მხატვარ ანი მაღლაკელიძისა და მისი მეუღლის, ცნობილი ექსპერტის, ასოციაცია „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების“ ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილის, ოჯახური ცხოვრება უკვე 14 წელს ითვლის. წყვილი ხასიათებით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია და სწორედ ამ განსხვავებულობას მიიჩნევენ თავიანთ ოჯახურ ცხოვრებაში ყველაზე საინტერესოდ.
დავითი მხატვარ მეუღლეს ყველანაირ გარემოს უქმნის იმისათვის, რომ შემოქმედებითად განვითარდეს. მომავალში თვითონაც აპირებს, ფუნჯს ხელი მოკიდოს და თავისი წარმოსახვები ტილოზე გადმოიტანოს, თუმცა ჯერ ამის დრო არ აქვს. სამაგიეროდ, სახლში მეუღლის დახატული ,,პატარა დიდების” უამრავი ნახატით ტკბება.
წყვილს ერთი შვილი ჰყავთ – 12 წლის გიორგი, რომელიც სპორტით არის გატაცებული. თუ როგორია მათი ოჯახური ცხოვრების დეტალები, ამას „სარკის“ ინტერვიუდან შეიტყობთ.
_ როგორ შეაფასებდით იმ გზას, რომელიც თქვენმა ოჯახმა დღემდე გამოიარა?
დავითი: აგვისტოში ჩვენს ოჯახს 14 წელი შეუსრულდება. ამ 14-მა წელმა ძალიან სწრაფად გაირბინა. როდესაც ოჯახში ყველაფერი კარგად არის, ტკბილად და კომფორტულად ხარ, ალბათ დროც სწრაფად გადის. ჩვენს ურთიერთობაში ყველა ეტაპი გავიარეთ, იყო ურთიერთშეწყობის პერიოდები. ახლა კი ყველაფერი მშვიდად და ბედნიერად არის.
ანი: ჩემთვის ეს 14 წელი ძალიან საინტერესო იყო. მეც არ მჯერა ხანდახან, რომ უკვე ამდენი წლის ისტორია გვაქვს. ბედნიერები ვართ, თუმცა არც ერთი ვართ მარტივი ადამიანი და სულ იდეალური პერიოდი არ ყოფილა, ამიტომაც არის ჩვენი თანაცხოვრება საინტერესო. მიმაჩნია, რომ კარგ და მყარ ოჯახს სჭირდება შრომა და ამ შრომაში ორივე ვართ ჩართული.
_ აღნიშნეთ, რომ რთული ადამიანები ხართ. რა იგულისხმეთ?
ანი: ახლა გამახსენდა ერთი ჩვენი საერთო მეზობლის შეფასება, რომელიც ორივეს კარგად გვიცნობდა ცალ-ცალკე და როდესაც გაიგო ჩვენი სიყვარულის ამბავი, გაუკვირდა. ჩვენი ხასიათების გამო ერთმანეთთან ვერ დაგვაკავშირა. ძალიან განსხვავებული ტიპები ვართ, თუმცა წლებთან ერთად რაღაცებში დავემსგავსეთ ერთმანეთს, გარკვეულწილად ერთნაირი უნარ-ჩვევებიც გამოგვიმუშავდა, ინტერესებიც ერთნაირი ჩამოგვიყალიბდა.
ერთმანეთისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, თუმცა ტიპაჟურად მაინც განსხვავებულები ვართ. ალბათ ასე უფრო საინტერესოა თანაცხოვრება. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს ისეთ ასაკში შევხვდით, როდესაც ორივენი დაღვინებულები ვიყავით. თვითონ დათო ძალიან საიმედო ადამიანია. მისი ჭკუა-გონება და კეთილსინდისიერება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. აფასებს ოჯახურ ურთიერთობებს. გენეტიკურად აქვს ეს თვისება, მის მშობლებსაც ძალიან მყარი და ბედნიერი ოჯახი აქვთ. მისი ძმაც კარგი მეოჯახეა.
ოჯახური ცხოვრება ჭადრაკს ჰგავს, სადაც ადამიანებმა გააზრებული და ჭკვიანური ნაბიჯები უნდა გადადგან. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ჩვენი ყოველდღიურობა უინტერესო არ არის. ერთმანეთისთვის საინტერესო ადამიანები ვართ და ეს ამდიდრებს ურთიერთობას.
