სერიალ „ჩცდ-ის“ შეწყვეტის შემდეგ მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი ეკრანზე ძველებურად აქტიურად აღარ ჩანს. ბოლო თვეებია, ის მშობლიურ სახლში, დედოფლისწყაროში ცხოვრობს და ამ ადგილთან, გარდა ბავშვობისა და დიდი სიყვარულისა, საინტერესო სამომავლო გეგმებიც აკავშირებს.
ლევან ყოჩიაშვილი: საზაფხულოდ განსაკუთრებული გეგმები არ მაქვს. დასვენებას არ ვაპირებ. დედოფლისწყაროში ვარ და შეიძლება ითქვას, რომ კარგა ხანია, ვისვენებ, იქიდან გამომდინარე, რომ სერიალი გაჩერებულია. ზამთრიდან მოყოლებული ასეა, ამიტომ აქტიური პერიოდი არ მაქვს. გახმოვანება – კი ბატონო, ამ საქმეს ვაკეთებ, სარეკლამო გადაღებებშიც ვმონაწილეობ, მაგრამ რაც შეეხება სერიალის გადაღებებს, დიდი შვებულება გამომივიდა.
– მშობლიურ სახლში ხართ?
– კი, უკვე კარგა ხანია, აქ ვარ.
– ალბათ, ერთი მხრივ, კარგია კარგი დასვენება, თან მშობლიურ სახლში.
– სინამდვილეში მე არ მიყვარს სიტყვა „დასვენება“, მაგრამ ასე გამოვიდა (იცინის). მიყვარს, როცა სამუშაო მაქვს, მაშინ ვისვენებ და მაშინ ვგრძნობ თავს კარგად. პასიურ მდგომარეობაში ყოფნა არ მომწონს.
– დედოფლისწყაროში როგორია ყოველდღიურობა, რით ხართ დაკავებული?
– ეზოში ვსაქმიანობ, ვცდილობ, სახლს შევავლო ხელი. საქმე არ ილევა, სულ რაღაც არის მისახედი. ამასაც რომ დავანებოთ თავი, სასიამოვნოა მშობლიურ სახლში ყოფნა, იქ, სადაც გაიზარდე, სადაც შენი მშობლები ცხოვრობენ და მათ გვერდით ატარებ დროს.
– სოციალურ ქსელში ფოტოები ვნახე, თქვენი სახლისა და ეზოსი იყო?
– კი, ჩემი სახლია. ეს არის ჩემი ბებოსა და პაპას სახლი, სადაც გაიზარდა მამა, ბიძა. მერე ბებიამ მე მაჩუქა. მამაჩემმა ცოტა რეკონსტრუქცია გაუკეთა და ცვლილებები შეიტანა.
– ფიქრობთ, რომ შეიძლება საოჯახო სასტუმროდაც აქციოთ?
– რაღაცებს ვფიქრობ. ძალიან დიდია და შეიძლება, სასტუმროსავით გაკეთდეს. ახლა ეზოს ვაწესრიგებ. სახლი მთლიანობაში გამართულია, მცირედი ხელის შევლება უნდა, ძალიან დიდია და გამოყენება და დატვირთვა სჭირდება. ჩვენი რაიონი მდებარეობითაც გამორჩეულია. აქ ვაშლოვანის ნაკრძალია, ტბაც იყო ახლოს ჩვენს ბავშვობაში, მაგრამ დროთა განმავლობაში დაშრა. წყლის პრობლემა იყო, რომელიც უკვე მოგვარდა. ხორნაბუჯის ციხეა ახლოს და ტურისტულადაც საკმაოდ საინტერესო ადგილია. ძალიან გაცოცხლდა ეს რაიონი და მინდა, რომ ჩვენი სახლიც დატვირთული იყოს.
– სახლის საქმეები კარგად გამოგდით?
