სოციალური ქსელი ქუთაისში, გრანდიოზულ ქორწილში გადაღებული კადრებით აჭრელდა. ქორწილმა, არა მხოლოდ საქართველო, არამედ, ევროპული მედიაც აალაპარაკა. ქორწილის მთავარი გმირი, მშვენიერი გოგონა, სახელად მაკო ყაველაშვილია. მან, უკვე ბევრი კომპლიმენტი დაიმსახურა საზოგადოებისგან, თუმცა, არ აკლდა კრიტიკოსებიც. მაკო, ჯერ მარტო,ქორწილში გადახდილი თანხის გამო გააკრიტიკეს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მინდა, „პრაიმტაიმის“ მკითხველს, უკეთ გავაცნო, წლის გრანდიოზული ქორწილის მთავარი გმირი.
– მაკო, უპირველეს ყოვლისა, თქვენს თავზე მოგვიყევით. ვინ არის მაკო და რას საქმიანობს.
მაკო ყაველაშვილი, არის ერთი უბრალო, მშრომელი ოჯახიდან, თავადაც უბრალო, მშრომელი და მიზანდასახული. ამ ეტაპზე, ვარ დაკავებული პირადი ბიზნესით, მაქვს ტანსაცმლის მაღაზია, რომელშიც სრულიად ვარ ჩართული, თავიდან ბოლომდე. ასე რომ ვთქვათ, კურიერიც ვარ, კონსულტატიც, ონლაინ ოპერატორიც და უფროსიც, ყველა პასუხისმგებლობა მაქვს ჩემს თავზე აღებული, მაგრამ აქამდე, რომ მოვსულიყავი და ეს ყველაფერი შემექმნა, ძალიან ბევრი ვიშრომე, ძალიან ბევრ სფეროში. 17 წლიდან, არცერთი დღე, არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რომ არ მემუშაოს.
– პირველი ქორწინება 16 წლის ასაკში და რჩევა მომავალ თაობას… რას ეტყოდით პატარა მაკოს ახლა.
16 წლის ასაკში, ჩემი ეს გადადგმული ნაბიჯი და გადაწყვეტილება, იყო ძალიან ბავშვური და ნაჩქარევი, მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილებაც. თუ რამეს ახლა წარმოვადგენ და რაიმე მიზანი დამისახავს ცხოვრებაში, თითქმის, ყველაფერი მაგ დროიდან მოდის. ეგ ნაბიჯი, რომ არ გადამედგა, პირველ რიგში, არ მეყოლებოდა ცხოვრების მთავარი სტიმული, ჩემი პირველი შვილი, ნინი და მეორე ის, რომ შეიძლებოდა ვერ ჩამოვყალიბებულიყავი, ისეთ ძლიერ ქალად და კარგ ადამიანად, როგორიც ახლა ვარ. მაშინდელმა გამოცდილებამ, მასწავლა ბევრი უმნიშვნელო წვრილმანის დაფასება ცხოვრებაში და ახალ თაობას ვურჩევ იმას, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ ცხოვრებაში, ყოველთვის იცოდნენ თავის თავის ფასი და ის, რომ აუცილებელია, ქალი იყოს დამოუკიდებელი, ძლიერი, პირველ რიგში, შინაგანად და ამის ფონზე ისინი აუცილებლად, პირად ურთიერთობაშიც თავს იგრძნობენ კომფორტულად. სათანადოდ გადაანაწილებენ დროს, ენერგიას და ყურადღებას თავისი საქმის და ასევე საყვარელი ადამიანის მიმართ.
– თქვენი და თქვენი მეუღლის სიყვარულის ისტორია. როგორ გაიცანით ერთმანეთი.
პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაუხადო უფალს და ცხოვრებას, იმ დღისთვის, როდესაც ჩემი მეუღლე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ამ დღეს, ჰქონდა ჩემთვის ორმაგი დატვირთვა. პირველი ის, რომ ზუსტად მაგ დღეს, გავხსენი ჩემი პირველი მაღაზია და მან საერთო მეგობრების ხელშეწყობით, მომილოცა ეს მნიშვნელოვანი დღე, ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემი ელემენტარული ყურადღება მიექცია და შევხვედროდით ერთმანეთს. წარმოდგენაც კი არ მქონდა, ვინ იყო და სერიოზულად ვერც კი აღვიქვი ეს ყველაფერი, ვინაიდან, მასზე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდი. არც კი ვიცოდი, რომ ჩემი ინტერესი ჰქონდა, აქვე დავამატებ, რომ მისი ყურადღება პირველად მიიქცია ჩემმა ვიზუალმა, რომელიც შეამჩნია, ერთ-ერთი ვიდეოს საშუალებით, რომელიც მედო „ტიკ-ტოკ“ პლატფორმაზე, ეს ვიდეო, კი გადაღებული იყო ჩვენი საერთო მეგობრების რესტორანში, ჩვენი პირველი შეხვედრაც მანდ შედგა. იმ დღის შემდეგ, დაიწყო ჩვენი ახალი ცხოვრება და სიყვარულის ზღაპრული ისტორია.
-ქორწილი, რომელსაც მთელი საქართველო აალაპარაკა. რამდენი ხნით ადრე დაიწყეთ მზადება, ვინ გეხმარებოდათ ამ დღის შექმნაში?
პირველ რიგში, ხაზს გავუსვამ იმას, რომ დედოფლობა და ქორწილი, ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. სამწუხაროდ, ეს ოცნება და დღე პირველ ქორწინებაში არ მქონია და ზუსტად ვიცოდი, რომ თუ მეორე ნაბიჯს გადავდგამდი და ოჯახს შევქმნიდი, ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ეს ოცნება ამეხდინა. მზადებას რაც შეეხება, ჩემს გონებაში, ყოველთვის თითოეული დეტალი და ნიუანსი გათვლილი მქონდა. როდესაც, ოჯახი შევქმენით ფაქტობრივად, იმ დღიდანვე დავიწყეთ ამ საკითზე სამზადისი. ფინანსურად, გვერდით მედგა მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩემი მეუღლე და მამა. რაც შეეხება დანარჩენ სხვა დეტალებს, თითქმის ყველაფერი, არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი დაგეგმილი დიზაინერთან ერთად. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რომ ყველა დეტალი, ყველასათვის ყოფილიყო სიურპრიზი და მთლიანად, ჩემს თავზე ავიღე ყველანაირი პასუხისმგებლობა.
ყველაზე მეტად, რაზე ინერვიულეთ ქორწილის მზადების დროს?
ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს ის, რომ სტუმრები, ყოფილიყვნენ ძალიან კმაყოფილები და ყველაფერს ჩაევლო მშვიდობიანად, რაც ნამდვილად ასე მოხდა. ასევე, რეალობად დამხვედროდა ყველაფერი, რაც ჩემს გონებაში მქონდა შექმნილი, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი, გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის, დიზაინერ, ქალბატონ ნათია გურეშიძეს.
რას ურჩევდით მომავალ პატარძლებს?
მომავალი პატარძლებისთვის, მხოლოდ ერთი რჩევა მაქვს, დაგეგმეთ ყველაფერი თქვენ, ისე როგორც თქვენს გულს უნდა, მაქსიმალურად, ნაკლები ადამიანები ჩარიეთ სამზადისში და მაქსიმალურად, ნაკლები აზრები მოისმინეთ, თქვენს ქორწილთან დაკავშირებით, სხვადასხვა ადამიანებისგან იმიტომ, რომ მხოლოდ, თქვენმა გულმა და გონებამ იცის, რაზე ოცნებობთ და როგორი წარმოგიდგენიათ, ცხოვრებაში თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე.
თქვენი აზრით, რა დეტალმა შესძინა ყველაზე დიდი ეფექტი თქვენს ქორწილს?
ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, იყო კაბა, გვირგვინი და ტორტი. ეს სამი, თუ ერთმანეთთან თანხვედრაში მოვიდოდა და თემატურად შეკრავდა ერთმანეთს, მათ ირგვლივ, უკვე მეცოდინებოდა, თუ როგორი ზღაპრის მსგავსი დიზაინი უნდა შეგვექმნა. აუცილებელი პირობა იყო ჩემთვის, კაბიდან დაწყებული, დიზაინით დამთავრებული, თემატიკიდან ამოვარდნილი, არ ყოფილიყო არცერთი დეტალი, მუსიკაც კი.
რამდენი სტუმარი გყავდათ?
ჩვენი ძალიან დიდი ოჯახიდან გამომდინარე და სამეგობროდან გამომდინარე, სტუმრების რაოდენობა, საკმაოდ ბევრს შეადგენდა, 400 კაცამდე. ფაქტობრივად, ჩვენი პირადი მეჯლისი გვქონდა.
რა აზრის ხართ, რომ ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია თქვენმა ქორწილმა.
ქუთაისი, პატარა ქალაქია. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ცნობადობაც მაქვს, ასევე სოცქსელში, ვარ საკმაოდ აქტიური და აქტიურად ვაზიარებ ჩემს ყოველდღიურობას. აქედან გამომდინარე, ვიცოდი, რომ ინტერესიც დიდი იყო ჩემი ქორწილის მიმართ, თუ როგორი გამოვიდოდა, მაგრამ მსგავს გამოხმაურებას და რეაქციებს, ნამდვილად არ მოველოდი. იყო უარყოფითიც, მაგრამ დადებითმა უფრო გადააჭარბა, რისთვისაც, უდიდეს მადლობას ვუხდი, ყველა ადამიანს, თითოეული თბილი სიტყვისთვის, დალოცვისთვის და კეთილი სურვილებისთვის.
ნეგატიური კომენტარების ავტორებს რას ეტყოდით და გწყინთ თუ არა?
უარყოფით კომენტარებს და გამოხმაურებებს რაც შეეხება, ფსიქოლოგიურად, თავიდანვე მზად ვიყავი იმისათვის, რომ ყველას მოსაწონი ვერ იქნებოდა და ვერ ვიქნებოდი, ეს ცხოვრებისეულია. რადგან, ყველა ადამიანი, არის ინდივიდი და ყველა პიროვნებას, აქვს საკუთარი პირადი ხედვა და გემოვნება. ჩემთვის მთავარი იყო, ჩემი სურვილების და ოცნების ახდენა. მაქსიმალურად, სადამდეც გამიშვებდა ფინანსური მდგომარეობა, მეუღლის და მამის ხელშეწყობით. უარყოფითი კომენტარების ავტორებს, კი ვუსურვებ, იპოვონ თავიანთი თავი ცხოვრებაში, იყვნენ შემდგარი და დამოუკიდებლები, რადგან შეძლონ, ყველა იმ მიზნის მიღწევა, რაც მათ გულებს სურთ. ვფიქრობ, რომ თუ ეს ასე იქნება, ბევრად მეტად დავაფასებთ ერთმანეთის შრომას, ბედნიერებას და წინსვლას. ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია, მაგრამ როცა ადამიანს არ იცნობ, არ იცი როგორია, როგორ მოვიდა აქამდე, რამდენი სიკეთე აქვს ნაკეთები და რამდენ გაჭირვებულს დახმარებია, ადგე და მისცე თავს უფლება, დათვალო მისი ნაშრომი და მისცე მითითება, თუ რა მიმართულება, უნდა მიეცა ამ ხარჯებისთვის. ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, ძალიან უსამართლოა და მიუღებელია. ამ ყველაფერს, იმიტომ გამოვყოფ, რომ უარყოფითი კომენტარების უმეტესობა, ხაზს უსვამდა ქველმოქმედების საკითხს.