“მამას ვუთხარი, მიყვარს თორნიკე და უარს ვამბობ ამერიკაზე-მეთქი”

მომღერალ ლაშა ღლონტის ერთადერთი ქალიშვილი, ანი ღლონტი, ბავშვობიდან მღეროდა, 9 წლის იყო, როცა მაესტრო გურამ თამაზაშვილთან, ანსამბლ “ზარებთან” ერთად მარიკა კვალიაშვილის “ალილო” შეასრულა. შემდეგ დიდი ხნით გაქრა თვალთახედვიდან, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სატელევიზიო გადაცემას, სადაც მამასთან ერთად გამოჩნდა. მერე კი, როცა “იმედის” მუსიკალურ პროექტში “მიმღერე” ქმართან და მამასთან ერთად წარდგა მაყურებლის წინაშე, მის გამოსვლას დიდი მოწონება და თბილი გამოხმაურება მოჰყვა და გაჩნდა კითხვა – სად იყო ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალი აქამდე?

“სარკესთან” ანი გულწრფელად აღიარებს, რომ მამის ფაქტორი ყოველთვის ბოჭავდა. პროექტის შემდეგ კი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულმა სერიოზულად დაიწყო ფიქრი პროფესიულ სასიმღერო კარიერაზე. მისი გეგმები ქმართან ერთად სწორედ სიმღერას უკავშირდება.

– ანი, პროექტში “მიმღერე” მეუღლესთან და მამასთან ერთად მონაწილეობდით, ნათლად გამოჩნდა, რომ დამწყები კი არა, შემდგარი მომღერალი ხართ. სად იყავით აქამდე, რატომ არ ჩნდებოდით ამ პროექტამდე და რამ გიბიძგათ, რომ ახლა გადაგედგათ ეს ნაბიჯი?

– მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე და სულ პატარა ასაკიდან ვმღერი. დიდი გამბედაობა გამოვიჩინე, როცა 9 წლისამ გურამ თამაზაშვილთან და ანსამბლ “ზარებთან” ერთად ვიმღერე. ახლაც არ ვიცი, მარიკა კვალიაშვილმა როგორ მანდო თავისი სიმღერის შესრულება.

მაშინ ჩემმა ნამღერმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, აქტიურად განიხილავდნენ თითოეულ ნოტს, შეიძლება უფრო მეტს მოელოდნენ ლაშას შვილისგან. ამან ჩემზე იმოქმედა და თითქმის გამიქრა სიმღერის სურვილი. შემდეგ იყო გარდატეხის ასაკი, როცა ქაოსურად უსმენ ყველაფერს და ვერ გაგირკვევია, რა ჯობია, იმღერო – ქართული თუ ინგლისური. თან მეგონა, რომ ახალგაზრდობა ქართულ სიმღერას აღარ უსმენდა, უფრო უცხოური მოსწონდათ.

მთელი ეს დრო მაინც ვმღეროდი, უბრალოდ საზოგადოების სამსჯავროზე არ გამომქონდა. მამასთან ერთადაც მიმღერია, როცა სატელევიზიო გადაცემებში გვიწვევდნენ.

მამა მუდმივად კრიტიკული იყო ჩემ მიმართ. მეუბნებოდა, ან უნდა იმღერო საუკეთესოდ, ან საერთოდ არ უნდა იმღეროო. თუნდაც ძალიან კარგად შემესრულებინა სიმღერა, ქებას არ იმეტებდა, არადა ეს ძალიან მჭირდებოდა. ისედაც ვიცოდი, რომ ლაშას შვილს გამადიდებელი შუშით მაკვირდებოდნენ, პატარა შეცდომასაც არ მაპატიებდნენ. მამის შეფასება კი ჩემთვის სტიმული იქნებოდა. დიახ, მას უნდოდა, რომ მე მემღერა, მაგრამ მაქსიმუმს ითხოვდა ჩემგან პატარა ასაკში კი. ამ ყველაფერმა, ასე ვთქვათ, დამაკომპლექსა.

– ამის მიუხედავად, შეძელით და სრულიად თამამად, ბუნებრივად გამოჩნდით დიდი აუდიტორიის წინაშე ,,იმედის” პროექტში.

– პირველ სეზონზეც მქონდა შემოთავაზება, მე კი კატეგორიულ უარზე ვიყავი. როცა კვლავ შემოგვთავაზეს, დავფიქრდი და გავრისკე. მამას იმდენად გაუხარდა ჩემი თანხმობა, კრიტიკა დაივიწყა და ლოიალური გახდა. პროექტის გუნდის დამსახურებაა ჩემი გახსნა, გათავისუფლება შებოჭილობისგან და შევძელი ჩემი შესაძლებლობების წამოწევა. არ მომბეზრდება მათთვის მადლობის გადახდა, განსაკუთრებით ბენდის ხელმძღვანელ დავით მაზანაშვილისთვის.

