დავით ერაძის უცნობი მხარე👇
– ვინ არის დავით ერაძე?
დავით ერაძე: მთელი ცხოვრებაა ვცდილობ, ვიყო კარგი მეგობარი და შეძლებისდაგვარად გამომდის. ეს ძალიან დიდი მისიაა. ვფიქრობ, რომ კარგი მამა ვარ. ორი შვილი მყავს და ორივესთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. მთავარ მიღწევებად ეს მიმაჩნია.
როგორ ვცხოვრობ და როგორი ჟურნალისტი ვარ – ეს მოგვიანებით შეფასდება, თუმცა მე ჩემი მთავარი მიღწევებით, მეგობრებითა და ოჯახური მდგომარეობით, ძალიან ბედნიერი ვარ.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– ბევრად უფრო თავისუფალ ქვეყანაში, თავისუფალ და ლაღ საზოგადოებაში ვიცხოვრებდი, სადაც საკუთარი აზრის გამოთქმისთვის არ დაგსჯიან; აზრის, რომელიც შეიძლება, არ იყოს ყველასთვის მისაღები, მაგრამ არ იყოს მოკლებული იდეას და სიმართლეს. სამწუხაროდ, ჩვენთან სიმართლეზე ძალიან მწარედ რეაგირებს საზოგადოება. მრავალწლიანი კომუნისტური უღლისა და რუსული ზედამხედველობის შემდეგ რთულია, საზოგადოება უცებ დემოკრატიული გახდეს. ყველაფრის მიმღებლობა ჰქონდეთ, მაგრამ ჩემი ოცნებაც ესაა, ხალხი იყოს მეტად ლაღი, თავისუფალი და არ არსებობდეს თემა, რომელზეც საუბარი არ შეიძლება, არ არსებობდეს პიროვნება, რომლის კრიტიკაც არ შეიძლება. პირიქით, კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ არა – შეურაცხყოფა. დღეს ეს ორი ერთმანეთში აღრეულია. ჯანსაღ საზოგადოებაში ყველაფერი უფრო მარტივია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განათლების დონე იმატებს, ამის გარეშე კი ვერ შევდგებით ვერც პიროვნულ, ვერც სახელმწიფოებრივ დონეზე.
– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ?
– არასოდეს. საკმაოდ პატარა ასაკიდან ვმუშაობ. 90-იან წლებში, როდესაც ქვეყანაში მდგომარეობა აირია, ჩემი ოჯახი არ აღმოჩნდა მზად იმ სამწუხარო რეალობისთვის და 17 წლის ვიყავი, როცა მუშაობა დავიწყე. ყოველდღიური ანაზღაურება მქონდა, მხოლოდ საკუთარ თავს არა, ჩემს გარშემო მყოფებსაც ვეხმარებოდი და მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია შრომა და მისი საშუალებით შემოსავლის მიღება. არასდროს გამიკეთებია ისეთი საქმე, რაც ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა.
– ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?
– ძალიან გულჩვილი გავხდი, მით უმეტეს ბოლო პერიოდში, თუმცა, ემოციური ყოველთვის ვიყავი. ყველაზე დიდი ემოცია ჩვენს ქვეყანას უკავშირდება. პირველი დიდი ემოცია წარსულში მაბრუნებს, როდესაც 9 აპრილის მოვლენები ახალი მომხდარი იყო და 15 წლის ბავშვებისთვის დიდი პატივი გახლდათ ყვავილების და ფოტოსურათების გადატანა. პირველად მაშინ მივხვდი, რომ გულწრფელ ემოციას ვერ გააკონტროლებ. ყვავილები მიმქონდა და ცრემლები თავისით მომდიოდა. შემდეგ იყო ზვიად გამსახურდიას ცნობილი მიმართვა დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს ცნობიერებაში და ბოლოს, ყველაზე დიდ ემოციებთან დაკავშირებით, 26 მარტს გავიხსენებ, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა და ჩემს 30-წლიან, ყველაზე დიდ ოცნებას – ვყოფილიყავით ევროპის ნაწილი ნომერ პირველ სპორტში, ფრთა შეესხა.
