რამაზ ნოზაძე: ყველა ადამიანი იღბლიანია, ვინც ამ სამყაროს მოევლინება. ღმერთისგან მოცემული ეს შანსი, უკვე დიდი გამართლებაა.
რაც შემეხება კონკრეტულად მე, გარდა იმისა, რომ დავიბადე, იღბლიანი ვარ იმის გამოც, რომ მაქვს კარგი ოჯახი, მყავს მეუღლე, რომელიც ძალიან მიყვარს და მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჩვენი სიყვარული სულ უფრო იზრდება. მყავს არაჩვეულებრივი შვილები, ღმერთმა ასეთი ოჯახი მარგუნა და როგორ არ უნდა ვიყო მადლიერი?! გავაგრძელოთ იმით, რომ ჩემს საქმიანობაში მე უმაღლეს საფეხურამდე მივაღწიე, მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი. ეს დიდი გამართლებაა და ღმერთის მადლიერი ვარ, მაგრამ ვიტყვი იმასაც, რასაც ჩემს უიღბლობად ვთვლი – როდესაც ყველაზე კარგი დრო მქონდა იმისთვის, რომ გავმხდარიყავი ლაშა ბექაური, ლაშა ტალახაძე და ამ გვარებს შორის ყოფილიყო ჩემიც, ცუდი ინციდენტი მომივიდა. ამან ჩემს ცხოვრებაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. ჩემი ფსიქოლოგია შეცვალა და იმ დროს ჩამოვრჩი მოვლენებს, როცა შემეძლო, ლეგენდა გავმხდარიყავი. აი, ამაში მივიჩნევ თავს უიღბლოდ.
– რამდენად შრომისმოყვარე ადამიანი ხარ?
– როდესაც ვვარჯიშობდი, მაშინ ჩემს სპორტულ კარიერაში ძალიან დიდ შრომას ვდებდი, რომ დიდი შედეგებისთვის მიმეღწია. ძალიან შრომისმოყვარე ვარ, იმავდროულად დისციპლინირებული ადამიანი. ჩემს მიზანს არ დავაზიანებინებ. ისეთი შრომისმოყვარე ვიყავი, რომელმაც ზუსტად იცოდა, რა მიზნისკენ მიდიოდა და რა უნდა გაეკეთებინა მის მისაღწევად. დღე და ღამეს ვარჯიშში ვასწორებდი. უდიდეს სიხარულს გვანიჭებენ ქართველი სპორტსმენები, რომელთა წყალობითაც ჩემპიონატებზე ჩვენი დროშა ფრიალებს. ამ შედეგისთვის არაფერი დამნანებია, ყველაფერი ჩავდე, რაც შემეძლო.
როდესაც ჩემი კარიერა დავასრულე, სხვა საქმიანობაში ჩავები და ვცდილობ ეს საქმეც ბოლომდე და სწორად გავაკეთო. სპორტმა კარგი ნებისყოფა გამომიმუშავა და ამას ყველაფერში ვიყენებ.
– როდის აძლევ თავს სიზარმაცის უფლებას?
– სიზარმაცის უფლებას საკუთარ თავს მაშინ ვაძლევ, როცა ჩემს ოჯახში მოვდივარ. სამუშაო დღეს რომ ვასრულებ, საღამოხანია და ჩემს სახლში ვარ, მაშინ უფლებას ვაძლევ თავს, ცოტა ვიზარმაცო, წამოვწვე და მომემსახურონ ჩემი მეუღლე და გოგონები. არ ვიცი, ეს სიზარმაცეს ნიშნავს თუ არა, მაგრამ გარეთ რომ სიზარმაცე არ მახასიათებს, ამის თქმა ზუსტად შემიძლია. თუ რამე გასაკეთებელია, უნდა გავაკეთო. ბავშვობაში ძალიან მაგარი მწვრთნელი მყავდა და გვეუბნებოდა ხოლმე, ვინც ისვენებს, ის განისვენებსო. კიდევ ამბობდა, ვინც დაიზარა, არ გაიხარაო. ეს რომ გესმის, როგორ უნდა იზარმაცო?! მას შემდეგ, თითქოს ყოველთვის ეს სიტყვები ჩამესმის ყურში და როცა რამე გასაკეთებელია, პირველ რიგში, საქმე და მერე ცოტა ხნით დასვენებაც შეიძლება.
– რთულ პერიოდებში რა გეხმარება ფეხზე წამოდგომაში?
