გოგა მესხი მაყურებელმა მუსიკალური პროექტ-კონკურსიდან გაიცნო და შეიყვარა. განსხვავებული ხმის ტემბრი და ინდივიდუალური შესრულების მანერა მას, მართლაც რომ, გამოარჩევს სხვა მომღერლებისგან. ახლახან გოგამ კლიპი გადაიღო მამუკა ჩარკვიანის უკვდავ ჰიტზე – „ჩამოთოვა ისევ“.
გოგა მესხი: არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როცა „ჩამოთოვა ისევ“ პირველად მოვისმინე მამუკა ჩარკვიანის შესრულებით. ეს სიმღერა ყველა დროის ოქროს ჰიტია ქართულ მუსიკალურ სამყაროში. უნიჭიერესი ზაზა მარჯანიშვილის ვერსია რომ მოვისმინე, გამიჩნდა იდეა, მეთხოვა მამუკასთვის, ეს ვერსია მე შემესრულებინა, კლიპი გადამეღო და თავად მამუკასაც მიეღო მონაწილეობა.
– როგორ დაითანხმე მამუკა კლიპში მონაწილეობაზე? როგორც ვიცი, ის ყოველთვის უარს ამბობს.
– დიდი იმედი მქონდა, რომ უარს არ მეტყოდა, შემართებით მივედი მასთან და დამთანხმდა. ადრე მინდოდა, ეს სიმღერა ერთ-ერთ ტელევიზიაში მემღერა, ნებართვის გამო დავურეკე და დამთანხმდა. აქ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მითხრა: იმღერე და მეც მომასმენინეო. მეორე დღესვე მოვასმენინე ჩემი ნამღერი და მაშინ ვთხოვე, თუ ნებას მომცემ, ჩავწერ ამ ვერსიას და ვიდეორგოლს გადავიღებ-მეთქი. დამთანხმდა და მთხოვა: სერიოზულად მიუდექი, ძალიან ფაქიზია და საპასუხისმგებლო. გთხოვ, გულით მოეკიდეთო. ერთი წლის მერე მოვაბი თავი კლიპის გადაღებას. ამხელა დროც ამიტომ დასჭირდა, რომ მინდოდა, ყველაფერი მაღალ დონეზე ყოფილიყო. მამუკასთან რომ ავედი და ვუთხარი, შევასრულე ჩემი სიტყვა და მინდა, ერთ ეპიზოდში გადაგიღო-მეთქი, არ დამავიწყდება, რაც მაშინ მითხრა: ბრავო, მესხი, თუ გინდა, ორ კადრში გადამიღეო. ვფიქრობ, ემოციური და კარგი გამოვიდა. მამუკა კლიპში კი სულ სხვა ხიბლია. გადაღებები სამ დღეს გაგრძელდა „შუაგულში“ და საბადურის ტყეში. მინდა, მადლობა ვუთხრა ვალერი ცერცვაძეს, დავით ჭავჭანიძეს, ნინი გიორგაძეს, ზაზა დუგლაძეს – მათ დიდი წვლილი მიუძღვით, ამ კლიპის გადაღებაში. რომ არა მათი გვერდში დგომა, ასეთი ლამაზი კადრები არ გვექნებოდა. გოგონა კლიპში ანასტასია ღვინიანიძეა, რომელიც, ფაქტობრივად, ჩემს ხელში გაიზარდა, მე მის დედასთან ვმეგობრობდი, რომელიც სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის. კლიპი გადაიღო „ჰეფი დვრიმერ პროდაქშენმა“ და დიდი მადლობა მათ, კერძოდ, ზურა ვასაძეს, სერგო ეგოიანსა და გიორგი ივანიშვილს, ამ სამ უნიჭიერეს ადამიანს, რომლებმაც ეს კლიპი გადაიღეს. პროდიუსერი ნინია აგლაძეა და მასაც უდიდესი წვლილი მიუძღვის, ასევე, ჩემს უსაყვარლეს გრიმიორს ელა ვოინვარცს. სხვათა შორის, როცა ეს სიმღერა პირველად უნდა მემღერა ტელევიზიაში, იმ დღეს გავიგე მომღერალ ლევან კბილაშვილის გარდაცვალების შესახებ და ის ნამღერი მას მივუძღვენი. მიუხედავად პატარა ასაკისა, ლევანი დიდი მომღერალი იყო და ამ სიმღერას რომ ვმღერი, ხშირად ის მახსენდება. აქვე გაგიმხელთ საიდუმლოს და გეტყვით, რომ დავიწყეთ მომავალ კლიპზე მზადება, რომლის გადაღებას იტალიაში ვგეგმავთ და ზაფხულისთვის ახალ კლიპს შემოგთავაზებთ. სიმღერა ეკუთვნის მაიკო კაჭკაჭიშვილს, ტექსტი – ნანა ცინცაძეს და სიმღერას ჰქვია „ხვალ დაიწყოს“.
– გოგა, როგორც მახსოვს, გარკვეული პერიოდი უცხოეთში წასვლასა და იქ კარიერის გაგრძელებას აპირებდი.
