„მისტერ პლანეტა“ და „პრაიმჰაუსის“ მონაწილე გიორგი მეტრეველი მამა გახდა. პატარა დანიელი სამყაროს 29 მარტს მოევლინა. გიორგიმ საკუთარი ემოციები გაგვიზიარა.
გიორგი მეტრეველი: ეს ენით აღუწერელი შეგრძნებაა. ვიცოდი, რომ ცოტა ხანში ჩემი შვილი უნდა დაბადებულიყო, ყოველთვე ვაკვირდებოდი მეუღლის მუცელს და ვხედავდი, როგორ იზრდებოდა ნელ-ნელა. ვგრძნობდი, რომ შვილთან შეხვედრის დრო ახლოვდებოდა, მაგრამ ამას ბოლომდე მაინც ვერ ვაცნობიერებდი. როდესაც მშობიარობაზე დასწრების სურვილი გამოვთქვი, ჩემმა ბევრმა მეგობარმა მითხრა, რომ ეს ძალიან რთულია და შეიძლებოდა, სტრესისთვის ვერ გამეძლო. არადა, როგორც კი გავიგე, რომ თაკო ფეხმძიმედ იყო, მაშინვე ვთქვი, რომ მშობიარობაზე დავესწრებოდი და რაც არ უნდა მომხდარიყო, ამას გავაკეთებდი. ჩემს ცოლს ასეთ ვითარებაში მარტო არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებდი.
ძალიან გვაწვალა ჩვენმა ბიჭმა. პირველად 28 მარტს მიგვიყვანა სამშობიაროში, ჩემს მეუღლეს ტკივილები დაეწყო და რა თქმა უნდა, წავედით, მაგრამ გამოგვაბრუნა უკან (იცინის). 29-ში, გამთენიისას, ისევ დაეწყო ტკივილები, მაგრამ უკვე ეჭვი მეპარებოდა, რომ ნამდვილად იბადებოდა (იცინის). ზოდიაქოთი ვერძია და ვერძებს სჩვევიათ ასეთი ხასიათი (იცინის). სანამ ჩვენ სამშობიაროში მივდიოდით, ამასობაში მეგობრებისგან მივიღე ზარი. ჟარგონულად მითხრეს რაღაც და მოდი, ვიტყვი: ყოჩაღ! ამის გამბედაობას დიდი კვერცხები უნდაო (იცინის).
– მიუხედავად ამ საუბრებისა, მშობიარობაზე დასწრება მაინც არ გადაიფიქრე?
– არც განიხილებოდა ეს თემა, გადაწყვეტილებას არ შევცვლიდი. სამშობიარო ბლოკში ერთად შევედით. ჩემს მეუღლეს ვამხნევებდი. როდესაც ძლიერი ტკივილები დაეწყო, ხუთი-ექვსი საათი ფეხზე ვიდექი, მისთვის ხელი მქონდა ჩაჭიდებული და როცა ძალიან სტკიოდა, მაგრად მიჭერდა. მეც ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ვცდილობდი, არ შემემჩნია და შეძახილებით ვამხნევებდი. ექიმებს ვეხმარებოდი, დამხმარის როლი შევითავსე. ჩემი ცოლის თავი მეჭირა, ზოგჯერ ფეხებიც, ჭინთვებში ვეხმარებოდი და ფაქტობრივად, ერთად ვამშობიარეთ. ხალათში ვიყავი გამოწყობილი და ბევრს უკვე ექიმი ვეგონე (იცინის). მეხუმრებოდნენ, რად გინდოდათ აქ მოსვლა, თვითონ გემშობიარებინა სახლშიო (იცინის).
– ემოციურად არ გაგიჭირდა?
– როცა უყურებ, შენს მეუღლეს ძალიან სტკივა, რა თქმა უნდა, გიჭირს. მომენტებში ვხვდებოდი, რომ ძალიან სტკიოდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. სიტუაციის შესაბამისად ვიქცეოდი, ზოგჯერ უფრო მკაცრი ვიყავი, ზოგჯერ ძალიან თბილი. თუ მდგომარეობა რთულდებოდა, მობილიზებას ვახდენდი, ვეხუმრებოდი კიდეც, ზოგჯერ თუ ძალიან ასტკივდებოდა, მეც მეშინოდა და ძალიან ტკბილად ვესაუბრებოდი, აბა, ჩემო ცხოვრებავ, რამე ხომ არ გჭირდება და ასე შემდეგ, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ ვიმჩნევდი, რომ მეც ვღელავდი. როცა დავინახე, ბავშვი იბადებოდა, ეს სასწაული იყო. ძალიან ავღელდი და ბოლთის ცემა დავიწყე. მერე ფეხებს ვუჭერდი, ექიმი ამ დროს მუცელზე აწვებოდა და მე ვუყურებდი, როგორ გამოდიოდა ბავშვის თავი, თან, ამ მოძრაობებში ცოტა ბორძიკობდა, რაც ბუნებრივი ყოფილა.
