“ ბატონ ზურაბს კი იცნობს ყველა მაგრამ ხელში რომ უჭირავს, ის თუ გახსოვთ, ვინაა?”

თბილისის ზოოოარკის ადმინისტრაცია ემოციურ ისტორიას ავრცელებს.

ამასობაში 9 წელიც გასულა.

ბატონ ზურაბს კი იცნობს ყველა, მაგრამ ხელში რომ უჭირავს, ის თუ გახსოვთ, ვინაა?

დიახ, დიახ. ქალბატონი კარაკულა. პუდელი, რომელიც თეთრ ლომ შუმბასთან ერთად იზრდებოდა 9 წლის წინანდელ იმ ღამემდე.

კარაკულას ცხოვრებაზე წიგნს დაწერდა კარგი მეზღაპრე. ისეთი თავგადასავლები გადახდა, ყველაზე მდიდარი ფანტაზიის მქონე მწერალიც რომ ვერ წარმოიდგენდა.

თავიდანვე უცნაური ბედი არგუნა ძაღლურმა განგებამ. ჯერ იყო და ლომთან ერთად დადიოდა ბაღში, შემდეგ – სკოლაში. იმ საშინელ ღამეს, ცამ რომ კოპები შეყარა და დედამიწამ გრგვინვა დაიწყო, სკოლაც დაენგრა და საყვარელი მეგობარიც დაეღუპა. თვითონ წარღვნას შემთხვევით გადაურჩა – რაღაცნაირად მოახერხა და ჩაძირული მანქანის სახურავზე აფორთხდა. იქიდან ჩამოხსნეს დილას ჩვენებმა, გალუმპული და ამოსარსლული.

შემდეგ ზოოპარკის დირექტორის მდივნად დაინიშნა და 9 წელია შესანიშნავად ართმევს თავს ამ საპასუხისმგებლო მოვალეობას. უამრავ საქმეს აკეთებს, მთელი დღე ციბრუტივით ტრიალებს, რომ ზოოპარკში მისი ნებართვის გარეშე ბუმბული არავის აუთრთოლდეს და ბეწვი არავის ჩამოვარდეს.

ამ 9 წლის განმავლობაში სამჯერ გათხოვდა და გამოთხოვდა, ბალღებიც ეყოლა და სულ კაი-კაი ოჯახებში დააბინავა; სამჯერ გაიქცა სახლიდან და სამჯერვე დაბრუნდა უკან; სამჯერ გადავარდა ფანჯრიდან და სამჯერვე გაცოცხლდა კოჭლობა-კოჭლობით. ამასობაში ბალზაკის ასაკისაც მოიყარა, ჭაღარაც შემოერია, მაგრამ, სხვა მხრივ, ისევ ის გოგოა, ხუჭუჭა, პატარა.

რა გამოვიდა ახლა ეს? ძაღლზე ამდენი ვწერეთ და ზოოპარკის დირექტორზე სიტყვაც არ გვითქვამს, მიუხედავად იმისა, რომ ისიც იქ იყო იმ შავ ღამეს, ისიც ძლივს გადარჩა და მასაც შემოერია ამასობაში ჭაღარა. არაფერია. არ ეწყინება.

დღეს 13 ივნისია.

💔