რა სირთულეებმა მოუტანა დიდი წარმატება ქეთი უარდს და რა ოცნება აიხდინა მან ლონდონში

პიანისტი ქეთი უარდი-ასათაშვილი უკვე რამდენიმე წელია, ინგლისში ცხოვრობს და წარმატებულად საქმიანობს. მისი ცხოვრება ძალიან საინტერესოა და მიღებული გამოცდილებების შესახებ გულწრფელად გვიყვება.

ქეთი უარდი (ასათაშვილი): 4 წლიდან ვუკრავ. დედა პიანისტი იყო და ჩემი პირველი მასწავლებელი ის გახლდათ. 6 წლისამ სწავლა ნიჭიერთა ათწლედში დავიწყე. თბილისში ძალიან მაგარი სკოლა გავიარე. ახლა სხვა ქვეყნის მუსიკალურ სკოლებს რომ ვადარებ ჩვენსას, ქართულ სკოლას და ჩვენს პედოგეგებს კიდევ უფრო მეტად ვაფასებ. მუსიკალური განათლების მხრივ ძალიან მაღალ დონეზე ვართ.

პატარა ასაკიდანვე დავდიოდი კონკურსებზე. მშობლები ხელს მაქსიმალურად მიწყობდნენ. 6 წლის ვიყავი, როდესაც პირველ კონკურსზე წავედით საფრანგეთში, შემდეგ იყო იტალია, საბერძნეთი და ასე შემდეგ. მთელი ბავშვობა ვმოგზაურობდი. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში კონსერვატორიის მცირე დარბაზში სანთლის შუქზე გვქონდა კონცერტები. საკონცერტო დარბაზები გაყინული იყო და დედას ბოთლებით დაჰქონდა ცხელი წყალი, რომ ხელები გაგვეთბო. ფეხით დავდიოდით, ტრანსპორტი არ მუშაობდა და ახლა რომ ვიხსენებ იმ ყველაფერს, წარმოუდგენლად მიმაჩნია, მაგრამ ფაქტია, რომ დაუღალავად ვშრომობდით და კარგი შედეგიც გვქონდა. ღამის 3-4 საათზე მივდიოდით ხოლმე რეპეტიციაზე.

მთელი ჩემი ბავშვობა მუსიკას უკავშირდება. ეს დედაჩემის დამსახურება იყო. ის ამით ცხოვრობდა. სულ სამზადისი, დიდი გეგმები, ბევრი კონცერტი და წარმატებები. მართლა არარეალურად მეჩვენება ის, რასაც მაშინ თავდადების ფასად ვახერხებდით. შემდეგ კონსერვატორიაში განვაგრძე სწავლა და თამამად შემიძლია, ვთქვა: რომ არა ის სირთულეები, რაც მაშინ გამოვიარე, მე დღეს ვერ შევძლებდი იმის გაკეთებას, რასაც ახლა ინგლისში ვაკეთებ. ალბათ, თუ დიდი მსხვერპლი არ გაიღე, მერე კარგ შედეგს ვერ მიიღებ.

17 წლის ვიყავი, როცა დედა დაიღუპა და დიდი მოტივატორი მომაკლდა, მაგრამ მივხვდი, რომ მუსიკის გარეშე არ შემეძლო და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივყევი. შემდეგ პედაგოგიური საქმიანობაც დავიწყე.

– საკმაოდ პატარა ასაკში ოჯახი შექმენით და ამან ხელი არ შეგიშალათ?

– არა, არ გავჩერებულვარ. ვაგრძელებდი, მაგრამ პიანისტობასთან დაკავშირებით, თითქოს დიდი ამბიციები აღარ მქონდა, თუმცა, ვიცოდი, რომ ამ საქმის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. ვსწავლობდი და თან, ძალიან კარგად. მაგისტრატურაც გავიარე, ოჯახი მქონდა, პატარებიც მყავდა და ყველაფერს მშვენივრად ვუთავსებდი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ იმ პერიოდში საერთაშორისო სცენებზე გამოსვლის ამბიცია მქონდა. უფრო საქართველოს ფარგლებზე ვიყავი კონცენტრირებული, რადგან პატარა შვილები მყავდა.

