„ის იშვიათადაა უგონოდ შეყვარებული, პერიოდული მძაფრი გატაცებებით ცხოვრობს.ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ გულის სიღრმეში ჩაკეტილია. აფექტურ მდგომარეობაში წამოსროლილ სიტყვებს იშვიათად ნანობს. ხასიათი ელვის სისწრაფით ეცვლება, ასეთივე სისწრაფით იცვლის საცხოვრებელ ადგილს, სამსახურს და სანაცნობო წრესაც კი. ყოველთვის აქვს სურვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყოს”… – ასე ახასიათებენ ასტროლოგები დრაკონის წელში დაბადებულ ტყუპს, ეს კი მსახიობ ანა ქურთუბაძის ზოდიაქოს ნიშანია. ანა ასტროლოგიაზე ჟურნალ „გზას“ ესაუბრება.
– „ყოველთვის აქვს სურვილი, საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყოს”.
– ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ეს საკითხი თითქოს ბუნებრივად ასე აეწყო. ვერ ვიტყვი, რომ ადრე ეს სურვილი მქონდა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა სასიამოვნოა.
– „სენტიმენტალურია. უყვარს ბავშვობის საყვარელი ადგილების მონახულება”.
– სენტიმენტალური არ ვარ და არც ასეთი საყვარელი ადგილები მაქვს.
– „ის უზომოდ შრომისმოყვარეა”.
– დღე და ღამე ვმუშაობ, ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს და ეს შრომა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
– „უყვარს მუშაობა, მაგრამ მუშაობაზე მეტად – ბრძანებების გაცემა”.
– ბრძანებების გაცემა არც მიყვარს და არც მიწევს. მე არ ვარ ხელმძღვანელ პოზიციაზე, ვინმეს რამე რომ ვუბრძანო.
– „ის იშვიათადაა უგონოდ შეყვარებული, პერიოდული მძაფრი გატაცებებით ცხოვრობს”.
– ჰო, არ ვიცი (ფიქრობს), ვერც ამ შემთხვევაში დავეთანხმები.
– „მისი სურვილია იბრწყინოს, იყოს ლიდერი. ცოლის ბანალური როლი მისთვის ჰორიზონტის შევიწროებას ნიშნავს”.
– ჩემში ლიდერობის სურვილი გამძაფრებული არასდროს ყოფილა. არც ცოლობას აღვიქვამ თავისუფლების დაკარგვად. ნამდვილი სიყვარული თავისუფლებას არ გაკარგვინებს.