მსახიობი ზურა ნიჟარაძე საკუთარი დაბადების დღის შესახებ გვესაუბრა. წლევანდელი 13 ოქტომბერი მისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა, თუ რატომ – ამაზე თავად მოგვიყვება.
ზურა ნიჟარაძე: ჩემი დაბადების დღე, როგორც ყველა ადამიანს, მეც მიყვარს. ამ დღეს ჩემი მეგობრები, ნათესავები იკრიბებიან და ბედნიერი ვარ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, წელს ჩემს სიცოცხლეში პირველად გადავიხადე დაბადების დღე. აქამდე ყველაფერი უფრო სპონტანურად ხდებოდა და წელს ცოტა უფრო დაგეგმილი იყო. საბედნიეროდ, გადასარევი გამოვიდა.
ჩემ ირგვლივ უამრავი პროფესიის ადამიანი ტრიალებს. ვხუმრობდით კიდეც, ჩემს დაბადების დღეზე ყველა პროფესიის ადამიანი იყო: მღვდელი, პროფესორი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, მსახიობები, მომღერლები, მშენებლები, ბიზნესმენები.
– ასეთი მრავალფეროვანი სამეგობრო როგორ შემოიკრიბეთ?
– მე ვარ მრავალფეროვანი კაცი და ალბათ, ამიტომ (იცინის). ზოგადად, მხოლოდ ერთი სფეროდან არ მყავს მეგობრები. თანამდებობის პირებიც იყვნენ ჩემ გვერდით, სასულიერო პირებიც, ექიმებიც, საპატიო თბილისელები. ზოგთან ერთად გაზრდილი ვარ, ზოგი შემდეგ შევიძინე. ბევრი არ ვართ, მაგრამ ყველა თავის საქმის პროფესიონალი და თავის სფეროში ძალიან წარმატებული ადამიანია. ჩვენ ერთი სამეგობრო ვართ. ყველგან ერთად ვართ და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი.
– როგორ მოხდა, რომ დაბადების დღე აქამდე არ აღგინიშნავთ და წელს რატომ გადაწყვიტეთ?
– ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრი მეგობარი ტრიალებს, ერთს რომ დაუძახებ, მეორესაც უნდა უთხრა, რომ უხერხულობა არ გამოიწვიო. ყველა ერთად რომ შემეკრიბა, ამას დიდი ფინანსები სჭირდებოდა და ამდენი საშუალება არ იყო. წელს ჩემმა მეგობარმა ბიზნესმენებმა მითხრეს, ჩვენ გადაგიხდით, დავსხდეთ და მოვილხინოთ ერთადო. მართლაც, ყველამ ძალიან კარგად მოვილხინეთ.
– რა ცვლილებები მოიტანა დრომ?
– ღირებულებები არ იცვლება, შეხედულებები – აუცილებლად. ადამიანი ვითარდები, იზრდები, გამოცდილებას იძენ და როგორც ამბობენ, ეს უკანასკნელი ყველაზე დიდი გაკვეთილია. წიგნიდან ბევრს ისწავლი, მაგრამ ცხოვრება კიდევ ძალიან ბევრს გასწავლის. რაღაცას საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ, რაღაცას – სხვებისაზე.
– არის რამე წარსულში, რასაც დღეს სულ სხვანაირად გააკეთებდით?
