იულია სოროკინას ყველა ნამუშევარი პატრიარქმა შეიძინა

იულია სოროკინას ყველა ნამუშევარი პატრიარქმა შეიძინა

იულია სოროკინა მრავალმხრივი ნიჭის მქონე ხელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნებას მის ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, თოჯინების შექმნა სრულიად შემთხვევით დაიწყო, მისი პირველი ნამუშევრები კი პატრიარქმა შეიძინა.

იულია სოროკონა: ბავშვობიდანვე კარგად ვხატავდი, მაგრამ ჩემი მთავარი ინტერესი ყოველთვის მედიცინა იყო. 6 წლის ასაკში შემთხვევით ვნახე სამედიცინო ენციკლოპედია და ამ წიგნმა იმდენად დამაინტერესა, რომ გადავწყვიტე, ექიმი გავხდარიყავი. ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება ყოველთვის სამედიცინო საკითხების გარშემო ტრიალებდა. თუმცა, პარალელურად, ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყო ხელსაქმე. ბებია მასწავლიდა ქარგვას, კერვას, ქსოვას და ამას ბავშვობიდანვე ისე მივეჩვიე, რომ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

შემდეგ ხატვა დავიწყე. მოგეხსენებათ, ადრე ქსეროქსის აპარატი არ გვქონდა. მედიცინაზე სწავლის პერიოდში ბიბლიოთეკაში დავდიოდი და ჩანაწერებს ვაკეთებდი სხვადასხვა წიგნიდან. მაგრამ მხოლოდ ტექსტი ხომ არ არის მნიშვნელოვანი, როდესაც სხვადასხვა ორგანოს ან სამედიცინო ინსტრუმენტის ფოტოთი დავინტერესდებოდი, რა უნდა მექნა?! ზუსტად მაშინ დავიწყე ჩანახატებს კეთება და ამ პროცესში აღმოვაჩინე, რომ ხატვა ნამდვილად შემეძლო. ჯერ კიდევ 13 წლის ვიქნებოდი, როცა ხატვის მასწავლებელმა ეს საქმე ძალიან შემაყვარა, მან მითხრა, რომ ჩემგან კარგი მხატვარი დადგებოდა და ერთი პერიოდი, როცა პროფესიის არჩევის დრო მოვიდა, დავეჭვდი კიდეც, ვფიქრობდი, აკადემიაში ხომ არ ჩავაბარო-მეთქი. მაგრამ მაინც სამედიცინო სფერო ვარჩიე. რუსეთში წავედი, იქ ვისწავლე, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო სწავლა ვერ დავასრულე. ისევ საქართველოში დავბრუნდი, დავქორწინდი და შვილები შემეძინა. გარკვეული პერიოდი ჩვეულებრივი დიასახლისივით ვცხოვრობდი.

ერთხელ, ჩემმა შვილმა შრომის გაკვეთილიდან პლასტელინი მოიტანა, შემდეგ – თიხა. მახსოვს, ტელევიზორს ვუყურებდი და მათგან შემთხვევით რაღაც გამოვძერწე. გამიკვირდა, თურმე, რაღაც შემძლებია-მეთქი. მერე გადაცემა ვნახე ინტერიერულ-დიზაინერულ საავტორო თოჯინაზე, ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო. დამაინტერესა, რომელი მასალით მზადდებოდა და როგორი ტექნიკით. მაშინ 2011 წელი იყო და დღევანდელივით მარტივად „იუთუბზე“ მასტერკლასებს ვერ მოიძიებდი. ინფორმაციის პოვნაც რთული იყო. თუმცა, გავიგე, რომ არსებობს ასეთი მასალა – პოლიმერული თიხა, რომელიც მაღაზიაშიც მარტივად ხელმისაწვდომი იყო. შევიძინე და დავიწყე მუშაობა. მე თვითონ ვიგონებდი, როგორ უნდა გამეკეთებინა თოჯინის: ტანი, კიდურები, აქსესუარები და სხვა ყველაფერი, რაც საჭირო იყო. ერთი წელი ძიებაში გავატარე, ვცდილობდი, სწორი ხერხისთვის მიმეგნო.

– გამოდის, რომ თვითონ ასწავლეთ საკუთარ თავს?

