ქართველი გოგონა ვერონიკა ბურჭულაძე დუბაის ყველაზე მასშტაბური fashion industry-ის ოფიციალური წარმომადგენელია. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ თავდაუზოგავი შრომითა და დიდი ნებისყოფით უკვე ბევრის მიღწევა შეძლო და სურს, მაგალითი იყოს სხვებისთვის. ვერონიკა ბურჭულაძე დუბაიდან გვესაუბრა…
– დავიბადე და აღვიზარდე ჩოხატაურის რაიონში, სოფელ სამებაში. მყავს სამი დედმამიშვილი, დღეს სხვადასხვა სფეროში ვართ და ყველა – წარმატებული. ჩემი და საუკეთესო პედაგოგი გახლავთ თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. ძმა წარმატებული მორაგბეა, რომელმაც არაერთხელ ასახელა საქართველო. ის, ასევე, რეაბილიტოლოგია. ჩემი უფროსი ძმა მაიორია, სახელმწიფო დაცვის უსაფრთხოების სამსახურში გახლავთ… რაც შეეხება ჩემი ბავშვობის მისწრაფებებს, ძალიან ზოგადია: ადამიანს განვითარების გარკვეულ ეტაპზე, სხვადასხვა ასაკში განსხვავებული მისწრაფებები აქვს. ჩემი მთავარი მიზანი კი სულ იყო – რასაც ვაკეთებდი, ყოველთვის გამორჩეული ვყოფილიყავი. თუ ამას მისწრაფება შეიძლება, ეწოდოს, ის ოცნება მქონდა, რაშიც დღეს უკვე ვარ. ეს მხოლოდ სამოდელო მიმართულებას არ ეხება და თუ რას ვგულისხმობ, გზადაგზა გიამბობთ…
– როგორ გახსენდებათ სკოლაში სწავლის პერიოდი?
– სკოლაში სწავლის პერიოდში ძალიან ბევრი დაბრკოლება, ამასთან, წარმატებები იყო… როგორც მოგახსენეთ, სოფელში ვიზრდებოდი, სადაც მხოლოდ ცხრაკლასიანი სკოლა გვქონდა. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ სხვა, თორმეტკლასიან სკოლაში გადავედი, რომელიც ძალიან შორს იყო, დაახლოებით, ხუთ კილომეტრში. დილით საზოგადოებრივ ტრანსპორტს მივყვებოდი, მაგრამ სკოლის შემდეგ სახლში დაბრუნება ფეხით მიწევდა. გზაში სულ ვფიქრობდი, თუ არ დავნებდები, ეს ყველაფერი გამზრდის, განმავითარებს, იმ წერტილამდე მივალ, სადაც უდიდეს ბედნიერებას ვიგრძნობ-მეთქი… ისე მოხდა, რომ, სანამ თორმეტ კლასს დავასრულებდი, უკვე მესამე სკოლაში გადავედი – ჩოხატაურში. ეს სკოლა დღემდე გამორჩეულად ითვლება ჩოხატაურის რაიონში, რომელიც უკვე რვა კილომეტრით იყო დაშორებული ჩემი სახლიდან. დილით საზოგადოებრივ ტრანსპორტს მივყვებოდი, მაგრამ სკოლის შემდეგ ნაწილი გზის გამოვლა ტრანსპორტით, ნაწილის კი, 5-6 კილომეტრის, ისევ ფეხით მიწევდა. ერთგან ადგილი მქონდა ამორჩეული, სადაც ვისვენებდი და საკუთარ თავს ვამხნევებდი, ვერონიკა, შენ ყველაფერს შეძლებ-მეთქი.
– წარმატებები როგორ მოვიდა?
– სამოდელო სფერო?
– გარკვეულწილად. შეხვედრებზე მუდამ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით დავდიოდი. არ მქონდა იმის დრო, რომ სამოდელო სააგენტოებში მევლო, დეფილე მესწავლა. სიმართლე გითხრათ, ძალიან გაკვირვებული მიყურებდნენ, ძალიან ბევრი სახის სტერეოტიპის გადალახვა მომიხდა. დაცინვაც კი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მაძლიერებდა. სამსახურში ყველა საქმეს ზედმიწევნით ვასრულებდი, განვითარებაზე ვზრუნავდი. ჩემი თავი, როგორც საკუთარი პროექტი, ისე მიმაჩნდა. კომუნიკაციებში, გაყიდვებში ნომერ პირველი ვიყავი, რასაც ძალიან თამამად ვამბობ. თუ 100 პროცენტი იყო ნორმა, მე 188 პროცენტით ვასრულებდი, რაც თითქმის წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, უდიდესი შრომის, ცოდნის საფუძველზე და სურვილით, რომ ყველაზე მეტად გამორჩეული ვყოფილიყავი. დღესაც ძალიან მიყვარს უძრავი ქონების სფერო. ეს ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც დღესაც პოზიტიურად მახსენდება. ისე აღმოჩნდა, რომ დღესაც მექნება ამ სფეროსთან შეხება. დუბაიში ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს, რაც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. შედგა პირველი წარმატებული მოლაპარაკება – მოდის კვირეულში მივიღე მონაწილეობა და ცნობილ დიზაინერთან ერთად მე დავხურე ყველაზე გრანდიოზული ჩვენება.
– რა დაბრკოლებები შეგხვდათ სხვადასხვა სფეროში, პირად ცხოვრებაში?
