გიორგი ადიკაშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ბოდიბილდერია. მან, პირველმა საქართველოს ისტორიაში, მოახერხა, უმაღლესი რანგის NPC საერთაშორისო ფედერაციის პროფესიონალური ლიგის სპორტსმენი გამხდარიყო.
გიორგი ადიკაშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ბოდიბილდერია. მან, პირველმა საქართველოს ისტორიაში, მოახერხა, უმაღლესი რანგის NPC საერთაშორისო ფედერაციის პროფესიონალური ლიგის სპორტსმენი გამხდარიყო.
გიორგი ადიკაშვილი: ბოდიბილდინგით ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკიდან დავინტერესდი. ფილმებს რომ ვუყურებდი და დაკუნთულ მსახიობებს ვხედავდი, ძალიან მომწონდა. მაინტერესებდა, როგორ აღწევდნენ ასეთ შედეგს. ამ ინტერესის წყალობით დავიწყე ვარჯიში და მივხვდი, რომ ასე თუ ისე, გამომდიოდა. ამიტომ, შევყევი და შევყევი. თავიდან ამ სპორტზე პროფესიონალურად არ მიფიქრია, უბრალოდ, ჩემთვის ვვარჯიშობდი. ნორმალურად ისიც არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი. დასაწყისში „ანბანი“ მასწავლეს და მერე ნელ-ნელა თვითონ განვავითარე ჩემი თავი. მაშინ ეს სფერო არც თუ ისე პოპულარული იყო და ინფორმაციაც ნაკლები გვქონდა. 16 წლის წინანდელ პერიოდს ვიხსენებ, როცა კომპიუტერიც კი არ იყო მარტივად ხელმისაწვდომი. თუმცა, იმდენად მინდოდა, ყველასგან განსხვავებული ფიზიკური მონაცემები მქონოდა, არ ვნებდებოდი.
– პირველი წარმატებები…
– შეჯიბრებაზე პირველად რომ გავედი, საშინელ ფორმაში ვიყავი (იცინის). არ ვიცი, ან რა პირობებში ვემზადებოდით, ან რას ვსვამდით და ვჭამდით, ამიტომ ფორმაც შესაბამისი მქონდა (იცინის). დარბაზში მოვარჯიშეები თუ ვკითხავდით ერთმანეთს, რა და როგორ იყო საჭირო, ეს იყო და ეს. ახლა რომ ათასნაირი საინფორმაციო საშუალება არსებობს, ასე არ იყო და სხვაც ნაკლებად გასწავლიდა რამეს თუ მასთან მეგობრობა არ გაკავშირებდა. სამწუხაროდ, ეს ჩვენი, ქართველების სენია – ერთმანეთს არაფერს ვასწავლით, მხოლოდ გვშურს.
საბედნიეროდ, გამოცდილება ბევრ რამეს გასწავლის. ძალიან ბევრი შეცდომის შემდეგ, უკვე იცი, რა არის სწორი. ჩემი განვლილი გზიდან გამომდინარე, დღეს შემიძლია, სწორი რჩევები გავცე. რთულია, ისეთი რამ მკითხოს ვინმემ, რაც მე არ გამომიცდია, თუმცა, ამ შედეგამდე მარტივად არ მოვსულვარ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შედეგის მიღწევა ყველას იოლი ჰგონია, ეს ასე არ არის. გვერდიდან რომ უყურებ ადამიანს და ლამაზად გამოიყურება, უნდა ხვდებოდე, რომ ეს დიდი შრომის ხარჯზე ხდება, თუმცა რამდენად დიდია ეს შრომა, ამას რეალურად ვერ გაიგებ, თუ საკუთარ თავზე არ გამოცდი.
– რამ გადაგაწყვეტინათ სპორტის ამ სახეობის პროფესიად არჩევა?
– რომ მიხვდები, ეს შენი სფეროა, თავს აღარ ეკითხები, ამას რატომ ვაკეთებო. არასდროს ვაკეთებდი იმიტომ, რომ შემოსავალი მიმეღო, რომ სანაცვლოდ ფული მოეცათ. მიყვარდა ეს საქმე და მინდოდა, წინ წავსულიყავი, როგორი ძნელიც არ უნდა ყოფილიყო. პერსპექტივები უკვე მეორეხარისხოვანი იყო. მინდოდა, თუ ვინმე კარგად აკეთებდა რამეს ამ სფეროში, მე მასზე კიდევ უფრო კარგად გამეკეთებინა. თეთრი შურით მშურდა, მინდოდა, საუკეთესო ვყოფილიყავი და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი.
