გადაცემაში „ნოესთან“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი იმყოფებოდა.
მარიამმა რამდენიმე პროექტი გაიხსენა, რომელიც მისი განხორციელებულია და რომლითაც ძალიან ამაყობს.
„ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა პოზიციაზე მქონდა 3 გამოკვეთილად მნიშვნელოვანი პროექტი… პირველი იყო, სავიზო რეგულაციების გადახედვა ყურის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებისთვის…
მახსოვს, რომ ძალიან რთულად შევძელი შეხვედრის ორგანიზება. ეს ძალიან ბევრი წლის წინ იყო. საუდის არაბეთი მაშინ ძალიან ჩაკეტილი იყო. ჰიჯაბით ჩავედი და არავის არ სჯეროდა, რომ ახალგაზრდა გოგოს ვინმე საქმიანად მიიღებდა.
მაშინ პატარა კურიოზიც მოხდა.
შეხვედრა, როგორც იქნა შედგა და დამხვდა ადამიანი, რომელსაც დღეს უდიდეს პატივს ვცემ და მისი დამსახურებაა დღეს ბევრი რამ.
ერთი საათის განმავლობაში ვაკეთებდი პრეზენტაციებს, ვაჩვენებდი ციფრებს. მიყურებდა და ვხვდებოდი, რომ ერთი სული ჰქონდა ოთახიდან გავსულიყავი. ვიცოდი, იმ ოთახიდან თუ გავიდოდი, მას ვეღარასდროს შევხვდებოდი.
საათნახევრის შემდეგ ხუმრობით მეუბნება, ნამდვილი საუდელი ქალი ხარო. (მოხუცებული კაცი იყო).
მე ვუთხარი, რომ კი მართალი ხართ, საუდელი ვარ, ბებია მყავს საუდელი -მეთქი. მგონია, რომ უნდა გაიცინოს.
ძალიან უხერხული მდგომარეობა შეიქმნა, წამოხტა ეს კაცი, ასეც ვიცოდიო.
რა უნდა მექნა. მართლა კინო მოვიგონე.. ჩვენ თვალწინ ტელეფონი აიღო, მისი გუნდის წევრები შეკრიბა, რუკა აიღო და მკითხა, აბა, ახლა მითხარი, საქართველო სადააო. მივხვდი, რომ მანამდე საერთოდ არ მისმენდა.
საუდელი რომ არ ვიყავი, ორი წლის მერე ვუთხარი“.. – იხსენებს მარიამი.