“ჩემი ქმრის სიყვარულის გამო ბევრი რამ შევძელი”

30 წლის წინ საქართველოს კინოთეატრებში პირველად აჩვენეს რეჟისორ ზაზა კოლელიშვილის ფილმი “გარიგება”. კახური იუმორით გაჯერებულმა კომედიამ თავიდანვე დაიპყრო მაყურებელთა გულები და ასე გრძელდება დღემდე. ყველა თაობა სიამოვნებით უყურებს ფილმს, რომლიდანაც ფრაზებს ყოველდღიურ საუბრებში ხშირად გაიგონებთ.

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ამ ფილმის სცენარი ზაზა კოლელიშვილის ცოლმა, მსახიობმა ნათია გოგოჭურმა, დაწერა. მასვე ეკუთვნის სცენარები ფილმებისთვის – “საქართველო ჩემს გულში”, “არჩევანი”, “ქუთაისელი ბაბუ”, “ომი და ქორწილი”, “,ოტელო ქუთაისში”. რამდენიმე მათგანის პროდიუსერიც გახლავთ.

თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 12 წელი რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. პროფესია ძალიან უყვარდა, მაგრამ არჩევანი ოჯახის სასარგებლოდ გააკეთა. გადაწყვეტილება მტკივნეული იყო იმდენად, რომ წლების განმავლობაში თეატრში სპექტაკლის სანახავად ვერ დადიოდა. უკმარისობას ფილმებსა და სერიალებში მონაწილე-ობით ივსებდა. კალამიც ქმრის სიყვარულით აიღო ხელში, რადგან ზაზას გულით უნდოდა რეჟისორობა. პირველი სცენარი სწორედ “გარიგებისთვის” დაწერა.

ოპტიმისტი, ენერგიული, ხალისიანი, მრავალშვილიანი დედა, რომელმაც გაუძლო უამრავ ყოფით პრობლემას და დღემდე მეუღლის ერთგული მეორე ნახევარი და თანამებრძოლია, 60/ ასაკის მიუხედავად, მომავალი თაობის აღზრდას ემსახურება და ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება, ერთხელ მოსული სიყვარული ფერებგაუხუნარი ატარო მთელი ცხოვრება. დანარჩენს ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ქალბატონო ნათია, თქვენ იყავით ადამიანი, რომელიც მუდმივად ხელოვნებას ემსახურებოდა. ბოლო წელია, რაც საჯარო სამსახურში ხართ. როგორ გრძნობთ თავს ამ სფეროში?

– არასდროს შევუწუხებივარ ასაკის მატებას, არც მაშინ, 40 წლის რომ გავხდი და არც მაშინ, 50-ის რომ გავხდი, მაგრამ ძალიან ავფორიაქდი, როცა საპენსიო ასაკი მომიახლოვდა. ფსიქოლოგიურად ძნელი გადასალახი აღმოჩნდა. თითქოს მოვიდა ის დრო, როცა განვითარების ეტაპი დასრულდა და ძირითადად სახლში უნდა დაჯდე. პენსიონერის სტატუსით იზღუდები და უფრო შემჭიდროვებულად იწყებ ცხოვრებას.

შეიძლება პენსიას რაღაც დადებითი მოაქვს ფინანსურად, სულ მცირე, მაგრამ გარანტირებული შემოსავალი არის. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი პენსია სამარცხვინოა. ახლოსაც ვერ მივა ევროპულთან, სადაც ადამიანებს უხარიათ კიდეც პენსიაზე გასვლა, რადგან იქ ნამდვილად ღირსეული ანაზღაურებაა და შეუძლიათ საკუთარი თავის განებივრება.

საბედნიეროდ, მოხდა ისე, რომ ცხოვრებაში პირველად სწორედ ამ ასაკში გამომიჩნდა საჯარო სამსახური. თბილისის მერიასთან არსებულ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დიდუბის ფილიალის დირექტორი ვარ. ჯერ კიდევ 90-იან წლებში საკუთარ სახლში მქონდა გახსნილი სტუდია არა იმდენად მატერიალური თვალსაზრისით, რადგან ძირითადად მეგობრების შვილებს ვასწავლიდი, არამედ იმ მძიმე დროს ბავშვებისთვის რომ მიმეცა საშუალება, ესწავლათ თეატრალური ხელოვნება, სწორი მეტყველება, ცოტა დროით მაინც გასცლოდნენ გარემოს, სადაც კარგი არაფერი ხდებოდა.

