საქართველოს ყველა კუთხეს თავის სიცოცხლე აქვს: მთის ყვავილი ბარში ვერ იხარებს და ბარისა – მთაში. ბუნება, ხასიათი და ზნე მცენარეებისაც, ცხოველებისაც და ადამიანებისაც მორგებულია კონკრეტულ ნიადაგსა და ჰავას. ამბობენ, საქართველოში მთის კაცზე სამართლიანი არავინაა. არ უყვართ ტყუილი და არც სხვას აპატიებენ. სვანები და ხევსურები, თუშები ძალიან პრინციპულნი, შეუდრეკელნი და უსამართლობასთან შურიგებელნი არიან. სისხლის აღების წესიც ხომ მათი ბუნებიდან მოდის, თუმცა, ყველაფერ ამას, იმ საინტერესო ცნობებს, რაც ფშავ-ხევსურებს, თუშეთს უკავშირდება, კარგად გადმოსცემს პოეტი, ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“.
მთის სამართალი
აკაკი შანიძე ადის ხევსურეთში. უნდა შეისწავლოს ხევსურული, ეს, ერთ-ერთი უძველესი, ძალიან ღრმა ქართული ფესვების მქონე დიალექტი. ხევსურმა ასაკოვნებმა უცხო ადამიანი ნახეს თავის ტომში მისული და ეკითხებიან: გვითხარი, აკაკი, ოჯახი გყავს, შვილები? კი, მყავს. – და, სახელები? მზექალა და ლელა, – უპასუხა ენათმეცნიერმა. ეგ – ქალები და ჩვენ, შვილზე გკითხეთო. ესე იგი, ხევსური კაცი ბიჭს მიიჩნევს შვილად. ოჯახში ქალები მეორეხარისხოვნები იყვნენ. ახლა შეიცვალა ასეთი მიდგომა, მაგრამ ადრე ხევსურეთში მეომარი ფასობდა. საზღვრისპირა კუთხე იყო. ისინი ფიქრობდნენ რომ, რაც მეტ ბიჭს იყოლიებდნენ და მეტი ბიჭი იქნებოდა გამეტებული ამ კუთხისთვის უფლისგან, დაცული ეყოლებოდა სამშობლო, ამიტომ მიიჩნევდნენ, რომ გოგონებზე მეტად მეომარი იყო საჭირო, მაგრამ, რა თქმა უნდა, უქალოდ ვერ იცხოვრებდნენ. ქალს დიდი და სერიოზული როლი ჰქონდა. ის კი არადა, ჯვარ-ხატში რამდენიმე ქალისთვის სავარძელი დადგეს, რომ პატივი მიეგო მთელ ხევსურეთს მათთვის. ასე რომ, იქ ამის წონასწორობა არ ეშლებოდათ. ევროპული დამოკიდებულება იყო, როგორც თუშეთში. მაგალითად, სასამართლოს დართლოში საფრინდაოს ეძახიან, დაბლა, ველზე ახლაც დგას ცოტა აღდგენილი, აუცილებელ დროს გასამართი ნაგებობა. ვინც იცოდა ხალხური სამართალი, იმ „სამართლის წევრები“ უნდა დამსხდარიყვნენ, როცა მძიმე ამბავი ხდებოდა. ასამართლებდნენ, რა თქმა უნდა, თუ პირველ რიგში, თუშები აშავებდნენ. იქ იყო სრულიად მიუკერძოებელი სასამართლო. შვილი რომ ყოფილიყო დამნაშავე, პირველი მას დასჯიდნენ.