– მერე ოჯახი დაინგრა…

– დიახ, მერე ოჯახი დამენგრა. მგონი, ეს ჩემი ხასიათის ნაწილია. რაღაც პერიოდი ბედნიერი ვარ ოჯახურ თანაცხოვრებაში, მაგრამ მერე – ვეღარ. ამას მივხვდი, რადგან ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში მეორედაც მოხდა. დავასკვენი, რომ 6-7 წელია, ჩემი მაქსიმუმი (იცინის). ორივე ოჯახი, დაახლოებით, ამ დროში დამენგრა. იმიტომ არა, რომ ჩემს მეუღლეებში იყო პრობლემა, ალბათ, უფრო მე ვვითარდები ძალიან სწრაფად და ძნელია ჩემს მხარდამხარ გამოყოლა. ძალიან მიზანდასახული და ამბიციური ვარ, თუ მოვინდომე, გამორიცხულია, რომ არ გავაკეთო და მგონი, ცოტა რთული იყო ჩემი ქმრებისთვის, ჩემი ტემპით გაეგრძელებინათ გზა. მერე იწყებოდა აცდენები, განსხვავებული გეგმები და რთული პერიოდი.

გულწრფელად ვამბობ, ორივე მეუღლე ძალიან მიყვარდა, შვილები გვყავს და ზოგადად, ურთიერთობის დანგრევა ადვილი არ არის, მაგრამ რთული პერიოდიც გადის და ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება.

– არადა, მეორედ ქორწინების ისტორია ფილმის სცენარს ჰგავს.

– მაიკთან ახლაც ძალიან მეგობრულად ვარ, მაგრამ მასთანაც და პირველ მეუღლესთანაც მქონდა დაშორების კატასტროფული სირთულეები.

პირველ მეუღლესთან დაშორების შემდეგ ნათქვამი მქონდა, რომ სანამ ადამიანს თავიდან-ბოლომდე არ გავიცნობდი, მანამდე მასთან ოჯახს არ შევქმნიდი, თუმცა, როდესაც მაიკი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, სულ სხვანაირად გამოვიდა. ასეა, სხვანაირად ფიქრობ, მაგრამ ხვდები პიროვნებას, აანალიზებ, რომ „შენი ადამიანია“ და ფიქრობ, რომ ერთად ყველაფერს ააშენებთ. ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს არის სიყვარული. ასე მოხდა ჩემს პირველ მეუღლესთანაც, უცებ გავგიჟდით, გადავირიეთ და ოჯახი შევქმენით და ასე მოხდა მეორე მეუღლესთანაც, უცებ დავინახეთ საერთო მომავალი. ჩემი პირველი მეუღლე არ იყო მუსიკოსი და სულ მეგონა, რომ ჩვენი ოჯახი ამიტომ დაინგრა, რომ მას არ ესმოდა ჩემი და ასე შემდეგ. ამ დროს გამოჩნდა მაიკი, რომელიც ჩემი პროფესიის იყო და მართლა ბევრი რამ გავაკეთეთ ერთად.

– გაცნობიდან სულ რამდენიმე დღეში მიიღეთ ეს გადაწყვეტილება.

