ლენუკა ყოფშიძის ოჯახში ცხოველების სიყვარული გენეტიკურია. დიდი ბაბუა-ბებიებისგან და დედ-მამისგან მოყოლებული, მათ ოჯახში ყოველთვის იყო ოთხფეხა მეგობარი, ოჯახის წევრი, რომელსაც განსაკუთრებულად უვლიდნენ და ანებივრებდნენ. ახლახან ლენუკა ყოფშიძეს საყვარელი ცუგა გარდაეცვალა და იმდენად განიცადა, აღარ ფიქრობდა ცხოველის სახლში მიყვანას, მაგრამ მეგობარმა სიურპრიზი გაუკეთა და ახლა მის ბინაში უსაყვარლესი ტოი პუდელი დარბის.
ლენუკა ყიფშიძე: რამდენიმე დღის წინ შოკი მივიღე – მეგობარმა ხელის გულზე რომ ეტევა, ისეთი ბიჭი, ტოი პუდელი მაჩუქა. ორი თვისა და ერთი კვირისაა, უციცქნესი და უკვე ძალიან მიყვარს. თან, მეცინება, იმხელა ძაღლების მერე ასეთი პატარა რომ მყავს. სხვათა შორის, პირველი პუდელი რომ მყავდა – ბიბი და დიდხანს რომ იცოცხლა, იმის სახელი დავარქვი და ახლა პატარა ბიბი მყავს. ამ ციცქნას ჩემს ოჯახში შემოსვლა იმდენად ემოციური იყო, მთელი ღამე არ მიძინია. თან, ვფიქრობდი, ნეტავ ჩემს გრეის ხომ არ ვღალატობ-მეთქი. ის ტკივილი ამან ცოტა გამინელა, მასზე გადავიტანე მთელი ყურადღება და სიყვარული. ბავშვობიდან მიყვარს ცხოველები და რაც თავი მახსოვს, სულ გვყავდა ცუგები და არა მარტო ცუგები, ჩემს დიდ ბებიას სიამის კატა ჰყავდა, ულამაზესი და უფუმფულესი. ასე რომ, მთელი მოდგმა, მამა-პაპისეულიდან ცხოველების სიყვარულით მოვდივართ. დედის მხრიდანაც და მამის მხრიდანაც ერთი კი არა, რამდენიმე ცხოველი ჰყავდათ და თან არა ერთი. სხვათა შორის, ბებიაჩემს „ავჩარკა“ ჰყავდა, გერმანული ნაგაზი, რომელიც თურმე, საოცრად ჭკვიანი იყო. ბებიაჩემს სკოლაში აცილებდა, ელოდებოდა და მერე ჩანთა იმას მოჰქონდა. მოკლედ, ოჯახიდან მოდის. ჩემი შვილიც აბოდებს ძაღლებზე, არანორმალურად უყვარს. არასოდეს დამავიწყდება ჩემი პუდელი, რომელიც სანამ გავთხოვდებოდი, სანდრომ მაჩუქა, დიდხანს იცოცხლა და უბედნიერესი დღეები მაჩუქა.
– ალბათ, დღემდე გახსოვს ის პირველი ტრავმა, რომელიც ოჯახის ოთხფეხა წევრის დაკარგვით მიიღე.
– რასაკვირველია. ძალიან ცუდად მახსოვს. სკოლაში ვიყავი, ზურა გადაღებაზე იყო, წლინახევრის „ავჩარკა“ გვყავდა და სახლში დაბრუნებულს მკვდარი დამხვდა. შვილს გეფიცებით, იმდენად მიყვარდა და ისეთი ტრავმა მივიღე, სკოლაში იმ გარდაცვლილი ძაღლის ჯაჭვით დავდიოდი. ხილიანზე, ზოოპარკთან დავასაფლავეთ და იქ თითქმის ყოველდღე ჩავდიოდი. საფლავზე ქვა ჩავარჭვე და მაქსი დავაწერე, საშინელი განცდა მქონდა. სხვათა შორის, ჩვენი სამივე ძაღლი იმ ადგილას არის დასაფლავებული. მაქსის გარდაცვალების მერე, სახლში მალევე გაჩნდა ახალი ცუგა – ბენი, კანეკორსო. მერე გვყავდა ბაგი. ბენი რომ იყო შვიდი წლის, მე და ნიკუშამ ვიყიდეთ კრემისფერი კანეკორსოს სამი თვის ლეკვი და ზურას მივუყვანეთ. თავიდან გინება არ აგვცდა, რატომ მოიყვანეთო (იცინის). ზურას საყვარელი ბენი რომ გარდაიცვალა, კატასტროფად მახსოვს. ნიკუშას ჩააკვდა ხელებში და სრული საშინელება იყო. მერე, ყოველდღე მლოცავდა, ბენი რომ არ მყოლოდა როგორ გადავიტანდიო. არ დამავიწყდება ბენი და ბაგი რომ გვყავდა, ქუჩაში მე და ზურამ ხილიანზე უსაყვარლესი ცუგა ვნახეთ. ვუვლიდით, მაგრამ ქუჩისთვის გვეცოდებოდა და დედასთან რომ ვთქვით, ამასაც მოვიყვანთო, კინაღამ ჩვენ გამოგვყარა სახლიდან (იცინის). ზოგადად, არ მახსენდება ჩვენი ოჯახი დიდი პერიოდი ცხოველის გარეშე. სულ გვყავდა და არ მაკლდა ძაღლისა და ფისოს სიყვარული. მათი გარდაცვალების გამო კი ბევრი მიტირია, მიდარდია და დღემდე ყველა მიყვარს და მახსოვს. ძაღლი არის ჩემთვის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, რომელსაც ბავშვივით ვუვლით. ბაგიმ 14 წელი იცოცხლა და წარმოიდგინეთ, ამდენი წელი რომ გვერდით გყავს, როგორი გრძნობა ჩნდება. სამწუხაროდ, იცი და გააზრებული გაქვს, რომ ძაღლი დიდხანს არ ცოცხლობს და შინაგანად, ორგანიზმი და ფსიქოლოგიური განწყობა შეგუებულია, რომ გარკვეული დროის მერე დაგტოვებს, თუმცა, მაინც ძალიან მტკივნეულია. არ დამიჯერებთ, მაგრამ ამდენი ცხოველის სიკვდილმა სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა დამიტოვა.