– ალბათ, ამიტომაცაა, რომ პირველი ქართველი სპორტსმენი ხართ, ვინც NPC-ის საერთაშორისო ფედერაციის პროფესიონალური ლიგის სპორტსმენი გახდით. ეს როგორ მოხდა?
– სიმართლე გითხრათ, ეს ამბავი ცოტა სასაცილოდ მოხდა. საერთოდ არ ვაპირებდი შეჯიბრებაზე გასვლას. მხოლოდ ჩემი მეუღლე აპირებდა. მერე ისე მოხდა, რომ ერთმა მეგობარმა რამდენიმე დანამატი მომცა, მეორემ – სხვა პრეპარატები და შეიძლება ითქვას, რომ სამეგობრომ მომამზადა შეჯიბრებისთვის. ჩემი სახსრებით ამის შანსი არ მქონდა, ვერ გავწვდებოდი. ასეთი დონის შეჯიბრებები დიდ ფინანსებს საჭიროებს. თანხა საჭიროა იმისთვის, რომ თავი არ დავიზიანოთ. პრეპარატები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ჰორმონალური. აქ დასამალი არაფერია. თავი რომ არ დავიზიანოთ, უამრავი ანალიზი, პრეპარატი, სპეციალური კვება, სპორტული დანამატები და ათასი რამ გვჭირდება, რასაც სპონსორის გარეშე ძალიან რთულია, გაუმკლავდე.
– დაუგეგმავად წახვედით და ასეთი შედეგი დადეთ.
– აწონვაზე რომ მივედი, მსაჯმა მითხრა, ძალიან მაგრად ხარო. ამ დროს შენს თავს გვერდიდან ვერ უყურებ, ვერ აფასებ. მე რომ დავინახე, ბიჭები როგორ ფორმაშიც იყვნენ, ჩემს მეუღლეს ვუთხარი, ჩავიცვათ და სახლში წავიდეთ-მეთქი (იცინის). ადამიანი სკეპტიკური ხარ, საკუთარ თავს ვერ აფასებ. ამ სპორტში ყველა ასეა, მე ასე მგონია. შეჯიბრების დროს კიდევ ერთი მოვიდა და მითხრა, მოგებული გაქვსო, ვთქვი, გამორიცხულია, თან ჯერ შედეგებიც არ გამოუცხადებიათ-მეთქი. ჯერ ერთმა მსაჯმა მითხრა, მოგებული გაქვსო, მერე – მეორემ. ჩემი კატეგორია რომ მოვიგე, გამიხარდა, მაგრამ აბსოლუტურზე ჩემზე ორჯერ დიდებს შევხვდი. სიმართლე გითხრათ, მართლა არ მეგონა, თუ მათ მოვუგებდი. რომ მოვუგე, თავიდან ვერც აღვიქვი. რამდენიმე დღე ვერ ვაცნობიერებდი. მთელი ცხოვრება ამისკენ მივდიოდი და ძალიან გამიხარდა, ამ შედეგს რომ მივაღწიე.
– რა შეცვალა ამ გამარჯვებამ?
– სპორტსმენები როგორც ადრე ვიყავით უყურადღებოდ, ახლაც ასე ვართ. ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა სპორტის ამ სახეობაში. პირადად ჩემთვის ის შეიცვალა, რომ შემიძლია, გარდა ევროპული შეჯიბრებებისა, უკვე ამერიკულზეც მივიღო მონაწილეობა. ეს ამერიკული სპორტია და ყველას უნდა, იქ გამოვიდეს. „მისტერ ოლიმპიის“ სცენაზე რომ დადგე, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. შედეგის დადებაზე აღარავინ ლაპარაკობს, მთავარია, მაგ სცენაზე ფეხი დადგან, ამ სპორტში ეს ყველას ოცნებაა. აქამდე ერთი გზა მიდის, ეს NPC-ის ფედერაციის გზაა. თუ ამ ფედერაციაში ხარ და პროფესიონალის ბარათი გაქვს, შანსია, იქ მოხვდე. ჩემთვის ეს დიდი ნაბიჯია. ამ ეტაპზე ერთადერთი შეჯიბრება მაშორებს ამ სცენას. ეს „ოლიმპიის“ საკვალიფიკაციო შეჯიბრია. თუმცა, იქ მხოლოდ სპორტსმენის სახსრებით გასვლა წარმოუდგენელია, გარდა ამისა, ბიუროკრატიული საკითხებიც მოსაგვარებელია და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოვა.
– როგორ შეხვდით მეუღლეს, რომელიც ასევე, წარმატებული ბოდიბილდერია,?
– რა თქმა უნდა, სპორტდარბაზში, სხვაგან ვერც წარმომედგინა (იცინის). მე მარტო ამ სფეროს წარმომადგენელი თუ გამიგებდა. შეჯიბრების წინ, მოსამზადებელ ეტაპზე, ასეთი გვერდში დგომა, როგორიც ჩემმა მეუღლემ იცის, სხვას არავის გამოუვა.
– ორივე წარმატებული სპორტსმენი ხართ, ერთმანეთის მიმართ რამდენად გაქვთ კონკურენციის მომენტი?
– (იცინის) კონკურენცია არა, მაგრამ ხშირად ვჭიდაობთ ხოლმე ვარჯიშზე და ძალიან მაბრაზებს. არაფერს არ მითმობს (იცინის). სინამდვილეში ძალიან კარგია, რომ ჩემი პროფესიის არის, თავის გამოცდილებას მიზიარებს, ძალიან ბევრ ილეთს მასწავლის და მეც მალე ვითვისებ. რა თქმა უნდა, მეც ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას. ერთად განვიხილავთ ხოლმე ჩვენს კონკურენტებს და მართლა ძალიან მაგარია, რომ გვერდით სპორტსმენი მყავს.
– ეს – პლუსები, მაგრამ რა მინუსები აქვს წყვილის ერთ საქმეში ყოფნას?
– დიახ, პლუსებთან ერთად, ძალიან დიდი მინუსებიც არის. ხშირად შეკრებებზე გვიწევს წასვლა. ახლაც ორი კვირით ვარ წამოსული და ძალიან მოწყენილია. ასე ვიქნები მეც, როცა მას მოუწევს წასვლა. მზადებას რომ ვიწყებთ, ერთმანეთს ძალიან იშვიათად ვნახულობთ. განშორებები ხშირად გვიწევს. ამას ახლავს მონატრება და ძალიან რთული პერიოდები გვაქვს ხოლმე. სპორტსმენს ძალიან დიდი გვერდში დგომა და განსაკუთრებული რეჟიმით ცხოვრება სჭირდება, ეს ყველაფერი ცოტა რთულია, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფერს გავუმკლავდებით.
– ახლაც, ხელის თხოვნიდან ძალიან მალე მოგიწიათ განშორება.
– კი, რამდენიმე დღეში წამოვედი შეკრებაზე. ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადები, რომელიც უკვე მალე აიღებს სტარტს, შემდეგ იქნება მსოფლიო ჩემპონატი და ოლიმპიადა. სამი დიდი შეჯიბრება მაქვს წელს და ძალიან რთულია სამზადისი, მაგრამ ერთად გავუმკლავდებით. ეს მხოლოდ პერსონალურად არ გვეხება, ჩვენ უნდა დავიცვათ საქართველოს ღირსება საზღვრებს გარეთ, ჩვენი საქართველო ბევრჯერ უნდა ვასახელოთ და ეს დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს.
– ასეთი დატვირთული წლის განმავლობაში ქორწილის დროც თუ გაქვთ?
– უფრო ოლიმპიადის შემდეგ. ოლიმპიადა აგვისტოში დასრულდება. მერე ნელ-ნელა დავგეგმავთ და მოვემზადებით. მანამდე ამის დრო მართლა არ გვაქვს. სულ უცხოეთში მიწევს ყოფნა.
– ტატამზე ნაკლებად თმობთ და ურთიერთობაში რომელია დამთმობი?
– ურთიერთობაში ორივე ძალიან დამთმობი ვართ. თუ ეს არ იქნება, ვფიქრობ, ურთიერთობა დიდხანს ვერ გასტანს. ჩვენ ბავშვობიდან ერთად ვართ, 14 წლის ვიყავი, როდესაც შეყვარებულები გავხდით. იყო ბევრი ჩხუბიც, კამათიც, მაგრამ მერე ორივე ვთმობდით და ვრიგდებოდით. არ აქვს მნიშვნელობა, რომელია დამნაშავე, ურთიერთობაში ორივე ვთმობთ. თუმცა, საბედნიეროდ, ხშირად არ ვჩხუბობთ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მიხარია, რომ ასეა.