“არ მინდა სიცოცხლე სტალინიზმის პირობებში დავასრულო”

რუსული ესტრადის პრიმადონამ, ალა პუგაჩოვამ, რომელმაც სამშობლო 2022 წელს ქმართან და ორ შვილთან ერთად დატოვა,  ჟურნალისტ ეკატერინა გორდეევასთან 3.5 საათიან ინტერვიუში რუსეთიდან წასვლის მიზეზებზე,  თავის მთავარ ღირებულებებზე, შემოქმედებაზე, საყვარელ არტისტებზე და ოჯახზე ისაუბრა.
ჟურნალისტთან შეხვედრა იურმალაში, იმ სახლში შედგა, რომელსაც პუგაჩოვას ოჯახი არდადეგების პერიოდში ქირაობს.
მომღერალმა გაიხსენა როდის და როგორ მიიღო რუსეთიდან წასვლის გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დაწყების მიუხედავად, რუსეთის დატოვებას არ აპირებდა, მაგრამ  სერგეი კირიენკოსთან შეხვედრისა და ინტერნეტში ჭორების გავრცელების შემდეგ, მიხვდა, რომ წასვლა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა.

„2022 წლის თებერვალში მაქსიმი (გალკინი) საზღვარგარეთ იყო, მე კი რუსეთში, მაგრამ სამკურნალოდ ისრაელში წასვლა მომიწია. ისრაელში გადამარჩინეს, რადგან იქ იყო ექიმი, რომელიც ძალიან მჭირდებოდა. როგორც კი რუსეთი დავტოვე, ყველაფერი დაიწყო! ის საშინელი მღვდელი, (დეკანოზი ანდრეი ტკაჩოვი) გაჰყვიროდა -„რა ბედნიერებაა! ის წავიდა და ჰაერი გაიწმინდა!“ სინამდვილეში, წასვლას არ ვაპირებდი. შემდეგ, რადგან ომის წინააღმდეგი ვიყავით, ჩვენზე თავდასხმები დაიწყო“ – ამბობს პრიმადონა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო მომღერალს იმ დროს შეხვდა, როდესაც მისმა მეუღლემ, მაქსიმ გალკინმა პირველი ანტისაომარი მიმართვა გამოქვეყნა.

„მეგობრებმა მითხრეს – მათ შენთან საუბარი უნდათ. საუბარი კირიენკოს სურდა. სერიოჟას ვიცნობდი და მასთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა. ვიფიქრე, კარგი, წავალ და ვისაუბრებ, იქნებ რამე შემომთავაზოს. მან მკითხა, რით ვიყავი უკმაყოფილო. ვუთხარი, რომ უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ადამიანები ჩემს ოჯახთან მიმართებაში თავს ყველაფრის უფლებას აძლევდნენ. ეს ძალიან ცუდია, რადგან ისინი ჩვენზე ვარჯიშობენ და შემდეგ თქვენზე გადმოვლენ – ვუთხარი კირიენკოს.
მან მკითხა – „წასვლას აპირებ?“ ვუთხარი, რომ წასვლა არ მსურს  და არ ვიცი სად და რატომ უნდა წავიდე. ამ დროს მას მაგიდაზე უდევს  ყველა ინფორმაცია მაქსის შესახებ. რა თქვა, როგორ  თქვა.. „გასაგებია, ემოციური და ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, ის ხომ მსახიობია? ამიტომ ვერ ვხედავ რაიმე მიზეზს, რომ ინერვიულო“ -მითხრა კირიენკომ. „შეგეძლოთ გაგეფრთხილებინეთ, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება აღარ არსებობს“ – ვუთხარი მე. მან მიპასუხა – ნუ ღელავ, ყველაფერი კარგადაა, იცხოვრეთ მშვიდად, თქვენ ჩვენი ეროვნული სიამაყე ხართ —  იმდენად სასიამოვნო და საეჭვო იყო, რომ ყველაფერი ასე მარტივი აღმოჩნდა. იგორ ნიკოლაევთან სტუმრად კი არ წავედი, გავფრინდი.  იგორ კრუტოიც იქ იყო. ვუთხარი „იგორ, მისმინე, ნორმალური ხალხია! თუნდაც კირიენკო! აღფრთოვანებული ვარ! რა სწორად ესმის ყველაფერი!“ (იცინის). ორი დღის შემდეგ მაქსიმ გალკინს „უცხოეთის აგენტის“ წოდება მინიჭეს.

ამის შემდეგ სკოლაში ბავშვების ბულინგი დაიწყო. მათ ჯაშუშების შვილებს ეძახდნენ, ეუბნებოდნენ, რომ მათი მამა „უცხოეთის აგენტია“. ჩვენ ჩემოდნები ჩავალაგეთ, დავურეკეთ მამას და ვუთხარით, რომ მივდიოდით. ​​თან 30 ათასი დოლარი გვქონდა, რომლის წაღებაც შეგვეძლო და ისრაელში გავემგზავრეთ. გულახდილად გეტყვით, რომ ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. მაშინ დავწერე და მოვითხოვე, რომ მეც „უცხოეთის აგენტად“ გამოვცხადებულიყავი. არ მესმის, რატომ ახშობენ ასე ადამიანების მოსაზრებებს. სახელმწიფოში განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს. სწორ გადაწყვეტილებას როგორ მიიღებ თუ ქვეყანაში მხოლოდ ერთი აზრია?

ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება წავიდეს, თუ მას არაფრის გამო შეურაცხყოფენ და უპატივცემულედ ექცევიან. არ მინდა სიცოცხლე სტალინიზმის პირობებში დავასრულო. მე სტალინიზმის პერიოდში დავიბადე, როცა ირგვლივ მხოლოდ აკრძალვები იყო, მისი სიკვდილის შემდგომაც კი. მაშინ ტელევიზორში აჩვენებდნენ, ხალხი როგორ ტიროდა, სინამდვილეში კი ისეთი ზეიმი იყო“.