ყველასთვის საყვარელი მსახიობის, ზანდა იოსელიანის ცხოვრების გზა ძალიან საინტერესოა.
ზანდა იოსელიანი (რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ბაღდათის საპატიო მოქალაქე, ილია ჭავჭავაძისა და ვლადიმერ მაიაკოვსკის მხატვრული კითხვის ლაურეატი): მაშინ, როდესაც ჩემი ამქვეყნად მოვლინების დრო მოახლოებულა, ჩემი უფროსი ძმა ბიძაჩვენს დასასვენებლად წაუყვანია სურამში. დედაჩვენისთვის, ფეხმძიმე ქალისთვის საზრუნავი მოურიდებიათ, მაგრამ მალე დედას შვილი ძალიან მონატრებია და ექიმის ნებართვით, მის სანახავად წასულა. გზას თავისი უქნია – როგორც კი მატარებელი სურამში ჩასულა, დედას ჩემი ძმა და ოჯახის წევრები კი დაუნახავს, მაგრამ მოსიყვარულებაც კი ვერ მოუსწრია, რადგან მაშინვე სამშობიარო ტკივილები დასწყებია – ასე დავიბადე სურამში.
ახალდაბადებულს, ჩემი პაწაწინა ნეკი გამომიკრავს ექიმის საათის სამაჯურისთვის, რომელსაც დაბლა მოუდენია ზღართანი. ექიმს უთქვამს, აქედანვე რა დღეშია ეს პატარა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ამ ბავშვსო (იცინის).
ოჯახმა გარკვეული დრო სურამში გავატარეთ. ცოტა რომ წამოვიზარდე, ცხვირზე ჭორფლი მქონდა და „ჭორფლიან სურამელას“ მეძახდნენ (იცინის). შემდეგ თბილისში, ჩუღურეთში ვცხოვრობდით. მაშინ დაიწყო ომი. მახსოვს, ეზოში ბავშვი მორბოდა და ყვიროდა: „ომი დაიწყოო“. ამას ისეთი ემოციით აკეთებდა, მეგონა, კარგი ამბის მახარებელი იყო. მეც გამოვიქეცი და ჩემს მშობლებს ვახარე ყვირილით, ომი დაიწყო-მეთქი. დედა მოვიდა, ძალიან მშვიდად ხელი მომხვია და მითხრა, დედა, ეს ძალიან ცუდი ამბავიაო.
ერთხელაც, ჩვენგან ცოტა მოშორებით მატარებლის ვაგონებსა და სამხედროების ქუდებს მოვკარი თვალი. მივხვდი, რომ იქ რაღაც ხდებოდა, მაგრამ არაფერი ვთქვი, ვიცოდი, რომ დედა მათთან მისვლის უფლებას არ მომცემდა. მაშინ, ყველაზე მეტი, ხუთი წლის ვიქნებოდი. ჩემი ოჯახიდან სამი ბიძა იყო წასული ჯარში. ვფიქრობდი, იქნებ, რომელიმე მათგანი ამ სამხედროებთან ერთად არის-მეთქი. ამიტომ, ჩუმად წავედი. გზა ძალიან გრძელი გამოდგა, მაგრამ როგორც იქნა, მივაღწიე სამხედროებამდე. მივედი, მივესალმე, ბიძაჩემების სახელები ვუთხარი, თქვენსავით ისინიც ჯარში არიან და ხომ არ გინახავთ-მეთქი, ვკითხე. სიჩუმემ დაისადგურა, ხმა არავინ გამცა და გაწბილებულმა უკან გამობრუნება დავაპირე, როდესაც უკანიდან გავიგონე, როგორ არა, სამივე ერთად და კარგად არიანო. გადავირიე სიხარულით, მეორედ დავიბადე, მადლობა გადავუხადე და კუნტრუშითა და ფრენით წამოვედი უკან. სულ დამავიწყდა, რომ შეიძლებოდა, დედას დავესაჯე, იმხელა სიხარული მომქონდა, ვერ დავიტევდი და მაშინვე ვახარე, რაც ბიძების შესახებ გავიგე. ალბათ, დედას შევეცოდე, ვერ გამიმეტა საყვედურის სათქმელად სიხარულსიგან თვალებაბრიალებული და გულში ჩამიკრა, ეს რა კარგი ამბავი მომიტანეო, მითხრა. ახლა კი ვხვდები, რომ დედა არ მოტყუვდებოდა და მისთვის გასაგები იყო, რატომაც მითხრეს ჯარისკაცებმა ასე, მაგრამ ბავშვური აღტაცება არ ჩამიქრო.