– დაბრკოლებებზე უკვე ნაწილობრივ გიამბეთ, რაც ჩვენი საზოგადოების სტერეოტიპებიდან გამომდინარე იყო. როდესაც, ჩემს სფეროში მუშაობის პარალელურად, დიზაინერებთან შეხვედრებს ვცდილობდი, იქ მქონდა დაბრკოლება. ერთ-ერთი დიზაინერს რომ შევხვდი, ჩვენებაზე გამოსასვლელად მისი რამდენიმე ლუქი მოვირგე, მაგრამ შემიცვალეს. მათი შერჩეული სამოსი არანაირ ემოციას არ მიქმნიდა, არადა ჩემთვის მოდა ემოციებთან ასოცირდება. როდესაც სამოსს წარადგენ, ეს არ ნიშნავს, უსულო მანეკენს ჩააცვა და წარადგინო. სამოსიდან, უპირველესად, ემოცია უნდა მოდიოდეს. თუ სამოსი განწყობას არ ქმნის, ჩემთვის საინტერესო არ არის. დღეს მსურს იმ დიზაინერს მადლობა ვუთხრა, რადგან ის უნდა ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში. მაშინ მივხვდი, რომ საქართველოში არ იყო ის სტანდარტები, რა მოთხოვნებიც მე მქონდა და აუცილებლად სხვაგან უნდა მებრძოლა ჩემი მიზნებისთვის.
– გვიამბეთ თქვენი სამოდელო სფეროში გადასვლის შესახებ…
– რაც შეეხება სამოდელო სფეროში გადასვლას, კონკრეტულად ერთ ეტაპს არ გამოვყოფ. სკოლის, სტუდენტობის, სამსახურების პერიოდი – ეს ყველაფერი გარკვეული ეტაპის გავლასთან ასოცირდება. პარალელურ რეჟიმში, ეს მიზანი სულ თან დამდევდა. ეს იყო ჩემს შინაგან განწყობაში, ჩემს ფიქრებში, ემოციებში, რაც ჩემს ვიზუალზეც აისახებოდა. პირველი წარმატება დუბაიში იყო, ყველაზე გრანდიოზული მოდის ჩვენების დახურვა, ყველაზე გრანდიოზული ლუქით. მოგეხსენებათ მოდის სფეროში მკაცრი სტანდარტებია, დღეს დიზაინერი არავის ერგება, პირიქით დიზაინერს ერგება ყველა. დიზაინერთან მოლაპარაკება მქონდა, რომ მე ყველა სახის ლუქს არ წარვადგენდი. გარდა იმისა, რომ მე დავაკმაყოფილებდი გარკვეულ მოთხოვნებს, რაც დიზაინერს ჰქონდა, ასევე, მას უნდა გაეთვალისწინებინა ჩემი – ორმხრივი შეთანხმება ყოფილიყო. ასეც მოხდა წარმატებული მოლაპარაკების საფუძველზე, დიდი ძალისხმევის შედეგად. შევთანხმდით და ასე დაიწყო ჩემი კარიერა სამოდელო სფეროში, რაც წლების განმავლობაში ვითარდებოდა. თანდათან ვხვდებოდი, რომ ამ სფეროში აუცილებლად მეტი უნდა გამეკეთებინა.
– როგორ დააარსეთ Veronica’s secret kompania?
– ეს კომპანია ხუთი თვის წინ, დიდი ძალისხმევის შედეგად დავაარსე ჩემს ბიზნესპარტნიორთან ერთად. მე არ გახლავართ მხოლოდ ამ კომპანიის მფლობელი, ძირითადი დამფუძნებელი და ერთ-ერთი მფლობელი ვარ… შევხვდი დუბაის World fashion week დამფუძნებელს, რომელიც ჩემი კომპანიის ოფიციალური ბიზნესპარტნიორი გახლავთ. ძალიან ბევრი ბრძოლის, დაბრკოლებების, არდანებების შედეგად მე უკვე დუბაის World fashion week -ის ოფიციალური წარმომადგენელი გავხდი. და არა მხოლოდ დუბაის, რადგან ჩემს ბიზნესპარტნიორს წარმომადგენლობა აქვს მონაკოში, პარიზში და სხვაგან. ამიტომაც ვერონიკას კომპანია დიდი შესაძლებლობების მქონე გახდა. ვინაიდან ჩემი კომპანია დუბაის World fashion week, დუბაის ყველაზე მასშტაბური Fashion industry-ის ოფიციალური წარმომადგენელია. ეს უდიდეს შესაძლებლობებს იძლევა წარმატებული ქართული ბრენდებისთვის და კომპანიებისთვის. ჩვენს კომპანიას არ აქვს მხოლოდ ერთი მიმართულება, ის ძალიან მრავალფეროვან მიმართულებას აერთიანებს. ეს ეხება მოდის სფეროს წარმომადგენლებს – დიზაინერებს, მოდელებს, ასე შემდეგ. ვისაც კი სურთ ფართო აუდიტორიას წარუდგინოს თავიანთი ბრენდები. Veronica’s secret kompania არის ქალბატონების მხარდამჭერი! მინდა, წარმატებულ ქართველ ქალბატონებს, ვისაც კი სურვილი ექნება, ასპარეზი მივცეთ. მხოლოდ წარმატებულ ქალბატონებს, რადგან ის სცენა ეკუთვნით სწორედ მათ, რომლებსაც ცხოვრებაში გარკვეული გზა აქვთ განვლილი, გარკვეული დაბრკოლებები – გადალახული. ეს არის გამორჩეული, ბიზნესვუმენი ქალბატონებისთვის, რომელთა ასაკს არ აქვს მნიშვნელობა და არც იმას, ვიზუალურად მოდის მკაცრ სტანდარტებს აკმაყოფილებენ თუ არა. მსურს, Veronica’s secret kompania-მ მათ ოცნებები აუხდინოს.