“2 მილიონი დოლარი წავაგე… ორი წელი ჯოჯოხეთში ვიყავი“

სოსო ბაბაევი გადაცემაში “როგორ გადავრჩი” აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებასა და პრობლემისგან თავდახსნაზე საუბრობს:
– ვფიქრობ, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი მომენტი იყო. ღმერთმა ქნას, ამაზე უარესი არაფერი იყოს. ჩემი ცხოვრების 2 წელი საერთოდ არ მახსოვს. ამოფხაჭნილია… 2 წელი ჯოჯოხეთში ვიყავი. ხომ ამბობენ, რომ ცუდი არაფერი უნდა გააკეთო, რადგან სადღაც ჯოჯოხეთი არსებობს და იქ მოხვდები. მე ჯოჯოხეთი დედამიწაზე ვნახე. ადამიანები ჩვენ გარშემო თავად ვიწყობთ ჯოჯოხეთს ან სამოთხეს, გააჩნია, როგორი ცხოვრებით ვცხოვრობთ. თუ ხარ სინათლეში და კეთილი განზრახვებით, იქნები სამოთხეში, თუ არა – ჯოჯოხეთში შენს თავს თავად ჩაიგდებ. მე ეს დავინახე.

2 მილიონი დოლარი წავაგე.. აქ მოგებული რჩება მხოლოდ ის ადამიანი, ვინც არასდროს ითამაშებს.

იმ მომენტში გამოვფხიზლდი, როდესაც უკვე სიცოცხლე აღარ მინდოდა. დილით რომ გავიღვიძებდი, ვბრაზდებოდი, რატომ გავიღვიძე. მძინარი უფრო წყნარად ვგრძნობდი თავს. აღარ გინდა, რომ მეორე დღე გათენდეს. ერთ დღეს განულებული და მორალურად განადგურებული ადამიანი, აბაზანაში სახეს ვიბანდი და სარკესთან ჩემი მზერა დავიჭირე. ჩემი თავი ვერ ვიცანი… სულ სხვა ადამიანს ვუყურებდი. ძალიან ბევრი პრობლემა და ვალი მქონდა. გავხდი ადამიანი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელი და მკადრებელი იყო. ვიღაცას რომ შეპირდები და არ მიხვალ, რაღაცას გამოართმევ, ეტყვი, რომ მეორე დღეს დაუბრუნებ და არ მისცემ – ბოლოს ასეთი პიროვნება ყალიბდება. ასეთი ადამიანი დავინახე სარკეში. დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა გადავრჩენილიყავი. სახეზე წყალი შევისხი, გარეთ გავედი, მანქანაში ჩავჯექი და ქალაქში წავედი. სად მივდიოდი, არ ვიცოდი. მერე მოვედი გონზე, რომ ეკლესიის წინ გავჩერდი. ყველაფერი ავტომატურად ხდებოდა. სანთლის დასანთებად რომ მივედი, მარჯვენა მხარეს წმინდა ნიკოლოზის ხატი დავინახე, რომელიც ხეზე იყო შესრულებული. ჯერ ფეხებს დავაკვირდი, როგორ იყო ამოტვიფრული, შემდეგ სხეულს. თვალებს რომ შევხედე, თითქოს, მესაუბრებოდა. იქვე დავიწყე ლოცვა. ვთხოვე, რომ ოღონდ გადავერჩინე, იქით აღარასდროს გავიხედებოდი. ეკლესიაში ერთი საათი ვიყავი. რომ გამოვედი, ნელ-ნელა შვება ვიგრძენი. ეკლესიაში შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მივედი. დიდება უფალს, გადავრჩი.