– თითქმის არაფერს შევცვლიდი, ალბათ, მხოლოდ ათ პროცენტს. არ მიცხოვრია ბოროტად, არ ჩავრეულვარ სხვის საქმეში, არ მიღალატია ადამიანისთვის. ახლა გარკვეულ ორგანიზაციებს თუ პარტიებს უნდათ, პოლიტიკაში ჩამითრიონ და გამსვარონ. ტროლები თუ ბოტები მაბრალებენ, თითქოს, ქრისტიანობას ვებრძვი. პოლიტიკოსების გვერდით დამაყენეს. ხომ არ დავიწყებ ჩემს ცხოვრებაზე საუბარს, ხომ არ ავუხსნი ყველას სარწმუნოების მიმართ ჩემს დამოკიდებულებაზე, ჩემს ურთიერთობებზე სასულიერო პირებთან, ხომ არ მოვუყვები ყველას, რომ ათონის მთაზე დავდივარ და ღამეებს ლოცვაში ვათენებ. კონტექსტიდან ამოჭრილი ჩემი ფრაზებით ცდილობენ, არასწორად წარმოაჩინონ ჩემი დამოკიდებულებები. ხან ამბობენ, ნაცებთან ქეიფობსო, ხან – ქოცებთანო. რატომ მაკუთვნებენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე მყავს მეგობრები, რომლებიც მიყვარს და პატივს ვცემ. ერთხელ, ოთხი წლის წინ, ტელევიზიაში ვთქვი, ჩვენ უნდა შევიდეთ ევროპაში, რომ კარგი განათლება გვქონდეს-მეთქი. როცა საუბარი ევროპაზე მიდგება, ვიღაცები „ელგებეტე“ პირებზე აკეთებ აქცენტს და ამასთან დაკავშირებით ვთქვი, რომ მარტო ეს ხომ არაა ევროპა, მათი განათლება დავაფასოთ, მარტო ცუდი ხომ არ უნდა დაინახო?! ვის რად უნდა ჩვენი ქრისტიანობა, იქ არავინ არაფერს არ გართმევს-მეთქი. „ვის რად უნდა ჩვენი ქრისტიანობა“ ეს ფრაზა ამოჭრეს და ნახეთ, როგორ ყიდის ქრისტიანობასო, წერენ. ჩვენ რელიგიასა და ქართველობას არავინ გვართმევს, რაც შენია, ვერც ვერავინ წაგართმევს და არც არავინ დათმობს. მით უმეტეს, ჩემზე რომ ამბობენ ასეთ რამეს, დავიჯერო, ჩემზე მეტად მორწმუნეები არიან, ჩემზე მეტად უყვართ ქრისტიანული სარწმუნოება? რატომ უნდათ, რომ გამსვარონ? ძალიან მეტკინა გული. როგორ შეიძლება, ადამიანის ასე გაწირვა. მთელი ცხოვრება ვცდილობ, პოლიტიკასთან ახლოს არ ვიყო. მე არ მესმის ეს საქმე ისე, როგორც საჭიროა. მე ვიცი, რომ პოლიტიკა ყველას გვეხება და ჩემს არჩევანს ვაფიქსირებ საარჩევნო ყუთთან. არ ვფიქრობ, რომ ერთმანეთი უნდა დავჭამოთ, მით უმეტეს იმ თემაზე არ დავიწყებ საუბარს, რომელიც კარგად არ ვიცი. მე ისიც მესმის, რომ განკაცებული ღმერთი გავაკარით ჯვარზე და ყველას რომ ვერ ეყვარები, გასაგებია, მაგრამ არსიყვარული და სიძულივილი სხვადასხვაა. ხომ შეიძლება, ადამიანი არ მოგწონდეს, მაგრამ ასეთი საშინელებები არ დაუწერო?! არ უნდა გავაბოროტოთ ადამიანებმა ერთმანეთი. სულაც არ ვფიქრობ, რომ რამეში შევცდი, მაგრამ შენ თუ ასე ფიქრობ, მოდი და ადამიანურად მომწერე და არა ასეთი საშინელი ფორმით.
სამწუხაროდ, ვერაფერს შევცვლი. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, თორემ ჩემს ცხოვრებაში მე რა ნაბიჯებიც გადამიდგამს, არ ვნანობ და ვერ ვიტყვი, რომ რამე მნიშვნელოვნის შეცვლას ვისურვებდი. ასეთი მძიმე ბრალდებებისა და ბულინგის ფონზე რამე რომ მომივიდეს ნერვიულობის გამო, ნეტავ თუ არ შერცხვებათ?!
– ასაკის მატებას სიხარულით ხვდებით თუ გულის სიღრმეში სევდანარევი განწყობაც არის?
– ამაზე დაბადების დღეზე არ ფიქრობ, მაგრამ, როცა გეფიქრება, ცდილობ, განდევნო გონებიდან. კიდევ ერთი წელი მოგემატა, უკვე დიდი ბიჭი ხარ, ამას ხვდები, მაგრამ ამაზე ბევრი ფიქრი არ არის საჭირო. ეს სიკვდილზე ფიქრს ჰგავს. ყველამ ვიცით, რომ გარდავიცვლებით, მაგრამ ხომ არ დავჯდებით და ამაზე ვიფიქრებთ?! გაგეფიქრება, მაგრამ იქვე იმასაც იფიქრებ, მერე რა, რა ჯობია, თუ წლები გვემატება და ვბერდებით?! ბედნიერებაცაა, სევდაც და ბევრი არაერთგვაროვანი გრძნობაც. თუმცა, როცა 40 წლის გავხდი, განვიცადე, ძალიან ჩამაფიქრა ამ ასაკმა. ოცდარაღაცა წელი სულ სხვანაირად ჟღერს, ორმოცდა უკვე სხვა არის. ძალიან უსიამოვნო შეგრძნება იყო და კი, რთული იყო ეს გადასვლა, მაგრამ დაუძლეველი არაფერია და საბოლოო ჯამში, მაინც სიხარული და მომავლის იმედი სძლევს სევდანარევ განწყობებს.