გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალგაზრდა ქალის, მაყვალა გორგაძის ფოტოს აქვეყნებს და წერს რომ მან 39 წლის ასაკში აიღო ატესტატი და წელს გამოცდებს პირველად აბარებს.
გამოცდების ოფიციალური გვერდი ასევე საზოგადოებას უზიარებს წერილს, რომელიც მაყვალა გორგაძეს ეკუთვნის.
“ეს აბიტურიენტი 3 შვილის დედა მაყვალა გორგაძეა.
📄ატესტატი შარშან 39 წლის ასაკში აიღო და წელს პირველად აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს ხულოს საგამოცდო ცენტრში.
“ხულოში დავიბადე და გავიზარდე, 16 წელი – დაქორწინებამდე აქ ვცხოვრობდი. ჩემთვის ეს ადგილი მშობლიურია და ხულოს საგამოცდო ცენტრის არჩევაც სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. ისე ბათუმში ვცხოვრობ და გამოცდების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, ბათუმის უნივერსიტეტში ვგეგმავ ფსიქოლოგიის შესწავლას. ვფიქრობ, ეს პროფესია ხალხთან ურთიერთობაში ძალიან გამომადგება. ახლა პროფესიით ბუღალტერი ვარ. 22 წლის ვიყავი პირველად საბუღალტრო კურსები რომ გავიარე. მას შემდეგ სულ რაღაცას ვსწავლობ და ვიღრმავებ ცოდნას. წლის განმავლობაში, დაახლოებით 80-ამდე მოსწავლე მყავს. მინდა იცოდეთ, რომ მზად ვარ, ყველა მსურველს განსაკუთრებით გოგონებს და ქალბატონებს უსასყიდლოდ შევასწავლო ჩემი პროფესია. მიუხედავად იმისა, რომ რეალიზებული ვარ და თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, მაინც გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რაც ადრე ვერ შევძელი – 39 წლის ასაკში ექსტერნად დავამთავრე სკოლა და ახლა გამოცდებს ვაბარებ უმაღლესი განათლების მისაღებად.
ჩემი მეუღლე მზარეულია, უფროსი ვაჟი ავტომობილების ხელოსანი, შუათანა კი მომავალ წელს აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს და სავარაუდოდ საერთაშორისო სამართლის მიმართულებას აირჩევს. ნაბოლარა მხოლოდ 5 წლისაა და ძალიან ხალისობს იმაზე, რომ დედამისი შარშან მოსწავლე იყო, წელს კი სტუდენტობას გეგმავს“, – წერს გამოცდების ეროვნული ცენტრი.