როგორ აღმოჩნდა თაიმ სკვერის ბილბორდზე ციცი დუნდუას ფოტო, რომელიც „ჰოლივუდის“ ვარსკვლავების გვერდით მუშაობს

ციცი დუნდუა საკუთარი თავის საპოვნელად, მეტი განვითარებისა და წარმატებისთვის და რაც მთავარია, საკუთარი შვილების უკეთესი მომავლისთვის სამი წლის წინ საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. ბევრი სირთულე შეხვდა, თუმცა, დღეს იქ არის, სადაც ოცნებების რეალობად ქცევის შესაძლებლობა აქვს.

ციცი დუნდუა: სამი წელია, ამერიკაში ვცხოვრობ, თუმცა, სამტრედიაში დავიბადე და გავიზარდე. სამი წლიდან ვცეკვავ ქართულ ცეკვებს და ძალიან შემიყვარდა ეს საქმე. სულ კონცერტები, გასტროლები, აქტიური ცხოვრების ტემპი და ალბათ, გასაკვირიც არაა, რომ ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრება გადავწყვიტე. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ცეკვის გარდა სხვა პროფესიაც მჭირდებოდა. სამწუხაროდ, ჩვენთან ხელოვნება საკმარისად დაფასებული არ არის. პედაგოგიური დავამთავრე და ცოტა ხანი ბავშვებს ცეკვას ვასწავლიდი. ყოველთვის სცენაზე ვიდექი. ქუთაისში არის დასი „ლიბერტა“, სადაც სხვადასხვა როლს ვთამაშობდი. ჩვენი სპექტაკლი – „ბოდიში, რომ ცოცხალი ვარ“, საქართველოს მასშტაბით ძალიან პოპულარული იყო. ანუ, მსახიობის ამპლუაც მოვირგე და ამ მხრივაც აქტიური ვიყავი.

შემდეგ გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შემეცვალა და ამერიკაში წამოვსულიყავი. ჩემს მომავალს ამ ქვეყანაში ვხედავდი. მჯეროდა, რომ აქ ბევრის გაკეთებას შევძლებდი. ალბათ, ჩემს გადაწყვეტილბაზე გავლენა იმანაც მოახდინა, რომ საქართველოში პირადი არ ამეწყო. ორი შვილით მარტო დავრჩი და ჩემი შვილების მომავლისთვის თუ ჩემი განვითარებისთვის გადავწყვიტე, ამერიკაში წამოვსულიყავი.

ჩემი მშობლები ძალიან დამიდგნენ გვერდით. საკუთარი შვილებივით უვლიან ჩემს შვილებს. ეს ყველაზე მთავარია. არ ვნერვიულობ, რადგან ვიცი, რომ შვილები საიმედო ხელში მყავს დატოვებული და მშვიდად ვარ.

– რამხელები არიან?

– უფროსი გოგო 13 წლის არის და უმცროსი 5-ის. 17 წლის უკვე დედა ვიყავი და მე და ჩემი უფროსი შვილი ახლა დებივით ვართ. ჩემი შვილიც მოცეკვავეა. ლიზი სამტრედიაში იმ ანსამბლში ცეკვავს, რომელშიც მე ვცეკვავდი. ძალიან წარმატებულია. სალო პატარა ხელოვანია – ძერწავს, ხატავს.

– მშობლების იმედი გქონდათ, მაგრამ შვილებთან განშორება არ იქნებოდა მარტივი…

– იმ დღის გახსენებაც არ მინდა. მშობლებს ვთხოვე, აეროპორტში არ გავეცილებინე. უბრალოდ, გავალ სახლიდან და წავალ-მეთქი. არავინ გავიყოლე, მარტო წამოვედი. ერთი კვირა მქონდა ფრენა, სანამ ევროპა გამოვიარე და აქ ჩამოვედი, არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ მთელი გზა ცრემლი არ შემშრობია თვალზე. მანამდე შვილები გვერდიდან არ მომშორებიან, სულ დედას გაიძახოდნენ და უცებ, დავტოვე ისე, რომ არაფერი მითქვამს.

– ამერიკაში ჩასვლა ბევრ რისკს უკავშირდება.

– ბევრი რისკი არსებობდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, გამიმართლა. ყველანაირი გართულებისა და ნერვიულობის გარეშე ჩამოვედი. ევროპა, მექსიკა და ბოლოს – ამერიკა. შვიდი ქვეყანა გამოვიარე და ამერიკაში მექსიკიდან შემოვედი. არ იყო ისეთი რთული გზა, როგორც სხვები აღწერენ, ალბათ, ძალიან გამიმართლა.

– პირველი პერიოდი როგორ გახსენდებათ?