ექვსი წლის ვიყავი, როდესაც საცხოვრებლად ბაქრაძის ქუჩაზე გადავედით. მშვენივრად ავეწყვეთ, მაგრამ ერთხელაც, მამამ ბაღდათში გადაწყვიტა წასვლა. დედინაცვალი გარდაეცვალა, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა. უფროსი უმაღლესში სასწავლებლად უნდა წამოსულიყო თბილისში, ორი სკოლის ასაკის იყო და მარტო რჩებოდნენ სოფელში. მამამ გადაწყვიტა გოგონებისთვის ყურადღება მიექცია და მათთან წავიდა. ერთი წელი დედასთან ერთად მარტო ვცხოვრობდით თბილისში. ზაფხული რომ მოვიდა, ჩვენც ჩავედით სოფელში. არდადეგები რომ დამთავრდა, დედამ უარი თქვა თბილისში დაბრუნებაზე და მამას უთხრა, ამ ბავშვებს ვერც მე დავტოვებ, სანამ უფროსი და არ დაბრუნდება და მათ არ ჩავაბარებ, ორივე აქ ვიყოთ და ვუპატრონოთო. ეს გოგოები ჩემთვის მამიდები კი არა, დებივით იყვნენ. ბავშვობა მათთან გავატარე. ასე გავხდით თბილისელი გოგო-ბიჭები ბაღდათელები.
ამის შემდეგ, მამამ ბაღდათის ბანკში დაიწყო მუშაობა ეკონომისტად და გარკვეული პერიოდის შემდეგ დაინიშნა ამავე ბანკის მმართველად, სადაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმუშავა. თავისი ღირსეული, პროფესიონალური და ადამიანური თვისებებით ბაღდათელების სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მამისადმი ხალხის ასეთმა დამოკიდებულებამ, ჩემს ბიოგრაფიას კარგი კვალი დაამჩნია. რაიონმა ჯერ 80 წლის იუბილე გადამიხადა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის თანამშრომლების, სოფო ნატრიაშვილის და სოსო კოტორეიშვილის თაოსნობით, რომლებიც ახლა ჩემი მეგობრები არიან და შემდეგ, არცთუ დიდი ხნის წინ, ბაღდათის მერმა ბატონმა კახა ენუქიძემ და საკრებულოს თავჯმდომარემ ბატონმა ნოდარ გიორგიძემ ჩემთვის ძალიან დასაფასებელი ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდება მომანიჭეს. უღრმესი მადლობა მათ და მთელი ბაღდათის საზოგადოებას, ჩემი ცხოვრება რომ ასეთი დიდი ემოციებით გაამდიდრეს.
– სამსახიობო ნიჭი როგორ გამოავლინეთ?
– გარდასახვის ნიჭი აღმომაჩნდა. ძალიან მიყვარდა მოხუცებულები და ერთ დღესაც, გადავწყვიტე, მოხუცად გარდავსახულიყავი. მინდოდა, ისე გამომსვლოდა, რომ ვერავინ მიმხვდარიყო, თუ სინამდვილეში ზანდა ვიყავი და არა მოხუცი ქალი. ერთი მკაცრი მეზობელი მყავდა და გადავწყვიტე, მასთან მივსულიყავი, მოხუცის ფორმაში გადაცმული. ჩემი ტოლა გოგო-ბიჭები გამომყვნენ, მათ იცოდნენ, ჩემი გეგმის შესახებ. გული ამოვარდნაზე მქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, როლი კარგად შევასრულე. იმ ქალმა დაიჯერა, რომ მოხუცი ვიყავი და ბავშვებმა რომ ამაზე სიცილი ატეხეს, უსაყვედურა, რა გაცინებთ თქვე უნამუსოებო, ნახეთ, რა ქალი იქნებოდა, დახედეთ, რა ხელები აქვსო (იცინის). ეს იყო ერთი მსახიობის თეატრი და ჩემი პირველი როლი.
