პროექტ „ვინ ვინ არის“ ერთ–ერთი მონაწილე, კაბის კოსტიუმში, არც მეტი, არც ნაკლები – ნონა გაფრინდაშვილი აღმოჩნდა. მისი ამ შოუში გამოჩენა ყველასთვის დიდი და სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.
ნონა გაფრინდაშვილი: როცა ეს წინადადება შემომთავაზეს, მე თვითონაც შოკში ვიყავი. ასეთი რამ ვერაფრით წარმომედგინა, მაგრამ დამაინტერესეს. სპორტული ჟინი გამიჩნდა, რადგან მითხრეს, რომ თუ ნორმალურად ჩაწერა ვერ მოხერხდებოდა, ერთმანეთს მშვიდად დავცილდებოდით. ეს რომ მითხრეს, მერე მართლა დავინტერესდი, გამომივიდოდა თუ არა და გადავწყვიტე, თანხმობა მეთქვა.
– როგორი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს გარშემო ამ ყველაფერს?
– ყველა შოკშია, მაგრამ თან, ყველა ნასიამოვნებია იმით, რაც ნახეს.
– აქამდე უყურებდით ასეთ შოუებს?
– სხვათა შორის, ახლა მე მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც მსიამოვნებს. მომწონს ასეთი გასართობი პროგრამები და ვუყურებ. სპორტული გადაცემები მომწონს და ვუყურებ, ასევე, ვკითხულობ წიგნებს. სხვაში არაფერში არ ვერევი. ამხელა ცხოვრება გავიარე და მინდა, კიდევ ვიცოცხლო, ამიტომ უარყოფით ემოციებში ვერ გადავვარდები. როცა იმას აკეთებ, რაც სიამოვნებას განიჭებს, მაშინ წლები ნაკლებად გეტყობა.
– თუმცა, როგორც თქვით, ვერ წარმოიდგენდით, თუ ერთ დღეს ასეთი პროექტის ნაწილი გახდებოდით…
– ამას ვინ წარმოიდგენდა?! სხვათა შორის, ზუგდიდიდან დამირეკა ჩემმა ძმისშვილმა: როდესაც ჟიურიმ შენი ნანი ბრეგვაძესთან და ლანა ღოღობერიძესთან შედარება დაიწყო, ჩემმა გოგომ თქვა, აქ ხანდაზმულ ადამიანებზეა საუბარი და ნეტავ, ნონა ხომ არ ზის შიგნითო?! მართლა შენ რომ აღმოჩნდი, ყველანი შოკში ჩავვარდითო… ასეთი ინტუიცია, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ანალიზი გააკეთა და გამართლდა. ყველასთვის მოულოდნელი იყო ჩემი იქ ნახვა. მინიშნებებიც დამაბნევლად იყო სპორტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სპეციალურად. ბილიარდსა და პინგ-პონგს რომ მაგრად ვთამაშობდი, ყველამ იცოდა. ამ დროს ჩოგბურთსაც ვთამაშობდი, მაგრამ ისე მაგრად არა, როგორც ამ ორს. ამიტომ სპორტის ისეთი სახეობა უჩვენეს, რომელსაც ნაკლებად ვახსენებდი – ჩოგბურთი. ლანა ღოღობერიძეც იმიტომ დაასახელეს ექსპერტებმა, რომ თურმე, ვარჯიშობს ამ სპორტში.
– ფიზიკურად არ გაგიჭირდათ? თქვენი სასცენო კოსტიუმი ძალიან დიდი იყო და ალბათ, ჰაერიც არ იყო შიგნით…
– როგორ არა, დიდი სივრცე იყო. ტყუილად კი არ იძახდნენ, მგონი, ორი თუ სამი ადამიანი არის შიგნითო. ფაქტი იყო, რომ გემრიელად ვიჯექი სავარძელში და ძალიან მშვენივრად ვგრძნობდი თავს. არც სუნთქვა გამჭირვებია. უნდა გენახათ, როგორ ვიცინოდი, როცა დეტექტივებს ვუსმენდი. გეუბნებით, მე ასე გემრიელად ჩემს სიცოცხლეში არ მიცინია.
– ემოციები ასე მსოფლიოს ჩემპიონობის დროსაც კი არ გამომიხატავსო, თქვით…
– მართლა ასეა. სხვათა შორის, მე ძალიან მშვიდად ვიგებდი მსოფლიო ჩემპიონატს. პირველად რომ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი, მაშინაც კი არ მიყვირია, ძალიან სოლიდურად მივიღე, მაგრამ აქ სოლიდურობა არ გამომივიდა.
დეტექტივები რომ ანალიზს აკეთებდნენ, ამაზე მეცინებოდა. ეს რომ არ ყოფილიყო, შოკირებული მაინც ვიქნებოდი ამ ყველაფრით, მაგრამ სიმშვიდეს მეტად შევინარჩუნებდი. მე ჯერ კიდევ „კაბაში“რომ ვიჯექი, იქ ვკვდებოდი სიცილით. გარეთ რომ გამოვედი, წელში მოხრილი ვიყავი და ისე მეცინებოდა, გასწორებას ვერ ვახერხებდი. ჩემს თავს ეკრანზე რომ ვუყურებდი, მაშინაც ვხარხარებდი. იმდენად დადებითი ემოციები მივიღე ამ შოუში, რომ ვერ გეტყვით… მართლა ძალიან დიდი მადლობა ჯგუფს, რომელიც ამ გასართობ პროგრამაზე მუშაობს. თვითონ წარმოიდგინეთ, რა შრომის ფასად ხდება ეს ყველაფერი. პატარა ჭანჭიკიც რომ მოიშალოს, ასეთი შედეგი აღარ იქნება. ყველას და ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს. ძალიან დიდი ჯგუფია და მუხლჩაუხრელად მუშაობენ. მე ეკრანზე ყველაფრის ყურება მიყვარს, რაც ჩემში კარგ ემოციებს იწვევს. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც ამ საქმეში მონაწილეობას იღებს.