ძალიან მიხარია, რომ საჭირო აღმოვჩნდი ჩემი გამოცდილებით. თავდაპირველად მეშინოდა. ერთი სასწავლო წელი დავამთავრეთ და მოსწავლეთა რაოდენობა გაორმაგდა. ჯერჯერობით შენობა არ გვაქვს, ბაგა-ბაღში ვართ შეხიზნული. ახლა დაიწყო სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა, სადაც ჩვენთვისაც არის ადგილი გათვალისწინებული.

ჩვენთან მინიმალური გადასა-ხადებია კერძო სტუდიებთან შედარებით. სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საერთოდ უფასოა. ერთი სიტყვით, სასკოლო საგნების სწავლა და ხელოვნების სფეროს სხვადასხვა მიმართულებების სწავლება ხელმისაწვდომია.

მართლა არ ველოდი, რომ ამ ასაკში დავიწყებდი სამსახურს. ეს დამეხმარა, გადამელახა ფსიქოლოგიური ბარიერი, საპენსიო ასაკთან დაკავშირებით რომ მქონდა. პირველ ხანებში რომ მივდიოდი სამსახურში, გული მიჩქარდებოდა, ახლა შევეჩვიე. ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა. ისეთი ნათელი თვალებით მიყურებენ, არ შეიძლება, დადებითი ენერგიით არ დაიმუხტო.

– შემოქმედებითი, ხელოვანი წყვილი ხართ. თქვენი მეუღლე გასულ წლებში თბილისის საკრებულოს წევრი იყო. ახლა რას საქმიანობს ზაზა კოლელიშვილი?

– ხელოვან ადამიანებსაც იგივე პრობლემები აწუხებთ, რაც საზოგადოების დანარჩენ წევრებს – განათლების, ჯანმრთელობის, საყოფაცხოვრებო. დღესაც ბევრგან შემორჩენილია ბიუროკრატიული ბარიერები და ადამიანებს ზოგჯერ ხელი არ მიუწვდებათ, მიიღონ დახმარება საჭიროების დროს. თავისი სადეპუტატო მანდატის პირობებში ზაზა ბევრ ადამიანს და მათ შორის ჩვენს კოლეგებს დაეხმარა მსგავსი პრობლემების მოგვარებაში.

შემდეგ მასაც გარკვეული დეპრესია ჰქონდა იმავე მიზეზით – საპენსიო ასაკი დაუდგა. თითქოს ბუნებრივია წლების მატება და ამას ვერ გრძნობ, სანამ სიტყვა “პენსია” არ დაიხატება ჰორიზონტზე. პანდემიამაც გაუმძაფრა დეპრესია. არაფრის გაკეთება აღარ უნდოდა, მაგრამ უკვე გამოვიდა მდგომარეობიდან, გამოცოცხლდა.

ფილმი “ომი და ქორწილი” როცა გადავიღეთ, ბევრი გაუგებრობა მოხდა დაფინანსების კუთხით, ამიტომ ვალები გვაქვს დარჩენილი და ზაზა ამ ვალების გასტუმრების გზებს ეძებს. მას აქვს თეატრებიდან შემოთავაზება და მალე სცენაზეც გამოჩნდება. ვფიქრობდით, რომ ცხოვრების ჟინი და ცეცხლი მიინავლა, მაგრამ ეს ეტაპი დასრულდა და ახალი ენერგიით ვაგრძელებთ საქმეს. ერთი ნატვრა მოგვეძალა, სადღაც, ტყესთან ახლოს, პატარა სახლი გვქონდეს, სადაც დავისვენებთ და ერთობლივ გეგმებზე ვისაუბრებთ.

