„ასეთი მძიმე ბრალდებებისა და ბულინგის ფონზე რამე რომ დამემართოს, ნეტავ, თუ არ შერცხვებათ…“

მსახიობი და ტელესახე ზურა ნიჟარაძე ჟურნალ „თბილისელებთან“საუბრობს იმის შესახებ, რომ გარკვეულ ორგანიზაციებს და პარტიებს მისი პოლიტიკაში ჩათრევა და გასვრა სურთ:

„ახლა გარკვეულ ორგანიზაციებს თუ პარტიებს უნდათ, პოლიტიკაში ჩამითრიონ და გამსვარონ. ტროლები თუ ბოტები მაბრალებენ, თითქოს, ქრისტიანობას ვებრძვი. პოლიტიკოსების გვერდით დამაყენეს. ხომ არ დავიწყებ ჩემს ცხოვრებაზე საუბარს, ხომ არ ავუხსნი ყველას სარწმუნოების მიმართ ჩემს დამოკიდებულებაზე, ჩემს ურთიერთობებზე სასულიერო პირებთან, ხომ არ მოვუყვები ყველას, რომ ათონის მთაზე დავდივარ და ღამეებს ლოცვაში ვათენებ. კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით ცდილობენ, არასწორად წარმოაჩინონ ჩემი დამოკიდებულებები. ხან ამბობენ, ნაცებთან ქეიფობსო, ხან – ქოცებთანო. რატომ მაკუთვნებენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, მე მყავს მეგობრები, რომლებიც მიყვარს და პატივს ვცემ…

არ უნდა გავაბოროტოთ ადამიანებმა ერთმანეთი. სულაც არ ვფიქრობ, რომ რამეში შევცდი, მაგრამ შენ თუ ასე ფიქრობ, მოდი და ადამიანურად მომწერე და არა ასეთი საშინელი ფორმით.

სამწუხაროდ, ვერაფერს შევცვლი. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, თორემ ჩემს ცხოვრებაში რა ნაბიჯებიც გადამიდგამს, არ ვნანობ და ვერ ვიტყვი, რომ რამე მნიშვნელოვნის შეცვლას ვისურვებდი. ასეთი მძიმე ბრალდებებისა თუ ბულინგის ფონზე რამე რომ მომივიდეს ნერვიულობის გამო, ნეტავ, თუ არ შერცხვებათ?!“