იღბალი თუ შრომისმოყვარეობა – რა არის ადამიანის წარმატების მიზეზი და როგორია მომღერალ ქეთი წიკლაურის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ქეთი წიკლაური: თითოეული ადამიანი უკვე იღბლიანია, იქიდან გამომდინარე, რომ დაიბადა და დედამიწას მოევლინა. რაც შეეხება დედამიწაზე ცხოვრებას და კონკრეტულად მე, ვფიქრობ, რომ ძალიან იღბლიანი ვარ, რადგან ხშირად ვგრძნობ ძალას გარდამტეხ თუ რთულ მომენტებში. ვგრძნობ, რაოდენ დიდი დახმარება მივიღე ანგელოზების, ჩვენგან წასული ახლობლების თუ გვერდში მყოფი საყვარელი ადამიანებისგან. ხშირად და ძალიან ცხადად დამინახავს ჩემ მიმართ გამოწვდილი დახმარების ხელი და ეს იღბალია. კარგი ურთიერთობები, ჯანმრთელობა, წარმატების მომენტები, პიროვნული ზრდა, შემოქმედებითობა – ეს ყველაფერი დიდი იღბალია და მადლობელი ვარ, რომ მე ეს მაქვს.
– რამდენად შრომისმოყვარე ხართ?
– მე ვფიქრობ, რომ წარმატება ყველაფრის სინთეზია. მაგალითად მოვიყვანოთ მოცარტი. რატომ არის მოცარტი ის, ვინც არის? იმიტომ, რომ დაიბადა გენიოსად თუ შრომისმოყვარე იყო?! მე ვფიქრობ და ჩემზე მეტად ინტელექტუალი და ჭკვიანი ადამიანების ნააზრევიც მომისმენია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ეს არის სინთეზის დამსახურება. სავსებით შესაძლებელია, გენიოსმა რეალიზება ვერ მოახერხოს, თუ არ აქვს სათანადო ნიადაგი, რომელიც იღბალსაც მოიცავს და შრომისმოყვარეობასაც. მოცარტის იღბლიანობა მდგომარეობდა იმაში, რომ დაიბადა მუსიკოსი მამის ოჯახში, რომელიც მას საკმაოდ მკაცრად ზრდიდა და მისგან ბევრს ითხოვდა. სხვა გარემოში რომ დაბადებულიყო, მისი გენიალურობის მიუხედავად, შესაძლოა, ვერ მოეხდინა ნიჭის რეალიზება. თუმცა, ჩვენ სრული სიზუსტით ვერაფერს ვიტყვით, უბრალოდ, პოსტფაქტუმ ვაკეთებთ ანალიზს.
მოცარტიდან ჩემზე გადასვლა ცოტა უცნაურია, თუმცა, ვიტყვი, რომ ჩემს შემთხვევაში სიტუაციას გააჩნია. ზოგჯერ მგონია, რომ ძალიან შრომისმოყვარე ვარ, ზოგჯერ კი ძალიან ზარმაცად მივიჩნევ თავს. ალბათ, ყველა ადამიანში ასე ხდება, გააჩნია, რამდენად ძლიერია რაიმეს გაკეთების სურვილი. თუ პასუხისმგებლობები გაქვს, შრომობ კიდეც, თუმცა მხოლოდ ზედმეტი შრომის ხარჯზე ყველაფერს ვერ მიაღწევ. თანამედროვე რეგალიები კიდევ სხვა არის, ესტრადა, ვარსკვლავები და ასე შემდეგ. აქ შესაძლოა, შრომისმოყვარეობით, არა მხოლოდ პროფესიონალური, არამედ ნებისმიერი ტიპის „შრომისმოყვარეობით“, რაც ახასიათებს ადამიანთა მოდგმას, მიაღწიო რაღაც წარმატებას, მაგრამ ვერ გეტყვით, იქნება თუ არა ეს ფასეული. გამონაკლისებიც არის, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ შრომისმოყვარეობასთან ერთად ნიჭია საჭირო. საერთოდ, ხომ გვსმენია, რომ ნიჭიერ ადამიანს უფრო სჭირდება დახმარება, უნიჭო თვითონაც გაიკვლევს გზასო. ეს იმიტომ, რომ ნიჭიერი ადამიანები თავისი ადამიანური თვისებებით არიან შემკობილები, მაგრამ არ არიან საკუთარი თავის სასწაული მენეჯერები და „არ ანგრევენ თავით კედლებს“. ამის გამო უკიდეგანოდ განათლებული და ნიჭიერი ადამიანები იკარგებიან. როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, პროფესორები შიმშილით კვდებოდნენ, მაშინ როცა „ბუმ, ბუმ“ ხალხი, გამდიდრების სურვილით აღტაცებულები, დიდ წარმატებებს აღწევდნენ მატერიალური კუთხით. შეიძლება ვთქვათ, რომ ესეც შრომისმოყვარეობაა. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას კი უნდა ასეთი ადამიანისგან შორს იყოს. გემოვნებისა და პიროვნული ენერგიების საკითხია, ყველა თვითონ ვირჩევთ, რა მოგვწონს.