ამას მოჰყვა მსგავსი ამბები, უამრავი კურიოზი და თავსატეხიც (იცინის). მეზობლებს სალაპარაკო მივეცი – სულ სპექტაკლებს ვდგამდი, ხან ვის ველაპრაკებოდი როგორც მოხუცი, ხან – ვის და მერე სიმართლეს რომ გაიგებდნენ, გაოცებულები ამბობდნენ ხოლმე: დიდუ, ეს ზანდა ყოფილაო (იცინის).
ამ ამბებში ვიყავი, როდესაც ჩვენთან სტუმრად მოვიდნენ ნათესავები: ბიძა (დედის ძმა) დავით ნანეიშვილი, ბიცოლა ვერა (მაიაკოვსკის დეიდაშვილი), მაიაკოვსკის და – ლუდმილა მაიაკოვსკაია და მაიაკოვსკის მუზეუმის დირექტორი – პოეტი მიქელ პატარიძე, მეუღლით. დედა ხაჭაპურებს აცხობდა და მე სტუმრები ხომ უნდა გამერთო?! მათთანაც გავიმეორე ჩემი ნომერი და მათაც არ შეჰპარვიათ ეჭვი, რომ მე მოხუცი არ ვიყავი. ლუდას ცრემლებიც კი წამოუვიდა და ფულიც მაჩუქა (იცინის). ბოლოს, სახეზე ტანსაცმელი რომ მოვიშორე და გაიგეს, ვინ ვიყავი, გაშტერდნენ, ვერაფრით დაიჯერეს. მაშინ ლუდამ დედას უთხრა, ზანდა ნიჭიერი გოგოა, მისგან კარგი მსახიობი დადგება, მოსკოვში გამომიგზავნეთ, დანარჩენი მე ვიციო. მისმა სიტყვებმა გადამაწყვეტინა მსახიობობა და სკოლა რომ დავამთავრე, პირდაპირ თეატრალურ ინსტიტუტში შევიტანე საბუთები.
მიშა თუმანიშვილმა და კაკო დვალიშვილმა მომისმინეს. კაკომ მითხრა, გამოცდაზე უნდა ივაჟკაცოო. გამოცდაზე ისხდნენ: ვერიკო ანჯაფარიძე, ხორავა, ვასაძე, ეთერ გუგუშვილი და ასეთი დიდი არტისტები, რომელთა შესახებაც მხოლოდ გაგებული მქონდა. ალბათ, არტისტობაც ესაა, რომ ითავხედებ და ასეთ ადამიანებთან ხმის ამოღებასაც შეძლებ და ისეც მოიქცევი, რომ მეორე დღეს საკუთარ თავს ჩარიცხულთა სიაში ნახავ.
მარჯანიშვილში – ისეთ თეატრში მივედი, სადაც უდიდესი არტისტები თამაშობდნენ, საოცარი ადამიანური თვისებებით. ვიცოდი, რომ არ უნდა მემატრაკვეცა, წესიერად მოვქცეულიყავი და არ მეჭორავა. ბავშვობიდან არ მიყვარდა შენიშვნების მიღება და ისიც ვიცოდი, რომ თუ არ მინდოდა, ეს მომხდარიყო, მაშინ არც უნდა დამემსახურებინა. ვცდილობდი, შესაბამისად მოვქცეულიყავი. მაშინ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა წესიერებას, ამას ყოველდღე არ გაგიმეორებდნენ, მაგრამ თავიდანვე გაგრძნობინებდნენ და არ უნდა დაგვიწყებოდა. ცოტა ნიჭიც თუ გქონდა, მათიანი ხდებოდი.