– მე აქ გავიზარდე და ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ახლობელი და ნაცნობია. საქონელი იქნება, მიწა თუ ეზოში ტრიალი, არაფერი მიკვირს. მერე ჩვენს ოჯახში ცოტას ხატავდნენ, ძერწავდნენ, თლიდნენ. მამა ძალიან კარგი მშენებელია, არქიტექტორი, კარგად ხატავს, ამიტომ რაღაც ცოდნას მეც მიწილადებს ხოლმე. მიყვარს ეს საქმე და გამომდის კიდეც. მსიამოვნებს, როცა თვითონ ვაკეთებ რაღაცებს. საერთოდ, მიყვარს კარ-მიდამოს მოვლა და საქმეები, რომელიც მას უკავშირდება.
– მიწებიც თუ გაქვთ, გაზაფხულზე დამუშავებაც ხომ არ მოახერხეთ?
– არა, პატარა საკარმიდამოა. მე სახნავ-სათესი ნაკვეთი არ მაქვს. ეზოში გამოვნახეთ პატარა ადგილი და ჩემი მეზობლისა და ბავშვობის მეგობრის მიერ ნაჩუქარი პომიდვის 20 ჩითილი გადავრგეთ. ვნახოთ, რა შედეგს მოიტანს (იცინის). ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტია და მერე ვნახოთ, იმდენი ადგილი არის, რომ ბოსტანი გააკეთო. წელს არ იყო გეგმაში, მაგრამ რადგან მეგობარმა საჩუქრად მომიტანა, ჩავრგე.
– სატელევიზიო პროექტების მხრივ აქტიურობა არ არის?
– გახმოვანება, ტელევიზია – ეს ისევ ჩემი ცხოვრების ნაწილია. ჩვენი პროფესია მაინც სხვაზეა დამოკიდებული და არ არის მარტივი, როცა ერთი პროექტი დასრულდება, მალევე ახალში ჩაერთო. თუმცა, ახლაც რაღაცას ველოდები. ერთ სერიალში ვითამაშე, ფრანგული პროექტია და ახლა მისი მეორე სეზონისთვის ვემზადები.
– ჩცდ უკვე დიდი ხანია, შეჩერებულია. მაყურებელს გაუჭირდა ამ აზრთან შეგუება და ბუნებრივია, თქვენთვისაც რთული აღმოჩნდებოდა მის გარეშე ამდენი წლის შემდეგ…
– დიახ, ეს სერიალი ჩვენი ცხოვრების ნაწილად და წესად იქცა – 12 წელი ეთერში, თან ასეთი ინტენსივობით, მაყურებლის ასეთი ჩართულობით და მოთხოვნადობით. ეს არ არის ცოტა. იმდენად ვიყავი მიჩვეული გადაღებების პროცესს, სტაბილურობის განცდა გვქონდა, მოთხოვნას ვგრძნობდით, როცა ვხედავდით, რომ მაყურებელი გველოდა, სტიმული გვემატებოდა. ძნელია, როცა ასეთი პროექტი მთავრდება. რას ვიზამთ, ადრე თუ გვიან, ყველაფერი მთავრდება, მაგრამ გადასატანად იოლი არ არის. იმდენ ხანს ვაკეთებდით ამ საქმეს, რომ ბევრი რამ ინსტინქტის დონეზე გვქონდა ჩვევაში. ბავშვებს რომ შევხედავდი ხოლმე, მაშინ ვხვდებოდი, რამდენი დრო იყო გასული.
– როგორ ურთიერთობას ინარჩუნებთ ერთმანეთთან?
– მიმოწერის, მოკითხვის დონეზე. თუ ვნახულობ, ძალიან მიხარია და მაინტერესებს, რამე ახალი ხომ არ ხდება მათთან. ბუნებრივია, რომ გიყვარს ადამიანები, ვისთანაც ამდენი ხანი იმუშავე და მათი ამბები გაინტერესებს. საკმაოდ შინაურულად ვართ ერთმანეთთან. ბავშვები მართლა ჩვენ თვალწინ გაიზარდნენ და ძალიან მიყვარს ეს ორი ადამიანი. თან, ახლა უკვე ნოსტალგიები ახლავს ჩვენს ურთიერთობას.
– მაყურებლის ინტერესი და კითხვები, ალბათ, არ სრულდება.
