თამთა კოსტავა ახლადშექმნილ ოჯახსა და მეუღლეზე

ეროვნული მოძრაობის გმირის, მერაბ კოსტავას ქალიშვილი თამთა კოსტავა დაქორწინდა. მისი რჩეული პროფესიით ექიმი ბიძინა მესხია.

მხატვარი, გრაფიკოსი და დაზგური ხელოვნების ოსტატი თამთა კოსტავა ახლადშექმნილ ოჯახსა და მეუღლეზე„კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს და მეუღლესთან პირველ შეხვედრას იხსენებს.

„მე და ბიძინა პირველად რამდენიმე წლის წინ შევხვდით, გურამ შარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე, სადაც რუსუდან შარაძემ მიგვიწვია, ოღონდ იქ კარგად არ გაგვიცნია ერთმანეთი. მერე, ძალიან ახლობელმა ადამიანმა ჩემთან გამოუშვა თავის საქმეზე და ბიძინა შინ მესტუმრა. ასე ახლოს პირველად მაშინ ვნახე. თავიდან ჩვეულებრივი ნაცნობების დონეზე ვიყავით, ტელეფონით ვსაუბრობდით და ვუთხარი, მოდი, ვიმეგობროთ-მეთქი, ამის შემდეგ კი ჩემთან ხშირად ამოდიოდა, ერთმანეთს საკუთარ აზრებს, შეხედულებებს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვუზიარებდით. ერთხელაც, ბიძინამ აღნიშნა, მე ჩემი ცხოვრების მეგზურს, ცოლს ვეძებო, მე კი ბოიფრენდს-მეთქი. – მე ტრადიციული ქართველი კაცი ვარ და ასეთი ურთიერთობა არ მაინტერესებსო. მაშინ, დავთქვით, რომ ერთი წელი ერთ ჭერქვეშ ვიცხოვრებდით, თუ შევეთავსებოდით ერთმანეთს, თუ კარგად ავაწყობდით ურთიერთობას, თანაცხოვრებას, ერთი წლის თავზე ცოლად გავყვებოდი. ასეც მოვიქეცით – წელიწადზე ცოტა მეტი გავიდა და დავქორწინდით, სვეტიცხოვლობას – 14 ოქტომბერს, მცხეთაში, ანტიოქიის დედათა მონასტერში (სვეტიცხოვლის გვერდზეა). მამა სერაფიმემ ჯვარი დაგვწერა და იქვე სატრაპეზოში პატარა ქორწილიც გადაგვიხადა. ცხადია, მერე ჩემთან სახლშიც განვაგრძეთ აღნიშვნა და ვიდღესასწაულეთ.

სხვათა შორის, ოთახში, კედელზე, მამა გაბრიელის სურათი მიკიდია და მას ვთხოვდი ხოლმე: მინდა, რომ შენ იყო ჩემი პატრონი. დედამიწაზე უამრავი ნაწილი გყავს და ძალიან გთხოვ, შენი საუკეთესო ნაწილი გამომიგზავნე, რომ ჩემი ქმარი, ჩემი პატრონი იყოს-მეთქი და ბიძინა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში“, – აღნიშნავს თამთა კოსტავა ინტერვიუში, რომელსაც სრულად წაიკითხავთ აქ.