– როდის აძლევთ თავს სიზარმაცის უფლებას?
– მაშინ, როდესაც მდგომარეობას გონებით ვაფასებ და ვხვდები, რომ ამის შესაძლებლობა მაქვს. თუმცა, სიზარმაცე ვიღაცისთვის ნიშნავს, უბრალოდ იწვეს და არაფერს აკეთებდეს. ვიღაცისთვის ეს მოქმედების შეცვლაა. ყოველდღიურად ადამიანი რუტინული საქმიანობით არის დაკავებული. თუ რუტინას მოვწყდი და მაგალითად, ძალიან აქტიურ ტურში წავედი, ეს ჩემთვის დასვენებაა. მე არ შემიძლია, დიდი ხნით უბრალოდ ვიჯდე ან ვიწვე. ძალიან აქტიური ადამიანი ვარ. თუმცა, ჩემი სიზარმაცე გამოიხატება იმაში, რომ შეიძლება, დიდხანს ვემზადებოდე საქმის დასაწყებად, ნაბიჯის გადასადგმელად. მაგალითად, ახლა სიმღერის გაკეთება მინდა და ნახევარი წელია, ვემზადები. ალბათ, ამასაც მიზეზი აქვს, თითქოს, შიგნიდან ჯერ ბოლომდე არ მომწიფებულა საჭირო იმპულსი, თუმცა, მე ამას მაინც სიზარმაცედ მივიჩნევ.
– ხართ ადამიანი, ვინც ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას უფრთხილდება, ცდილობს არ „გადაიწვას“, დასვენებას საკმარისი დრო დაუთმოს და ასე შემდეგ?
– კი, მაგრამ დღეს ცხოვრების ტემპი ისეთია, რომ ყოველთვის არ გამომდის. ყველანაირად ვცდილობ, სერიოზულად ვარ დაინტერესებული ფსიქოლოგიით და ფიზიკურადაც – რა დროც მაქვს, აქტიურად დავდივარ ფეხით, ვცურავ, ვვარჯიშობ, სწორად ვიკვებები. ელემენტარულის გაკეთებას ვცდილობ. ბოლო დროს მივხვდი, რომ განსაკუთრებით საჭიროა ინფორმაციული დეტოქსი. განტვირთვა სოციალური ქსელებიდან თუ არასასურველი ურთიერთობებიდან. ეს ახლა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ძალიან პატარა წრეა, რომელთან ურთიერთობაშიც შემიძლია, საჭირო წონასწორობა შევინარჩუნო, მაგრამ ზოგჯერ ესეც ზედმეტია და მხოლოდ საკუთარ თავთან განმარტოებისა და ღმერთთან დარჩენის სურვილი მაქვს. ხშირ შემთხვევაში მარტოობა ძალიან კარგია.