– კი, თავიდან ბოლომდე თვითნასწავლი ვარ. ექსპერიმენტების შედეგად, ერთი წლის განმავლობაში 13 თოჯინა შევქმენი. ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა სამებაში ჩატარდა, ახალგაზრდულ ცენტრში. უწმიდესი მობრძანდა, ჩემი ნამუშევრები ნახა და მთელი კოლექცია შეიძინა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბიძგი იყო, რომ უფრო განვვითარებულიყავი. პატრიარქმა დამლოცა, მითხრა, რომ უნდა გავაგრძელო თოჯინების კეთება, რომ ღმერთისგან ნიჭი მაქვს ბოძებული. ძალიან დიდი ემოციებით მახსენდება ეს ყველაფერი. განსაკუთრებული შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი, შთაგონებაც მომეცა და პიონერთა სასახლეში წავედი ძერწვის წრეზე, რომ ჩემი ცოდნა გამეფართოვებინა. იქ გავიცანი ერთი მოქანდაკე-პედაგოგი – ირაკლი რევაზიშვილი, რომელთანაც რამდენიმე თვე ვსწავლობდი და ძალიან დიდი ცოდნა მომცა. ჩემს თავდაპირველ და ამ ცოდნის მიღების შემდეგ შექმნილ თოჯინებს რომ ვადარებ, ძალიან დიდ სხვაობას ვხედავ. ამის შემდეგ სხვანაირად განვაგრძე ძერწვა. შემდეგ უცხოეთშიც მქონდა გამოფენები და საქართველოშიც აქტიური ვიყავი ამ მხრივ. მალე თვითონ გავხდი გამოფენების ორგანიზატორი. არაერთი საერთაშორისო საავტორო თოჯინების ფესტივალიც ჩავატარე. პანდემიამდე ძალიან აქტიურად ვიყავი ამ საქმეში ჩართული. შემდეგ ცოტა შეჩერდა პროცესები. შარშან საშობაოდ გვქონდა გამოფენა და წელსაც ვაპირებ გამოფენის მოწყობას.

– გამოფენები ძველებური სიხშირით აღარ იმართება, მაგრამ ისევ ისე აქტიურად მუშაობთ თოჯინებზე.

– მე თოჯინების კეთებას 2015 წლიდან ვასწავლი და მყავს ერთ-ერთი ძალიან ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე – ეკატერინე ბერიძე, რომელსაც თავის დროზე კულტურის სამინისტრომ სტუდიის გასახსნელად ფართი შესთავაზა. ეკამ მე შემომთავაზა პარტნიორობა და ჩვენ დღეს გვაქვს სტუდია, სადაც პერიოდულად იმართება სხვადასხვა სასწავლო კურსი, მასტერკლასები. გვაქვს ხატვისა და ძერწვის წრე და ასე შემდეგ. აქტიურები ვართ სხვადასხვა მიმართულებით. მალე ვაპირებთ გალერეის გახსნას, პატარა საგამოფენო სივრცე გვექნება, სადაც მუდმივმოქმედ ექსპოზიციას წარმოვადგენთ და ნებისმიერ მსურველს შეეძლება ჩვენთან მოსვლა.

– ზოგადად, როგორ თოჯინებს ქმნით?

– მომისმენია ასეთი რამ – რატომ აკეთებთ ლამაზ თოჯინებს, შექმენით უფრო სახასიათოო. ფინანსური კუთხით რომ შევხედოთ, ასე ჯობს და ამიტომ. არავის აინტრესებს მტირალი ან სხვა, ნეგატიური ემოციის მატარებელი თოჯინა. როცა ადამიანი თოჯინას ინტერიერისთვის ყიდულობს, ის, რა თქმა უნდა, ესთეტიკურად ლამაზი უნდა იყოს და პოზიტიურ ენერგეტიკას ატარებდეს. მოწყენილი თოჯინა, ვფიქრობ, სახლში არავის სჭრიდება. გალერიასა და მუზეუმში – კი ბატონო, მაგრამ ინტერიერული თოჯინა, რაც ყველაზე გაყიდვადია, რა თქმა უნდა, „თოჯინური თოჯინა“ უნდა იყოს. საკმაოდ მოთხოვნადია პატარა თოჯინები. რაც უფრო დიდია თოჯინა, ბუნებრივია, მისი ფასიც იზრდება და ზოგჯერ ის ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. ძალიან ხშირია მოთხოვნა პორტრეტულ თოჯინებზე. პორტრეტული თოჯინა ერთ-ერთი ყველაზე რთული ნამუშევარია და შესაბამისი, ღირებულებაც აქვს. ერთი პერიოდი ამ მიმართულებითაც აქტიურად ვიღებდი შეკვეთებს, მაგრამ შემდეგ გადავიწვი. ძალიან დავიღალე, პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, როცა ადამიანს არ იცნობ და თოჯინა ფოტოების დახმარებით მაქსიმალურად უნდა მიამსგავსო. საერთოდ, რაც უფრო ლამაზია სახე, მით უფრო რთულია მისი შესრულება.