ტრადიცია ყველაფერი არ არის
მე ვგიჟდები ტრადიციებზე, მაგრამ არ შეიძლება, ყველა ტრადიცია დრომ შეინახოს, თუმცა, მთავარ ტრადიციას არ უნდა გადაუხვიოს ადამიანმა. ასეთია მთელი ფოლკლორი, ზეპირსიტყვიერება, ანდაზები, გამოცანები, ჩვენი მონაყოლი ამბები, ლექსი… ხალხური მარტო ზეპირსიტყვიერება – ეს ერთი ხაზია. ხალხური ლექსი უამრავ ჟანრში იკითხება, უცბად გაიგებენ. ზღაპარს, ლეგენდას, მითს ხომ ვერ მოყვები ასე… რამდენიმე წელიწადი ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ლეგენდას ვკითხულობდი, რა არის ლეგენდა და იქაც კი ვერ მოვასწარი სრულად გადმომეცა, იმდენად დიდი მასალაა. რაებია შიგნით შეიძლება, მართლა გაგიჟდეს ადამიანი. არ ვიცი, ასე რომ მიყვარს ჩემი დარგი, ამიტომ ვარ უგონდ სადღაც წასული თუ რა, მაგრამ ვცდილობ, ასეთი არ ვიყო. რატომ ვამბობ ამას ახლა. ის, რასაც ხალხური სამართალი ჰქვია, იყვნენ შეუდრეკელნი სიმართლეში. ეს სისხლის აღების წესი მაინც, ძალიან მძიმე იყო, რა თქმა უნდა. მე მაქვს ერთი ამბავი ჩაწერილი, როგორ უკლავენ ბიძაშვილს ხევსურ კაცს ქისტები, როგორ დარჩება ეს მკვდარი ქისტების მხარეს, მერე, ცოლი როგორ შეიპარება, ხევსურის ქალი არხოდიონი როგორ შედის ქისტებში. იცის, რომელ სოფელშია მისი ქმრის გვამი. უკვე დაშლილია, ძვლებია, იმდენ ხანს ვერავინ მოახერხა იქ შესვლა. შედის ეს ქალი და კალთით გამოაქვს ქმრის ძვლები. მოაქვს და ასამარებს. იმდენი მძიმე ამბავია იქ მოსასმენი… რომ იგებს ბიძაშვილი, ცოლმა მოიტანაო ქმრის ძვლები, ამას დიდ სირცხვილად თვლის და გადადის ქისტების მხარეს, მაგრამ იმას კი ვერ კლავს, ვინც ეს ბიძაშვილი მოუკლა, მივა და სრულიად ახალგაზრდა, უდანაშაულო ბიჭს კლავს და მერე თვითონვე მიდის ციხეში. მეორე ამბავი: აქ ქისტი კლავს ისევ ხევსურს. სისხლის ამღებს მიზანში ჰყავს ახალგაზრდა ბიჭი და უცებ იწყება უგონო მუსიკა – ქორწილი აქვს მკვლელის ძმას. გამოდიან ბანზე. ცეკვაა აქვთ ისეთი, რომ ინგრევა იქაურობა. ამ ცეკვის დროს მკვლელი გადმოფრინდება და ცეკვავს. ხევსურს მიზანში ჰყავს, მარტო უნდა გამოჰკრას სასხლეტს და აღარ იქნება. დგას, უყურებს. ჩამოსწევს თოფს და გადმოდის ხევსურეთში. ყველამ იცის, რა მიზანი ჰქონდა და ეკითხებიან: რა ჰქენიო. არაფერიო. როგორ, ვერ მოკალიო? არ მოვკალიო. ისეთ ქისტურს ვინღა იცეკვებდაო. ასეთი დამთმობებიც ვიყავით, შემნდომები. ქართველ კაცს აქვს ძალიან უცნაური შესაძლებლობები, თვისებები განცდებში – მტრობაშიც და მოყვრობაშიც.