– მომავალი, ხვალინდელი დღე. ჩვენ, ადამიანებს ღმერთმა იმის საშუალება მოგვცა, რომ ხვალინდელი დღის იმედი გვქონდეს. ვიძინებთ და ახალ დღეს ვიღვიძებთ. თუ დღეს წაქცეული ხარ, მაგრამ ძლიერი, იცი, რომ არ უნდა დავარდე, რადგან ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, გათენდება და ფეხზე წამოდგები. ძალიან რთულ პერიოდშიც კი მჯერა, რომ გამოსავალი არსებობს, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი გათენდება და მოვლენებს ისე წარვამრთავ, რომ პრობლემა მოგვარდება. ახალი დღე ახალ გზებს გიჩვენებს და შენს ცხოვრებას უკეთესობისკენ წაიყვან. მდგომარეობა გამოუვალი მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ხის ყუთში გვაწვენენ, სხვა შემთხვევაში ყველაფერს მოევლება. ჩვენი ცხოვრების ბოლო წუთებამდე უნდა ვიბრძოლოთ. არავის აქვს უფლება, დავარდეს და წამოდგომისთვის აღარ იბრძოლოს. პირიქით, ყველანი ფეხზე უნდა წამოვდგეთ და ჩვენი ლამაზი ქვეყანა ავაღორძინოთ.
– ვინ არის შენთვის ყველაზე დიდი მოტივატორი?
– ჩემი ყველაზე დიდი მოტივატორი დღემდე დედაჩემი და მამაჩემია. ისინი დიდ ძალას მაძლევენ. ყოველდღე, რომ მივალ და დედაჩემს და მამაჩემს ვაკოცებ, იმხელა მოტივაცია მეძლევა, რომ სულ სხვანაირი ვხდები. შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები, მეგობრები, ახლობელი ადამიანები. ისინი არ მაძლევენ დანაღვლიანების საშუალებას. როცა ჩემი მისამართით ვინმეს რამე შეეშლება, თუ ვინმე რამეს არასწორად გამიკეთებს, მახსენებენ: რამაზ, შენ უკეთესი ხარ და უფრო მაღლა უნდა დადგე!
ჩემი მოტივატორები არიან ის ადამიანებიც, ვინც ხანდახან არასწორად შეურაცხმყოფს. დრო გადის და მერე ყველა ხედავს, რომ მე მართალი ვიყავი, მაგრამ ის არასწორი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ შეგაგინონ, ხომ არსებობენ?! დღევანდელ დღეს ისე გააფუჭა ახალგაზრდობა თუ უფროსი თაობა სოციალურმა ქსელებმა, რომ უკვე ზღვარი არ აქვთ მათ სიტყვებსა და გამოხატვის ფორმებს. ყველანაირ შეურაცხყოფაზე მიდიან. ასეთ ადამიანებს ვერაფერს ეტყვი. იმავეს თუ დაუბრუნებ, მაშინ საკუთარ თავთან არასწორი გამოდიხარ. ეგენიც ჩემი მოტივატორები არიან. მათი დამსახურებაცაა, რომ მინდა, კიდევ უფრო კარგი გავხდე.
– რამდენად გაგიმართლა მეორე ნახევარში?
– ძალიან. ხატულიკა ჩემი ყველაფერია. დედას ვფიცავარ, რომ ვუკვირდები, სხვასთან ვერ გავძლებდი. კიდევ კარგი, რომ სხვა არ მოვიყვანე. ბიჭობის წლებში სულ არის რაღაც ამბები ვიღაცებთან და კიდევ კარგი, მადლობა ღმერთს, რომ ასეთი მაგარი არჩევანი გავაკეთე. მე იმის პრობლემა არ მაქვს – რამაზ, სად ხარ? ხატია მაგარი დედაა. იმით დავიწყოთ, რომ ძალიან მაგარი ადამიანია, ძალიან მაგარი ყველანაირი თვალსაზრისით. მართლა ძალიან მაგრად გამიმართლა. ხატია ჩემთვის შენაძენია. თითქოს, მე მართლა ნახევარი ვიყავი მანამდე, დავინახე და გავმთლიანდი. დედას ვფიცავარ, უმისოდ თუ ერთი წამით შემეძლოს ცხოვრება. ღმერთს მადლობა, რომ ხატია მყავს გვერდით და არა ვიღაც ტვინის მჭამელი. ყველანაირად მაგარი გოგოა, დიდი სამეგობრო ჰყავს. მაგარი მორწმუნე ადამიანია, მაგრად ვუყვარვარ. სრულყოფილი სიყვარული როგორიც უნდა იყოს, ისეთი გრძნობა გვაქვს და ყველა გოგოს და ბიჭს ვუსურვებ, რომ ჩვენნაირად უყვარდეთ ერთმანეთი. ეს, უბრალოდ, არ მომხდარა – დარწმუნებული ვარ, ზეცაში იყო გადაწყვეტილი, რომ რამაზი და ხატია ერთად უნდა ყოფილიყვნენ.