– მამაკაცი და ცრემლი – რას ფიქრობთ ამაზე. ბევრი მამაკაცი საერთოდ მალავს ცრემლებს…
– ტირილი მეც არ ვიცი. ჩემთვის ერთ–ერთი ყველაზე დიდი ტკივილი ჩემი ძმის გარდაცვალება იყო. პანაშვიდებზე ისე ვიდექი, რომ ჩემი თავის მიკვირდა, მაგრამ დაკრძალვიდან რომ წამოვედი, თავი ვეღარ შევიკავე და ტირილი ამივარდა. ამ მხრივ, შეიძლება, ბევრს გულქვა ვეგონო, მაგრამ მარტო მყოფი უფრო ვაძლევ თავს ემოციის გამოხატვის უფლებას, ვიდრე სახალხოდ. ვცდილობ, სხვები არ დავტვირთო ზედმეტად. ყველა მეუბნება, რომ ეს ჩემი ჯანმრთელობისთვის ცუდია, მაგრამ არა უშავს, ასეთი ვარ, ვერაფერს შევცვლი.
– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში ბევრი მილიონი მოიგოთ?
– პირველ რიგში, ჩემი შვილების განათლებაში ჩავდებდი. უკვე ვთქვი, განათლებაა ის, რაც გადაარჩენს ამ ქვეყანას. როდესაც სოციალურ ქსელს ვსქროლავ, უამრავი მშობლის განცხადება მხვდება, შვილებისთვის ჯანმრთელობისთვის რომ დახმარებას ითხოვენ. მათ რომ დავეხმარებოდი, ამაში ეჭვი არ მეპარება.
– წარსულიდან თქვენს ყველაზე მცდარ ნაბიჯად რა მიგაჩნიათ?
– რაც გაკეთებული გაქვს, იმას ვერ შეცვლი და სინანულიც ზედმეტია. უბრალოდ, თუ ფიქრობ, რომ შეგეშალა, უნდა გამოასწორო. თუ სხვა თვლის, რომ შეგეშალა, შენ კი ახსნა შეგიძლია, ესეც უნდა გააკეთო. მერე კი უნდა იცხოვრო შენს შეცდომებთან და წარსულთან ერთად. ალბათ, ისეთი შეცდომა არ მქონია, რომელიც განსაკუთრებულ სინანულს გამოიწვევდა. არ მახსენდება ჩემი საქციელის გამო ვინმე დაზარალებულიყო.
– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდათ.
– ჩემი მეუღლე 2000-იანების დასაწყისში გავიცანი. ქობულეთში ვიყავით და კაფეში დავპატიჟე. პაემნის დღეს, დილით, ბიჭებმა ცოტა დავლიეთ და სანაპიროზე ჩამეძინა. ძალიან მწარედ დავიწყვი. მომავალ მეუღლეს რომ შევხვდი, ჯერ ხომ გული გავუხეთქე, ისეთი ფერი ვიყავი და სამი დღე, პაემნის ნაცვლად მე მმკურნალობდა. პაემანზე შეუძლოდ გავხდი და მის წინ დავეცი. ეს იყო ყველაზე უცნაური პაემანი. მერე აღმოჩნდა, რომ ძალიან ძლიერი მზის დარტყმაც მივიღე. მაშინ კიდევ უფრო მეტი მზრუნველობა დავინახე, იმის ნაცვლად, რომ ეს დღეები სანაპიროზე გაეტარებინა, ჩემთან იყო და უფრო დავახლოვდით. მე მჯერა ბედისწერის და არც ჩვენი შეხვედრა და ეს ყველაფერი იყო შემთხვევითი. შემიძლია, დავიფიცო, 25 წელია, ერთად ვართ და ოჯახში ხმისთვისაც კი არასდროს ამიწევია. კარგია, რომ ის მზის დარტყმა მივიღე (იცინის).
– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?
– სასტიკი ვარ მხოლოდ მტრისადმი. არ მიყვარს რუსეთი და ყველა რუსეთუმე ჩემთვის სხვა პლანეტაზე მცხოვრები ადამიანია. მათსას ვერასდროს გავიგებ. იმ ასაკში ვარ, რომ ძალიან კარგად მახსოვს, რა ხდებოდა აფხაზეთში, როგორ გამოიქცა ის ხალხი, ერთ დროს უმდიდრესი კუთხის შვილები რა დღეში იყვნენ აქ და როგორი ჯოჯოხეთი გაიარეს. ისიც მახსოვს, ვის გამო მოხდა ეს ყველაფერი. მერე გადასარევად მახსოვს 2008 წელი, მაშინ უკვე შემდგარი ჟურნალისტი ვიყავი, თვითონაც მომიწია რამდენჯერმე ცხელ წერტილში ყოფნა. სანამ მათი პოლიტიკა ასეთია, ის ჩემთვის მტერი იქნება, მასთან მოლაქუცე ქართველი კი კოლაბორაციონისტი, ვისაც ვერასდროს გავუგებ.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– გამარჯვება ჩემი ოჯახია, ადგილი, სადაც ყოველთვის სიხარულით გავრბივარ. შევქმენი პატარა ოაზისი, რომელშიც მეც და ჩემი ოჯახის თითოეული წევრი თავს ბედნიერად ვგრძნობთ. დღევანდელ რთულ პირობებში ოჯახში იდილია დიდი ძალაა.
მარცხს რაც შეეხება, ვერ ვინელებ კოვიდის პერიოდს, როდესაც ჩემი ძმა გადავიყვანე საავადმყოფოში. მწერდა, რომ იქ არ იყო შესაბამისი პირობები. ვნანობ, რომ მეტად არ ვიხმაურე და სხვა საავადმყოფოში არ გადავიყვანე. ეს ჩემი ყველაზე დიდი მარცხია ცხოვრებაში. იქ გარდაიცვალა. კოვიდი აღარ ჰქონდა, მაგრამ ფილტვი იყო დაზიანებული. სამწუხაროდ, მხოლოდ ორ საავადმყოფოს ჰქონდა, ძლიერი სასუნთქი აპარატი (ეს მერე გავიგე), რომელიც ფილტვის ხელოვნურ ამუშავებას უზრუნველყოფდა. ეს კონკრეტული საავადმყოფი, სადაც ჩემი ძმა გვყავდა, ასეთი არ აღმოჩნდა. მეგონა, შიშები ალაპარაკებდა, როდესაც მეუბნებოდა, რთული სიტუაციააო. ვტუქსავდი, დამშვიდდი, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება-მეთქი. გვიან მივხვდი, რომ ეს მისი შიშები კი არა, სამწუხაროდ, რეალობა იყო, რომლის წინაშეც ქვეყანა იდგა. ძალიან რთულია ამაზე ფიქრი.
არასდროს დამავიწყდება ის განცდები, როდესაც მისი გარდაცვალების შესახებ გავიგე. ორმეტრიანი კაცი შავი ცელოფნით რომ გამომიყვანეს, მე საერთოდ გავფუჭდი. მითხრეს, იმ მომენტში გაჭაღარავდიო. ეს იყო ყველაზე დიდი მარცხი, რომელსაც დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს. ესე იგი, მეტად უნდა მეხმაურა და რამე მექნა, მაგრამ არ ვიცი, რას შევძლებიდი.
– და ბოლოს, რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?
– ისევ და ისევ ოჯახით. 25 წელია, ერთ ორგანიზმად ვარსებობთ, ეს რთულია, მაგრამ საბედნიეროდ, ასეა.