თუშეთი – მარტოხელა დედები და კახურა კაცები
მე დავიბადე 1956 წელს. მამა გენიალური მეცხვარე მყავდა და წამიყვანეს ხურჯინით თუშეთში. ატმის ფორმასავით გაკეთებულ ჩასაფენ ლოგინში ვიწექი, მაისის ბოლო იდგა. სამი ღამე კავკასიონზე უნდა გაგვეთია. კომუნისტების დანაშაული, პირდაპირ ვამბობ, ესაა, როცა თუშეთში სამანქანო გზა გავიდა. წამოვიზარდე. მე ვტიროდი, გზა რომ შევიდა, იმიტომ რომ თუშეთი იმ დღეს ბევრწილად დაიკარგა. ხომ კარგი იყო, რომ გაკეთდა გზა, ადვილად მისასვლე-მოსასვლელი, რა თქმა უნდა, დიდი ამბავია, მაგრამ რამდენი რამ მოჰყვა ამ გზას, თქვენ არ იცით. როგორც კი ასეთ ყველაფრიანად დაცულ ტერიტორიებზე, სადაც ტრადიციაა, ტექნიკა შედის, იქ ყველაფერი იშლება, ის ბუნება ისპობა. როგორი დაცული იყო ჩემს ბავშვობაში თუშეთი, ვერ აგიწერთ. ახლაც, ხევის პირზე რომ ჩავდივარ, სურნელი გამივლის ხოლმე მცენარეების და წამოვხტები, იმდენად ცოცხალი იყო თუშეთი. დედები მარტოები გვზრდიდნენ შვილებს. ყველა კაცი მეცხვარე იყო. ასე ეძახდნენ თუშები – კახურა კაცები.
გადმოსახლების ტკივილი
ჩამოსახლება მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. მერე და მერე, კომუნისტების იძულებით, თუშეთში ჩამოსახლდა ხევსურეთი. ხევსურეთის გადმოსახლების მთელი ამბავი აქვს შემონახული ფოლკლორს. იხოცებოდნენ მოხუცები, ახალგაზრდები თავებს იკლავდნენ, არ უნდოდათ აქ ყოფნა. ჩამოასახლეს საშინელ უდაბნოებში. კოღოს და მალარიის ბუდე იყო იმ ადგილებში. ამაზე იქ მთელი საბჭოთა მანქანა მუშაობდა. ეუბნებოდნენ, თქვენ იქ ძალიან ბედნიერად იცხოვრებთ, აქ რატომ უნდა იყოთ ამ უგზოობაში, ამ უქონლობაშიო. მათ არც შიოდათ, არც სწყუროდათ, პირიქით, სხვა ტომებს ეხმარებოდნენ ისეთი თადარიგი ჰქონდათ, მიუხედავად პატარ-პატარა მიწებისა, მარცვლეულით სავსე გოდრები ედგათ, უხვად ჰქონდათ ხორცი, ყველი, ერბო, კარაქი, რძის პროდუქტები – ყველაფერი ჰქონდათ, იმიტომ რომ მესაქონლე და მესაზღვრე ხალხი იყო, მაგრამ ეგ იყო სწორედ მიზეზი. კომუნისტების მზაკვრული გეგმა, რომ ის მებრძოლი ტომი უნდა გამოერეკათ იქიდან, ის უშლიდა, არ უშვებდა მათ. იცოდნენ, რომ ბუზს ვერ აუფრენდნენ ხევსურებს. არხოტში შარშანაც ვიყავით, დოკუმენტური ფილმი გავაკეთეთ არხოტზე. გოდერძი ჩოხელს, რომელიც ჩვენი ახლობელი ადამიანი იყო, მოთხრობა აქვს გარსია ოჩიაურზე (გარსია ხევსურული სახელია). გარსია ოჩიაურმა, თურმე, ისეთი ცეკვა იცოდა, უგონოდ ცეკვავდა. ღამე მივიდნენ მასთან და უთხრეს, რომ ბარისახოში სატვირთო მანქანები შევიდნენ. ხვალ ადრიანად დაადგებიან, უნდა დაცალონ სოფელი და თავიანთი ცხენებითა და ბარგით უნდა გადავიდნენ ბარისახომდე. მან დაუძახა არხოტელ კაცებს, გაშალეს სუფრა – მთელი ღამე უნდა ვიქეიფოთო. ცოტა გაუკვირდა ყველას, იმიტომ რომ ყველას ეტირება, არავის არ უნდა იქაურობის დათმობა. გარსიამ შეუსვენებელივ იცეკვა დილამდე. წინდები დაეფლითა, დაუსკდა ფეხის გულები, სისხლად დაიცალა და სიკვდილის წინ უთხრა იმათ: მოდით ახლა და გადამასახლეთ. მე აქ უნდა დავიმარხოო. ამათ მონათხრობებს, იმათ შთამომავლების მონათხრობებს ინახავს ქართული ფოლკლორი, უამრავი ლექსიც გვაქვს, სადაც გადმოსახლების ტკივილია გადმოცემული. ეს ძალიან დიდი თემაა.