– ზაზას, ამ ძირძველ კახელს, კახეთში მშობლიური სახლი არ აქვს?

– როგორ არა, იყალთოში გვაქვს, მაგრამ თავი ვერ მოვაბით, რომ გავაკეთოთ, მოვაწესრიგოთ. 25 წელია, სულ ვაშენებთ. ახლა შვილებიც დაგვეხმარებიან და ბოლო-ბოლო დავამთავრებთ.

– იყავით რუსთაველის თეატრის მსახობი, გიღებდნენ ფილმებში, წერთ სცენარებს, ხართ პროდიუსერი. მაინც რომელია თქვენთვის უპირატესი?

– ჩემი მოწოდებაც და სურვილიც იყო სცენაზე დგომა. დღემდე მწყდება გული, რომ თეატრს თავი დავანებე. რომ გადავხედავ ფილმებს, სადაც გადაღებული ვარ, ყველაზე სრულყოფილი სახე, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ, კახა კიკაბიძის ,,ტბაში” შევქმენი. სცენარების წერა კი ზაზას გამო დავიწყე. ზაზას გამო ბევრი რამ შევძელი. კოსტიუმებსაც ვკერავდი, ტექნიკურ პრობლემებსაც ვაგვარებდი.

დღეს ისეთი დროა, საუკეთესო სცენარიც რომ დაწერო, თუ ფილმის გადასაღები თანხა არ გაქვს, წლობით უნდა შემოდო თაროზე. ჯერ კიდევ პანდემია იყო, ერეკლე მეორეზე გვინდოდა სპექტაკლის გაკეთება. 6 თვე ვიმუშავე, უამრავი მასალა მოვიძიე, ისტორიული დოკუმენტები, წიგნები, ღამეები თეთრად გავათენე ფიქრში, სიუჟეტების ძიებაში, დავწერე, გავაკეთე და მერე რა? საბოლოოდ არ გამოვიდა. ამიტომ გამოვაცხადე: ჯერ იშოვეთ ფინანსები, მერე დამელაპარაკეთ სცენარზე!

– 4 შვილის გაზრდა, თან იმ დროს, როცა არცთუ გილხინდათ, საოჯახო საქმეები და მუდმივად ქმრის გვერდით შემოქმედებითი შრომა – როგორ ახერ-ხებდით ამ ყველაფერს ისე, რომ არც გარეგნობაზე და არც ხასიათზე უარყო-ფითად არ აისახა?

– დიახ, ნამდვილად იყო ყველაფერი – სივიწროვე, უბინაობა, არასტაბილური შემოსავალი, ყველა სიძნელე, რაც შვილების გაზრდას ახლავს, მაგრამ,, ჯერ ერთი, ახალგაზრდა ვიყავი და მეორეც, ძალიან ოპტიმისტი ვარ, არასდროს ვკარგავ იმედს. მთავარი კი – ჩვენს ცხოვრებაში არსებობდა და არსებობს მაგიური სიტყვები: “მე შენ მიყვარხარ”, რომელსაც პირველი დღიდან დღემდე ვეუბნებით მე და ზაზა ერთმანეთს. სიყვარული ჯადოსნურია, უდიდეს ძალას გაძლევს.

ახლა ბევრად უკეთეს პირობებში ვცხოვრობთ. შვილებიც გაიზარდნენ, თავიანთი გზა იპოვეს, ისწავლეს, შრომობენ, ბინები აქვთ. ჩვენთან შედარებით მარტივად აუღეს ალღო დროს, ადაპტირდნენ დღევანდელ სამყაროსთან. მიხარია მათი კარგად ყოფნა და მაინც ძალიან მენატრება ის დრო, როცა ყველანი ერთად ვცხოვრობდით, როცა ღამე დაღლილი გადავხედავდი მძინარე პატარებს და ენით აღუწერელი გრძნობა მეუფლებოდა, რომ ჩემი ბარტყები ჩემი კალთის ქვეშ უსა-ფრთხოდ, მშვიდად მყავდნენ.

– ზაზა კოლელიშვილს ორი ისეთი როლი აქვს შესრულებული – შეთესი და მურტალოსი, რომ მაყურებელი ხშირად აიგივებდა კიდეც ამ გმირებთან. რეალურად როგორი მამკაცია?

