“იმდენად ემოციური ვარ რომ საკუთარი თავი მაღიზიანებს ხოლმე”

მოდელი და ტელეწამყვანი მარიტა ჯანაშია ზოდიაქოთი თხის რქა გახლავთ. არის თუ არა ის თხის რქის ტიპური წარმომადგენელი, ამაზე თავად მოგვიყვება.

მარიტა ჯანაშია: პირველ იანვარს მაქვს დაბადების დღე, შესაბამისად, ზოდიაქოთი თხის რქა ვარ. ვერ ვიტვი, რომ ზოდიაქოს თვისებებში ძალიან კარგად ვარ გათვითცნობიერებული. ზოგი რომ შემოგხედავს, ლაპარაკის მანერითაც კი ხვდება, ზოდიაქოთი ვინ ხარ. ტელევიზიაში, როცა ეთერში მიშა ცაგარელთან ერთად ვისხედით, ყოველთვის ინტერესით ვუსმენდი, ვიაზრებდი, ვიჯერებდი, მაგრამ რომ ვთქვა, გამიზნულად ვეძებ პროგნოზებს ყოველდღიურად და რჩევებს ვითვალისწინებ-მეთქი, არ იქნება მართალი. თუ მოვისმენ, გავითვალისწინებ. სხვა შემთხვევაში, შეიძლება, საერთოდ არ გამახსენდეს. ალბათ, ძალიან დაინტერესებულიც არ ვარ (იცინის).

– ისე, თხის რქის ტიპური წარმომადგენელი ხარ?

– თავიდან, ადამიანთან რომ შევდივარ ურთიერთობაში, გავიცნობ და ყველაფერი კარგად მიდის. მაგრამ, ვისაც ზოდიაქოსი სჯერა, მასთან ამ თემას თუ მივადგებით, როცა იგებენ თხის რქა ვარ, მაშინვე ცივი წყალი გადაესხმებათ ხოლმე, თითქოს თხის რქებმა რამე დავაშავეთ კაცობრიობის წინაშე. თითქოს, რამე დანაშაული მიგვიძღვის დანარჩენი 11 ზოდიაქოს მიმართ (იცინის). ვერ ვიგებ, ასე რატომ არ უყვართ თხის რქა. მერე მეუბნებიან ხოლმე, არ ჰგავხარ ამ ზოდიაქოს წარმომადგენელს, არ გაქვს მისი ხასიათიო და ეტყობა, როცა დავიბადე, ვარსკვლავები სხვანაირად იყო განლაგებული (იცინის). არ ვიცი, რა ხასიათი აქვს ასეთი თხის რქას, მაგრამ მეუბნებიან, რომ არ ვგავარ.

– გულქვა, უგრძნობ და ცივსისხლიან ადამიანად თუ აღიქვამთ თხის რქას, ეს იმიტომ, რომ ისინი პირდაპირები არიან…

– არ ვარ ასეთი, პირიქით, საშინლად გულჩვილი ვარ, ზედმეტადაც კი. იმდენად ემოციური ადამიანი ვარ, რომ საკუთარი თავი მაღიზიანებს ხოლმე. ხანდახან ძალიან მინდა, რომ პირდაპირი ვიყო, მაგრამ არ ვარ. ძალიან რბილი ხასიათი მაქვს. ნეტა ვიყო, ზოგჯერ ძალიან საჭიროა (იცინის).

– თხის რქები ძალიან შრომისმოყვარეები არიან და საოცარი ამტანობით გამოირჩევიან.

– შეიძლება, მშრომელი ვარ, არაფერი მეზარება, მაგრამ დამიწყია საქმე და მერე, სხვადასხვა მიზეზის გამო, გაგრძელება აღარ მომნდომებია. სიზარმაცის გამო – არა, პერსპექტივა ვეღარ დამინახავს და ამიტომ. ზოგადად, მშრომელი ვარ. საერთოდ, მგონია, რომ როცა ადამიანი იპოვის საქმეს, რომელიც მას ძალიან აინტერესებს, შრომა აღარ დაეზარება. ვერ ვიტყვი, რომ ქართველები ზარმაცი ხალხი ვართ. არ არის ასე. ვერც იმას ვიტყვი, რომ თავს არ ვზოგავ, მაგრამ ჩემგან რასაც ითხოვენ, იმას ვაკეთებ. თუ საჭიროა, იმაზე მეტსაც.

– თხის რქა ბავშვობიდანვე ისახავს მიზანს და მთელი ცხოვრება მისკენ სვლას არ ანელებს.