ასე იმეტებდა თავის მოძმეს თუში
„მაღლა ღრუბლებში რომ ხედავ,
ჩემი დიდების მთა არის,
ეგ, რასაც ხედავ, ძირია,
მწვერვალი კიდევ სხვა არის“.
ოცი წლის ბიჭი იყო არჩილი, ფეხშიშველი გადმოატარეს. სამანელების ჯგუფი კომუნისტებს რომ ემალებოდა და გაყიდეს – გადადიანო, ეგენი არ ინდობიან, გერმანიაზე, ევროპაზე ოცნებობენო. წარმოუდგენელი ამბავია! უნივერსიტეტელები იყვნენ. ბოლო სამანელს შევხვდით მე და ამირანი, უკვე ღრმად მოხუცებულს, ხოხიაიძეს. ონკოლოგიურში იწვა, მივედით და ტირილი დაიწყო: თქვენ რაღა იცით ჩემი ამბისო. რაები არ გვიამბო: ორივე დახვრიტეს. არჩილი საერთოდ გააქრეს. სამი წვეროსანი ზედ კავკასიონზე დახვრიტეს. თავები მოაჭრეს სამივეს და დააგორეს – რომელი უფრო წინ წავაო. ეს ტანები სადღა ვათრიოთო და იქვე მიყარეს. თუშეთში, მაღლა რომ მივყავდით ბალღები, ცხენზე შემოკრულები, დედას აეტირებოდა ხოლმე. მამა შეჩერდებოდა: ეჰ, ამათი სულები აცხონოს უფალმაო. თავიდან ვერც ვიგებდი. პატარა რომ ვიყავი, ვფიქრობდი, ვინ არიან, რატომ ვჩერდებოდით-მეთქი. მერე, რომ წამოვიზარდეთ, ვეკითხებოდით დედას: რა გვინდოდა, რატომ ვჩერდებოდით იმ ადგილას-მეთქი. იქ დააგორეს ის სამივე თავი, დასცინოდნენ მათ სულებსო. ეგ არის ამბავი, როგორც მიხა ხელაშვილი ფშაველებმა გაიმეტეს, ასე იმეტებდა თავის მოძმეს თუში, გამორჩეულ ბიჭებს, ნაღები რასაც ჰქვია. ვერ აკონტროლებდნენ იმათ თავიანთ სამალვებიანად, სამაგრეებიანად, ნიშნებიანად… ამიტომ ჩამოასახლეს. ყველაფერი იყო ძალიან გასაგები ამ ხალხისთვის და ამას ესენი ვერ იგებდნენ. დაეცემოდნენ უცბად აქედან ასული კომუნისტებისა და გაკომუნისტებული არარაობების ბანდები და ხან ვის კლავდნენ და ხან – ვის.
