“გადაწყვეტილი მქონდა, ბედს მივნდობოდი, რაც სინამდვილეში, რაღა თქმა უნდა, დანებებას ნიშნავს”

გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ხვალ კლინიკაში მივალ და ქიმიას დავთანხმდები. გადაწყვეტილი მქონდა, ბედს მივნდობოდი, რაც სინამდვილეში, რაღა თქმა უნდა, დანებებას ნიშნავს. ვფიქრობდი, წავსულიყავი სადმე შორს, უკანასკნელი მივლინებით და იქ მომკვდარიყავი, ახლობელ ადამიანებს რომ არ ენახათ ჩემი ტანჯვა – გაოფლილი, გამხდარი და უსუსური კაცი სამარისკენ ჩაბრუნებული მზერით. იქ, სადმე შორს, აუცილებლად ვიყიდდი სიმშვიდეს, რომელსაც ერქმეოდა მორფი ან კეტამინი, ტანჯვად მისჯილი სხეული ნაკლებად რომ მტკენოდა. რადგან ტკივილი აუქმებს დაკვირვების ძალას. მერე დავწვებოდი და დავაკვირდებოდი, როგორ მოდის სიკვდილი, როგორი ხელები აქვს, როგორი თვალები. როგორია ოთახი, სადაც ვწევარ უკანასკნელად, როგორც ცოცხალი ადამიანი. ვიფიქრებდი – რა იცოდა მღებავმა, როცა იმ ულამაზო კედელს ათეთრებდა, მისი მსგავსი არსებისთვის ბოლო ფრაგმენტი თუ იქნებოდა, რასაც დედამიწაზე ნახავდა. შეღებავდა კი ასე უგერგილოდ და ბანალურად? წეროებს ხომ არ დახატავდა, ჩამავალი მზისკენ გაფრენილებს? წალკოტს ხომ არ დახატავდა, გრილი მწვანით და ფრთხილი ყვითელი კონტურებით? ჩიტებს ხომ არ დახატავდა, ისეთ ჩიტებს, დაისის ლოცვებს რომ გალობენ მომნუსხველად? ან ეგებ იცოდა და რაც დახატა, ზუსტად დახატა. რადგან ასეთი უნდა იყოს კედელი, რომელსაც უკანასკნელად ხედავ – თეთრი, ალაგ-ალაგ ონდავ აქერცლილი საღებავით. ეგებ ეს არის ყველაზე ზუსტი მეტაფორა? ზუსტი და აუცილებელი. 

ხვალ კლინიკაში მივდივარ, რადგან ყოველთვის მძულდა თეთრი კედლები. ეს არის მიზეზი, რის გამოც უკვდავება გადავწყვიტე. და სიკვდილთან ბანქოს მოგება, სწორედ მაშინ, როცა საუკეთესო კარტი მას ეჭირა და მე – არაფერი.

#სიკვდილისგაუქმება

#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze”