ახლახან მედეა ადამიამ თავის რჩეულ მამაკაცთან, ავთანდილ სამსონიძესთან ხელი მოაწერა და წყვილმა თავისი სიყვარულის ეს ისტორიული დღე სადად, ყოველგვარი ცერემონიისა და პომპეზურობის გარეშე აღნიშნა. თუმცა, როგორც თავად მედეა ამბობს, შვილის ნათლობასა და იმავდროულად ჯვრისწერას საზეიმოს, გრანდიოზულსა და დასამახსოვრებელს გეგმავს, თავისი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.
– მედეა, რამდენი ხნის წინ დაიწყო შენი და ავთანდილის სიყვარულის ისტორია და თუ იყო ეს ბედისწერა?
– ჩვენი ერთად ყოფნის ორი წელი, როგორც ორი საუკუნე, ისე გავიდა. ჩემი და ავთანდილის სიყვარული ჯერ კიდევ ჩვენს დედამიწაზე მოვლენამდე დაიწყო, ხოლო სულით მონათესავე ადამიანები აქ შევხვდით ერთმანეთს ზამთრის ულამაზეს დღეს, 11 იანვარს და მას მერე წამიც არ გვიცხოვრია ერთმანეთის გარეშე. ავთანდილი არაჩვეულებრივი მამა და ქმარია.
– თუ განებივრებს საყვარელ ცოლს საჩუქრებითა და სიურპრიზებით?
– ჩვენ, ადამიანები ვართ ერთმანეთის საჩუქარი ამ ცხოვრებაში, დანარჩენი კი მხოლოდ ფორმალობაა და მომაბეზრებელი ნივთები. რა თქმა უნდა, მსიამოვნებს მეუღლისგან საჩუქრები, მანებივრებს ყვავილებითა და ძვირფასი სამკაულებით. მიყვარს ოქროს „მეტალი“ და ძვირფას ქვებში – ბრილიანტი და ზურმუხტი, რასაც არ მაკლებს. მაგრამ, თითოეული ნივთი მოძველებული სამოსივითაა, სულ ახალი და ახალი მინდება. აი, ჩემი მეუღლის შეყვარებული თვალები კი არასდროს მბეზრდება, არც მოვიბეზრებ მის გაბრწყინებულ სახეს და იმ ვარსკვლავების ციმციმს მის თვალებში, როდესაც მიყურებს. საყვარელი მეუღლისგან ამაზე დიდი საჩუქარი, დამეფიცება, არ არსებობს. ყველაზე მეტ ბედნიერების ჰორმონს მაშინ გამოვყოფ, როცა მის თვალებს ვხედავ, რა დროსაც მის სულში ვაღწევ და ყველაზე წრფელს ვიღებ მისგან – ჭეშმარიტ სიყვარულს.
– რატომ დააგვიანეთ თქვენი სიყვარულის ოფიციალურად დაკანონება?
– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და მკაცრი ადათ-წესების მქონე მშობლები მყავდა, მე მაინც მიმაჩნია, რომ რაც წმინდაა და სუფთა, მას ხალხის მხრიდან აღიარება არ სჭირდება. ვფიქრობ, არც სახელმწიფოს დასტურია ამისთვის საჭირო და არც ეკლესიის. ეს ჩემი პირადი აზრია. თუ ორ ადამიანს შორის სიყვარულია, ის უკვე ღვთივკურთხეულია! შვილებისა და ახლო ნათესავების შინაგანი კომფორტისთვის მოვაწერეთ ხელი, რომ ზედმეტად არ ენერვიულათ ჩვენზე (იცინის). ერთ დღეს, უბრალოდ, გავიღვიძეთ და ვთქვით: წავიდეთ იუსტიციის სახლში და დავაკანონოთ ჩვენი ქორწინება! ასეც მოვიქეცით. ყოველდღიური ჩაცმულობით მივედით ჩვენს ახლო მეგობრებთან ერთად. ჩემი მეჯვარე ჩემი პირველი ვაჟის, ადამის ერთ-ერთი ნათლია, სოფო ჯაფარიძე გახლდათ. რის შემდეგაც, ჩვეულებრივ, წავედით რესტორანში და მეგრული კერძები დავაგემოვნეთ.
– როგორც წესი, ხელის მოწერის დროს, გოგონები ფერად, ლამაზ კაბებში იპრანჭებიან. შენ კი სადად, ყოველდღიურ სტილში, ჯინსის შარვალში გამოწყობილი იყავი.
– ჩემთვის ეს სტილია კომფორტული – თეთრი პერანგი და ჯინსის შარვალი. ვეცდები, ჯვრისწერაზე თეთრი კაბა ჩავიცვა. მეორე ვაჟის ნათლობას და ჯვრისწერას ერთ დღეს ვაპირებთ.
– სოციალურ ქსელში აქტიურობ და მათ შორის, ხშირად დებ შენი მეუღლისა და შენს პირად ამბებს. ამაზე უამრავი კომენტარია. ზოგს მოსწონს, ზოგიც შენიშვნას გაძლევს – არ შეიძლება პირადი ამბებისა და პატარა წაკამათების სახალხოდ გამოტანაო. ამაზე რას გვეტყვი?
– მე როგორც მიხარია, ისე ვცხოვრობ. აქ არავინაა სრულყოფილი, უშეცდომო მხოლოდ უფალია! დედამიწაზე ყველა ვუშვებთ შეცდომებს. ამიტომ, საჭიროა პატიების ნიჭი გვქონდეს და თუ არ გვაქვს, აუცილებლად უნდა ვისწავლოთ. რაც შეეხება შენიშვნას, ამას არასდროს ვიღებ, რადგან ჩემს ცხოვრებას თავად ვმართავ. ამისთვის მაქვს ცხოვრების სახელმძღვანელოც – ბიბლია და დღემდე ბევრ რამეს ვსწავლობ ამ დიდებული წიგნიდან, რომელიც თვით ღმერთმა გვიბოძა ადამიანებს.