– ყველაზე რთულად. ენის ბარიერი მქონდა. სკოლაში რუსულსა და გერმანულს ვსწავლობდი. ინგლისურთან არ მქონდა ისეთი შეხება, რომ საუბარი შემძლებოდა. აქ სრულიად მარტო ვიყავი. არავინ დამხვდა ისეთი, ვისი იმედიც შეიძლება, მქონოდა, ვინც დამეხმარებოდა. აქ ძალიან რთულია, თუნდაც ერთი დღე ვინმეს შეეკედლო. თუ ბინის მეპატრონისგან ნებართვა არ გაქვს, მასაც პრობლემები შეექმნება. ამიტომ, რომ მოდიხარ, დამხვედრი გჭირდება. მე არავინ მყავდა. ერთი ჩანთით ჩამოვედი, ბავშვები მენატრებოდნენ, დეპრესია მქონდა… სრულიად უცხო ადამიანები დამიდგნენ გვერდით. ვისზეც მეგონა, რომ დამეხმარებოდნენ, ისინი – არა. არადა, ქართველები იყვნენ, ჩემი ძალიან ახლობლები – რომ მივდიოდი, ასე მეგონა, მაგრამ ხდება ხოლმე. როგორც გითხარით, სრულიად უცხო ადამიანებმა მომცეს იმედი და დღეს ჩვენ ერთი ოჯახივით ვარ.

როცა სამსახურის გარეშე დავრჩი. ჩემმა ახლანდელმა ძალიან ახლო მეგობარმა შემიფარა თავის სახლში. მასთან ორი კვირა ვიცხოვრე. აქ ეს ძალიან დიდ დრო და შეღავათია. ცოტა გონს მოვედი და მივხვდი, რომ ამ ქვეყენის რიტმს უნდა ავყოლოდი ან უკან დავბრუნებულიყავი. რადგან სირთულეებისთვის ფსიქოლოგიურად მომზადებული ვიყავი, მეორე დღიდანვე სამსახურის ძებნა და ინგლისურის სწავლა დავიწყე. ბრუკლინში, ძირითადად, რუსულად საუბრობენ და გამიმართლა, საბედნიეროდ, ქართულ რესტორანში დავიწყე მუშაობა, მაგრამ მალევე გამომიშვეს. მაშინ გული მწყდებოდა, მაგრამ მერე მანჰეტენზე გადმოვედი სამუშაოდ და ერთი წამი არ ვნანობ. პირიქით, მიხარია, რომ გამომიშვეს, მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი არ ვიცი. იმწუთას ძალიან რთული იყო, სამი თვის შემდეგ, უამრავი ხარჯი რომ მქონდა გასასტუმრებელი და უამრავი პასუხისმგებლობა, უცებ უსამსახუროდ დავრჩი, მაგრამ, თურმე, წინ კარგი ამბები მელოდა. მანჰეტენზე რომ დავიწყე მუშაობა, ბევრი მიმართულებით განვვითარდი, ენაც უკეთ ვისწავლე, ავლაპარაკდი, ახლა უკვე ცოტა ბერძნულსაც ვსწავლობ, რადგან ბერძნების რესტორანში ვმუშაობ. ჩვენს რესტორანს „არგო“ ჰქვია და მის მფლობელებს ძალიან ახლო კავშირი აქვთ ქართველებთან. ძალიან უყვართ ჩვენი ხალხი, ცხოვრობდნენ კიდეც საქართველოში და მათთან ძალიან ოჯახურ გარემოში ვგრძნობ თავს.

– თან, ეს რესტორანი განსაკუთრებულ ადგილას არის…

– კი. აქ ხშირად ნახავ „ჰოლივუდის“ ვარსკვლავებს. მაგალითად, ჩემი სამსახურიდან ძალიან ახლოს რობერტ დენირო სეირნობს და დილაობით დარბის ხოლმე. აქ ძალიან ხშირად იღებენ ფილმებს. სერიალ „მეგობრების“ ერთ-ერთი ლოკაციაც აქვეა. ძალიან ცნობილი მსახიობები მოდიან ხოლმე გადაღებებისთვის, მოდელები – ფოტოსესიებისთვის. მილიონერების უბანს ეძახიან. დღეს რესტორანში მენეჯერად ვმუშაობ. საბედნიეროდ, ნელ-ნელა ის მოხდა, რაც მინდოდა. ამ პოზიციაზე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი თავით.

– ამასობაში ხატვაც დაიწყეთ, არა?

– ჩანახატებს ყოველთვის ვაკეთებდი. ვძერწავდი, ონლაინ ვყიდდი კიდეც ჩემს დამზადებულ ნივთებს, მაგრამ ხატვა აქ დავიწყე, თან სრულიად მოულოდნელად. ერთ დღეს, ოკეანის სანაპიროზე ვსეირნობდი – მთვარე, წყალი, ისეთი საოცარი საღამო იყო, სახლში რომ მოვედი, დახატვა მომინდა. საჭირო მასალა შევიძინე და დავიწყე. შემიქეს, ძალიან ლამაზი გამოგივიდაო.

