ალბათ, ბევრს შეგხვედრიათ სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით „ტიკტოკზე“ ახალგაზრდა ბიჭების – ლევან მაღრაძისა და დათო კვირიკაძის – ვიდეოები, სვანეთიდან, რანჩოდან, სადაც ისინი სოფლის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავენ. ულამაზესი კადრები და ბიჭების გარეგნობა, მათი ცხოვრების სტილთან ერთად, ბევრის ყურადღებას იქცევს.
ლევან მაღრაძე: ჩვენ ეს ამბები არ დაგვიგეგმავს. ყველაფერი ძალიან ბუნებრივად განვითარდა. „ტიკტოკი“ საერთოდ არ მქონდა. ამ სეზონზე სვანეთში რომ ჩამოვედი, უბრალოდ, გასართობად გადმოვწერე და ერთი ვიდეო და რამდენიმე ფოტო ავტვირთე. ამას მალევე მოჰყვა დიდი გამოხმაურება. ბევრი ადამიანი მიწერდა კომენტარებს და მოწონებაც ბევრი იყო. ამის შემდეგ, წინა ზაფხულში გადაღებული ვიდეოებიც ავტვირთე და გამოხმაურება კიდევ უფრო გაიზარდა. დაგეგმილი არაფერი ყოფილა და ვიდეოები სპეციალურად ამისთვის არ გადამიღია, თუმცა, ძალიან მალე აიტაცეს.
– ძალიან ლამაზი გარემო გაქვთ და ვიდეოებში ესეც მომხიბვლელია, მაგრამ კარგი კადრების გადაღებასაც ცოდნა უნდა, მუსიკის სწორად შერჩევასაც და ასე შემდეგ, საიდან ეს ყველაფერი?
– რაც შეეხება კადრების კომპოზიციას, პროფესიით მხატვარი ვარ, სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული და ფოტოგრაფიაც ნასწავლი მაქვს ამის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, მიმარტივდება. რაც შეეხება მუსიკას, ვმღერი, ანტალიაშიც ვმუშაობდი მომღერლად, გიტარაზეც ვუკრავ, ასე რომ, მუსიკა და ფოტოგრაფია ჩემთვის უცხო არ არის.
– ხალხის მხრიდან აქტივობა დიდია. ტელევიზიებიც მიკავშირდებიან. ერთ-ერთ არხზე უკვე გვქონდა ჩაწერა. კომენტარებს რაც შეეხება, ძალიან თბილია.
– თქვენი ვიდეოების ყურებისას, ალბათ, ყველას ასოციაცია სამ ცნობილ ძმასთან სერიალ „ფარული ვნებიდან“ და რანჩოზე ცხოვრებასთან მიდის. როგორ დაუკავშირეთ თავი ამ ბიჭებს?
– ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია. სვანეთში მუშაობის დროს ეგეთ ქუდებს ვიყენებთ, რანჩოზე ვსაქმიანობთ და ხალხმა თვითონ გაავლო პარალელები. ხშირად გვიწერდნენ, „ფარული ვნების“ გმირებს ჰგავხართო და მერე ჩვენ რამდენიმე ვიდეოს დავადეთ მუსიკა ამ სერიალიდან, რაც კიდევ უფრო აიტაცეს. ასე რომ, თვითონ ხალხის იდეა იყო ამ სერიალთან ჩვენი დაკავშირება. ჩვენ ეს გამიზნული არ გვქონია.
– ამას მოჰყვა ხიმენასა და სარიტას მოლოდინზე ვიდეოებიც, არა?
– კი, ასე იყო. თვითონ დაგვიწერეს, გოგონები სად გყავთო და ჩვენც ავყევით ამ ხუმრობაში. საბოლოო ჯამში ასეთი ამბავი შეიკრა (იცინის).
– რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი კომენტარებში?
– ძირითადად, ყველა თბილ კომენტარებს გვიწერს. კოტეჯის ვიდეოები რომ დავდეთ, იქ გოგონების მხრიდან წამოვიდა დიდი დაინტერესება. გვწერდნენ, ამოვალთ, მაგ კოტეჯში თუ ეგრე დაგვხვდებითო (იცინის).
