრი საქმე ემატება, პირადად მე ეს ძალიან მეხმარება. ამჯერადაც, ნელ-ნელა გამოვძვერი მდგომარეობიდან.

– თქვი, რომ წამლებთან ვერ მეგობრობ…

– ჰო, ცუდად მოქმედებს ის ფაქტი, რომ ნერვების წამალზე უნდა ვიყო დამოკიდებული, მაგრამ ეს არასწორია. სხვათა შორის, ერთი მხრივ ხომ ასეა, მაგრამ თან, ამ დროს, მთელი ცხოვრებაა ჩანთით ათასნაირი წამალი დამაქვს (იცინის). მე ხომ წყნარად ვარ ამის გამო და იცი, რამდენჯერ გამომადგა სხვებისთვისაც?! დამამშვიდებელი გინდა, გამაყუჩებელი თუ ასე შემდეგ, ქუჩაში ვინმეს რამე თუ დაემართა და მე მის ახლოს აღმოვჩნდი, ძალიან გაუმართლებს და არაერთხელ მომხდარა ასე (იცინის). მერე ისე მიხარია ხოლმე, ვიღაცას რომ გამოადგა.

– შენეული პრაქტიკა თუ გაქვს შფოთვის მოსახსნელად?

– ასეთ დროს, ძალიან არ მიყვარს იმის თქმა, რომ მე ცუდად ვარ. ზედმეტად რომ მომაქციონ ყურადღება და მითხრან, ვაიმე, ცუდად ხარო? შეიძლება, იქვე დავვარდე (იცინის). ვგულისხმობ, როცა საქმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ეხება, მაგრამ, თუ ადამიანს გული ან სხვა რომელიმე ორგანო გაწუხებს და დახმარება გჭირდება, რასაკვირველია, უნდა თქვა.

თუმცა, პანიკური შეტევის დროს, მე მირჩევნია, დამოუკიდებლად გავუმკლავდე მდგომარეობას. ერთხელ, ძალიან რომ შემომიტია, ჩემს თავს ვკითხე: აბა, სადამდე მიხვალ? მიდი, აბა, ბოლომდე მიჰყევი. იცით, როგორ ვებრძოდი ჩემს თავს?! რაღაც პერიოდი გაგრძელდა ასე და ცოტა ხანში ვიგრძენი, რომ ნელ-ნელა უკეთესად ვხდებოდი. ეს სასწაულად კარგი შეგრძნება იყო. კაფეშიც დამემართა ერთხელ, მეგობრების გარემოცვაში ვიყავი, სუნთქვა გამიჭარდა, ნერვებმა ამიტანა. საპირფარეშიში შევედი, ცივი წყალი შევისხი, ჩემს თავს ვესაუბრე ცოტა, ვამშვიდებდი. ვცდილობდი, არ ავყოლოდი და ეს დამეხმარა. ამ დროს ცეცხლზე ნავთი არ უნდა დაასხა და ააგუზგუზო, პირიქით, წყლის ეფექტით, ნელ-ნელა უნდა ჩააქრო. ყოველ შემთხვევაში ჩემი გამოცდილება ასეთია.

– მამა გაბრიელის საფლავთან დაკავშირებით გეწერა პოსტი, რწმენაც ძალიან გეხმარება, არა?

– მამა გაბრიელის საფლავზე დიდი ხნის განმავლობაში დავდიოდი, მაგრამ მაშინ, როდესაც მისი წმინდა ნაწილები თბილისში, სამების ტაძარში გადმოაბრძანეს და მოსალოცად უამრავი ადამიანი მიდიოდა, მე სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი იქ. ეს ზუსტად თურქეთში გაფრენის წინა დღეს მოხდა, სადაც მე და დედა საოპერაციოდ მივდიოდით. წინა საღამოს, მეგობარს გავყევი სადღაც. გზაში აღმოჩნდა, რომ მამაოსთან ჰქონდა საქმე და ტაძარში მივედით. მეც გადმოვედი მანქანიდან და ტაძარში შევედი. იქ იმ მომენტში არავინ იყო. მეგობარმა მამაოს მიაწოდა რაღაც, რისთვისაც იქ მივედით და თან ჩემზე უთხრა, ხვალ საოპერაციოდ მიდის და იქნებ, დალოცოთო. მამაომ დამიძახა, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან მიმიყვანა და თავი დამადებინა. წარმოგიდგენიათ, როგორ ვილოცებდი?! არ მავიწყდება, როგორ მომადგა ცრემლები. ყველა ჩემიანი ნერვიულობდა, რა მოხდებოდა, როგორ ჩაივლიდა ოპერაცია. მე რაღაცნაირი რწმენა მქონდა და ამ დალოცვამ კი გამიასმაგა. ამის შემდეგ ძალიან თავდაჯერებული ვამბობდი: ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად იქნება, მშვენივრად დავბრუნდები უკან-მეთქი. დაბრუნების შემდეგ უკვე მცხეთაში მივედი მამა გაბრიელის საფლავზე და დედას ვფიცავარ, არ მახსოვს ასეთი გულით მეტიროს ცხოვრებაში და ასეთი მადლიერების განცდა მქონოდა. მას შემდეგ ხშირად ჩავდივარ იქ მოსალოცად, ვგიჟდები იქაურობაზე, სიმშვიდეს ვპოულობ. შემიძლია, ყოველდღე ჩავიდე, ცოტა ხანს ვიჯდე და უკან დამშვიდებული დავბრუნდე. შფოთვაა თუ პანიკური შეტევა, ყველაფერთან გამკლავებაში მეხმარება. ყველაფერს რწმენა განსაზღვრავს, მე ამის მჯერა. მორწმუნე, ქრისტიანი ადამიანი ვარ და ჩემი შეხედულება ამ საკითხზე ასეთია.