– ერთმანეთს მანამდეც ვიცნობდით, მაგრამ შორიდან. მე საქართველოში ვცხოვრობდი, ის – ინგლისში და პროფესიულ ჭრილში ვურთიერთობდით. როცა ის საქართველოში ჩამოვიდა, უცებ გადავწყვიტეთ დაქორწინება. მერე მე და მაიკმა შევქმენით მუსიკალური სკოლა. ის ინგლისური კულტურის წარმომადგენელი იყო საქართველოში და სიმართლე გითხრათ, ძალიან მოუხდა საქართველოს ინგლისური სისტემა. მუსიკალური აკადემია გავაკეთეთ, ძალიან ბევრი მოსწავლე გვყავდა, მაიკი ძალიან უყვარდათ. ის აქ გადმოვიდა საცხოვრებლად. მაშინ მის ცხოვრებაში საკმაოდ ტრაგიკული პერიოდი იყო, მეუღლე დაეღუპა და მე ვფიქრობ, უნდოდა თავის ქვეყანას მოშორებოდა, რაღაც ახალს ეძებდა. მე ვფიქრობ, ზუსტად ამიტომ აეწყო ჩვენი ურთიერთობა, ისეთ დროს შევხვდით, როცა ერთმანეთი ძალიან გვჭირდებოდა, ერთმანეთი შევავსეთ, ერთმანეთის გვესმოდა. ის საუკეთესო მეუღლე იყო და ერთმანეთს ყველაფერი მივეცით, რაც კი შეგვეძლო.

შემდეგ ინგლისში გადმოვედით საცხოვრებლად და მერე ჩვენი ურთიერთობა ცოტა უკან წავიდა. მაიკი ძალიან ბედნიერი იყო საქართველოში. მე კიდევ ინგლისში ავეწყვე ძალიან კარგად. მე ვფიქრობ, ქართველებს უფრო ძლიერი მენტალობა გვაქვს, უფრო მეტად ამტანები ვართ. მე ისეთ რთულ პერიოდში გავიარე ბავშვობა, იმის მერე რაღა გამაკვირვებდა და შემაშინებდა (იცინის). ინგლისში ყოველდღიურად დიდი მანძილის გავლა მიწევდა, მაგრამ ამის გამო არ ვჩიოდი. ბევრი მოსწავლე ავიყვანე, ყველაფერს ენერგიულად ვაკეთებდი და ძალიან მალე და კარგად ავეწყვე ჩემს კერძო მოსწავლეებთან. მაიკს კი გაუჭირდა სამსახურის მხრივ და ჩვეულებრივ სკოლაში დაიწყო მასწავლებლად მუშაობა. ამას ვერ ეგუებოდა, უნდოდა, მასაც კერძო მოსწავლეები ჰყოლოდა და მაშინ, თითქოს პროფესიულ ნიადაგზე, ჩვენ შორის დაპირისპირება მოხდა. საქართველოში ცხოვრებისას ეს მომენტი არასდროს გვქონია, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვის მეტი მოსწავლე ჰყავდა და ვის – ნაკლები, ერთი გუნდი ვიყავით. ინგლისში კი, თითქოს, ჩვენი გუნდი დაიშალა. მოსწავლებთან ერთად, ჩემთან კონცერტებიც წამოვიდა. აღფრთოვანებით შემხვდა მსმენელი, სხვადასხვაგან მიწვევდნენ და ეს ბუნებრივად მოხდა, რადგან მე სხვა, მათგან განსხვავებული სკოლის წარმომადგენელი ვიყავი, რაც მათში ინტერესს იწვევდა. თუ მანამდე ძალიან მომწონდა ის ფაქტი, რომ ერთი პროფესიის წარმომადგენლები ვიყავით, მაშინ მივხვდი, რომ ეს შეიძლებოდა, დამაზიანებელიც ყოფილიყო ჩვენი ურთიერთობისთვის. მაიკს ჰქონდა ეს მომენტი, მის ქვეყანაში მე უკეთ ავეწყვე და ეს მასზე ცუდად მოქმედებდა. მე ვფიქრობ, რომ საერთოდ, ეს ასეა: სხვა ქვეყანაში განსხვავებული კულტურის წარმომადგენელი, მათთვის უფრო მეტად საინეტერესოა. საქართველოში მაიკი იყო განსაკუთრებით საინტერესო, ყველა აღფრთოვანებით ხვდებოდა და ინგლისში – პირიქით, მე აღმოვჩნდი ამ როლში.