– ბოლოსწინა პაუზის დროს არ მეგონა, თუ კიდევ ამხელა ინტერესი იყო ამ სერიალის მიმართ. ახლაც დიდი ინტერესია. თითქოს, თავს იმშვიდებენ, კიდევ იქნება, აი, ნახავ, კიდევ დაიწყებაო. დარწმუნებული არიან, რომ სულ იქნება. მსახიობისთვის ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?!
– გიფიქრიათ, კიდევ მექნება იმის ფუფუნება, რომ შევქმნა პერსონაჟი, რომელიც ასეთი ახლობელი გახდება მაყურებლისთვისო?
– ეს პერსონაჟები უფრო დრომ შექმნა, ვიდრე ჩვენ. მივყვებოდით მოვლენებს, ვხედავდით, რა მოსწონდა მაყურებელს. სცენარიტს, ქეთი დევდარიანს ძალიან სწორი მიდგომები ჰქონდა, ჩვენც ვცდილობდით არ მოვდუნებულიყავით. მე არ ვამბობ, რომ ასეთი რამ აღარ შეიქმნება. ღმერთმა ქნას და რა თქმა უნდა, შეიქმნება, მაგრამ ბევრი დრო უნდა გავიდეს, რომ ეს მოხდეს. მაყურებელმა და დრომ შექმნა ეს ყველაფერი. ამდენი წელი რომ ხარ მაყურებლის გვერდით, მათი ოჯახის წევრივით ხდები. მე ვიცი, რომ რაღაცებს კიდევ გავაკეთებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი რამ ცხოვრებაში ორჯერ არ ხდება. ეს მხოლოდ ერთხელ შეიძლება, იყოს. მე გამიმართლა, რომ მისი მონაწილე ვიყავი და მხოლოდ ტელევიზორში არ ვუყურებდი ამ ყველაფერს.
– ეს დღეებია, აქტიურად მხვდება ნიუსები თქვენი მეუღლესთან დაშორების შესახებ…
– დიახ, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთ გადაცემაში ბევრ სხვა თემასთან ერთად ამაზეც ვისაუბრე. რადგან ეს თემა პრომოში იყო გამოტანილი, აქცენტი მასზე გაკეთდა. სინამდვილეში ეს ახალი ამბავი არ არის.
– როგორც თქვით, ერთმანეთს გარკვეული დროით ადრეც დაშორდით, მაგრამ ახლა – საბოლოოდ. ფსიქოლოგიურად არ იქნებოდა მარტივი ახალ ეტაპზე გადასვლა.
– რა თქმა უნდა, ძნელია, ეს ვერ იქნება ადვილი. ჩვეულ გარემოს სწყდები, ორთვიან ან ორწლიან ურთიერთობას ხომ არ ეხება საქმე?! უამრავი დროა გასული, შვილები, შეჩვეული გარემო, მაგრამ ხდება ხოლმე ასე. ეს ცხოვრებაა და ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. ცხოვრება უნდა გააგრძელო, მიუხედავად იმისა, რომ ადვილი არ არის. ყველა ფიქრსა და განცდას ხმამაღლა ვერც გადმოსცემ, მაგრამ ამ დროს ბევრი რამ ხდება შენში, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად წინ იყურები.
– უკვე დიდი შვილები გყავთ და როგორც ვიცი, საკმაოდ წარმატებულებიც.
– უფროსი 25 წლის არის და უკვე ბევრი ნაბიჯი გადადგა. სკოლაშიც კარგად სწავლობდა და უმაღლეს სასწავლებელშიც. მისი დამთავრების შემდეგ, მაგისტრატურაში სასწავლებლად პოლონეთში წავიდა. პატარაობიდანვე ძალიან მშრომელი, მიზანდასახული და დამოუკიდებელი გოგოა. ღმერთმა ხელი მოუმართოს, მე, როგორც შევძლებ, ყოველთვის მის გვერდით ვიქნები.
რაც შეეხება ბიჭს, ახლა ჰქონდა ბოლო ზარი. წინ გამოცდები გვაქვს. ბიზნესის ადმინისტრირებაზე უნდა სწავლა და იმედი მაქვს, შეძლებს საკუთარი მიზნების განხორციელებას.