დავითი: ბევრი წყვილი განიცდის იმას, ერთნაირები არ ვართო. ხშირად და-ძმებიც კი არ არიან ერთნაირი ხასიათების, ამიტომ არც უნდა იყოს ეს მოთხოვნა. არ მესმის, რატომ უნდა ვიყოთ ერთნაირები. ვფიქრობ, ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი არ იქნებოდა ჩვენი ურთიერთობა. როდესაც გვერდით შენგან განსხვავებული ადამიანი გყავს, უფრო ადვილად იზრდები.
ჩვენმა ურთიერთობამ მეც ძალიან გამზარდა. წარმოიდგინეთ, ჩემ გვერდით რომ ყოფილიყო ზუსტად ჩემნაირი ხასიათის გოგო, ზუსტად ჩემნაირი ინტერესები რომ ჰქონოდა, ჩემნაირად ელაპარაკა, ვიქნებოდით ძალიან მოსაწყენი წყვილი. ის, რომ ანი არის განსხვავებული, მისი სიმდიდრე და უნიკალურობაა. ხელოვნება ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ანისთან თანაცხოვრების დროს სხვანაირად შემიყვარდა. თვითონ ალამაზებს ჩვენს ოჯახს და მისი ნახატები უფრო მეტად ამშვენებს აქაურობას.
_ დავით, ხელოვანს ხომ განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდება ახლობლებისგან. როგორ შეძელით, მხატვარი ცოლისთვის შეგექმნათ ის სივრცე, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობდა და ფანტაზიას გასაქანს მისცემდა?
დავითი: პირველ რიგში, მე შევიკეტე პატარა ოთახში და მთელი სახლი დავუთმე ანის. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. მთავარია, ის, რასაც ანი აკეთებს, მეც ძალიან მიყვარს. საჩუქარია ის ყველაფერი ჩემთვის, რასაც აკეთებს. ის, რომ გვერდით ასეთი ხელოვანი ადამიანი ცხოვრობს, ჩემთგან არანაირ მსხვერპლს არ მოითხოვს.
_ რა თავისებურებები აქვს ხელოვან ცოლს?
დავითი: ძალიან პრინციპული და ემოციურია.
ანი: კი, ნამდვილად, თუმცა დათო მასწავლის, რომ ემოციებს ძალიან არ უნდა ავყვე.
დავითი: ყოველთვის ვეუბნები, თუ ვინმეს მხრიდან უარყოფით ემოციას აყევი და აფეთქდი, ეს იმ ადამიანის გამარჯვებაა, ამიტომ ხშირად ვეუბნები, რომ ასეთ სიტუაციაში ინგორირება კარგი ვარიანტია. მე, პირადად, როდესაც სადღაც ვიღაც არ მაფასებს, ან ცდილობს, ჩემს ემოციებზე ითამაშოს, უბრალოდ, სიტუაციიდან გასვლას ვამჯობინებ.
_ თუმცა სატელევიზიო დებატებში თუ საჯარო გამოსვლებში თქვენც საკმაოდ ემოციურიგვახსოვხართ.
დავითი: კარგი აქცენტია ნამდვილად. ალბათ ყველაფერზე ასაკიც მოქმედებს. როგორც ადრე ვფიქრობდი, ახლა ისე აღარ ვფიქრობ. 3 წლის შემდეგ შეიძლება კიდევ უფრო სხვანაირი ვიყო. ღმერთმა დამიფაროს, ყველა ეტაპზე ერთნაირად ვფიქრობდე. ანიში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ძალიან მიზანდასახულია. ერთია, მას ეს ნიჭი საიდანაც ებოძა, მაგრამ მეორეა, ამ ყველაფერს სიყვარულით აკეთებს.
_ როგორია ანი, როცა მუშაობს?
შევთავაზე კიდეც, სახელოსნო გაეკეთებინა, სადაც ადამიანებს დაიხმარებს და ასე უფრო მეტ ნახატს შექმნის, მაგრამ თვითონ არ უნდა. მას სურს, რომ ნახატები თავიდან ბოლომდე მისი ფერწერით და გემოვნებით იყოს გაკეთებული.
_ თქვენ ფუნჯი და ტილო ვერ შეგაყვარათ?
