იღბალი და შრომისმოყვარეობა – რა არის ლიზა ვადაჭკორიას წარმატების მთავარი მიზეზი, რაში მიიჩნევს ის თავს წარუმატებლად და მისი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში, ამას მისგან შევიტყობთ.
ლიზა ვადაჭკორია: ძალიან ხშირად, ჟურნალისტების შესახებ საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენები აქვთ. ფიქრობენ: „მაგათ რა უჭირთ, დაუჭერიათ მიკროფონი ხელში გამოპრანჭულებს, პოპოულარულები არიან, უცხოეთში დადიან და მშვენივრად ცხოვრობენ“. ეს – ერთი შეხედვით, მაგრამ რეალურად, ამ პროფესიის უკან წარმოუდგენლად დიდი შრომა დევს. ამ პროფესიაში საოცარი სტრესის პირობებში გიწევს მუშაობა. ცოტა ხნის წინ „სახალხო კონტროლის“ გადაღებაზე ვიყავით მცხეთის რაიონის ერთ-ერთ რესტორანში და არაადეკვატური მენეჯერი შეგვხვდა. ყველაფერი მოვაგვარეთ და გადაცემა მაინც გადავიღეთ, მაგრამ იმდენად მძიმე პროცესი იყო, ვინმეს რომ ენახა, როგორ პირობებში ვმუშაობდით, ალბათ, იტყოდა, არა, გენაცვალე, მე ამას ვერ შევძლებო. სტატისტიკის მიხედვით, ჟურნალისტის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე სტრესულია.
ახლა ამერიკაში ვიმყოფები. მე ჩერლიდინგის ფედერაციის საბჭოსა და პრესსამსახურის წარმომადგენელი ვარ. ქართველი სპორტსმენები ტატო ტყებუჩავა და დიანა ღვინჯილია გამოდიან მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც 30 000 მონაწილეა ჩართული. სანამ აქამდე მოვიდოდი, დიდი გზა გავიარე. ასე პირდაპირ ვინ გეტყვის: მიდი, რა, წამოდი ფლორიდაში მსოფლიო ჩემპიონატზეო? არავინ, მანამ, სანამ ძალიან გრძელ და რთულ გზას არ გაივლი. რიგითი სტაჟიორიდან, ჟურნალისტიდან, ტელეწამყვანიდან, პროდიუსერიდან და კიდევ არაერთი გამოცდილებიდან მიღებული ცოდნის შემდეგ, შენ უკვე იმ დონის სპეციალისტი ხარ, რომ მერე უკვე გეუბნებიან: „თუ შეიძლება, რომ ჩვენი დელეგაციის შემადგენლობაში წამოხვიდე?“ შედიხარ ამერიკის საელჩოში და ვიზას გირტყამენ, იმიტომ, რომ შენ უკვე სახელი გაქვს, მაგრამ მანამდე იმ გზის გავლა არ უნდა დაიზარო.
– ამ გზაზე იღბალს უფრო დიდი წვლილი მიუძღვის თუ შრომისმოყვარეობას?
– რა თქმა უნდა, შრომისმოყვარეობაზე ვდებ ფსონს. არავინ თქვას, ის იღბლიანია და იმიტომ არის წარმატებულიო. შეიძლება, ვიღაც ძალიან ნიჭიერია და ადვილად გამოსდის რაღაც, მაგრამ როგორი ნიჭიც არ უნდა გიბოძოს ბუნებამ, თუ მას არ გამოიყენებ და სახლში დაჯდები, შენგან წარმატებული ადამიანი არ გამოვა. იღბალი ვერ გიშველის და შრომის გარეშე შენგან ჩემპიონი ვერ გამოვა. იღბლიანია ის, ვინც ტიტანიკზე დააგვიანა, საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრაც მნიშვნელოვანია, მაგრამ შენ თუ არ წარმართავ შენს ცხოვრებას, ამას შენ მაგივრად არავინ გააკეთებს. მე მოვიარე ჟურნალისტიკის ყველა საფეხური, ვიყავი ბეჭდურ მედიაში, რადიოში, ტელევიზიაში – ჩემთვის არაფერია უცხო, მაგრამ იცით, რამდენი ქასთინგი გავიარე? იცით, რამდენი მცდელობა მქონდა? ძალიან ბევრი. ამის გარეშე გამორიცხულია, რამეს მიაღწიო. ბევრი მცდელობის შემდეგ ერთ-ერთმა რადიომ შემამჩნია და ამიყვანა, მერე შემამჩნიეს და ტელევიზიაში ამიყვანეს. კი, ეს იყო იღბალი, მაგრამ მანამდე?!
