“დონარა არ უნდა წავიდეს ამ სამყაროდან იმ ტკივილით, რომ ვერ ჩაიხუტა შვილი, რომელთან შეხვედრასაც ხუთი წელი ნატრობდა“

მსახიობ დონარა გვრიტიშვილის ქალიშვილი ხატია ხოსროშვილი მიმართვას ავრცელებს.

დღეს მინდა გთხოვოთ ყველას — მოქალაქეებს, მსახიობებს, ჟურნალისტებს, საჯარო პირებს და განსაკუთრებით იმ უწყებებს, ვისი კომპეტენციაცაა ადამიანის ელემენტარული სურვილის შესრულება — პატიმარს მისცეს უფლება, ბადრაგის თანხლებით ნახოს მომაკვდავი დედა.
ეს არ არის სენტიმრნტებზე აგებული თხოვნა. ეს არის მიმართვა ადამიანობის სახელით.
ყველა კანონი, ინსტიტუცია და მექანიზმი ადამიანებისთვის და ადამიანების მიერაა შექმნილი — და თუ ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანობაა, მაშინ ახლა სწორედ ის წუთია, როცა ამ ღირებულების შემჩნევა და რეალიზება შეგვიძლია.
ბევრისათვის საყვარელი და ძვირფასი მსახიობი — დონარა გვრიტიშვილი უმძიმესი დიაგნოზით სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლის. მისი ერთადერთი სურვილი და ძალა, რაც დღემდე აცოცხლებს, არის ბოლო შეხვედრა შვილთან — გიორგი ხოსროშვილთან, რომელიც უკვე მხოლოდ რამდენიმე კვირაში ასრულებს სასჯელს (5 ნოემბერს).
დონარას დრო აღარ აქვს — არც საათებით, არც დღეებით.
დაწერილია განცხადებები შესაბამის სტრუქტურებში, მაგრამ შეხვედრა ისევ სათუოა.
ეს შეხვედრა კი უბრალოდ “დამშვიდობება” არ არის — ეს არის ერთი დედისა და შვილის ადამიანური უფლება.
და ამ უფლების ადგილო კანონშიცაა და საზოგადოებაშიც.
მივმართავ სასჯელაღსრულების სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გთხოვთ, გაითვალისწინოთ დონარა გვრიტიშვილის მდგომარეობა და მიიღოთ ადამიანური გადაწყვეტილება.
ვიწვევ საზოგადოებასაც, რომ ხმა მიაწვდინოთ გადაწყვეტილების მიმღებებს.
დონარა — ღირსეული ადამიანი და არტისტი — არ უნდა წავიდეს ამ სამყაროდან იმ ტკივილით, რომ ვერ ჩაიხუტა შვილი, რომელთან შეხვედრასაც ხუთი წელი ნატრობდა ..

( P.s ფოტო რა თქმა უნდა ძველია)”