ზუსტად მოარტყეს მიზანში, როცა მითხრეს, არაფერი გაფუჭდება, ჩაწერა ვცადოთ, თუ არ გამოგვივა, გავჩერდებით და მშვიდად დავემშვიდობებით ერთმანეთს, ხმას არ ამოვიღებთ, არ შეგარცხვენთო. ეს რომ არ ეთქვათ, არ დავთანხმდებოდი. ერთი წუთითაც არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას. პირიქით, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი.
– სიმღერასთან ოდესმე გქონიათ შეხება?
– არასდროს მიმღერია. ცეკვით კი – ევროპულ ცეკვებს ვცეკვავდი და მშვენიერი რიტმის შეგრძნება მქონდა. მართალია, პროფესიონალურად არ ვცეკვავდი, მაგრამ ჩემს ძმებთან ერთად, კარგად გამომდიოდა.
– თქვენთვის ღიღინი გიყვართ?
– ხანდახან წავიღიღინებ ხოლმე და როცა კარგ სიმღერას ვუსმენ, ფეხი პირდაპირ თამაშს იწყებს. გულით ვუყურებ და ვუსმენ, მიყვარს სიმღერა და ცეკვა. თუმცა, ერთია, რომ გიყვარს, მაგრამ არ მღერი.
– კიდევ მიიღებდით მსგავს შოუში მონაწილეობას?
– ბევრი შოუა, მაგრამ ახლა კუნძულზე ვერავინ წამიყვანს. არც მწერები მიყვარს და არც ცურვა ვიცი. ლეიბით შევდიოდი ხოლმე ზღვაში. არ მეშინოდა, მშვიდად გავწვებოდი, შორს გავიდოდი ნაპირიდან, ცოტა ხანს გავჩერდებოდი, მერე გამოვიდოდი და ბილიარდს ან პინგ-პონგს ვთამაშობდი. რა ვიცი, ცურვის სწავლა არასდროს მომინდომებია. ამიტომ ასეთ პროექტში ვერავინ შემიყვანს. ცეკვას რაც შეეხება, რაღა დროს ჩემი ცეკვაა, 83 წლის ვარ. არც ჟიურიში გამოვდგები. ერთია რომ ცეკვა მიყვარს, მაგრამ როცა ჟიურიში ხარ, პროფესიონალური განმარტებების გაკეთება უნდა შეგეძლოს. ამას ცოდნა სჭირდება. მე მშვენივრად ვგრძნობ, როდის ცეკვავენ კარგად, მაგრამ ეს ერთია და ყველაფრისთვის საკუთარი სახელის დარქმევა და პროფესიონალურად შეფასება რომ შეგიძლია, ეს – მეორე. მუმიასავით ხომ არ დაჯდები ჟიურიში, ამიტომ ასეთ რამეზე არც ვფიქრობ.
– თქვენმა ოჯახმა იცოდა თქვენი ამ პროექტში მონაწილეობის შესახებ?
– მხოლოდ რძალმა იცოდა. მას დაავალეს ჩემთვის ამის თქმა და როცა თანხმობა განვაცხადე, მასაც მოაწერინეს ხელი საბუთზე, რომლის თანახმადაც ამ ინფორმაციას არსად გააჟღერებდა. როდესაც მან პირველად მითხრა, ამ შემოთავაზების შესახებ, ასე დაიწყო: ახლა არ „ავარდე“, წყნარად მომისმინე, რას გეტყვიო… და მერე ეს რომ მითხრა, მართლა შოკში ჩავვარდი. რა-მეთქი? გამიმეორა და კიდევ იგივე ვკითხე. მერე ვუთხარი, შენ როგორ წარმოგიდგენია ჩემი სიმღერა-მეთქი?! პროდიუსერს დაურეკა, უარს ამბობსო, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, პროდიუსერი ისე მელაპარაკა, რომ დავთანხმდი. თუმცა, ეს ყველაფერი არავინ იცოდა, გასაიდუმლოებული იყო. ამაზე ხელი მქონდა მოწერილი. თუ წინასწარ ყველა ყველაფერს გაიგებდა, რაღა შოუ გამოვიდოდა?! ვინაობა რომ არავის გაეგო, მანქანა სახლთან კი არ მაკითხავდა, გვერდით ქუჩაზე მელოდნენ ხოლმე. მერე თავზე ანაფორასავით რაღაცას ჩამომაცვამდნენ და მეც ჩუმად ვიჯექი, რაც არ უნდა მომხდარიყო, ხმას არ ვიღებდი.
ჟიური ნანი ბრეგვაძეს, ლანა ღოღობერიძეს, ნინო სურგულაძეს მადარებდა. მერე მკითხეს, ხომ არ გეწყინა ნიღაბი რომ მოგხსნესო?! რა მნიშვნელობა აქვს როდის მომხსნიდნენ ნიღაბს, მე ხომ არ ვარ ამ საქმეში პროფესიონალი?! ისიც გასაკვირია, რაც მოვახერხე და გავაკეთე. რას ჰქვია, მეწყინა, რა უნდა მწყენოდა?! ასეთ ადამიანებს შემადარეს და ამაზე დიდი სიამოვნება რა უნდა იყოს?! აქ მიღებულმა ემოციებმა ყველაფერს გადააჭარბა. ამიტომ ჩემს თავსაც მადლობას ვეუბნები, რომ ამ წინადადებას დავთანხმდი და მათაც, ვინც შემომთავაზა.