– ბევრი უარის შემდეგ რა გეხმარებოდათ, რომ არ გატეხილიყავით?
– მთავარია გახსოვდეს, რომ ყველა საფეხურის გავლას შეძლებ და მწვერვალს მიაღწევ. რამდენი უარიც არ უნდა მიიღო, თუ მიზანდასახული იქნები, ბოლოს აუცილებლად აგიყვანენ. ძალიან ბევრი უარი მაქვს მიღებული. ეს იყო 90-იანების საკმაოდ მძიმე პერიოდი. ძალიან მჭირდებოდა სამსახური. ჟურნალისტი ვიყავი და მინდოდა, ამ სფეროში მემუშავა. რადიო მხიბლავდა, მაგრამ დასაწყისში რადიოქასთინგებიდან არავინ ამიყვანა. ჩემს მონაცემებს ვტოვებდი, მაგრამ არავინ დამკავშირებია. მხოლოდ ერთგან გავიარე მოკლევადიანი სტაჟირება. ბოლოს, მახსოვს, რომელიღაც რესტორანში შევედი და ვუთხარი, სამსახური მჭირდება და მიმტანად თუ ამიყვანთ-მეთქი. უკვე მთავარი იყო, რომ სამსახური მეშოვა, მაგრამ არც მათთან აღმოჩნდა ჩემი ადგილი. ერთ-ერთმა უძრავი ქონების კომპანიამ ერთი კვირა მაგრად მამუშავა და მითხრა, ახლა სხვა სტაჟიორი უნდა ავიყვანოთო. თურმე, ეს მათთვის ჩვეული მეთოდი იყო, ასე იყენებდნენ სტაჟიორებს და მეც გავხდი ამ მწარე ტყუილის მსხვერპლი. წინასწარ იცოდნენ, რომ უნდა გავეშვით, არადა, მე ძალიან დიდი შრომა ჩავდე ამ მოკლე დროში. მერე მეგობარმა მითხრა, რადიოში ქასთინგები იმართება წამყვანის პოზიციაზე და წადიო. წავედი, გავიარე ქასთინგი, მითხრეს, საცდელი ვადით აგიყვანთო. მალე საახალწლო პერიოდი მოვიდა და მითხრეს, ვაიმე, არა, ახლა ჩვენთან შემცირებებია და ვეღარ აგიყვანთო. წარმოიდგინეთ, ამდენი იმედგაცრუების შემდეგ, ქასთინგი წარმატებით გავიარე, ყველაფერი მოეწონათ, ამიყვანეს და უცებ – შემცირება! კინაღამ გავგიჟდი, ვაიმე, ისევ უმუშევარი ვარ-მეთქი. რამდენიმე თვე გავიდა და ქობულეთში მივდიოდი დასასვენებლად. საშინლად იმედგაცრუებული ვიყავი, სასოწარკვეთილი და გონს მოსვლა მჭირდებოდა. ამ დროს მირეკავენ რადიოდან და მეკითხებიან, შეგიძლია, ხვალ ეთერში გახვიდეო?! გავაუქმე მატარებლის ბილეთი, ყველაფერი მივატოვე და ეთერში გავედი. მთავარი იყო, იქ მოვხვედრილიყავი და მივხვდი, თუ მაშინ არ დავთანხმდებოდი, ამ შანსს დავკარგავდი. მერე რადიო დაიხურა, მაგრამ ერთი კარი იხურება და მეორე იღება. მახსოვს, რადიო რომ დაიხურა, სახლში მოვედი და ბოლო ხმაზე ვტიროდი – საყვარელი სამსახური დავკარგე. მეგობარმა მითხრა, სხვას იპოვი, რა გატირებსო. ასეც მოხდა, ყველაფერი ისევ ნულიდან დავიწყე და ისევ იქ მოვხვდი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. როდესაც ყველაფერს კარგავ, გინდა, პირქვე დაემხო და იღრიალო. რაც არ უნდა გაგამხნევონ, სულში ისეთ სიცარიელეს გრძნობ, ვერაფერი გინაზღაურებს. ღმერთმა დაგიფაროს, თუ ფინანსური ვალდებულებებიც გაქვს, ეს ცალკე კატასტროფაა. ამან მასწავლა, რომ პარალელურად რამდენიმე საქმით უნდა ვიყო დაკავებული. სხვა სამსახურიც უნდა მქონდეს, რომ თავი დაცულად ვიგრძნო.
– შრომა წყალში ჩაგყრიათ?