ანი: სხვათა შორის, ბევრჯერ შევთავაზე, დაგახატინებ-მეთქი, რადგან ვიცი, ძალიან ნიჭიერი ადამიანია და ბავშვობაში ხატავდა კიდეც.
დავითი: ოდესმე ალბათ მეც ავიღებ ფუნჯს ხელში, ჯერ სხვა რაღაცები მაქვს ოჯახში საფიქრალი. როდესაც ამ სახლში გადმოვდიოდით საცხოვრებლად, ასეთი ინტენსიობით არ იყო ჩართული ნახატებში. მახსოვს, ამბობდა, ყველა კედელზე, ყველა კუთხე-კუნჭულში უნდა იყოს ნახატებიო. მაშინ მეც ვერ წარმოვიდგინე, რადგან არც ერთ სახლში არ მქონდა ნანახი, რომ კედლებზე სულ ნახატები ყოფილიყო, მაგრამ დღეს ჩვენი სახლი სწორედ ასე გამოიყურება. ხშირად ვხუმრობ, თუ ასე აპირებდი, რემონტსა და შპალერში ფული რატომ დავხარჯე-მეთქი.
ანი: როგორც ჩვეულებრივი ქალი და დიასახლისი, ისე ვზრუნავ ოჯახზე. მეუღლესა და შვილზე წინ საქმეს ვერ დავაყენებ. ჯერ ადამიანები არსებობენ, პირველ რიგში, ჩემთვის და შემდეგ არსებობს ჩემი საქმე. ვთვლი, რომ ჩემი მხატვრობით ოჯახში არავინ ზარალდება. შეიძლება უფრო შემოქმედებითობას აკლდებოდეს რაღაცები, მაგრამ ეს ჩემი არჩევანია.
დავითი: ანი ყველაფერს საუკეთესოდ აბალანსებს. მისგან უყურადღებობა და დროის დეფიციტი არც ოჯახში იგრძნობა და არც სამეგობროში. ვცდილობ, განწყობა ყოველთვის შევუქმნა ისეთი, რომ თავისი საქმე აკეთოს.
ანი: დათოს იუმორის გრძნობა ძალიან მიყვარს და ბევრ რამეში მეხმარება. ვერ წარმომიდგენია, დღემ ისე გაიაროს, რაღაცაზე არ გამაცინოს, კარგ განწყობაზე არ დამაყენოს.
დავითი: ამაში მეხმარება ჩემი სტუდენტობის გამოცდილება, როდესაც თსუ-ში `მხიარულ და საზრიანთა კლუბში~ ვთამაშობდი. ეს სპონტანური იუმორი ძალიან გვეხმარება ოჯახში. სხვათა შორის, ეს ბევრ რამეში გამომადგა ადამიანებთან ურთიერთობაშიც, საჯარო გამოსვლებშიც.
_ დავით, რთული ხომ არ არის თქვენთვის ცოლის გაკვირვება და აღფრთოვანება რომანტიკული სიურპრიზებით? თუნდაც ყვავილებით, რომლებსაც ანი თავად ასე ლამაზად ხატავს?
მოგზაურობისას ყოველთვის ისე ვახერხებთ, რომ ორივეს ინტერესი იყოს გათვალისწინებული. როცა უცხო ქვეყანაში მივდივართ, რა თქმა უნდა, შემოვივლით ხელოვნების მუზეუმებს, საიდანაც მეც დიდ სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ შემდეგ ჩემს ინტერესებზეც გადავერთვებით ხოლმე, ეს იქნება მეცნიერების მუზეუმი, ტრანსპორტის მუზეუმი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუზეუმები, მეტრო, მანქანების გამოფენები.
რაც შეეხება რომანტიკას, ეს ჩემში დიდად არ ზის. სულ იმას ვფიქრობ, რაღაცა გადამეტებული ან ხელოვნური არ იყოს, თუმცა არაერთი რომანტიკული სიურპრიზი გამიკეთებია, უფრო მეტად მოგზაურობისას. სხვათა შორის, თუ დაფიქრებულხართ, საზღვარგარეთ ყველანაირი რომანტიკული გარემო ქალაქის მთავარი მდინარის გარშემო იშლება. ჩვენთან კი მტკვარს ეს ფუნქცია დაკარგული აქვს, არადა ჩვენს ქალაქს დიდი პოტენციალი აქვს, რომ მტკვრის გარშემო ბევრი რომანტიკული სივრცე შეიქმნას.