თუშეთიდან ალვანში ჩამოსვლა
რომ ჩამოვიდნენ (რა თქმა უნდა, ეს პირველი ჩამოსვლა, ყველაფერი მონათხრობებით ვიცი და დედაც ამბობდა), ვერ ძლებდნენ და ბევრი ისევ თუშეთისკენ შებრუნდა ზამთრის იქ გასატარებლად, ზაფხულში ყველა მაინც იქ იყო. მომთაბარე ტომებს შორის საქართველოში ახლა ერთი ტომი დარჩა, მემთებრები, ვისაც ჰქვია. მესამე ადგილას გადავლენ ახლა თავიანთი საქონლით. თუშებიც ასე იწყებდნენ გადასვლას – სამი დღე კავკასიონზე. მერე თავიანთ სოფლებში ცხვარ-მეცხვარის ოჯახებს, საქონლით, ბალღებითა, სამი თვე უნდა გაეტარებინათ თუშეთში, მერე ისევ მობრუნდებოდნენ. დედა ამბობდა, რომ პირველ გადმოსახლებულებს ძალიან გაუჭირდათ, იმიტომ რომ, როცა ჩამოვიდნენ, კოღოთი დასნებოვნებული, ნაჭაობარი იყო ალვანები. უთხრეს, რომ ამ ორ დიდი ქალაქივით სოფელში უნდა დასახლებულიყვნენ ერთად… თითო ოროლა კომლი, ვინც გვიან ჩამოდიოდა, შეიძლებოდა, სხვა უბანში მოხვედრილიყო. ამათ დართლოელებს უძახდნენ. მიცვალებული თუ იყო, ყველა უნდა მისულიყო იქ. წარმოუდგენელი ზარები იყო დატირების. ჩემი ბავშვობიდან რამდენი ეგეთი ამბავი მახსოვს. დიპლომი თუშური ხმით ნატირალზე დავიცავი. მერე დისერტაცია – დემონოლოგიურ თქმულებებზე, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ჯვარ-ხატი და უკეთური სულები როგორ არის ფოლკლორში, ზეპირსიტყვიერებაში. პირველი მქონდა სამგლოვიარო პოეზია. ჩემმა ქმარმა, ამირან არაბულმა, დაიცვა საქართველოს მასშტაბით, სადაც ეპიტაფიაც, ძველი ქართული საფლავის ქვაც და ტექსტებიც შედიოდა, რაც გლოვას ეხებოდა. ბოლო დროს შეწყდა ეს ტრადიცია. ახლა თუშები პანაშვიდზე სხედან, როგორც ქალაქში იციან. ვერ ვეგუები, იმდენად ვარ ამას დაჩვეული. პირველად რომ მოვხვდი ქალაქში, თანამშრომლის პანაშვიდზე, ყველა რომ წავიდა, მეც წამოვედი, რა თქმა უნდა,
მტყუან-მართლის გარჩევის წესები მთაში
მორალს რაც შეეხება, არაფერში მთის ტრადიცია არაა, გარდა ღრმა მიხრილობისა სიმართლისკენ. შვილს პირველს დასჯიდა მოსამართლე მამა, არავის დააცვევინებდა თუ ის დამნაშავე იყო. თუშეთში, ახლა რომ ამბობენ, მთის ქალები დაჩაგრულები იყვნენ ოდითგანვეო. რა იყო დაჩაგრული. საფრინდაოზე, აი, იმ დიდ საბჭოში რჩეულ მოსამართლეებს შორის ქალი იყო თავმჯდომარე. ეს იცის მთელმა თუშეთმა. მთელი თუშეთის ქალთა უფლებები უნდა დაეცვა და კაცებისაც. ქალი იჯდა მთავარ სავარძელში. ეგ დროც გაიარა თუშეთმა. თანაბრად ნამყოფ კუთხეებში რა უნდა ყოფილიყო, რაც ზოგად ქართულს არ ეთანაბრებოდა. ვიწრო