– რადიკალურად განსხვავებული ადამიანია თავისი როლებისგან. არაჩვეულებრივი მეუღლეა, თბილი, მეგობრული, მზრუნველი, საუკეთესო მამა.

ზაზას ერთადერთი უარყოფითი თვისება ჰქონდა – სასმელი უყვარდა ძალიან. იყო პერიოდები, როცა გადაბმულად სვამდა. ზოგჯერ წელიც გასულა, არ დაულევია. მისი სმა უპირველესად მის ჯანმრთელობაზე მოქმედებდა ცუდად. ჩემთვისაც აუტანელი იყო მისი ეს ჩვევა იმ სიგიჟეებით, რასაც სიმთვრალეში ჩადიოდა. ამ დროს ისე ვუყურებდი, როგორც ავადმყოფს, რომელსაც მოვლა სჭირდება და, რადგან დღემდე ერთად ვართ, ესე იგი მიღირდა მასთან ცხოვრება. ჩვენმა სიყვარულმა დროს გაუძლო.

– ხევსური ბრძანდებით. ტურიზმის განვითარებამ წინ წამოსწია სხვადასხვა კუთხის სამზარეულო. თქვენ თუ იცით ხევსურული კერძებიდან რაიმე განსაკუთრებულად გამორჩეული?

– მე ასფალტზე გაზრდილი ხევსური ვარ, როგორც თავად უყვართ თქმა, გაფუჭებული ხევსური. ყველაფერს კარგად ვამზადებ, მაგრამ მამაპაპურ ხევსურულ კერძებს ნამდვილად არ ვაკეთებ.

ახლა ყოველი ფეხის ნაბიჯზე სახინკლე და რესტორანია. დედაჩემი ხევსურის ცოლი იყო და მამაჩემის სიყვარულით ხინკლის გაკეთება ისწავლა. ნათელას ხინკალი მამას მეგობრებში დიდად ფასობდა. პოეტები, მწერლები, მსახიობები სპეციალურად მოდიოდნენ ჩვენთან ხინკალზე საქეიფოდ.

უფრო ხელსაქმე მემარჯვება – ქსოვა, ქარგვა… ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ. გაფუჭებული ჩამრთველის შეცვლაც შემიძლია და ონკანის შეკეთებაც. ერთი სიტყვით, ხელმარჯვე ოსტატი ვარ.

– როგორც ცნობილია, ზაზა ხატავს. გამოფენის მოწყობას ხომ არ გეგმავთ?

– დიახ, ხატავს. გვინდოდა, მისი მრგვალი თარიღისთვის გაგვეკეთებინა გამოფენა, მაგრამ არ გამოგვივიდა. მამაჩემს უყვარდა თქმა, ამ თოფს მეორე ლულაც აქვსო. ჩვენ ჯერ არ დავბერებულვართ. ჯერ კიდევ შეგვიძლია ტყვია მეორე ლულაში ჩავდოთ და გავისროლოთ. ამიტომ იმედი მაქვს, გამოფენასაც მოვაწყობთ, ფილმსაც გადავიღებთ და სცენარებსაც დავწერ.

– რას ეტყვით ქალებს, ვისაც 60 წელი შეუსრულდათ?

– ამ ასაკში მივხვდი, რომ მთავარია, გიყვარდეს შენი თავი. როცა საკუთარი თავი გეყვარება, შეძლებ სხვების სიყვარულს, სხვების გაბედნიერებას, სხვაზე ზრუნვას და ისინიც დაგაფასებენ და შეგიყვარებენ.

გოგოებო, ქალებო, ჩვენ ყველანი განსხვავებულები, ინდივიდუალურები ვართ, მაგრამ გვაქვს საერთო – ერთგულება, გამძლეობა, სიყვარული. შეიძლება ზუსტად იმდენი არ მიიღოთ უკან, რამდენსაც იმსახურებთ, მაგრამ მაინც ბოლომდე დაიხარჯეთ და გაეცით სიყვარული.