დღეს ცნობილი გახდა, რომ 76 წლის ასაკში ქართველი მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი, მხატვარი და მსახიობი მანანა მენაბდე გარდაიცვალა. მანანა მენაბდე გამორჩეული მუსიკალური გემოვნების, იშვიათად პროფესიონალი ხელოვანი იყო და მის შემოქმედებას გულშემატკივართა უდიდესი არმია ჰყავს.
მანანა მენაბდე ცნობილი და პოპულარული შოუების ხშირი სტუმარი იყო. ამ სტატიაში გვინდა, გაგახსენოთ მისი სტუმრობა ია ფარულავას საავტორო გადაცემაში “ფარული კონვერტი”. მუსიკოსმა მაშინ ტრაგიკული სიყვარულის ამბავი გაიხსენა და ისაუბრა ადამიანზე,რომელიც მანანა მენაბდეს ძალიან უყვარდა, მასთან ოჯახის შექმნაც სურდა, თუმცა მამაკაცის დედა მათი ურთიერთობის წინააღმდეგ წავიდა. მას შემდეგ მანანა მენაბდეს ოჯახის შექმნაზე არ უფიქრია და მარტო ცხოვრობდა.
„ძალიან მიყვარდა და მასაც ვუყვარდი. დედამისს არ სურდა მანანა მენაბდე. ჩემი მეგობრები არიან იმის მოწმეები, რომ დედამისმა აქ, თბილისში მომიხადა ბოდიში… თუ ოჯახს შევქმნიდი, ეს მხოლოდ მასთან იქნებოდა. ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს არაჩვეულებრივ მეუღლესა და შვილებთან ერთად. აქაც ჰყავს შვილი. ასეთ რთულ ვითარებაში ცუდად მოიქცა. ერთი კვირით მარტო დამტოვა. მას არ უფიქრია იმაზე, მე რა მდგომარეობაში ვიქნებოდი იმ დროს. მერე მოვიდა ჩემთან და მითხრა, მაპატიე, მაგრამ არ შემეძლო, შენ გამოგყოლოდი, რადგან დედაა ჩემიო. ახლა ვესაუბრე დედას, გადავწყვიტე ყველაფერი და მინდა, ერთად ვიყოთო. მე ვუპასუხე, რომ მას ერთი კვირით დააგვიანდა… ფაქტობრივად, იმ ქალმა სახლიდან გამომაგდო. დავრჩი ქუჩაში, სიცივეში, მარტო. არც კი გამომყოლია არავინ. ცუდ დღეში ვიყავი ძალიან. გამოცდილება არ მქონია. 24 წლის ვიყავი…“ – იხსენებდა მანანა მენაბდე.