– უკვე როგორ დეტალებში ერკვევი…
– ყველაფერში. შეიძლება, დავფიქრდე ამ ამბის გაგრძელებაზე და არ გაგიკვირდეთ თუ ერთხელაც, სამშობიარო ბლოკში მნახეთ (იცინის). როდესაც ბავშვი ამოიყვანეს და სახით ჩემკენ მოაბრუნეს, თითქოს, დრო გაჩერდა, ემოციებისგან გავსკდი, ცრემლები თავისით მოდიოდა. გული ამიჩუყდა, არ ვიცი, საოცრება ხდებოდა. მერე ტირილი რომ დაიწყო, მეც უფრო და უფრო ვუმატე ტირილს. მერე თაკოს ხმები რომ მესმოდა, დედიკოო, რომ ეძახდა ბავშვს, საოცარი იყო. შოკში ვიყავი ბედნიერებისგან და სიხარულისგან. რომ გაამშრალეს, მაშინვე მოვეფერე, დავამშვიდე და მაშინვე დამიჯერა, იგრძნო მამის სუნი (იცინის). თაკოს გულზე დააწვინეს და ვეფერებოდი, თითი მივუტანე ახლოს და ხელი მომიჭირა, პალატიდან ბლოკამდე მე გავიყვანე და ხმა არ ამოუღია.
– როგორ ფიქრობ, რამდენად ჩართული იქნები შვილის აღზდის პროცესში?
– ზუსტად ვიცი, რომ ჩემს შვილს იდეალურ მამობას გავუწევ, მისი აღზრდის პროცესში მაქსიმალურად ვიქნები ჩართული. ცხრა თვის განმავლობაში ვიდექი ჩემი მეუღლის გვერდით და ყველაფერი ზეპირად ვიცოდი. ყოველთვე, მე და ჩემი ცოლი ექოსკოპიაზე რომ მივდიოდით, წინასწარ ვიცოდი, რა წონა უნდა ჰქონოდა ბავშვს, სიმაღლეში რამდენი უნდა ყოფილიყო, რა ჩივილები უნდა ჰქონოდა მეუღლეს იმ ვადაზე და რამე რომ შეაწუხებდა, ვამშვიდებდი, ამ დროს ეს იცის-მეთქი. უკვირდა, საიდან იციო?! მე ყველაფერი წაკითხული მქონდა, დეტალურად შევისწავლე ეს მდგომარეობა და მშობიარობისთვისაც ვემზადებოდი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მომავალშიც ყველაფერს გავართმევ თავს. ოჯახიც გვერდით გვიდგას, ჩემი მეუღლეც საოცარი გოგონაა და ზუსტად ვიცით, რომ ერთად ნამდვილ ვაჟკაცს აღვზრდით.
შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ 22 წლის ასაკში თითქმის ყველა სურვილი ავისრულე. თუმცა, კიდევ ბევრი შრომა მჭირდება, რომ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდე და როგორც ღირსეულმა საზოგადო მოღვაწემ, ისე ვიცხოვრო ჩემს ქვეყანაში. ახლა ისევ შევდივარ რეალით პროექტში – „პრაიმჰაუსში“, რომელშიც ერთხელ უკვე ვმონაწილეობდი. მაშინ ძალიან ცოტა დამაკლდა მოგებამდე, მაგრამ უამრავმა ადამიანმა შემიყვარა, ოჯახის წევრივით მიმიღეს. როდესაც მეორედ მივიღე შემოთავაზება ამ პროექტიდან, ოჯახში დავაყენე საკითხი ამის შესახებ. ბუნებრივია, რომ ჩემი საქმეები მაქვს, ბიზნესი მაქვს, მაგრამ ჩემმა ცოლმაც მირჩია, რომ გადამედგა ეს ნაბიჯი – მოგების შანსი გაქვს, ამიტომ იბრძოლეო. მეც ყველა დეტალი გავიარე პროდიუსინგთან, რომ ჩემი ინტერესები გათვალისწინებული ყოფილიყო, ანუ ოჯახთან დიდი დრო გამეტარებინა. სახლში მოსვლისა და ოჯახთან ყოფნის საშუალება რომ არ მქონოდა, ძალიან ცუდად ვიგრძნობდი თავს. შევთანხმდით, რომ ყოველდღიურად რამდენიმე საათი გამოვალ და კვირაში რამდენიმე დღესაც სახლში გავატარებ. მოკლედ, ფორმატი შეცვლილია და ამან მომხიბლა, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ შევსულიყავი და გამარჯვებისთვის მებრძოლა. მთავარია, რომ ოჯახსა და ჩემს შვილს არ მოვაკლდები და დარწმუნებული ვარ, რომ მეც და ჩემს ოჯახსაც, წინ კიდევ უფრო კარგი ამბები გველოდება.