– რამდენჯერაც გინდათ. მომიმზადებია პროექტი, ეთერში უნდა გასულიყო და ყველაფერი დაიხურა, ან მიმდინარე პროექტი, იმის გამო, რომ ტელევიზია დაიხურა, გაჩერდა. უამრავჯერ, უამრავჯერ, ასეთები ცხოვრებაში ხშირად ხდება და ალბათ, წარმატების გემოს ვერასდროს შეიგრძნობ, თუ წაგებისა და სასოწარკვეთილების სიმწარე არ იწვნიე.
როცა ფიქრობ, რომ ყველაფერი დამთავრდა, მორჩა, მაგრამ შედეგს მაინც აღწევ, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. მე ახლა ტელევიზიაში ვმუშაობ, კიდევ მაქვს პროექტები, მაგრამ გგონიათ, მშვიდად ვარ და ვფიქრობ, რომ ცხოვრება აწყობილი მაქვს? არა, მე არ ვიცი, ხვალ რა მოხდება. გარანტირებული არაფერია და ამისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო. როცა მზად ხარ, ისე არ გეტკინება. ღმერთი განსაცდელებს იმიტომ გაძლევს, რომ იპოვო ძალა საკუთარ თავში და გადალახო, ესეც არ უნდა დაგავიწყდეს. ამ დროს ოჯახის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საბედნიეროდ, მე ოჯახის თანადგომა ყოველთვის მქონდა. მარტო ამ საკითხში არა, ყველაფერში. როდესაც დედას სასიკვდილო სენი შეეყარა და ოპერაცია დასჭირდა, მთელმა ოჯახმა შევაგროვეთ საჭირო თანხა. უცებ რომ დავინახეთ გადასახდელი თანხის რაოდენობა, შეგვეშინდა, მაგრამ ყველამ ერთად გამოსავალი ვიპოვეთ. ეს ერთიანობა და თანადგომა კარიერულ გზაზეც ძალიან მნიშვნელოვანია.
– წარმატებული ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ ყოველდღიური რუტინული საქმეებისთვის დრო აღარ რჩებათ, თქვენთანაც ასეა?
– როდესაც ჩემი გოგონა პატარა იყო, მახსოვს, რომ ძალიან ვიღლებოდი, მაგრამ ვთვლიდი, რომ ჭურჭელი აუცილებლად დარეცხილი უნდა მქონოდა, სახლი კი – გაპრიალებული. თავს ვიკლავდი ამისთვის და ბოლოს, ფიზიკურად ვკვდებოდი, ისე ვიღლებოდი, სიცოცხლე აღარ მინდოდა. ასაკის მატებასთან ერთად, პრიორიტეტები დავალაგე. მივხვდი, რომ არ მინდა, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი სახლის დალაგებაში გავხარჯო. სიბინძურეში ხომ ვერ იცხოვრებ, ამიტომ ვიყიდე ჭურჭლის სარეცხი მანქანა, სადილის მომზადების დრო თუ არ მაქვს, გამზადებულს ვყიდულობ ან სხვაგან ვჭამ, ვიყიდე რობოტი მტვერსასრუტი, ნამდვილად არ ღირს ძალიან ძვირი. დადის ჩემი რობიკო და აგვარებს ყველაფერს. ეს ყველაფერი დიდ დროს მიზოგავს და კომფორტს მიქმნის. მე იმისთვის ვშრომობ, რომ ჩემი ცხოვრება კომფორტული გავხადო. დაღლილმა კიდევ ხეხვა კი არ დავიწყო, დავისვენო. ახლა ვფიქრობ, რომ ჩემს სახლს უკვე რემონტი სჭირდება, მაგრამ შემიძლია, მოგზაურობაში წავიდე იმავე თანხით. მგონი, მოგზაურობას ვარჩევ. არსებობს ასეთი მცნება – „გადადებული ცხოვრების სინდრომი“. ჩვენ ყველა ვფიქრობთ, ახლა ამ კაბას ვიყიდი და მერე ჩავიცვამ, ამ ჭურჭელს ვიყიდი, მაგრამ ახლა კი არა, მერე გამოვიყენებ, ახლა არა, მაგრამ მერე წავალ სამოგზაუროდ. მერე აღარ იქნება! დღეს და ახლა უნდა გამოიყენო ლამაზი ჭურჭელიც, ლამაზი კაბაც ახლა უნდა ჩაიცვა და მართლა ორი კაპიკი თუ გაქვს, მოგზაურობაშიც დღეს უნდა წახვიდე. როცა შრომობ, უნდა ისიამოვნო კიდეც ცხოვრებით.