– რატომღაც ბევრს პირიქით წარმოუდგენია.

– დიახ, ასეა. ბულგარეთში ვიყავით, ერთ-ერთ კონკურსზე ჩემმა თოჯინამ ოქროს მედალი და მაყურებელთა პრიზი დაიმსახურა. ეს იყო ლამაზი გოგონა, რომელიც ჟოლოს ჭამდა. სახეც ლამაზი ჰქონდა და ჩაცმულობაც. ამავე პერიოდში მყავდა მოსწავლე, რომელმაც პირველად შექმნა თოჯინა – ნაოჭებიანი მოხუცი და მისი ეს ნამუშევარი და ჩემი გოგონა ჟოლოთი, რომელმაც ჯილდოები დაიმსახურა ბულგარეთში, ერთად გავიტანე საქართველოში ერთ-ერთ გამოფენაზე. საერთოდ, ბევრს ეჩვენება, რომ ნაოჭები რთული შესასრულებელია. ფიქრობენ, რაც უფრო სახასიათოა სახე, მით უფრო რთულია შესასრულებლად. სინამდვილეში – არა, რაც უფრო მეტი ნაოჭია სახეზე, მით უფრო მარტივია მისი შესრულება. ხოლო, რაც უფრო ლამაზია სახე, მით უფრო რთულია შესასრულებლად. ისე მოხდა, რომ ამ გამოფენაზე, ორი დამთვალიერებელი ქალბატონის საუბარი მოვისმინე ჩვენს თოჯინებთან დაკავშირებით. ამბობენ, ნახე, ეს ნაოჭებიანი სახე, წარმოგიდგენია რა რთულია ამის გაკეთება!? როგორი ოსტატობა სჭირდება მხატვარს ამის შესასრულებლად და შეხედე ამ „დურას“ (ამბობს ჩემს თოჯინაზე), რა უნდა ამის გაკეთებას, ლამაზი სახე უმარტივესი გასაკეთებელი იქნებაო. სიცილი ამიტყდა, დიდი მადლობა გადავუხადე შეფასებისთვის, მაგრამ ძალიან ცდებით, რადგან ლამაზი სახის გასაკეთებლად, ძალიან დიდი გზის გავლაა საჭირო. რაც უფრო დახვეწილია ნამუშევარი, მით უფრო მეტ შრომასა და ოსტატობას მოითხოვს-მეთქი. საერთოდ, მე იშვიათად მომწონს ჩემი ნამუშევრები. მათში, პირველ რიგში, ნაკლს ვხედავ, ვიცი, რამდენი დეფექტი აქვთ, თუმცა, სხვებისთვის ეს იმდენად თვალშისაცემი არ არის.

– სახლში ბევრი თოჯინა გაქვთ?

– სახლში მხოლოდ ერთი თოჯინა მაქვს. ხშირ შემთხვევაში ისინი დასრულებისთანავე იყიდება. თუმცა, რამდენიმე წელია, რაც შეკვეთებს აღარ ვიღებ. ძალიან თავისუფალი ბუნებრივი მხატვარი ვარ, ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც მე მაინტერესებს, თუმცა, როგორც ჩანს, ადამიანებს მოსწონთ ის, რასაც ვაკეთებ. გარდა ამ მიმართულებისა, ქანდაკებებზეც ვმუშაობ. გამოძერწილი მაქვს ტარიელის, ნესტან-დარეჯანის, ავთანდილის ქანდაკებები. ამის შემდეგ „ვეფხისტყაოსნის“ ჭადრაკიც შევქმენი და ახლაც ვაგრძელებ მუშაობას ამ მიმართულებით.