– არ ცდებით, ახლაც მაქვს საკმაოდ კარგი შემოთავაზებები უცხოეთიდან და სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ. ზოგადად, თუ წავალ, ალბათ, ორი-სამი თვე, რადგან ზუსტად ვიცი, მეტხანს სხვაგან ვერ გავჩერდები. მაქსიმუმ, ოთხი თვე დავტოვე საქართველო და ერთი თვის მერე, რომ ვიღვიძებდი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიყავი, ვამბობდი: კიდევ აქ ვარ? (იცინის) სხვა ქვეყანაში დიდი ხანი ვერ ვჩერდები, ორი კვირის მერე, ნოსტალგია მეწყება. გეტყვით, რომ დაახლოებით, თხუთმეტი წლის წინ მოცეკვავე ნიკა ცისკარიძისგან მქონდა შემოთავაზება, რომ რუსეთში წავსულიყავი და იქ მემღერა. ნიკა ნათესავად მეკუთვნის, დედაჩემის ხელშია გაზრდილი. ყაზახეთში ვიყავი, დამირეკა და მითხრა: ალა პუგაჩოვა აკეთებს „ვარსკვლავების აკადემიას“, ჩამოდი და მოგხედავ, როგორც საჭიროაო. ჩემი კარიერისთვის, ალბათ, კარგი იქნებოდა, თუმცა, მაინც არ წავედი.
– და მიზეზი რა იყო? არ გინდოდა, რუსეთში გემღერა?
– ვერაფრით ვერ გამიჯნავ პოლიტიკას და სიმღერას, როგორც არ უნდა მოინდომო და რა აპოლიტიკურიც უნდა იყო, როგორიც მე ვარ. სად მე და სად პოლიტიკა, მაგრამ მაინც არაფრით იქნება ლამაზი, იმღერო იმ ქვეყანაში, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და თან, მამაჩემი, აფხაზეთის ომს შეეწირა. ამის გათვალისწინებით, არ მინდოდა რუსეთში სიმღერა და თან, დედისერთა ვარ და დიდი ხნით ვერ წავიდოდი. დედაჩემი სულ იბრძოდა, დიდი ხნით არსად წავსულიყავი (იცინის).
– ბევრმა არ იცის, რომ მამა აფხაზეთში დაგეღუპა. რამდენი წლის იყავი მაშინ და უმამობამ რა კვალი დატოვა შენში?
– მამა გარდაიცვალა თუ არა, არ ვიცით, დაკარგულების სიაშია. მაშინ რვა წლის ვიყავი და იმ დღიდან ბიძა, მამუკა მესხი მიწევდა მამობას. ცდილობდა, არ მეგრძნო უმამობა. უმამოდ კი ვიზრდებოდი, მაგრამ არაფერი მომკლებია. რაც შეიძლებოდა, ყველაფერი მქონდა. ის დღემდე ზრუნავს ჩემზე.
– მამა სიზმრად თუ მოსულა?
– არა, მამა სიზმრად არასდროს მოსულა ჩემთან, მაგრამ ერთ დღეს მისი სიახლოვე ვიგრძენი. ოჯახმა ვიცით, რომ აფხაზეთიდან გამოსულია და სამეგრელო-გურიის ტერიტორიაზე, ტბასთან ქობალიას ხალხმა აიყვანა. შარშან საქმეზე მივდიოდი სამეგრელოში და ღამის ორ საათზე მომიწია იმ გზის გავლა. საჭესთან მე ვიჯექი, ჩემს ბიძაშვილს კი გვერდით ეძინა. ხიდზე რომ გადავედი, გეფიცებით, ვიგრძენი, მამა სადღაც იქ უნდა ყოფილიყო. არ ვიცი, ამას რა დავარქვა მისტიკა თუ ამოუცნობი ფაქტი და ბევრმა შესაძლოა, არც დამიჯეროს, მაგრამ ის განცდა, ახლაც მკაფიოდ მახსოვს. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ ცოცხალია-მეთქი, მაგრამ 30 წელი გავიდა და ცოცხალი რომ იყოს, აუცილებლად მოგვაკითხავდა, ჩემამდე, აუცილებლად მოვიდოდა. იმის კი მჯერა, რომ ოდესღაც, სადაც იქნება, შევხვდებით.
– ბედისწერის გჯერა?
– კი, მჯერა ბედისწერის და მე ბედნიერ ვარსკვლავზე რომ ვარ დაბადებული, ამისიც. ორჯერ გადავურჩი სიკვდილს და როგორ არ დავიჯერო (იცინის). ერთხელ, „ვარსკვლავების აკადემიაში“ ვიყავი, შენობა რომ ჩამოინგრა და მეორედ, სახლში რემონტის დროს, მუშის დაუდევრობით ჩამონგრეული კედლის ქვეშ მოვყევი, მძიმე ტრავმა მივიღე. ორჯერ სასწაულად გადავურჩი სიკვდილს. სასწაულად მიმართლებს, ჩემი ანგელოზი სულ ჩემთანაა.