– არაჩვეულებრივი, ორი ვაჟკაცის დედა ხარ. როგორც ვიცი, გაქვს ბიზნესი. როგორ უმკლავდები სახლის საქმეებს, შვილებისა და საყვარელი მამაკაცისთვის საკმარისი დროის გამონახვას და იმავდროულად, სულ ფორმაში ყოფნას?
– რა გამკლავება ამას უნდა? გამკლავება უნდა მტერს და არა მოყვარეს. ამაზე დიდი წყალობა უფლისგან რა უნდა მინდოდეს? მადლიერი ვარ სამყაროსი, რომ ჩემი მოსიყვარულე მეუღლე და შვილები ჯანმრთელები მყავს. მეც ჯანმრთელი ვარ. ჯანმრთელობა კი სილამაზეა. არც ბოტოქსი მჭირდება, არც ფილერი და არც ოქროს ძაფები, რომ ლამაზი ვიყო. ამისთვის მხოლოდ სიყვარულიც კმარა. როცა შინაგანი ბედნიერება იწყებს გარეთ გამობრწყინებას, მაშინ ხარ ყველაზე ლამაზი ქალი. კაშკაშებ და ბრწყინავ როგორც მზე. ეს არის ჩემი სილამაზის საიდუმლო. ბიზნესი ყოველთვის მქონდა და ახლაც მაქვს. ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია თავწაკრულ დედაკაცად გაზქურასთან და ვერც ვინმეს ხელქვეითად. ლიდერის ხასიათი მაქვს, ოცნებები – ლიდერული და მხოლოდ ამიტომ. ისე კი, ძალიან თავმდაბალი ადამიანი ვარ, უბრალოებითა და სიყვარულით სავსე.
– ფიქრობ, რომ მიუხედავად გავლილი რთული გზისა, ბედნიერი ქალი ხარ?
– ცხოვრების პატარ-პატარა ქარტეხილებმა ჩამომაყალიბა ძლიერ ქალად, სიძლიერეში ვგულისხმობ რწმენას საკუთარი თავის მიმართ. მე მჯერა ჩემი თავის და ვიცი, რომ ყველაფერს მარტივად მივაღწევ. მე ყოველთვის ვიმარჯვებ, ჩემი რწმენა, ჩემი ძალაა. მე ჩემში ვიპოვე ბედნიერება და ამას, ვერავინ წამართმევს.
– ყველაზე მეტად რაში გაგიმართლა და თუ არის ისეთი რამ ცხოვრებაში, რასაც ახლა ნანობ?
– დაბადებიდან ყველასა და ყველაფერში მიმართლებს. თუ რამე არ მომწონებია, ისევ და ისევ ჩემი თავიდან გამომდინარე ყოფილა. ადრე ზედმეტად მიმნდობი ვიყავი, ახლა არ ვარ. ასევე, ზედმეტად ლმობიერიც და ეს გრძნობა, საერთოდ დამავიწყდა. ბევრი რამ, რაც არ მომწონდა, ჩემს ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებს ვგულისხმობ, ისევ და ისევ ჩემი გადაზედმეტების გამო ხდებოდა. მთლიანობაში კი, ყოველთვის მიმართლებდა და მიმართლებს, ალბათ, განსაკუთრებულად ვუყვარვარ ღმერთს.
– ცხოვრებაში განვითარებული მოვლენები ახსენე და არის ისეთი მომენტი შენს მიერ განვლილ გზაში, რომლის გახსენებაც არ გინდა?
– ყველა გზა, რაც გავიარე, აუცილებლად უნდა გამევლო. უფალმა უკეთ იცის, რა გზის გავლაა საჭირო ჩემი სულის ცხონებისთვის. უფალს ვარ მინდობილი და ყველა ჩემი საზრუნავი მას მივანდე. რა იქნება ხვალ, მხოლოდ მან იცის. მე კი ვეცდები, მეტი სიფრთხილე გამოვიჩინო და მეტად ყურადღებით მივუდგე ამა თუ იმ მოვლენას, რაც ჩემ გარშემო ხდება.
– როგორ ფიქრობ, ქალი რომ წარმატებული, რეალიზებული და ბედნიერი იყოს, ამისთვის საყვარელი მამაკაცი აუცილებელია?
– ქალი რომ ბედნიერი, წარმატებული და რეალიზებული იყოს, ამისთვის საკუთარ თავთან შრომაა საჭირო. უნდა იმუშაო საკუთარ თავზე, იზრუნო უფლისმიერ მობარებულ სულზე და ასევე, იმ სხეულზე, რომელშიც ეს სულია. მოკლედ, ჯერ თავი უნდა შეიყვარო, იზრუნო მასზე, განავითარო ის და შემდეგ ეყვარები ყველას და ყველაფერს გარშემო. კაციც მაშინ მოგეკრობა როგორც სულის ნაწილი და არა მხოლოდ ხორცის ან ნეკნის და ისიც, ორმაგად ბედნიერად იგრძნობს თავს ასეთ ქალთან. მამაკაცი ვერ იქნება ბედნიერი და სრულყოფილი ქალის გარეშე. კაცს სჭირდება ქალი ბედნიერებისა და სიხარულის განცდისთვის. სწორედ ამიტომ, ხელისგულზე უნდა ატაროს კაცმა თავის ნეკნისგან შექმნილი ქალი.