– მშობლების ერთადერთი შვილი ხართ, ალბათ გაათმაგებული მეთვალყურეობით იზრდებოდით. როგორ მიიღეს ის ფაქტი, რომ შეყვარებული იყავით?

– ჩემი მშობლები ნამდვილად არ არიან ისეთები, შვილს ზედმეტად რომ ანებივრებდნენ. რადგან ერთი შვილი ჰყავდათ, ყურადღებას ნამდვილად არ მაკლებდნენ. არა მარტო ისინი, ბებია-ბაბუებიც, ვისთვისაც პირველი შვილიშვილი ვიყავი. ყველანი მეფერებოდნენ, მონაწილეობდნენ ჩემს აღზრდაში. შესაბამისად, მოთხოვნებიც ჩამოყალიბებული ჰქონდათ, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი მეორე ნახევარი.

მამა ყოველთვის მეუბნებოდა, შენ გაქვს არჩევანის თავისუფლება, მე მეყვარება ის, ვინც შენ შეგიყვარდებაო, თუმცა ვიცოდი, რომ ამ სიტყვების მიღმა გულში მაინც საუკეთესო საბედოს ნატრობდა ჩემთვის.

სიმღერამ შემახვედრა თორნიკე, რომელსაც ჩემამდე მამა იცნობდა. ძალიან მოსწონდა, როგორც მომღერალი და როგორც პიროვნება. ნამდვილად არაფერი დაგვიგეგმავს, ბუნებრივად განვითარდა ჩვენი ურთიერთობა. შეგვიყვარდა ერთმანეთი და ჩემმა მშობლებმაც სიხარულით მიიღეს ჩვენი სიყვარულის ამბავი. მამა აღფრთოვანებულია თორნიკეთი, ჩემ გარეშე საუკეთესო მეგობრები არიან.

– შვიდი წელია, ოჯახი გაქვთ, უკვე ორი შვილის მშობლები ხართ. როგორია ოჯახური ცხოვრება, რა დათმეთ, რა ისწავლეთ, რისი გადალახვა მოგიწიათ?

– შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ოჯახი მაქვს. მე და თორნიკემ თანაცხოვრებისას კარგად გავიცანით ერთმანეთი და დავრწმუნდით, რომ ნამდვილად წყვილი ვართ, რომლის სიყვარული წლებმა და შვილებმა უფრო განამტკიცა და გაალამაზა. როცა ბავშვები ჩნდებიან, საქმეც ბევრდება და პრობლემებიც. ამ დროს ქალი უნდა ეცადოს, არ ჩაჯდეს მუდმივად სახლში.

წყვილმა ყოველთვის უნდა გამოძებნოს დრო ერთმანეთისთვის, განმარტოებისთვის, სეირნობისთვის. ჩვენ ამას ვახერხებთ. ოჯახურ პრობლემებს წარმატებით გავართვით თავი. ერთად ყოფნა დიდი ბედნიერებაა, არასდროს გვიჩხუბია, არც ხანგრძლივი დროით დავცილებივართ ერთმანეთს. ბავშვებისთვის თორნიკეს ისევე გაუთევია ღამე, როგორც მე. მოვლა, გამოცვლა, დაბანა, ყველაფერში მონაწილეობდა და დღემდე ასეა.

სიყვარულისთვის დათმობა ჩვეულებრივი ამბავია. ზუსტად მაშინ, როცა შეყვარებული გახლდით, ამერიკაში უნდა წავსულიყავი სასწავლებლად. ვიფიქრე და მივხვდი, რომ თორნიკეს გარეშე ვერ გავძლებდი. მამას ვუთხარი, მიყვარს თორნიკე და უარს ვამბობ ამერიკაზე-მეთქი. მიპასუხა, შენგან სხვას არც ველოდებოდიო.

– დედობამ რა შეცვალა თქვენში?

– როცა ხარ ოჯახში ერთი შვილი, იზრდები მარტო და ყველა შენ გეფერება, ცოტათი მაინც ეგოისტი ხდები. ეჩვევი, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხარ. სანამ შვილს გავაჩენდი, ის პატარა ეგოისტური ეგო მაინც მიღიტინებდა, რომ მე უკან მომიწევდა გადაწევა, მაგრამ დაიბადა თუ არა პატარა, ისეთი ენით აღუწერელი ბედნიერება ვიგრძენი, ყველაფერი დამავიწყდა და ბუნებრივად ის გახდა მთავარი ადამიანი.

