მაკა შალიკაშვილი: ჩემზე ამბობენ, სოფლელი სოფელშიო

მსახიობი მაკა შალიკაშვილი წლებია, თბილისში ცხოვრობს, ძალიან ბევრს მუშაობს, მაგრამ საკუთარი ჭერი ჯერ კიდევ არ აქვს. ამის შესახებ  მსახიობი „გზასთან“ საუბრობს.

-ის პრობლემა, რაც მე მაქვს და რის შესახებაც მინდა გესაუბროთ, საშინლად მიშლის ხელს: ბინა არ მაქვს. ამის გამო, რაც კი ცხოვრებაში შემიძენია, ყველაფერი ფასს კარგავს, როდესაც არ ვიცი, ვინ როდის, რატომ და რისთვის გამომიშვებს სახლიდან…

უბინაობა პრობლემათა იმ კატეგორიას არ განეკუთვნება, რომელიც გაძლიერებს, ცოდნას და გამოცდილებას გაძლევს, პიროვნულად გზრდის… მე რა პრობლემაც მაქვს, ამის გამო ჩემთვის ყველაფერი აზრს კარგავს, რადგან თუნდაც ბინის მეპატრონესთან ხელშეკრულების გაფორმებისას, მაინც დროებითი საცხოვრებელი გაქვს. მუდმივად გადასვლა-გადმოსვლა გიწევს… ამ ტიპის სიახლეების მიღება მიჭირს…

ხომ გაგიგონიათ – მსახიობს უნდა შიოდეს და სწყუროდეს, რომ კარგად ითამაშოსო? რა თქმა უნდა, ამას ვეთანხმები, როცა მსახიობს იმდენი საქმე გაქვს, რომ ვერ ჭამ და იცი, რა არის შიმშილი, მაგრამ დიდი განსხვავებაა, როცა გაჭირვების გამო ვერ ჭამ… გაჭირვება ძალიან თრგუნავს და მიწასთან ასწორებს მსახიობის ღირსებას, ყველაფერს…

ჩემთვის ბევრჯერ უკითხავთ, – ბინა რატომ არ გაქვსო? განა იმიტომ არ მაქვს, რომ გარკვეული პრობლემების გამო გავყიდე ან წამართვეს, ან – მამაჩემი დააკავეს და იძულებული გავხდით, ბინა გაგვეყიდა?.. მსგავსი არაფერი მომხდარა. ჩვენ სახლი არ გვქონია ქალაქში, სადაც საბედნიეროდ თუ ჩემდა სამწუხაროდ, ის უნივერსიტეტი მდებარეობს, რომელში ჩაბარებაც მსურდა. თეატრალური უნივერსიტეტი სოფელ იგოეთში ან კასპში რომ ყოფილიყო, დამიჯერე, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა – სნობ ქალაქელებს არ შევაწუხებდი: თბილისში არ “ჩამოვეთრეოდი” და მათ თვალში არ შევეჩხირებოდი, ვისაც ძალიან არ ვუყვარვარ და ამბობენ, – სოფლელი სოფელშიო…

ასეთ დამოკიდებულებას ადრეულ ასაკშიც ვგრძნობდი და დღესაც. ცათა სასუფეველში უფრო შეხვალ ადამიანი (თუ ქრისტეს მეგობარი იქნები), ვიდრე სნობურ, ქართულ ბომონდურ საზოგადოებაში, – ყვება მსახიობი „გზასთან“.