– მარტო არ ხართ ვიდეოებში. ზოგან სამი, ზოგან კი ორი ბიჭი ხართ. ამასთან დაკავშირებითაც მხვდება კითხვები – ძმები ხართ?
– ძირითადად, ჩემს მეგობართან ერთად ვართ ხოლმე – დათო კვირიკაძესთან. ჩვენ ერთმანეთი ათი წლის წინ, სპორტდარბაზში გავიცანით და მას შემდეგ ვმეგობრობთ. უკვე ოჯახებით ვახლობლობთ და ჩვენი ურთიერთობა ძმობაში გადაიზარდა. ახლაც ერთად ვართ სვანეთში. ძირითადად, ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. ამიტომაც დავაწერე ჩვენს ვიდეოებს „ძმები“. დათო და ის მესამე ბიჭი, რომელიც ვიდეოებში გინახავთ, მართლა ძმები არიან.
– სვანეთიდან ხართ, მაგრამ მუდმივად მანდ არ ცხოვრობთ.
– სამივე სვანეთში დავიბადეთ და გავიზარდეთ, მაგრამ ზამთრის პერიოდში აქ იშვიათად ჩამოვდივართ. სეზონზე – კი ბატონო, მაგრამ ისე, ძირითადად, თბილისსა და რუსთავში ვართ. დათო და მისი ძმა ტრენერები არიან, ერთ-ერთ დარბაზში მუშაობენ, მეც ჩემი საქმეები მაქვს. ზაფხულში, დაახლოებით, ორი თვით ჩამოვდივართ ხოლმე სვანეთში.
– როგორია რანჩოში თქვენი ყოველდღიურობა?
– ახლა, სანამ საუბარს დავიწყებდით, ძროხები შემოვრეკეთ. აქ ცხოვრობენ დათოს ოჯახის წევრები, მშობლები, მამიდები, დაახლოებით, 7-8 ადამიანი. ფოტოებსა და ვიდეოებში ვჩანვართ მარტო ჩვენ, თორემ ჩვენ უკან კიდევ ბევრი ხალხია. ისინი მუდმივად აქ ცხოვრობენ და უვლიან რანჩოს.
– შეშის ჩეხა იქნება, პირუტყვის მოვლა, თუ მიწის სამუშაოები, რაც ვიდეოებში ჩანს, გამომწერებისთვის კეთდება თუ მართლა თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია?
– თავიდანვე, როგორც გითხარით, გამიზნულად არაფერი გაგვიკეთებია. არც ამ ვიდეოების გადაღება გვაქვს ან გვქონია დაგეგმილი. დღესაც, სამუშაოდ რომ ვიყავით გასულები, პარალელურად, რაღაც კადრებს ვიღებდი. ეს ის სამუშაოებია, რასაც ყოველდღიურად ვასრულებთ.
– როცა ფიზიკურად ამდენს შრომობ, რთული არ არის, მით უმეტეს, ამდენად ესთეტიკური კადრების გადაღება?
– არა, ჩვენ მართლა გვიმარტივდება. მით უმეტეს, როცა ხალხისგან ამხელა ინტერესი წამოვიდა, გვინდა, კიდევ უკეთესი კადრები გადავიღოთ, რომ გამომწერებს კარგი მასალა მივაწოდოთ.
– როგორი აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, რამდენად იგრძნობა ქუჩაში და სვანებისგან როგორი გამოხმაურება მიიღეთ?
– ცოტა ხნის წინ, თბილისში მოგვიწია საქმეებზე ჩამოსვლა და ორი დღე ქუჩაში აქტიურად სიარული. მაგ მომენტში ვიგრძენით დიდი ყურადღება ხალხის მხრიდან. მანქანებიდან გვისიგნალებდნენ, ხელს გვიქნევდნენ, მეტროში გვაჩერებდნენ, ფოტოებს იღებდნენ. ძირითადად, სულ დადებითი ემოციები იყო. გვიხარია, რომ ადამიანებში კარგ ემოციებს ვიწვევთ. სვანეთშიც გაგვაჩერა რამდენიმე ადამიანმა და გვითხრეს, რომ გვიყურებდნენ და უხარიათ ჩვენი ასეთი წარმატება. ნათესავებიც გვიკავშირდებიან იმავე დამოკიდებულებით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა.