– როგორი ინტუიცია გაქვთ? ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე…
– გადამეტების გარეშე ვიტყვი, რომ ზოგჯერ ჩემი ინტუიცია გენიალურობის დონეზე ადის, თუმცა, გააჩნია რა სფეროს ეხება საქმე. ჩემი ინტუიცია წარმატებისკენ არ მიმიმართავს. ალბათ, იმიტომ, რომ არ ვარ ამბიციური ადამიანი. ჯანსაღი ამბიცია კარგია, მაგრამ საბოლოო ჯამში, მივედი დასკვნამდე, რომ მე არ ვარ ადამიანი, რომელიც კბილებით გაიტანს ყველა წინააღმდეგობას და ყველაფრის ფასად მიაღწევს საწადელს. მე ყველაფერში სხვა სტილისტიკა და ჟანრი მახასიათებს. წარმატების მიღწევა, რა თქმა უნდა, მნდომებია, მიზნები დამისახავს, მაგრამ მერე ყველაფერი მიმიტოვებია და წამოვსულვარ. ასე რომ, წარმატებასთან მიმართებაში არ გამომიყენებია ინტუიცია, მაგრამ ცხოვრებისეულად, ურთიერთობებში კი ძალიან დამხმარებია. თუმცა, აქ ერთი მომენტი მიშლის ხელს. ადამიანების მიმართ ძალიან დადებითად ვარ განწყობილი და ხშირად უმტყუნიათ ჩემთვის. დასაწყისშივე უკარნახია ჩემს ინტუიციას, რომ არ იყო ეს ადამიანი ისეთი, როგორიც კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყო, მაგრამ ჩემი ინტუიციის წინააღმდეგ წავსულვარ. სამწუხაროდ, მერე დავრწმუნებულვარ, რომ ინტუიციამ არ მიღალატა და რომ ყველა ადამიანში დადებით ნაპერწკალს ტყუილად ვეძებ. ინტუიცია კარგი მაქვს, მაგრამ ხასიათიც თავისას აკეთებს. ამიტომაცაა, რომ ხშირად ვცდილობ, ინტუიციას არ დავუჯერო, მაგრამ ადამიანები, მეტაფორულად რომ ვთქვათ, მიწაზე რომ დაგანარცხებენ, გინდა თუ არა, დაინახავ ყველაფერს და მიხვდები, რომ არ ცდებოდი, როდესაც დასაწყისში კარგის მოლოდინი არ გქონდა. ასეა თუ ისე, მინდა, კეთილი ადამიანების არსებობის მჯეროდეს, მაგრამ მივიღე რეალობა, რომ ცხოვრება ასეთია, კეთილთან ერთად ის ბოროტისგანაც შედგება.
– წარმატებისთვის დიდი მსხვერპლის გაღება შეგიძლიათ?
– არ მივიჩნევ ამას საინტერესოდ. ზოგიერთი ისტორია თუ ფაქტი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მქონია პერიოდი, როცა თვითგვემას განვიცდიდი – დაჭმული მქონდა სხეული იმის გამო, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც მინდოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, დავინახე, რომ პოტენციალი სხვებზე არანაკლები მაქვს, თუმცა, ისე მოხდა, რომ შესაბამისად რეალიზება არ გამოვიდა. მივიღე ეს და მივხვდი, რომ ჩემთვის ეს არ იყო საჭირო, პირიქით, ასე უკეთესი იყო. მე შემიძლია, დიდი მსხვერპლი გავიღო ჩემი ახლობლების საჭიროებებისთვის, მაგრამ ჩემი წარმატებისთვის – არა! საქმე ისაა, რომ მე არ მივიჩნევ თავს მოცარტად და ბეთჰოვენად. მათ რანგში რომ ვიყო, ნამდვილად ყველანაირი მსხვერპლი იქნებოდა მისაღები. ღმერთმა ყველას გაუმარჯოს თავიანთ წარმატებებში, თუ ის მართლა ფასეულია, მაგრამ ბრმები არ ვართ და შეფასებაც შეგვიძლია (იცინის).
გააჩნია, რა არის წარმატების მიზანი – აფერუმ, თუ აღწევ წარმატებას და ადამიანებისთვის სიკეთე მოგაქვს, მაგრამ თუ ეს მხოლოდ შენი ტკბობისთვის კეთდება, მაშინ ეს ჩემთვის გულის ამრევია.