მერე მაიკს მენტალური პრობლემები დაეწყო. მე ჩემი გეგმები მქონდა, ცენტრში მინდოდა საცხოვრებლად გადასვლა და კარიერის კიდევ უფრო განვითარება. მერე უკვე მარტომ გავაკეთე ეს. მივხვდით, რომ ჩვენი ურთიერთობა აღარ გამოდიოდა. დაშორებულები ვიყავით, მაგრამ ერთ სახლში ვცხოვრობდით. სამი შვილი, დიდი პასუხისმგებლობები და ასე მარტივი არ იყო ბოლომდე დაშლა, თუმცა ორივეს შეთანხმებული გვქონდა განქორწინების გადაწყვეტილება. მერე ისე მოხდა, რომ მაიკი მენტალურად ჩამოიშალა. ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ. სახელმწიფო სტრუქტურების ჩარევა გახდა საჭირო, შემაკავებელი ორდენიც გამოვიყენეთ. რაღაც პერიოდი ფსიქიატრიულშიც მოხვდა. უცებ სხვა ადამიანად იქცა, მაგრამ სულ ვფიქრობდი, რომ ყველაფერი გაივლიდა. გამოვიდა, რომ ბოლომდე მაინც ვერ შეეგუა ჩვენი ოჯახის დანგრევას. ცოტა ცუდი თამაშები დაიწყო. ახლა დაწყნარებული გონებით რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ ეს განქორწინების შემდგომი სინდრომი იყო. იყო პერიოდი, რომ ჩვენთან საერთოდ არ ჰქონდა ურთიერთობა, დაახლოებით რვა თვე. მე ამ პერიოდში კიდევ უფრო გავძლიერდი. ჩემს გეგმებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევი. ძალიან რთული იყო. წარმოიდგინეთ, როცა ძალიან კარგი მეუღლე გყავს, უცხო ქვეყანაში ხარ, სამი შვილით და დიდი პასუხისხმგებლობებით და ოჯახი ინგრევა, როგორია? მაგრამ, მგონი, ჩემი ფსიქიკა ასეთია – რთულ პერიოდებში კიდევ უფრო ძლიერდება. იმდენი შევძელი, რომ ლონდონის ცენტრში, ნოტინგ ჰილზე გადმოვსულიყავი საცხოვრებლად. აქ ცხოვრება ძალიან რთულია. საოცრად დიდ ენერგიასა და განსაკუთრებულ დისციპლინას მოითხოვს. აქ რომ ცხოვრობ, დიდ დატვირთვას უნდა გაუძლო. საოცრად შრომისუნარიანი უნდა იყო, რადგან ყველაფერი ძალიან ძვირია, მით უმეტეს, როცა ცენტრში ცხოვრობ. აქაური ცხოვრების რიტმი ყველასთვის არ არის, ბევრი ვერ უძლებს და არჩევს, ქალაქგარეთ იცხოვროს, სადაც ყველაფერი სამჯერ იაფია და თავს დასვენებისა და მოდუნების საშუალებას მისცემ. მე ძალიან მიყვარს ლონდონის რიტმი, ვგრძნობ, რომ ჩემია და ამისთვის ბევრი შრომაც მსიამოვნებს.

რეგულარულად მაქვს კონცერტები. თვეში ორჯერ და ეს ძალიან დიდი დატვირთვაა. მოსწავლეებიც მყავს, თუმცა ყველაფერს კარგად ვაბალანსებ. აქ არის მუსიკოსთა წრე, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ და ყოველთვის მეძახიან. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პროფესიით მაქვს შემოსავალი და წინსვლის საშუალება. ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ავისრულე და შემიძლია, ლონდონის ცენტრში ვიცხოვრო. ყველაფერთან ერთად, სასწაული მეზობლები მყავს. ისინი ძალიან აფასებენ ჩემს საქმიანობას, კონცერტებზე მოდიან და მგულშემატკივრობენ. ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით და ენერგიულად ვაგრძელებ წინსვლას.