გაგების პატრიოტი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ და ვიწრო, მით უმეტეს, რაღაც კუთხურით ტანჯული, მაგრამ შეინახა მთებმა ძალიან ძველი და ბევრი ქართული, კარგი ტრადიცია, შეინახა თავისი ადგილობრივი მოწყვეტილობის გამო. ხევსურებს ჰქონდათ, მაგალითად, ასეთი ტრადიცია – სწორფრობა. ქალი და კაცი – ერთად. სტუმარს ულამაზეს გოგოს დაუწვენდნენ, ოღონდ იქ სულ ზღვრები იყო დადებული. ამ ქალის გამოცდაც იყო და კაცისაც. მათ უნდა საუბარში გაეთენებინათ ღამე. ეს დიდი ინსტიტუტი იყო. წაწლობა უფრო ფშავშია. როცა იქ ყველაფერი დაცული იყო და ამაზე ცალკე მთელი გამოკვლევებია. უცნობილესი ჩვენი ოჩიაურების ოჯახი, მაგალითად. გოგი ოჩიაურის დედ-მამა იყვნენ სწორფრები და რომ შეუღლდნენ, ეს იყო უდიდესი ამბავი მაგ დროისთვის, მოიკვეთა თემმა და გამოასახლეს ხევსურეთიდან, ასეთი შეცდომის დაშვება არ შეიძლებოდა. კიდევ უფრო უწინდელ დროში წაწლობა ფშავში ლაშარის ჯვრის კარზე იყო. სპეციალურად ერთად აძინებდნენ ახალგაზრდა გოგოს და ბიჭს, რომ ეს იყო ღვთისთვის დიდი პატივის მიგებება. აღმოჩნდა, რომ ბევრ ქვეყანას ჰქონდა ასეთი ტრადიცია, როგორც მსოფლიოდან სიუჟეტი მოძრაობს ფოლკლორში. მაგალითად, მოდის სიუჟეტი მონადირეზე. სვანური – მონადირე ბეთქილს როგორ შეიტყუებს დალი კლდეებში და როგორ კლავს ბოლოს. დალის ნაჩუქარ ბეჭედს (ხალხურში, ზოგი ვერსიით, ეს საჩუქარი ხან მძივია, ხან საყურე) თავის საცოლეს ჩუქნის და დალი ამის გამო ღუპავს ბეთქილს. სვანურია ბეთქილი და ყარული – ბინნოგერი კავკასიური რაღაცები უნდა იცოდე. ასე არ არის, რომ მარტო შენ იცი. სხვაგან უნდა ნახო, ის რა არის. როგორი სიუჟეტებია, იცით? ესენი ყვებოდნენ ამ სიუჟეტებს, თავის ამბებს უყვებოდნენ ერთმანეთს ძმადნაფიცები. სვანები ყველაზე ახლოს იმ ყარაჩაი-ბალყარელებთან იყვნენ. გადიოდნენ, გამოდიოდნენ, ვაჭრობდნენ, ერთმანეთის რაღაცები გადაჰქონდათ და გადმოჰქონდათ. ასეთი კვალი გაჩნდა, ამას ნასესხები სიუჟეტები ჰქვია. სხვებმაც ისესხეს და ქართულმა ფოლკორმაც ბევრი ისესხა, მაგრამ ყველაფერი ვერავინ ისესხა, იმიტომ რომ მსოფლიოს არ აქვს ისეთი ნიმუში, რაც, მაგალითად, ფოლკლორში, „ვეფხისა და მოყმის ბალადაშია“, რომ მოყმის დედა ვეფხის დედასთან სამძიმრის სათქმელად მიდის. ასეთი რამე რომ გაქვს, უკვე ქვეყანა ხარ, უკვე სხვა რამე ხარ. ახლა დავიწყეთ მომზადება „იუნესკოსთვის“, რომ ის არამატერიალურ კულტურულ ძეგლებში იდოს, როგორც დიდი დოკუმენტი ჩვენი ქვეყნის სიდიადისა.
