თინიკო გოგნიაშვილი, 38 წლის იყო, როცა მისი მეუღლე, ქართული ხმების წევრი, დათო გოგიაშვილი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქვრივს მეორედ გათხოვებაზე არასდროს უფიქრია. მარტომ ითავა შვილის გაზრდა და ოჯახის გაძღოლა. სალომე გოგიაშვილი 16 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა.
დედა-შვილი თავიანთი ცხოვრების მთავარ ადამიანს, დათო გოგიაშვილს (თავგასას) „სარკესთან“ ინტერვიუში იხსენებენ.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
– ოჯახში როგორი იყო დათო, რა თვისებებით დაგამახსოვრდათ?
თინიკო: დათო ძალიან განათლებული ადამიანი იყო, მერე იყო მომღერალი და კიდევ – არაჩვეულებრივი პიროვნება არაჩვეულებრივი იუმორით. ძალიან კაცური თვისებები ჰქონდა, მკაცრი და აზიატი იყო.
– ეს სიმკაცრე და აზიატობა ძნელი გასაძლები იყო თუ მსუბუქად გადაგქონდათ ოჯახის წევრებს?
თინიკო: ეს ყველაფერი იუმორში გადადიოდა და ამიტომაც გაგიჟებას ვერ ვასწრებდი. სალომეს არსად უშვებდა. სალომემ ეს კარგად იცოდა და არასოდეს ითხოვდა სადმე წასვლას. ჩარჩოებში იზრდებოდა. 13 და 14 წლის ბავშვები კაფეში რომ მიდიან ღამის 12 საათამდე, ეს სალომეს შემთხვევაში გამორიცხული იყო. ცხრა საათზე უკვე შინ უნდა ყოფილიყო. ჩვენ მიგვყავდა დანიშნულების ადგილზე და ჩვენვე ვაკითხავდით. პირველად 19 წლის ასაკში გავუშვი ღამის 9 საათზე რესტორანში ახალ წელს და რომ არ დაბრუნდა დათქმულ დროს, დამირეკეს და მითხრეს, გათხოვდაო. თავგასა რომ ცოცხალი ყოფილიყო, სალომე 19 წლის არ გათხოვდებოდა. ამ შემთხვევაში მე სუსტი აღმოვჩნდი.