აქ ხელოვნებას განსაკუთრებულად აფასებენ. ამიტომ უფრო მეტი ენთუზიაზმით განვაგრძე ხატვა. ნახატებზე ჩემი ემოციები გადმომქონდა. ეს არის დედის ნახატები, რომლის გარშემოც ყველაფერი ფერადია, მაგრამ თვითონ შინაგანად ჩამონგრეულია. გარემოს მიუხედავად, საკმარისად ბედნიერი ვერ ხარ, რადგან შვილებისგან შორს ცხოვრობ და ეს ჩანს ჩემს ნახატებში. პროფესიონალებმა ძალიან კარგად შემაფასეს და მათგან შექება განსაკუთრებულად მიხარია. ეს ადამიანები გამოფენა-გაყიდვებს აწყობენ. მათთან გამოფენილი ნამუშევრები ძალიან სერიოზულ თანხებად იყიდება, საშუალოდ, 60 000 დოლარად, თუმცა, გამოფენისთვის წინასწარ მომზადება და დაგეგმვაა საჭირო, რასაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ერთი ჩემი ნახატი სრულიად შემთხვევით ნახა რესტორანში მოსულმა ბიზნესმენმა, ძალიან მოეწონა და 5 000 დოლარად შეიძინა. შემდეგ ჩემმა რესტორანმა შემიკვეთა „არგოს“ გემის დახატვა. ჩემი ნამუშევარი რესტორანში საუკეთესო ადგილას დაკიდეს და კარგი ანაზღაურებაც მომცეს. ჩემთვის ეს უკვე დამატებით შემოსავლად იქცა. არ დავიჩივლებ, კარგი შემოსავალია, პირველი ნახატის ანაზღაურებით ადვოკატის თანხა დავფარე, მეორეთი მიღებული თანხა განათლებაში ჩავდე, ინგლისურის ცოდნის დონის გასაუმჯობესებლად. ახალ სახლში გადმოვედი, ერთი ოთახი ხატვისთვის მოვაწყვე და ყოველდღიურად ვხატავ. მინდა, დავაგროვო და გავყიდო. სკულპტურების გაკეთებაც შევისწავლე და მათზეც ვმუშაობ.

– ამ სამსახურმა სამოდელო სფეროსკენაც გაგიხსნათ გზა.

– ასეა. რესტორანი რომ გაიხსნა, ფოტოგრაფები ჰყავდათ მოწვეული. მათ ჩემს უფროსს უთხრეს, რომ ვიზუალურად მოვეწონეთ და რომ თანხმობის შემთხვევაში, სიამოვნებით გადამიღებდნენ. როგორც დასაწყისში გითხარით, მთელი ცხოვრებაა, სცენაზე ვდგავარ, მგონია, რომ ამისთვის ვარ გაჩენილი და რატომაც არა-მეთქი, დავთანხმდი (იცინის). ამის შემდეგ, მათი დამსახურებით, კიდევ სხვა ფოტოგრაფმა გაიგო ჩემ შესახებ და ერთ-ერთი აზიელი დიზაინერის ტანსაცმლის მოდელად გადამიღო. გადავიღეთ კლიპი, რომელიც შემდეგ თაიმ სკვერზე აღმოჩნდა, ბილბორდზე ჩვენს ფოტოს ოთხი საათის განმავლობაში აჩვენებდნენ. ამის სანახავად რომ მივედი, იქ დაცვის პოლიცია იდგა და ბილბორდთან ახლოს არ მიშვებდა. ფოტოგრაფი კი უყვიროდა, გაატარეთ, ეს ის გოგოა, რომელსაც ბილბორდზე ხედავთო და უცებ პოლიციელი მეუბნება, შეიძლება, ფოტო გადავიღო თქვენთანო?! (იცინის). ამერიკელი პოლიციელი რომ თაიმ სკვერზე, ჩვენი ბილბორდის ფონზე ჩემთან იღებდა ფოტოს, ეს ძალიან ამაღელვებელი იყო. ვფიქრობ, რომ აქ თავიდან დავიბადე. აქ ყველაფერი ძალიან განსხვავებულია, რომ მძინავს, მაშინაც მგონია, რომ მეჩქარება – სხვა რიტმია. ამ ქვეყანამ დამარწმუნა, რომ უამრავი რამ შემიძლია.

ვგეგმავ, რომ ძალიან მალე შევხვდები ჩემს შვილებს. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემთან ჩამოვიყვანო და კარგი განათლება მივცე.