სახალხო მოსამართლე
გამიგია, რომ ომის დროს ვიღაცამ გაყიდა, უღალატა თუშურ ლაშქარს. ერთი ვერ გადაიხრებოდა სამართლისგან და ერთი ვერ დაიცავდა მეორეს ზოგ რაღაცაში, რაც სამშობლოს ამბავს ეხებოდა. ანდა, პირდაპირ ეუბნებოდნენ მოსამართლეები, ვინ იყო დამნაშავე, თუ მეზობლებს შორის რაიმე დავა გასატანი საქმე იყო. „12 სკამი“ – ესენი იყვნენ სოფელში კითხული კაცები. ხევისბერები. მაგალითად, ახალ წელზე იყო ასეთი ტრადიცია. ვინ ასახელა სოფელი? ხევისბერი გამოიტანდა ამბავს. ვინ შეარცხვინა სოფელი და რით შეარცხვინა – ეგეც გამოდიოდა სამსჯავროზე. პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ შენ არ ხარ ამ სოფელში ცხოვრების ღირსი. ახლა ან გაპატიებთ და არასდროს ეს არ განმეორდება, ანდა, როგორც კი ოდნავ შელახავ ამ კანონს და გადახვალ საპირისპიროზე, მოიკვეთები. ჩამოსახლების მერეც დიდხანს მოქმედებდა ეს კანონი. ჩვენ ახლახან გადავიღეთ ასეთი დოკუმენტური ფილმი – „ხევისბერები და დეკანოზები“, იმ ხალხზე ვინც ჯვარ-ხატიდან მართავდა კუთხეს. უკვე მთავრდება ეს ინსტიტუტი. ბოლო ხევისბერი, ხევსური კაცი, ჩვენ ჩავიწერეთ გომბორში. ის შარშან გარდაიცვალა. როგორ ხდებოდა ამათი გახევისბერება, რა აიძულებდა, ვინ აიძულებოდა გამხდარიყო ხევისბერი, მერე როგორ უნდა ემსახურა ამ ყველაფრისათვის და როგორი სამართლით უნდა ეცხოვრა მთელი ცხოვრება – ესაა ამ ფილმში წარმოდგენილი.
როგორ ხდებოდნენ ხევისბერები
სამი დოკუმენტური ფილმია – არხოტზე, ხევისბერებსა და დეკანოზებზე და ძველი ქართული საფლავის ქვაზე, როგორები ვიყავით და ახლა რა დავრჩით – სასახლეებს რომ ვუგებთ ჩვენს მიცვალებულებს, სულელურ ლექსებს და ამბებს რომ ვაწერთ. აქ გვაქვს ეპიტაფია. პატარა ბავშვის საფლავია (ჯვარი სწერიათ ბავშვებს): „ნუ მელოდებით, ვერ მოვალ შინ“… ერთი კახური საფლავია ყვარელში, ალმათში: „სიკდვილს არ ვფიქრობდი მამუკემა“… არც ამბობენ ვინ არიან, ისეთი თავდახრილები იყვნენ ჩვენი წინაპრები. ყველაფერში ჩანს ჩვენი დროები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ხევისბერს – სოფელი არ დარჩებოდა ხევისბერის გარეშე. დიდი გამოცდა ჰქონდა. ყაზბეგის ნაწარმოები რომ არის – „ხევისბერი გოჩა“: მაშ, ასე აასრულე შენ ჩემი დაპირება? მამა რომ კლავს შვილს და მერე რომ გაგიჟდება. ამის მთელი ინსტიტუტები იყო, დიდი და ეგეთი ამბები მოჰყვებოდა. შვილსაც არაფერს პატიობდნენ. ასეთი იყო ხალხური სამართალი.
საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ თუში და ხევსური ხალხის ურთიერთობა
მთის ხალხში იშვიათად არის ვინმე ისეთი, ვინც დახარბდება რამეზე და თუ უკეთური მთავრობაა, რაღაცის გამო მისკენ გადაიხრება. მთის ხალხს მთავრობაში ძალიან ძნელად იპოვი. კომუნისტებთანაც ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდათ. მთის ხალხში ვინც არ იყო სანდო, იყო კომუნისტი. გულიანი თუ შედიოდა კომუნისტურ პარტიაში, შეეწირებოდა სიმართლეს და სამართალს. მთის ადამიანი გულუბრყვილოა. ხელად სჯერა, რომ მოვიდა დამოუკიდებლობა, მოვიდა ნანატრი დღე და მთელი გულით გიახლოვდება, მთელი გულით გეკუთვნის, მაგრამ თუ გაიგო, რომ ატყუებ… მტრისას!