აკაკი კვანტალიანი იყო ჩემი შემოქმედებითი მამა. თეატრის შეკრებაზე რომ გადამხვია ხელი და მკითხა, ვინა ხარ გოგონი, რატომ ხარ აქო, უკან არ დამიხევია, ვუთხარი, რომ მას, დედას და ბიძაჩემებს ბავშვობა სამტრედიაში, ერთ ეზოში ჰქონდათ გატარებული. ბატონმა კაკომ ძალიან თბილად მიმიღო. დასთან გამოაცხადა, ეს ჩემი დისშვილია და არავინ აწყენინოს, თორემ ჩემთან ექნება საქმეო (იცინის).
– მიუხედავად იმისა, რომ პროფესიაში აქტიური იყავით, ოჯახს თქვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა…
– მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და პირველ ადგილას უნდა დამეყენებინა, მას პროფესია და თუნდაც აღიარება, ვერ ჩაანაცვლებდა. ამ საკითხს დიდი სიფრთხილით ვეკიდებოდი, პირველივე შემხვედრთან ან იმასთან, ვინც უცებ მომეწონებოდა, ოჯახს ვერ შევქმნიდი. უნდა ამეწონ-დამეწონა, კარგი მამა იქნებოდა ეს ადამიანი ჩემი შვილებისთვის, იქნებოდა ჩემთვის ეს მამაკაცი ავტორიტეტი თუ არა? ექნებოდა ყველა ის თვისება, რომელიც ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი?
ღმერთის წყალობით, ასეთ ადამიანს შევხვდი. კარგი განათლებით, კარგი ბუნებით, იუმორითა და სიკეთით სავსეს. ჩემი მეუღლე სულ სხვა პროფესიის იყო, მაგრამ ჩემი დიდი გულშემატკივარი. ზედმეტადაც კი – მეგრელი იყო და უნდოდა ყველა კარგი როლი მე მეთამაშა (იცინის). თავად ძალიან წარმატებული მეცნიერი იყო, მისი გამოგონებები დღესაც გამოიყენება ფიზიკის სამყაროში.
– ბევრი შვილი მინდოდა, მაგრამ მხოლოდ სამის გაჩენა მოვასწარიო, ნათქვამი გაქვთ…
– ძალიან მინდოდა 4 შვილი მყოლოდა. მაშინ ერთი შვილის გაჩენა აუცილებელი იყო, ორი იშვიათობას წარმოადგენდა, სამი, საერთოდ, საოცრებად ითვლებოდა. 40 წლის ასაკში რომ მესამე შვილი გავაჩინე, ხმა გავარდა ამის შესახებ და სინამდვილეში, პოპულარობა ამან მომიტანა (იცინის). მეოთხეს გაჩენა ვეღარ შევძელი, აღარ შეიძლებოდა.
– მეუღლის გარდაცვალება…
– ჩემთვის მეუღლის გარდაცვალება საშინელება იყო. გარეთ გასვლა აღარ მინდოდა. მოულოდნელი სიკვდილი, ალბათ, მიცვალებულისთვის კარგია, წვალების გარეშე მიდის ამქვეყნიდან, მაგრამ ჭირისუფლისთვის საშინელება ყოფილა. რომ არ ელოდები, ადამიანს ესაუბრები და ხუთ წუთში შენთან აღარ არის, ძალიან მტკივნეულია.
მადლობა უფალს, სამი ვაჟი დამრჩა. ჩემი შვილები აქამდე ისე მოვიდნენ, რომ მათზე აუგი ნამდვილად არ მეთქმის. რვა შვილიშვილი მყავს და უფლის წყალობით, შემიძლია იმის თქმა, რომ ერთმანეთზე უკეთესი ბავშვები არიან. ბედნიერი ვარ რომ ასეთი ოჯახი მყავს, ჩემი შვილები სწორ გზას ადგანან და წარმატებულები არიან თავიანთ საქმეში – დედისთვის ამაზე დიდი სიხარული არ არსებობს.