– მშვენიერი ზოდიაქო ყოფილა (იცინის). ბავშვი ძალიან მარტივად ექცევა გავლენის ქვეშ. სრულწლოვან ასაკამდე იმდენი პროფესია მაინტერესებდა, ვერც გავიხსენებ. ტელევიზორში ვისაც დავინახავდი, ყველას პროფესია მაინტერესებდა და მინდოდა, ყველაფერი გამოვსულიყავი. ბევრჯერ შევიცვალე გადაწყვეტილება. ინტერესის სფეროები ახლაც ცვალებადი მაქვს. დღემდე, თუ რამე ახალი მაინტერესებს და შემიძლია, მასში თავი მოვსინჯო, რატომაც არა?! არ ვიცი, ეს ზოდიაქოსთან არის თუ არა კავშირში, მაგრამ მე მგონია, რომ ადამიანი სულ ძიებაში უნდა იყოს. თუ რაღაც საქმე არ მოგწონს და თავს კომფორტულად არ გაგრძნობინებს, სხვა სცადე, ისწავლე, იმუშავე. თუ რამე გაინტერესებს, 60 წლის ასაკშიც შეგიძლია, ისწავლო. ნებისმიერ ასაკში შეგიძლია სცადო. რომ ამბობენ ხოლმე, ბავშვობაში მინდოდა, ეს მეცადა და ძალიან ვნანობ, რომ ასე არ მოვიქეციო, მიკვირს – რატომ ნანობ? ახლა სცადე! ბავშვობიდან რომ ერთი მიზანი მქონოდა და მთელი ცხოვრება მისკენ მევლო – არა, მაგრამ კონკრეტულ მომენტში რა ინტერესიც მაქვს, მას მივყვები და იმედია, მომავალშიც ასე იქნება.

– თხის რქის გულის მოგება ძალიან რთულია…

– ვაიმე, არა! მგონი, სხვა დროს დავიბადე (იცინის). ჩემი გულის მოგება საერთოდ არ არის რთული. საერთოდ, ძალიან გულმავიწყი ადამიანი ვარ და წყენაც უცებ მავიწყდება, ხუთ წუთში აღარ მახსოვს. გულში არაფერს ვიდებ. ადამიანს რომ გავიცნობ, ძალიან დადებითად განვეწყობი ხოლმე მის მიმართ. თუმცა ზოგჯერ, სანამ ვინმეს გავიცნობ, ვგრძნობ, რომ ვერ ავეწყობით, მისგან განსხვავებული იმპულსები მოდის და სხვათა შორის, ამ შეგრძნებას არასდროს უღალატია. ნორმალური ურთიერთობის დამყარება ყველასთან შემიძლია, მაგრამ თუ ადამიანს ვერ დავუმეგობრდები, ამასაც მაშინვე ვხვდები.

წყენაც ისე მალე მავიწყდება, რომ მაგალითად, ჩემსა და ჩემი მეუღლის ურთიერთობიდან ვერ გავიხსენებ, რომ ჩვენ ერთმანეთს ერთი დღე არ ველაპარაკებოდით. საერთოდ, ორივეს ასეთი ხასიათი გვაქვს. სისულელეების გამო არ ვიბუტებით. ყოველთვის ვლაპარაკობთ. თუ არ დამავიწყდა, რაზე ვიყავით გაბუტულები, აუცილებლად ვისაუბრებთ ამაზე, მაგრამ ზოგჯერ საერთოდ გვავიწყდება (იცინის). რა საჭიროა გაბუტვა, ხომ შეგვიძლია, ლაპარაკით მოვაგვაროთ ყველაფერი. გეტყვი, რაც მეწყინა, აგიხსნი. არ მიყვარს და არასწორი მგონია ჩხუბით პასუხის მოთხოვნა. ადამიანს უხეში სიტყვებითა და ჩხუბით ვერაფერს გააგებინებ. როგორც კი კამათის რეჟიმს ჩართავ, ადამიანს აიძულებ, თავდაცვის რეჟიმი ჩართოს. მშვიდად და წყნარად დავსხდებით, ვისაუბრებთ. მეც მაქსიმალურად შევეცდები, ისე დიპლომატიურად გითხრა ყველაფერი, რომ არ გეწყინოს, ეს არ არის რთული.

– თხის რქა ყოველთვის აკონტროლებს ემოციებს.

– ისეთი გულჩვილი და ემოციური ვარ, რომ უცებ რაღაცის გამო შეიძლება, ტირილი დავიწყო და ზღვა წამომივიდეს თვალებიდან. ვინმე რომ მეუბნება, კარგი, დაწყნარდიო, მერე ხომ, საერთოდ, ვეღარ ვჩერდები (იცინის). ერთი დღით მომიწია შვილის დატოვება – ქორწილში წავედით მე და ჩემი ქმარი სხვა ქალაქში და მთელი ქორწილი ჩემი შვილის ფოტოებს ვუყურებდი და ვტიროდი (იცინის). საერთოდ, მგონია, რომ ემოციებს ყოველთვის ვერავინ აკონტროლებს.