_ რა არის მთავარი, რომ სიყვარულის ის ნაპერწკალი, რომელიც ურთიერთობის დასაწყისში ჩნდება, წლების შემდეგ შეინარჩუნო?
დავითი: სხვათა შორის, მეც ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, რომ ადამიანები დიდ დროს ვუთმობთ ჩვენს საქმიანობას. ცხოვრება ხანდახან ისეთი რუტინულია, შეიძლება დრო აღარ გრჩებოდეს სიყვარულისთვის და რომანტიკისთვის.
ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ, მეტ დროს ვუთმობდე ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. ალბათ რაც შუახნის ასაკში შევედი, უფრო მეტად დავაფასე ეს ურთიერთობები. პანდემიის შემდეგ ბევრმა რამემ დამაფიქრა და ეს ერთ-ერთი იყო მათ შორის. სულ ვცდილობ, მეტი დრო გამოვნახო ოჯახისთვის, წავიდეთ კინოში, თეატრში, ბევრი ვიმოგზაუროთ. ჩემი ფიქრების ძირითადი ნაწილი ოჯახის გარეთაც ოჯახია.
განსაკუთრებით მიჭირს ხოლმე ხანგრძლივად მივლინებაში წასვლა, მაგრამ ამ დროს ანისგან ძალიან დიდი ხელშეწყობა მაქვს. მაგალითად, პოლონეთში სტაჟირება მქონდა ორ თვეზე მეტი და ანი ძალიან გაგებით მოეკიდა. პირდაპირ მითხრა, ასეთი საშუალებები ადამიანებს ხშირად არ ეძლევა და ხელიდან არ უნდა გაუშვაო.
ანი: ნებისმიერ ოჯახში არსებობს სირთულეები და სიმძიმეები, რომლებიც გარეთ არ ჩანს. ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი პრობლემები ოჯახიდან არ გავიტანოთ და არც მშობლებს დავანახოთ, ამიტომაც გარედან ყოველთვის შეიძლება ჩანდეს, რომ ყველაფერი კარგად არის. მყარი ოჯახის საფუძველი სწორედ ის არის, როდესაც ორი ადამიანი წყვეტს და ებრძვის წარმოქმნილ პრობლემებს.
_ რას ხედავთ თქვენს შვილში, რა ჩადეთ მისი აღზრდის პროცესში და რა მიიღეთ თქვენ?
ანი: ჩვენი შვილის ფანია დავითი. მგონია, ჩვენი შვილი უშეცდომო და უნაკლოა. მართლაც ძალიან მაგარი ბიჭია. მშობლებისგან განსხვავებით, გიორგი დაიბადა თავისუფალ საქართველოში და მომწონს თავისუფალ საქართველოში დაბადებული თაობის ხედვები და მისწრაფებები.
ახლა ფეხბურთით არის გატაცებული, ჯერ მხოლოდ 12 წლის არის და ალბათ უფრო მომავალში ჩამოყალიბდება, რა მიმართულებით განვითარდება. რაც მთავარია, კარგი და ზრდილობიანი ბიჭია. დარწმუნებული ვარ, ჩვენხელა რომ იქნება, ის აუცილებლად იცხოვრებს საქართველოში, რომელიც ევროკავშირის წევრი იქნება. ექნება ღირსეული სამსახური, ღირსეული ანაზღაურებით. ამის ისე მჯერა, სხვა ვარიანტს არც განვიხილავ.
_ თქვენი სიბერის ტკბილი წლები როგორ წარმოგიდგენიათ?
დავითი: იაპონელი პენსიონერებივით, ფოტოაპარატებით რომ მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო. იმედია, ჩვენ-ჩვენი დაგროვებითი პენსიით ამას მოვახერხებთ. სხვათა შორის, ძალიან მიზიდავს ქალაქგარეთ კერძო სახლში ცხოვრების იდეაც. ხმაურისგან გარიდება კარგი იდეაა, თანაც ანის ძალიან უყვარს ყვავილები და წარმოვიდგინე, ჩვენს ეზოში როგორი სილამაზე იქნება. ალბათ ამ იდეასაც განვახორციელებთ, როდესაც ამის დრო დადგება.
”სარკე”