მამა-შვილი ნიკოლოზ და შორენა გოგიშვილები მთელი ცხოვრებაა, ხელოვნების სამსახურში არიან. შორენა ხატმწერი და მხატვარი გახლავთ, ბატონო ნიკოლოზი კი ჭედური ხელოვნების ოსტატი და მეიარაღეა.
შორენა გოგიშვილი: მამა, ნიკოლოზ (ომარ) გოგიშვილი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ჭედური ხელოვნების ოსტატი და მეიარაღეა. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში, ხისა და ლითონის გამოყენებით ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.
ძალიან პატარაობიდანვე, როცა მამა მუშაობდა, ყოველთვის გვერდით ვეჯექი. ვუყურებდი, რას და როგორ აკეთებდა და ვსწავლობდი. მე ჩემი პატარა ჩაქუჩი მქონდა და საქმიანად ვაკაკუნებდი (იცინის). გამომდინარე იქიდან, რომ მამას სახელოსნო სახლში ჰქონდა, მე და ჩემმა ძმებმა მართლა მთელი ბავშვობა მის გვერდით, მისი მუშაობის ცქერაში გავიტარეთ. ამას ემატებოდა ისიც, რომ მამა ძალიან კონტაქტური და მეგობრული იყო, აქედან გამომდინარე, ბევრი მხატვარი გვსტუმრობდა ხოლმე და ჩვენს ოჯახში მუდმივად ისეთი გარემო გვქონდა, წარმოუდგენელი იყო მე სხვა პროფესია ამერჩია.
– რაზე მუშაობდა მამა და თქვენ რას გასწავლიდათ?
ჩვენ წარმომავლობით მთიდან ვართ და მამა ჭედურ ნამუშევრებში ყოველთვის ხევსურულ ელემენტებს იყენებდა. იქნებოდა ეს ხმლები, ფარი, სატევრები თუ სხვა რამ, ყველაფერს ძველი სტილით ქმნიდა.
– თქვენ როგორ აირჩიეთ მიმართულება ხელოვნებაში?
ინტერესი დიდი მქონდა, რადგან მომწონდა, რასაც მამა აკეთებდა და მინდოდა, მეც იგივე მეკეთებინა. მისი მიმართულება, ანუ ჭედური ხელოვნება, უფრო უხეში იყო. იარაღი, თითქოს, უფრო კაცის საქმეა და ამ მიმართულებით მუშაობა ჩემმა ძმამ განაგრძო. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელი არ დაუმთავრებია არაჩვეულებრივ ნამუშევრებს ქმნის, ეტყობა, ნიჭი გენეტიკურად დაჰყვა.
რადგან მე ხატვა მიყვარდა, ეს მიმართულება ავირჩიე და მინდოდა, აკადემიაში ჩამებარებინა. აქცენტი ფერწერაზე მქონდა. 1991 წელს ჩავაბარე აკადემიაში და იმ წელს, პირველად დაუშვეს ხატწერის ფაკულტეტი. მახსოვს, როგორ დავდიოდით სტუდენტები პატრიარქთან შესაბამისი ნებართვის მოსაპოვებლად, რომ ეს ფაკულტეტი დაეშვათ და ჩვენი ვიყავით პირველი გამოშვების სტუდენტები, ვინც ხატწერა შევისწავლეთ.
– ალბათ, ამ თემაზე მუშაობას ემოციურადაც სხვა დატვირთვა აქვს.
– დიახ, ხატწერა საერთოდ სხვა სამყაროა, სხვა ემოციაა. როცა ხატზე იწყებ მუშაობას, მაშინ უბრალო მხატვარი არ ხარ, რადგან სიწმიდესთან გაქვს საქმე. მოგეხსენებათ, კომუნისტების დროს ეკლესიები საწყობებად ჰქონდათ გადაკეთებული. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, მამამ, ჩვენი სოფელის ეკლესიაში, ძირს დაყრილი ძალიან ძველი ხატები იპოვა, ჭუჭყი მოაშორა და სახლში მოიტანა, რომ გადაერჩინა. დაახლოებით, მე-18, მე-19 საუკუნის ხატები იყო. ეს ორი ხატი ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის გახდა და ძალიან მინდოდა, მათი აღდგენა შემძლებოდა. აკადემიაში სწავლის შედეგად მართლაც აღვადგინე ეს ხატები და ველოდი, როდის აღადგენდნენ ეკლესიას, საიდანაც მამამ ეს ხატები წამოიღო. ერთ დღესაც მივედი და ეკლესია აღდგენილი და დამშვენებული დამხვდა. მე იქ ჩემ მიერ რესტავრირებული ხატები მივაბრძანე, ისინი საკუთარ ადგილს დაუბრუნდნენ და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.
– ერთი პერიოდი ყველაფერი შეჩერებული იყო, მაგრამ პანდემიის დროს, ბევრი მხატვარი გააქტიურდა, ზოგმა, საერთოდ, ამ დროს დაიწყო ხატვა. მე ფერწერაში დავიწყე უფრო სერიოზულად მუშაობა. ჩემმა მეგობრებმა გამოფენებში მონაწილეობის მიღება შემომთავაზეს. აქამდე ამასთან შეხება არ მქონია. ერთ გამოფენას მეორე მოჰყვა, ბევრი მხატვარი გავიცანი და მოტივაციაც გამეზარდა. ასე, ინერციით მოვდივარ დღემდე და ვეღარ ვჩერდები. მინდა, ფერწერაში მეტი და მეტი ვაკეთო. საერთოდ, ხატვას გაჩერება არ უყვარს. თუ სულ არ იმუშავე, ვერ განვითარდები. ამიტომ სულ ექსპერიმენტებში ვარ, ასევე, მუდმივ კონტაქტში ჩემი პროფესიის წარმომადგენლებთან. რაც უფრო ახლოს ვარ მხატვრებთან, რაც უფრო ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებასა და აზრებს, მით უფრო მეტი მოტივაცია მეძლევა. ეს მუდმივი სწავლის პროცესს ნიშნავს. როგორც კი შეჩერდები, გაიყინები. თუ რამე არ გამოდის, არ უნდა შეგეშინდეს. მე მოსწავლეები მყავს და მათაც სულ ვეუბნები, სჯობს, ასჯერ გაგიფუჭდეს ნამუშევარი, ვიდრე შეჩერდე. ვერ განვითარდები, თუ შეცდომა არ დაუშვი. შეცდომებით იზრდები და სწავლობ ხატვას. რაც მეტს წვალობ, მით უფრო მეტს სწავლობ. გამოფენებზე ერთმანეთის ნამუშევრებიდანაც ძალიან ბევრს ვსწავლობთ.
– მამა – როგორც შემფასებელი…
– ძალიან კრიტიკულია. როცა ვხატავ, პატივს სცემს მუშაობის პროცესს და ელოდება, როდის დავასრულებ. როცა კონკრეტულ შედეგამდე მივალ, მერე აუცილებლად ვეკითხები აზრს. უფლებას ვაძლევ, ბოლომდე კრიტიკული იყოს და ყველა შეცდომა, რომელსაც მისწორებს, ასპროცენტიანია. ამიტომ, ყველას ვითვალისწინებ. როცა ნამუშევარი გამოფენაზე გამაქვს, მშვიდად ვარ, რადგან ჩემმა მთავარმა კრიტიკოსმა უკვე შემისწორა.