ავარიის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილის დედა, 39 წლის ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ პროექტთან “ქალები საქართველოდან”, მისი გამოცდილების შესახებ საუბრობს და იხსენებს იმ დღეს, რამაც მათი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა.
ამჟამად დათი, ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს და მკურნალობს.
3 წლის წინ, შარტავას ქუჩაზე მომხდარმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. 8 წლის დათის, რომელიც ტროტუარზე სკოლის ტრანსპორტს ელოდებოდა, ავტომობილი დაეჯახა. მისი მშობლები აშშ-ში იმყოფებოდნენ, დათის სკოლაში ბებია აცილებდა, რომელიც შვილიშვილს ფანჯრიდან უყურებდა…
როგორც აღმოჩნდა, ამბავი ქრისტინემ ამერიკაში, “ფეისბუქ“ პოსტებიდან გაიგო.
“მოგვიანებით, ერთ-ერთი თვითმხილველი მძღოლის მანქანაში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერზე ვნახე, როგორ ცდილობდა ბავშვი მანქანისთვის თავის არიდებას, მაგრამ ვერ შეძლო და აჩქარებულმა რკინის მასამ ზემოდან გადაუარა. სასწრაფოს მოსვლისას ბავშვი გონზე იყო. ყველაფერი უთხრა, დათი მქვია და 8 წლის ვარო. იაშვილის კლინიკაში მისი გადარჩენა მოხერხდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მთლიანი ფეხის, მენჯ-ბარძაყის ჩათვლით, წელამდე, ამპუტაცია დასჭირდა.
ეს ამბავი ამერიკაში შემთხვევით, ფეისბუქის პოსტებით გავიგე. მანამდე ახლობელმა მომწერა, როგორ არის ბავშვიო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მე არ ვიცოდი ეს ამბავი და მესიჯი წაშალა. თუმცა წაკითხვა მოვასწარი. შემდეგ პოსტები შემხვდა, შარტავაზე ავარია მოხდა, რომლის დროსაც 8 წლის ბავშვმა ფეხი დაკარგაო. ყველა მიმალავდა ამ ამბავს და ბოლოს დედაჩემს ეყო გამბედაობა, სიმართლე მოეყოლა,“ – იხსენებს ქრისტინე მამუკაშვილი.
როგორც ის აცხადებს, ბრალდებულის ოჯახიდან, მათთან კონტაქტზე არავინ გასულა:
“ჩვენ იმდენად ვიყავით დაკავებულები დათის სიცოცხლის გადარჩენით, რომ დამნაშავის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ახლობლებისგან ვიგებდით. ავტომობილის მძღოლი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელზეც ზოგი ამბობდა, არ იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაშიო, ზოგი კი – მომხმარებელი იყო, მაგრამ იმ დილით ფხიზელი იყოო. საბოლოოდ, მას ამ დანაშაულისთვის უმაღლესი სასჯელი, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
სამწუხაროდ, მისი ოჯახის მხრიდან ჩვენთან არავინ მოსულა: არც თანაგრძნობის გამოსახატავად, არც ბოდიშის მოსახდელად, არც დახმარების გაწევის სურვილის გამოსათქმელად. ალბათ, ასეთ დროს ადამიანს დიდი გამბედაობა და სულგრძელობა სჭირდება, რაც იმ მომენტში არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა’’, – ამბობს დათის დედა.
დღეს მოზარდი “ეტლით გადაადგილდება, რადგან, ფაქტობრივად, მარჯვენა მხარეს წელამდე არც ერთი ძვალი არ აქვს და ყავარჯნებით უჭირს კოორდინაციის დაცვა“.