სიყვარულით ორივე შვილი ერთნაირად მიყვარს, ერთი მისხალიც არ არის განსხვავება, მაგრამ, როცა პირველად ხდები დედა, ყველაფერზე დაფეთებული ხარ, გადაჭარბებულ მზრუნველობას იჩენ, შენც შვილთან ერთად დგამ პირველ ნაბიჯებს, მასთან ერთად იწყებ ლაპარაკს, სამყაროს შეცნობას. მერე გამოცდილება გემატება, უფრო დინჯი ხდები, უშეცდომოდ იგებ, რა სტკივა, რა უხარია.

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კარგი მშობლები ვიყოთ. ორივე ერთად ვასეირნებთ ბავშვებს, რადგან მნიშვნელოვანია, ისინი ხედავდნენ, როგორ თანაბრად ზრუნავს დედ-მამა მათზე.

– ბებია-ბაბუა არ გეცილებიან შვილების გაზრდაში?

– როცა პირველად გაიგეს, რომ ბებია-ბაბუა უნდა გამხდარიყვნენ, საკმაოდ ახალგაზრდები იყვნენ, ვერ გაითავისეს. ლაშა იმასაც ამბობდა, ბაბუა არ უნდა დამიძახოსო. არც დედას უნდოდა, ბებიათი მოეხსენებინათ, მაგრამ როგორც კი გაჩნდა, იმ წუთას დაავიწყდათ, რას ამბობდნენ და თავგადაკლული ბებია-ბაბუა გახდნენ. დედაჩემი ჩემ მიმართ საკმაოდ მკაცრი იყო, შვილიშვილებთან კი დამთმობია, ყველა სურვილს უსრულებს. ზოგჯერ გავიფიქრებ ხოლმე, ნეტა, მე რატომ მეუბნებოდნენ უარს-მეთქი.

– თქვენი გამოცდილებით, როგორ უნდა დარჩეთ სასურველ ქალად ქმრისთვის მუდმივად?

– საერთოდ არ მესმის იმ ქალების, რომ გათხოვდებიან და თვლიან, ამით მორჩა ყველაფერი, საკუთარ თავს ყურადღებას აღარ აქცევენ. ყოველთვის უნდა დარჩე ქალად, იფიქრო გარეგნობაზე, სილამაზეზე, გაეპრანჭო მეუღლეს, შეინარჩუნო ფორმა. ამით, პირველ რიგში, საკუთარ თავს სცემ პატივს, შემდეგ დაიმსახურებ სხვის პატივისცემას და, რა თქმა უნდა, მეუღლისასაც.

– ორი შვილის გაჩენის შემდეგ ადვილად და-უბრუნდით სასურველ წონას თუ ძალისხმევა დაგჭირდათ?

– ყოველგვარი ძალდატანების გარეშე თავისთავად დამაკლდა ზედმეტი კილოგრამები, არანაირი დიეტა არ დამჭირვებია. მიყვარს გემრიელად კვება, არ ვიმატებ, მაგრამ, რომ შემექმნას მსგავსი პრობლემა, ნამდვილად არ შევეგუები. შიმშილობა რომც მომიხდეს, ვიშიმშილებ და სასურველ ფორმაში ჩავდგები.

– რადგან ნავსი გატეხეთ და სიმღერით გამოჩნდით საზოგადოების წინაშე, რას ჰპირდებით თქვენს გულშემატკივარს?

– მართალია, ჩემს მეუღლეს არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, თავის ანსამბლში თავს კომფორტულად გრძნობს, მაგრამ მაინც დავითანხმე და ერთობლივ დუეტებს შევთავაზებთ მსმენელს.

– დედისერთა, განებივრებული გოგოსგან როგორი დიასახლისი დადგა?

– ჩვენ მარტო ვცხოვრობთ ნაძალადევში, საკუთარ სახლში, რომელიც თორნიკეს ბაბუამ გვაჩუქა და ჩვენს გემოზე მოვაწყვეთ. მყავს დამხმარე ქალბატონი, 6 წელია, ჩვენთან არის. ძალიან გამიმართლა, ნამდვილი ოჯახის წევრია, ჩემი შვილები ბებიისგან არ ასხვავებენ.

ოჯახურ საქმეებს ერთობლივად ვუძღვებით მე და თორნიკე. ორივეს გვიყვარს კერძების მომზადება და გემრიელადაც გამოგვდის. ეზოსაც თავად ვუვლით, ხეხილსაც და ყვავილნარსაც. თორნიკე ღვინოსაც წურავს. ეზოშიც მოვაწყვეთ სამზარეულო და მეგობრებს ხშირად ვეპატიჟებით ბარბექიუზე. ასეთი სამეგობრო შეკრებები ყოველთვის გემრიელი, ქართული სიმღერებით მთავრდება და ყველანი ბედნიერები ვართ.