– ვიდეოებში ისე გაცვიათ, როგორც რანჩო მოითხოვს, ქალაქში როგორი სტილი გაქვთ?
– ქალაქში, ძირითადად, უფრო სპორტული სტილი გვაქვს. სპორტსმენები ვართ, ძირითადად, დარბაზში გვიწევს ყოფნა და შესაბამისად გვაცვია, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნოთ.
– ალბათ, სპორტული ცხოვრების დამსახურებაა ისიც, როგორ ფორმაშიც ხართ.
– დაახლოებით, 2015 წლიდან სისტემატურად ვვარჯიშობთ. ეს სამივეს ცხოვრების წესია. ჩვენი ერთ-ერთი ძმა – ლუკა პროფესიონალი მოკრივეა და ძალიან კარგი შედეგებიც აქვს. დათო ბოდიბილდერია, პარალელურად, მთავარი ტრენერია ერთ-ერთ პრესტიჟულ დარბაზში. მე ორი წელი ვიმუშავე სპორტდარბაზში, თბილისში, ახლა ჩემთვის ვვარჯიშობ. ამ მომენტში სპორტული კარიერით არ ვარ დაკავებული, უფრო ხელოვნებასა და გამოფენებზე ვარ გადართული.
– როგორ ვიცი, კლდეზე ცოცვითაც ხარ დაკავებული.
– კი, კლდეზე ცოცვა ჩვენი ერთ-ერთი ჰობია. ასევე, ძალიან გვიყვარს ჯირითი. სამი-ოთხი წლის ვიყავი, პირველად რომ ცხენზე დავჯექი, საქონელთანაც მაგ ასაკიდან მაქვს შეხება.
– ხელოვნებას რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში?
– ხელოვნებას ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს. ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ მხატვრობა ყოფილიყო ჩემი პროფესია. სამხატვრო აკადემია არქიტექტურული მიმართულებით დავამთავრე. ვმუშაობდი კიდეც ამ განხრით. მერე საზღვარგარეთ მომიწია წასვლა და დაბრუნების შემდეგ უფრო მეტად ხატვაზე გადავერთე. ახლაც აქტიურად ვხატავ, გამოფენებიც მქონდა საზღვარგარეთ, დუბაიში. თბილისში რომ დავბრუნდები, მზადება უნდა დავიწყო, მინდა, თბილისშიც გავმართო გამოფენა.
– ანტალიასა და დუბაიში რით იყავით დაკავებული?
– ანტალიაში ნახევარი წელი ვცხოვრობდი და ერთ-ერთ მუსიკალურ კომპანიაში ვმუშაობდი. დუბაიშიც ვიყავი წასული გამოფენებზე. როცა საქმე ხელოვნებას ეხება, აუცილებელია, საზღვრებს გარეთ გახვიდე, ინსპირაციები მიიღო, ახალ გარემოსა და ადამიანებს გაეცნო, ხედვის არეალი გაიფართოო. მე ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარა.
– რანჩოსთან დაკავშირებით ტურისტული თვალსაზრისითაც ხომ არ გაქვთ გეგმები და სეზონი რომ დამთავრდება, მერე რას ფიქრობთ სოციალურ ქსელში აქტივობების თვალსაზრისით?
– კი, რანჩოს ტურისტულად ვაწყობთ. სექტემბრის ბოლოს დასრულდება და შეგვეძლება ვიზირტორები მივიღოთ. მერე კიდევ უფრო გაფართოება და რამდენიმე კოტეჯის დამატებაც გვინდა. ზამთრის პერიოდში საქონელი და ცხენები სახლში გვყავს და საინტერესო ვიდეოების გადაღება ნაკლებად მოხერხდება, მაგრამ რის გადაღებასაც მოვასწრებთ, იმას ავტვირთავთ. უკვე დავიწყეთ „იუთუბისთვის“ გადაღებაც და ვფიქრობ, ზამთრის პერიოდში მოგზაურობასთან დაკავშირებულ კონტენტზე გადავერთო როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.