– ახლახან დაგეღუპა ცუგა, რომელსაც თან გადაჰყევი, არც ექიმი დაგიკლია და არც სითბო, თუმცა, მაინც მალევე გარდაიცვალა.
– ყველაზე მეტად ჩვენი ცუგების გარდაცვალებით ჩემი შვილი დაიტანჯა. ძალიან განიცდიდა და ბენი რომ გარდაიცვალა, გრეის აყვანის წინააღმდეგი იყო. თუმცა, ქუჩაში რომ მივდიოდით, სულ ძაღლებს უყურებდა. მეზობელმა მომწერა: იმ დღეებში ოთხი თვის ლეკვი ჩუქდება და ხომ არ გინდათო. ზურასთან რომ შევედი და ვუთხარი, სახე წაეშალა: მოიცა, კაცო, არ ვარ ფსიქოლოგიურად მზადო. ნიკუშას კი ვუთხარი: შენ არ მოუვლი, მე მივხედავ-მეთქი და ისე გამოვიდა, ბოლომდე ნიკუშას მოსავლელი გახდა. თირკმლის უკმარისობა ჰქონდა და ჩვენთან, სამწუხაროდ, ცხოველებზე დიალეზი არ კეთდება. ფაქტობრივად, მთელი ნიკუშას ხელფასი მის წამლებსა და ექიმებში მიდიოდა. არაფერი დაუკლია და რომ ვუყურებდი, როგორ დაჰფოფინებდა და ზრუნავდა ავადმყოფ ცუგაზე, სწორედ იმ დღეებში, ჩემი შვილი სხვა კუთხით გავიცანი.
– არ იცოდით, რომ ცუგა დაბადებიდან არ იყო ჯანმრთელი და თირკმლის უკმარისობა ჰქონდა?
– სანახავად რომ მივედით, ოდნავ გამხდარი მომეჩვენა და პატრონმა მითხრა, ჭიებზე არ არის დამუშავებული და ერთი თვე ვმკურნალობდი, გადასხმებს ვუკეთებდიო. ახლა ხომ კარგადაა და არაფერი სჭირს-მეთქი? არა, არა, ვუმკურნალეთ და მორჩაო. არადა, დაბადებიდან ჰქონია თირკმლის დაავადება და ამაზე ვბრაზდები, რომ დამიმალა. თან, ვუთხარი: ახლახან ძაღლი დაგვეღუპა, ჩემმა შვილმა და მე უდიდესი სტრესი გადავიტანეთ და ამასაც რამე რომ მოუვიდეს, თავს მოვიკლავ-მეთქი. მოკლედ, მოვუყვანე ნიკუშას, გავახარებ-მეთქი და ერთი წელი მის მკურნალობას მოვუნდით, კლინიკიდან კლინიკაში დავდიოდით, მოვაკეთებდით, ისევ ცუდად ხდებოდა, კრუნჩხვებში ვარდებოდა. ყველაფერი გავუკეთეთ, თან გადავყევით. გრამებს ვითვლიდით, რამდენს იმატებდა, მაგრამ მაინც ვერ გადავარჩინეთ, რამდენიმე დღეში დაილია. არც კი მინდა გავიხსენო, რა დღეები გადავიტანეთ, მე და ჩემმა შვილმა. უთბილესი იყო და რომ შევეწყვეთ, მერე დაგვეწყო რთული პერიოდი და საბოლოოდ, დაგვტოვა. რომ გარდაიცვალა და დავასაფლავეთ, ის ღამე მე და ნიკუშამ თეთრად გავატარეთ. სახლი თითქოს დაცარიელდა. იცით, რა მაღიზიანებს ყველაზე მეტად? რომ ამბობენ: კარგი რა, ძაღლი იყო, ადამიანი ხომ არა, ასე რას განიცდი მის სიკვდილსო. ასეთ ხალხს ვერაფერს ავუხსნი. ვისაც სახლში ცხოველი არ ჰყოლია, ის ვერასოდეს მიხვდება, როგორ ხდება პატრონსა და ცხოველს შორის თვალებით, უსიტყვოდ საუბარი და სითბოსა და სიყვარულის გაცვლა-გამოცვლა.